რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი იუწყება, რომ „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული“ და „ყველანაირი ზომა განიხილება“.
საქართველომ 2017 წელს გადაინაცვლა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების ჩამონათვალში.
იოზვიაკის ინფორმაციითვე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი სულ უფრო და უფრო მეტად ღელავს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და სურთ, რომ ევროკომისიამ არაერთი საკითხი შეისწავლოს და განიხილოს ქვეყანასთან მიმართებაში.
მათ შორისაა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დაფინანსების/ფინანსური დახმარების საკითხი და, ასევე, დამატებითი - სავარაუდოდ, შუალედური - ანგარიში (მორიგი ანგარიში ოქტომბერში უნდა გამოქვეყნდეს).
ასევე ნახეთ სად მივდივართ? "აგენტების კანონი" ევროპასთან უვიზო რეჟიმს ემუქრება. ბრიუსელი ზომებზე მსჯელობს2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია, რომელსაც არასავალდებულო ხასიათი აქვს, ამბობს, რომ:
- საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, სანამ „აგენტების კანონი“ ძალაში იქნება;
- დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილს და გათავისუფლდეს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი;
- ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, შეაფასოს „აგენტების კანონის“ გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, „რაც ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“.
სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს, ევროკომისიამ კი უნდა გადაწყვიტოს, შეისწავლის თუ არა სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე კანონის გავლენას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 26 აპრილს ევროპარლამენტის ამ რეზოლუციაზეც თქვა, რომ მას „ჩალის ფასი აქვს“.
მან ასევე თქვა, რომ რეზოლუციაში სავიზო ლიბერალიზაციაზე ჩანაწერს „ზუსტად ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორი ჩალის ფასიც აქვს ჩანაწერებს ლგბტ პროპაგანდის არდაშვების თაობაზე და ასევე სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე“.
26 აპრილსვე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება“ და რეზოლუცია არის „ქართველ ხალხზე გაბრაზებული რამდენიმე ევროდეპუტატის პწკენა“.
8 მაისს, - იმავე დღეს, როცა საქართველოს საკითხი მეორედ განიხილეს, - ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა „მწვანე შუქი აუნთეს“ საქართველოსთვის არალეტალური სამხედრო დახმარების შესასყიდად 30 მილიონი ევროს გამოყოფას.
რიკარდ იოზვიაკი ასევე იუწყება, რომ 7 მაისს ბრიუსელში ელჩების დონეზე გაიმართა დისკუსია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, რაც „აგენტების კანონსა“ და საპროტესტო დემონსტრაციებს უკავშირდება.
რადიო თავისუფლების ჟურნალისტის თანახმად, 27-დან 26 წევრმა შეშფოთება გამოხატა, - გამონაკლისი იყო უნგრეთი.
„აგენტების კანონი“, - ფორმალურად „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“, - პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცეს - 83 ხმით, მეორე მოსმენით კი 1 მაისს - ასევე 83 ხმით.
დარჩენილია მესამე, ფინალური მოსმენა.
ასევე ნახეთ სრული სიმართლე „აგენტების კანონზე“ასევე ნახეთ: