უკრაინა და კრემლის „მართლმადიდებლური ჯიჰადი“ - რა გადაწყვიტა „რუსულმა მსოფლიო სახალხო კრებამ“?

„მსოფლიო რუსული სახალხო კრების“ თავმჯდომარე პატრიარქი კირილეა

ზუსტად დასავლელი ქრისტიანების აღდგომის წინ, უკრაინის წინააღმდეგ ომი „წმინდად“ გამოაცხადეს „მსოფლიო რუსული სახალხო კრების“ ყრილობაზე, რომელსაც მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე ხელმძღვანელობდა.

სახალხო კრებაზე დასავლეთს უწოდეს "სატანური" და თქვეს, რომ მთელი უკრაინა რუსეთის ექსკლუზიური გავლენის ზონაში უნდა მოექცეს.

უკრაინაში „მსოფლიო რუსული სახალხო კრების“ მიერ გამოცხადებულ „წმინდა“ ომს უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული „მართლმადიდებლური ჯიჰადი“ უწოდეს.

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ „მსოფლიო რუსული სახალხო კრების“ და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (რმე) მოწოდება, „უკრაინული ერის განადგურებისა და რუსეთში მისი ძალით შეთრევისკენ მოწოდებას ნიშნავს“.

რუსთა "სამერთობა" და "სატანური დასავლეთი"

„წმინდა“ ეწოდება ისეთ ომებს, რომლებიც ყოფნა-არყოფნის ეგზისტენციური საფრთხისგან სახელმწიფოს დაცვას ან რაიმე „წმინდა“ საქმეს ემსახურება.

2024 წლის 27 მარტს მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში გამართულ კრებაზე „ეგზისტენციალური და ცივილიზაციათა ომი“ უწოდეს უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე რუსეთის ფართომასშტაბიან ომს, რომელიც რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვალს გააჩაღა.

შესაბამისად, "კრების" განაწესის პირველივე თავი ეხება უკრაინაში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“, რომელიც ნახსენებია „კიევის დანაშაულებრივი რეჟიმის და მის უკან მყოფი კოლექტიური დასავლეთის წინააღმდეგ რუსი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ახალ ეტაპად“. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იმასაც აცხადებს, რომ უკრაინაში ომში გამარჯვება და „რუსი ხალხის ერთიანობის აღდგენა“ რუსეთის გადარჩენისა და განვითარების „არსებითი პირობაა“.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი ორგანიზებით გამართული „მსოფლიო რუსული სახალხო კრების“ ყრილობის გზავნილებს უკრაინის სახელმწიფოს განადგურებისკენ მიმართული კრემლის გეგმის ნაწილი უწოდეს უკრაინაში, რომელიც როგორც ფიზიკური, ისე სულიერი გადარჩენისთვის იბრძვის.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი და რუსეთის პრეზიდენტი. კირილეს ოპონენტები ამბობენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ის "იდეოლოგიურად ემსახურება კრემლს".

„მსოფლიო რუსული სახალხო კრების“ ყრილობაზე ჩვენ გამოგვიცხადეს „ჰაზავათი“, „წმინდა ომი“. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საიტზე გამოქვეყნებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ უკრაინის მთელი ტერიტორია უნდა შევიდეს რუსეთის განსაკუთრებული გავლენის სფეროში, უნდა აღდგეს რუსთა სამერთიანობა (ველიკოროსების, მალოროსებისა და ბელორუსების - რედ.) და ანათემას გადაეცეს „სატანური დასავლეთი“. მთლიანად ტექსტი, ისტორიის სახელმძღვანელოდან ცნობილ, ნაციზმისა და ფაშიზმის შესახებ ფუძემდებლური დოკუმენტიდან აღებულ დებულებებს მოგვაგონებს“, - წერს თავის ფეისბუკში უკრაინის ვერხოვნა რადის დეპუტატი, როსტისლავ პავლენკო.

რუსული კრების დოკუმენტში პირველად არის ნათქვამი, რომ "წმინდა ბრძოლა“ 2014 წლიდან მიმდინარეობს „სამხრეთ-დასავლეთ რუსეთის მიწებზე“. ხოლო სპეციალური სამხედრო ოპერაცია (ასე უწოდებს კრემლი უკრაინაში მიმდინარე ფართომასშტაბიან ომს - რედ.) „კიევის დანაშაულებრივი რეჟიმის და მის უკან მყოფი კოლექტიური დასავლეთის წინააღმდეგ რუსი ხალხის ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლის ახალ ეტაპად“ არის მოხსენიებული.

უკრაინაში აცხადებენ, რომ "მსოფლიო რუსული სახალხო კრების“ განაწესში, როგორც გეგმაში, ასევე ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი უკრაინის სახელმწიფოებრიობის ლიკვიდაციის რეალური გეგმა და უარყოფილია უკრაინელი ხალხის იდენტობა და მისი დამოუკიდებლად არსებობის უფლება.

დოკუმენტი ასევე შეიცავს რუსი ერის გაერთიანებისა და ასეთი ერის „სამერთიანობის“ დოქტრინისადმი დაბრუნების მოწოდებას. ისევე როგორც რუსეთის იმპერიის დროს იყო, ეს „სამერთიანობა“ უნდა შედგებოდეს „ველოკოროსების“, „მალოროსების“ (ასე უწოდებდნენ უკრაინელებს) და ბელორუსებისგან.


„ასეთი გაერთიანება არის უკრაინელებისა და ბელარუსების განადგურების თუ ასიმილაციის ერთგვარი კოდი. მათი სახელები გადარჩება, მაგრამ მათი ენა, კულტურა, ისტორია და იდენტობა „ველოკოროსების“ მიერ იქნება შთანთქმული“, - წერს ამერიკულ გამოცემა The Hill-ში აშშ-ის რატგერის უნივერსიტეტის პროფესორი, ოლექსანდრ მოტილი, რომელიც დასძენს, რომ ერის „სულის“ განადგურება ზუსტად შეესაბამება გენოციდის იმ განმარტებას, რომლის კონცეფციაც მე-20 საუკუნის შუა ხანებში რაფაელ ლემკინმა შეიმუშავა.

"თავისუფლების სრულიად განსაკუთრებული კუნძული“

"კრების" განაწესის მიხედვით, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დასრულების შემდეგ, „თანამედროვე უკრაინის მთელი ტერიტორია უნდა შევიდეს მხოლოდ რუსეთის გავლენის ზონაში“ და „სრულად უნდა გამოირიცხოს“ ამ ტერიტორიაზე „რუსოფობიური, რუსეთისა და მისი ხალხისადმი მტრული პოლიტიკური რეჟიმის არსებობა“.

ასევე ნახეთ

რუსეთის პატრიარქის მეთაურობით გამართულმა კრებამ უკრაინაში ომი „წმინდად“ გამოაცხადა

„ამგვარად, კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია პუტინის ანტიქრისტიანული ხელისუფლების მსახურად გადააქცია. სახელმწიფოსა და ხელისუფლების გამიჯვნის ნაცვლად მან სახელმწიფოსადმი ეკლესიის დაქვემდებარება ამჯობინა“, - ამბობს პროფესორი მოტილი.

მაგრამ ამ ბრალდებას თავად კირილე უარყოფს.

შარშან აპრილში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, პატრიარქმა კირილემ (გუნდიაევი) მოსკოვის ოლქში გამართული წირვის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან განკარგულებებს არ იღებს.

ასევე ნახეთ

პატრიარქ კირილეს თქმით, ის პუტინისგან არ იღებს განკარგულებებს

„ჩვენი ზოგიერთი მოწინააღმდეგე თითს იშვერს და ამბობს, აი, პატრიარქი პრეზიდენტის ბრძანებით მოქმედებსო. ღვთის წინაშე გეუბნებით: არავითარი ბრძანებები პრეზიდენტს არ მოუცია, არ იძლევა. და დარწმუნებული ვარ, რომ, როგორც მართლმადიდებელი მორწმუნე ეკლესიური ადამიანი, არც გასცემს [ბრძანებებს]“, - მოჰყავს "ტასს" კირილეს სიტყვები.

კირილეს თქმით, რუსეთში „სიმფონიაა“ საერო და სასულიერო ხელისუფლებებს შორის. მას მიაჩნია, რომ ამის შესახებ „ოცნებობდნენ ბიზანტიაში“, მაგრამ იქ ამას ის უშლიდა ხელს, რომ იმპერატორებს თავი ეკლესიის მეთაურებად მიაჩნდათ.

პატრიარქის სიტყვებით, რუსეთში შექმნილი ვითარება სრულიად ეწინააღმდეგება მსოფლიოში ღმერთისგან განდგომის ტენდენციებს. მისი აზრით, რუსეთი და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია „თავისუფლების სრულიად განსაკუთრებული კუნძულია“.

რმე-ს პატრიარქი კირილე, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი რუსეთის არმიის მთავარი ტაძრის საძირკვლის ჩაყრის დროს. მოსკოვის ოლქი, 2018 წლის სექტემბერი

მაგრამ ამ "თავისუფლების კუნძულზე" მართლმადიდებელი ეკლესია, ანუ სასულიერო ხელისუფლება, მხარს უჭერს საერო ხელისუფლებას მეორე მართლმადიდებელი ხალხის წინააღმდეგ გამოცხადებულ გამანადგურებელ ომში, რომლის დროსაც რუსული რაკეტებით იღუპებიან მშვიდობიანი ადამიანები, ქალები და ბავშვები, უმოწყალოდ ნადგურდება ქრისტიანული კულტურის ძეგლები.

ასევე ნახეთ

„თავად აკურთხეს, თავად დაანგრიეს“ - რა იწერება ოდესის ფერისცვალების ტაძარზე?

უფრო ადრე პატრიარქმა კირილემ რუსებს უთხრა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში სიკვდილი ნიშნავს ყველა იმ ცოდვის პატიებას, რაც ადამიანს მანამდე ჰქონდა ჩადენილი.

რუსეთის პატრიარქი კირილე ისე შეეზარდა სახელმწიფო ძალაუფლებას, რომ მას სულ უფრო ხშირად ხედავენ ძალოვანი სტრუქტურების, კერძოდ, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო კოლეგიის მონაწილეთა შორის.

რმე-ს პატრიარქი კირილე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო კოლეგიის ერთ-ერთი სხდომის მონაწილეთა შორის. 2022 წლის 21 დეკემბერი

როგორც რელიგიის საკითხების მკვლევარი, ალექსანდრ საგანი აღნიშნავს, „მსოფლიო რუსული სახალხო კრების“ მიერ მიღებულ „განაწესში“ არ არის ნახსენები იესო ქრისტე, მართლმადიდებლობა და სახარება. „ბევრი მიიჩნევს, რომ ამ დოკუმენტის შემდეგ, რმე-მ უკვე შეწყვიტა არსებობა არა მხოლოდ როგორც მართლმადიდებელმა, არამედ საერთოდ, როგორც ქრისტიანულმა ეკლესიამ. [რუსეთის] ეკლესია უკვე აღარც მალავს და არც ნიღბავს თავის როლს ამ ომში“, - აცხადებს საგანი.

2023 წლის 15 დეკემბერს მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვის პატრიარქი კირილე (ვლადიმირ გუნდიაევი) უკრაინაში ძებნილთა სიაში მოხვდა, როგორც "ადამიანი, რომელიც წინასწარ გამოძიებას ემალება".

იმავე წლის ნოემბერში უკრაინის უშიშროების სამსახურმა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გამართლებაში დაადანაშაულა.

დასავლეთის ქვეყნებში კირილეს აქტიურად აკრიტიკებენ მისი გამონათქვამებისთვის, რომლებსაც უკრაინაში ომის მხარდაჭერად ან გამართლებად აფასებენ. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი დე იურე არ არის ეკლესიის მეთაური, მაგრამ საზოგადოებრივ ცნობიერებაში აღიქმება ასეთად.

2022 წლის მაისში რომის კათოლიკური ეკლესიის პაპმა ფრანცისკემ იტალიური გაზეთის, Corriere della Sera-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მასთან საუბარში კირილემ გაამართლა ომი, ლაპარაკობდა რა „დროზე, რომელიც ესაჭიროება ნატოს რაკეტებს [რუსეთში სამიზნეებამდე] მისაფრენად“.

კირილეს სიტყვებზე, პაპის თქმით, მისი პასუხი ასეთი იყო: „ძმაო, ჩვენ სახელმწიფო მოხელეები არ ვართ, ჩვენ მხოლოდ იესოს და არა პოლიტიკის ენის გამოყენება შეგვიძლია. ამისთვის მშვიდობის გზები უნდა ვეძებოთ“. რომის პაპის აზრით, პატრიარქი კირილე „არ შეიძლება გახდეს პუტინის საკურთხევლის ბიჭი“.

უკრაინაში ასიმეტრიულ პასუხს ითხოვენ

უკრაინაში მიიჩნევენ, რომ „მსოფლიო რუსული სახალხო კრების“ მიერ გამოცხადებული „წმინდა ომი" მოსკოვის საპატრიარქოს გავლენის ქვეშ მყოფ კიდევ უფრო მეტ მართლმადიდებელს წაახალისებს, რომ გადავიდეს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში, რომელსაც ავტოკეფალია მსოფლიო პატრიარქის ტომოსით აქვს მინიჭებული.

"...ეს არის ჭეშმარიტების მომენტი. განახლებული წესდების თანახმად, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია სრულიად არის თავისუფალი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენისგან. მაგრამ ეს „განაწესი“, ანუ" ბრძანება" არ ეხება მართლმადიდებლობას, არც ქრისტიანობასა და არც ღმერთს. ეს არის მიზანთროპიის, ქსენოფობიისა და სიცრუის კრედო. მასთან ერთიანობაში ყოფნის ყოველი დღე უკრაინისათვის თავისუფლებაზე უარის თქმის დემონსტრირება იქნება", - განაცხადა უკრაინის პარლამენტის წევრმა როსტისლავ პავლენკომ.

„მსოფლიო რუსულ სახალხო კრებაზე“ გამოცხადებულ „მართლმადიდებლურ ჯიჰადზე“ უკრაინაში სიმეტრიულ პასუხზეც ფიქრობენ.

კიევში მოსკოვის საპატრიარქოს წინააღმდეგ გამართული ერთ-ერთი საპროტესტო აქცია. 2014 წლის 13 აგვისტო, საარქივო ფოტო

"გუნდიაევის მიერ გამოცხადებული მართლმადიდებლური ჯიჰადი მოითხოვს უკრაინელების სიმეტრიულ პასუხს – მოსკოვის ეკლესიის ფილიალის საქმიანობის აკრძალვას. კიდევ რა არის საჭირო იმისთვის, რომ უკრაინაში არალეგალური გახდეს სამღვდელოების აგენტურული ქსელი?" - რიტორიკულად კითხულობს ჟურნალისტი და მწერალი სერგეი რუდენკო.

ლაპარაკია უკრაინის ვერხოვნა რადაში შესულ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს გავლენის ქვეშ მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (УПЦ) სრულიად აკრძალვას ითვალისწინებს.

2023 წლის ოქტომბერში კანონპროექტის პირველი წაკითხვის დროს კენჭი უყარეს შედარებით რბილ ვარიანტს, რომელიც УПЦ-ს საბოლოო აკრძალვამდე ძალიან რთული და დიდი გზის გავლას ითვალისწინებს.

ზუსტად ერთი თვის წინ, ვერხოვნა რადის ჰუმანიტარული და საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტმა ერთხმად ურჩია პარლამენტს, მეორე მოსმენით მიიღოს კანონპროექტის უფრო მკაცრი ვარიანტი, რომელიც ზოგადად რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვას ითვალისწინებს.

სხვა რელიგიური ორგანიზაციების გარდა, ამ დოკუმენტით უკრაინის ტერიტორიაზე მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობაც შეიძლება შეჩერდეს.

მარტის ბოლოს, უკრაინის გარშემო „მსოფლიო რუსული სახალხო კრების“ მიერ მიღებული განაწესი შესაძლოა ვერხოვნა რადის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიღების ახალ კატალიზატორად იქცეს.