უკრაინაში ომის დაწყების და მით უფრო რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული პასპორტების აღებით დაინტერესდნენ. მოგვიანებით ამ სურვილს კიდევ ერთი მიზეზი დაემატა, ევროკავშირმა საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული პასპორტებით ევროპაში შესვლა აკრძალა.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული პასპორტების აღების სურვილი ძირითადად ახალგაზრდებს აქვთ, მათ შორის არიან ისეთებიც ვისაც ემიგრაცია ან საზღვარგარეთ განათლების მიღება სურს.
„დღეს აფხაზეთში ამბობენ, თუ გვაიძულებენ ომში წასვლას, რუსეთის მოქალაქეობაზე უარს ვიტყვითო, ამ შემთხვევაში მათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მიღებაღა რჩებათ და ჩვენ ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ“, - ამბობს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია. ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველთა ზუსტი სტატისტიკა მას არ აქვს, მაგრამ ამბობს, რომ ასეთი მოთხოვნები გახშირდა, - „შეიძლება ამას საქართველოს სიყვარულით არ აკეთებდნენ, მაგრამ ჩვენთვის მაინც მომგებიანია, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქეობის აღება სურთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აფხაზებს გამარტივებული წესით აღვუდგინოთ მოქალაქეობა, ამით ისინი არა მხოლოდ ომში წასვლას აიცილებენ თავიდან, არამედ ძალიან სერიოზულ ნაბიჯს გადავდგამთ ნდობის აღდგენის კუთხით“.
კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქეობის მიღება შეუძლია მას, ვინც:
- სრულწლოვანია;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში მუდმივად საქართველოში ცხოვრობდა;
- ფლობს სახელმწიფო ენას;
- იცნობს ქვეყნის ისტორიასა და სამართლის საფუძვლებს;
- მუშაობს ან ბიზნესი აქვს საქართველოში, ფლობს ქვეყნის საწარმოში წილს ან აქციებს;
მოქალაქეობის მაძიებელმა სახელმწიფო ენის, ისტორიისა და კანონმდებლობის ცოდნის შესამოწმებლად გამოცდა მოქალაქეობის საკითხთა კომისიას უნდა ჩააბაროს.
საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს, მოქალაქეობა ამ პირობების დაცვის გარეშეც გასცეს, თუკი მოქალაქეობის მაძიებელს
- საქართველოსა და კაცობრიობის წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს;
- ფლობს იმ პროფესიას და აქვს ის კვალიფიკაცია, რომლითაც დაინტერესებულია სახელმწიფო;
- სახელმწიფო დაინტერესებულია, რომ მას მოქალაქეობა მიანიჭოს.
რა დამოკიდებულება აქვთ ქართული პასპორტების მიმართ აფხაზეთში?
„ჩვენ [აფხაზებს] არაერთგავროვანი დამოკიდებულება გვაქვს. თუ ვინმე ამას პოლიტიკური მიზენებისთვის და ან გამორჩენის გამო აკეთებს, არ ვამართლებთ. მაგრამ თუ განათლების მისაღებად, ან რამე ამდაგვარისთვის უნდა, გაგებით ვეკიდებით“, - ამბობს აფხაზეთის მკვიდრი, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის საქართველოს მოქალაქეობის მიღება იოლი არ არის. პროცედურები დროში გაწელილია. პასპორტის აღების მსურველებს არ აქვთ საშუალება, დამოუკიდებლად და იოლად მოიპოვონ ინფორმაცია საჭირო დოკუმენტების შესახებ ან ხანგრძლივად დარჩნენ ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა.
„აუცილებლად უნდა გამარტივდეს პროცედურა, ელექტრონურად უნდა შეიძლებოდეს განაცხადის შეტანა, ან ისე, რომ ჩამოსვლა მხოლოდ ერთი დღე მოუხდეს. ხანდახან შეიძლება თვეები არ მისცენ პასპორტი“, - ამბობს აქტივისტი გალიდან, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა. მისი თქმით, აფხაზები ცდილებენ ჩუმად იპოვონ ინფორმაცია მოქალაქეობის მიღების შესახებ, მაგრამ ხშირად ამას ვერ ახერხებენ.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულებს შესაძლოა მოქალაქეობაზე უარი უთხრან, რუსული პასპორტია. აფხაზეთის მთავრობას დაახლოებით ორი წელია პარლამენტში შეტანილი აქვს კანონპროექტი, რომელიც ჯერ კომიტეტის დონეზეც არ განხილულა. კანონპროექტი დე ფაქტო აფხაზეთში მცხოვრები პირებისთვის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის გამარტივებას ითხოვს.
„რადგან აფხაზებს რუსული პასპორტიც აქვთ, ამის გამო საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ეუბნებიან. რუსულ პასპორტს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, პასპორტიზაციის პროცესი აფხაზეთში არის უკანონო. ჩვენ ხომ კანონი გვაქვს ოკუპაციის შესახებ, რომელშიც შავით თეთრზე წერია, რომ ის დოკუმენტაცია, რომელიც გაიცემა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოა, მაშინ რატომ ვანიჭებთ რუსულ პასპორტს მნიშვნელობას, ისე გამოდის, რომ ვაღიარებთ მას, - ამბობს ჯემალ გამახარია, - ამ კანონპროექტით გვინდა, რომ ენის საკითხიც შეიცვალოს. კონსტიტუციით აფხაზეთში ორი ენაა სახელმწიფო - ქართული და აფხაზური. მივცეთ უფლება, პასპორტის ასაღებად საჭირო გამოცდები, თუ ქართული იცის - ქართულად და თუ არ იცის, აფხაზურად ჩააბარონ. იქ აფხაზებს არანაირი საშუალება არ აქვთ ქართული ისწავლონ“.
კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე მოთხოვნა ბოლო 2-3 კვირის განმავლოაბში ცხინვალის რეგიონშიც გაიზარდა. მიზეზები აქაც იგივეა, მობილიზაცია და საქართველოს პასპორტით ევროპაში წასვლის სურვილი.
„იქაც კარგად იციან მექსიკის გზა. ბევრი ახალგაზრდაა ამერიკაში, ევროპაში წასული. აქამდე ცხინვალის რეგიონიდან მაინც რუსეთში მიდიოდნენ დასასაქმებლად, ახლა ყველა ევროპისკენ იყურება. ერთმა ჩემმა ნაცნობმა ცხინვალის რეგიონიდან ხვალ უნდა გამოიტანოს ქართული პასპორტი, ერთმა დღეს შეიტანა განაცხადი, კიდევ ერთი უნდა ჩამოვიდეს და ველოდები“, - ჰყვება ზურაბ ბენდიანიშვილი და იმასაც აღნიშნავს, რომ ხშირად მოქალაქეობის მიღების მსურველებს უარს ეუბნებიან, - „პასპორტის მიღება არ არის ადვილი. იმის გამო, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი გვაქვს, გვაქვს რეგულაციებიც, რომელიც საქართველომ პასპორტის გაცემისას უნდა დაიცვას. ყურადღება ექცევა საცხოვრებელ ადგილს, მოქალაქეობის მიღების მოტივაციას, რამდენად უსაფრთხოა ეს ადამიანი ქვეყნისთვის და ასე შემდეგ“.
პასპორტიზაციის გამარტივების პროცედურა შეიძლება კიდევ უფრო აქტუალური გახდეს, თუ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას რუსეთის მიერ გამოცხადებული მობილიზაცია უფრო მძაფრად შეეხება.