„აქ დავიბადე, გავიზარდე“ - უკან დაბრუნების მსურველ ეთნიკურ ოსებს მოქალაქეობას არ აძლევენ

საილუსტრაციო ფოტო: საქართველოს დროშა თბილისში გამართულ აქციაზე, 2020 წელი

ეთნიკური ოსების ნაწილი, რომლებმაც 90-იან წლებში საქართველო დატოვეს, უკან დაბრუნებას ცდილობს, მაგრამ საქართველოს მთავრობა მათთვის მოქალაქეობის აღდგენას არ ჩქარობს.

44 წლის ქალს, რომელიც ეთნიკურად ოსია და ვინაობის გამხელა არ სურს, საქართველოს მოქალაქეობაზე უკვე ორჯერ უთხრეს უარი.

საქართველოში დავიბადე და გავიზარდე. მე რომ დავამთავრე სკოლა, ზუსტად იმ წელს დაარიგეს დამოუკიდებელი საქართველოს პასპორტები. ეს პასპორტი მქონდა. რუსეთშიც ამით დავდიოდი. 90-იანებში სამუშაო არ იყო, არაფერი არ იყო და რუსეთში წავედი. იქაც დიდხანს ველოდე და 2007 წელს მომცეს რუსეთის მოქალაქეობა. 2017 წელს ისევ დავბრუნდი საქართველოში, მას მერე აქ ვარ“.

მთელი ეს პერიოდი მას ქართული პასპორტი შენახული ჰქონდა. კანონის მიხედვით (ეს კანონი 2022 წლის ბოლომდე მოქმედებს), თუ საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის მოქალაქეობასაც მიიღებს და ამის შესახებ შესაბამის სტრუქტურებს შეატყობინებს, მას, დიდი ალბათობით, საქართველოს მოქალაქეობაც შეუნარჩუნდება, მაგრამ უფლებადამცველები ამბობენ, რომ რეალურად ბევრს უარს ეუბნებიან, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა.

ქალმა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე განცხადება პრეზიდენტის სახელზე დაწერა. გასაუბრებაზე მალევე დაიბარეს. ლაპარაკში ახსენა, ცხინვალში ნათესავები მყავსო. ეჭვობს, რომ მოქლაქეობაზე უარის თქმის მიზეზი სწორედ ეს გახდა.

„...შენარჩუნება კი არა, საერთოდ შემიწყვიტეს მოქალაქეობა“.

2020 წელს მოქალაქეობის მიღება კიდევ ერთხელ სცადა. გამოცდებიც ჩააბარა [მოწმდება ქვეყნის ისტორიის, სახელმწიფო ენისა და კანონმდებლობის ცოდნა - რ.თ] იუსტიციის სახლში. ათიდან ათი ქულა აიღო, მაგრამ ისევ უარი უთხრეს მოქალაქეობის აღდგენაზე. მიზეზი ამომიბეჭდეს, საფრთხეს ვუქმნი თურმე საქართველოს საზოგადოებრივ და სახელმწიფო უსაფრთხოებას“.

რადგან მოქალაქეობა აღარ ჰქონდა, საჯარო სამსახურიდანაც გაათავისუფლეს. უმუშევარი დარჩა.

ახლა ევროპაში მინდა წასვლა და საქართველოს მოქალაქეობა რომ არ მაქვს, ვერ მივდივარ. აქ დავიბადე, გავიზარდე, მშობლები აქ ცხოვრობენ, სახლი აქ მაქვს, სხვაგან მე სახლი არ გამაჩნია და უარს მეუბნებიან. ზოგი ჩამოდის, ქართული ენაც არ იცის და იღებს მოქალაქეობას. არ შეიძლება ასე“.

ბინა გაქვს, მოქალაქეობა - არა

სახალხო დამცველის მონაცემებით, 1989-1992 წლების კონფლიქტის დროს საქართველო 70 ათასამდე ეთნიკურმა ოსმა დატოვა. უმეტესობა რუსეთის ფედერაციაში გადასახლდა. მათ ნაწილს დღეს საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება სურს, თანაც აქ კერძო საკუთრება დარჩათ.

წელს ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა კვლევა კონფლიქტით დაზარალებული ეთნიკურად ოსი მოქალაქეების ქონებრივი რესტიტუციის და მოქალაქეობის დაბრუნების პროცესის სამართლებლივი ანალიზი“. კვლევაში რამდენიმე მსგავსი შემთხვევაა აღწერილი.

ნ.თ. საქართველოში დაიბადა და გაიზარდა. რუსეთში წავიდა1990 წელს. რუსთავში მამისგან დატოვებული ბინა აქვს. პირველად საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე 2018 წელს შეიტანა განაცხადი, მაშინ უარი უთხრეს. მეორედ შეიტანა 2021 წელს. ამჯერად მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ნ.თ.-ს ორმაგი მოქალაქეობა მიენიჭა.

ბ.ბ. საქართველოშია დაბადებული, თუმცა თავის დროზე საცხოვრებლად ისიც რუსეთში გადავიდა. ბათუმში ბინა აქვს. ქართულად ლაპარაკი ეხერხება, წერა-კითხვა - ნაკლებად. მოქალაქეობის მოსაპოვებელ გამოცდაზე საკმარისი ქულები ვერ დააგროვა და უარი მიიღო.

ლ.ფ-მ რუსეთის მოქალაქეობა 2008 წლის შემდეგ მიიღო. თან არც საქართველოს მოქლაქეობაზე უთქვამს უარი. ახლა სურს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე განცხადება დაწეროს, მაგრამ ვერ ბედავს. ეშინია, უარით არ გამოისტუმრონ.

რას გეუბნება კანონი

კანონმდებლობით საქართველოს მოქალაქეობის მიღება შეუძლია მას, ვინც:

  • სრულწლოვანია;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში მუდმივად საქართველოში ცხოვრობდა;
  • ფლობს სახელმწიფო ენას;
  • იცნობს ქვეყნის ისტორიასა და სამართლის საფუძვლებს;
  • მუშაობს ან ბიზნესი აქვს საქართველოში, ფლობს ქვეყნის საწარმოში წილს ან აქციებს.

მოქალაქეობის მაძიებელმა სახელმწიფო ენის, ისტორიისა და კანონმდებლობის ცოდნის შესამოწმებლად გამოცდა მოქალაქეობის საკითხთა კომისიას უნდა ჩააბაროს.

საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს, მოქალაქეობა ამ პირობების დაუცველადაც გასცეს, თუკი სახელმწიფო დაინტერესებულია, ადამიანი მისი მოქალაქე გახდეს. მაგალითად:

  • მოქალაქეობის მაძიებელს რამე განსაკუთრებული დამსახურება აქვს საქართველოსა და კაცობრიობის წინაშე;
  • ფლობს იმ პროფესიას და აქვს ის კვალიფიკაცია, რომლითაც დაინტერესებულია სახელმწიფო;
  • სახელმწიფოს აქვს რაიმე სხვა ინტერესი, რომ მას მოქალაქეობა მიანიჭოს.

რუსუდან ფუხაშვილი, რომელიც ეთნიკური ოსების მოქალაქეობის საკითხს იკვლევდა, ამბობს, რომ ხშირად საქართველოში დაბრუნება სურთ ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებსაც ახსოვთ ქართული, მაგრამ სამართლის და ისტორიის ჩაბარება უჭირთ.

ტესტირებაზე უარის თქმა კი მოქალაქეობაზე უარის თქმის საფუძველია. ვფიქრობ, რადგან ეს ხალხი თავის დროზე იძულებით წავიდა ქვეყნიდან, მათ მოქალაქეობა გამარტივებული წესით უნდა მიეცეთ, - ამბობს რუსუდან ფუხაშვილი.

ეს მიგრაცია არ იყო მხოლოდ სოციალური პრობლემებით გამოწვეული, არამედ იმის გამოც, რომ ფიზიკურ ძალადობას გაურბოდნენ. თან საუბარია არა სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ოსებზე, არამედ კახეთსა და შიდა ქართლის სოფლებში“, - ამბობს მკვლევარი მედეა ტურაშვილი.

გარდა ქონებრივი უფლებების აღდგენისა, საქართველოს მოქალქეობაზე უარის გამო ადამიანს ხელი აღარ მიუწვდება მთელ რიგ სერვისებზე, მაგალითად, დაზღვევაზე, პენსიაზე, არ აქვს სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენის უფლება.

მათ ემოციური ბმა აქვთ ამ ქვეყანასთან. სამართლიანობის აღდგენა სურთ. თან ეს არ არის ათასობით და ასეულობით შემთხვევა. ექვსი თვის განმავლობაში ვეძებდით ამ ხალხს და დაახლოებით 80 საქმის შესწავლა მოვახერხეთ“, - ამბობს რუსუდან ფუხაშვილი.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მონაცემებით, მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით მსგავსი პრობლემები აქვთ მუსლიმ მესხებს, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებსა და ჩეჩენ ლტოლვილებს.