Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სად მივდივართ? "აგენტების კანონი" ევროპასთან უვიზო რეჟიმს ემუქრება. ბრიუსელი ზომებზე მსჯელობს


საპროტესტო აქცია "უცხოეთის აგენტების" კანონის წინააღმდეგ. თბილისი, საქართველო, 28 აპრილი, 2024
საპროტესტო აქცია "უცხოეთის აგენტების" კანონის წინააღმდეგ. თბილისი, საქართველო, 28 აპრილი, 2024

შესაძლოა თუ არა შეჩერდეს ან/და გაუქმდეს ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის უფლება საქართველოს მოქალაქეებისთვის? - ევროკავშირში ასეთი შესაძლებლობა არ გამოირიცხება.

8 მაისს ევროკავშირის ელჩებმა კიდევ ერთხელ განიხილეს ის პოტენციური ზომები, რომლებსაც ბრიუსელი საქართველოში "უცხოეთის აგენტების" კანონის მიღების შემთხვევაში მიმართავს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ელჩებმა არ გამორიცხეს სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერებაც.

2017 წლის 28 მარტიდან, მას შემდეგ, რაც სავიზო ლიბერალიზაცია ამოქმედდა, შენგენის ქვეყნებს მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე ესტუმრა უვიზოდ. 7 წლის შემდეგ „სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმები“ შეიძლება გადაიხედოს.

„აგენტების კანონის“ მიღების პასუხად უვიზო რეჟიმის გადახედვა ევროკომისიას ევროპარლამენტარებმა 25 აპრილს მიღებული რეზოლუციითაც მოსთხოვეს. ევროპარლამენტის რეზოლუცია სავალდებულოდ შესასრულებელი არ არის, თუმცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების განწყობა სავიზო ლიბერალიზაციის გადახედვის საფრთხეს რეალურს ხდის.

„ქართული ოცნების“ ლიდერები საფრთხეს ვერ ხედავენ. მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ევროპარლამენტის 25 აპრილის რეზოლუციის შეფასებისას ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ვიზალიბერალიზაციის არათუ გაუქმებას, არამედ ამ პროცესის წამოწყებას ევროკავშირის წევრი 27 წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება. საბედნიეროდ, ევროპულ ბიუროკრატიაში ჯერ კიდევ არიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებიც მსგავს სამარცხვინო ნაბიჯს ბიძგს არ მისცემენო“.

„ოცნებას“, სულ მცირე, ახალი სტრატეგიული პარტნიორის, უნგრეთის იმედი აქვს.

რადიო თავისუფლება ევროკავშირის წესებისა და რეგულაციების გადახედვისა და ექსპერტებთან საუბრის შემდეგ, დარწმუნდა, რომ „ოცნების“ იმედი უსაფუძვლოა - სრული კონსენსუსი არათუ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების გადახედვას, არც შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას სჭირდება; შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შემდეგ უვიზო რეჟიმის გაუქმების საფრთხეც რეალური ხდება.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი, დარწმუნებულია, რომ სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმს ევროკავშირი პოლიტიკური მიზნებით არ გამოიყენებს.

„შეჩერების მექანიზმი არის ის ბოლო ინსტანცია, რომელიც გამოიყენება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ქვეყანა არ თანამშრომლობს ევროკავშირთან იმ საფრთხეების აღმოფხვრის კუთხით, რასაც რომელიმე წევრი ქვეყანა გააჟღერებს, ამ შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებაში. ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა, რომლის მექანიზმის ამუშავების პროცესში ჩართულები არიან ექსპერტები ყველა წევრი სახელმწიფოდან და როდესაც მზადდება წინაპირობები, რასაც ევროკომისია წარუდგენს უკვე შემდგომ საბჭოს და ევროპარლამენტს, შემდგომ ხდება გადაწყვეტილების მიღება ჩვეულებრივი უმრავლესობით, რაზეც აპელირებენ“, - უთხრა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს აპრილის ბოლოს.

ევროკავშირს აქვს მექანიზმებიც და შესაძლებლობაც, გადახედოს ვიზალიბერალიზაციას, - ეუბნებიან საკითხში გარკვეული ექსპერტები რადიო თავისუფლებას.

„რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი ხსნის, რომ შეჩერების მექანიზმის ასამოქმედებლად ევროკავშირს უკვე აქვს ტექნიკური საფუძველი - უკანონო მიგრაციის მაღალი მაჩვენებლებისა და კრიმინალის გამო, თუმცა ამის „პოლიტიკური ნება“ არასოდეს ჰქონია.

„სავიზო ლიბერალიზაცია და ამ სახის სიკეთეები ევროკავშირის მხრიდან მონიჭებული პრივილეგიაა და ამ პრივილეგიის უკან წაღებაც შესაძლებელია. არსებობს შესაბამისი მექანიზმები...

თუ მათ რამე აკავებდა, რომ ეს მექანიზმი არ გამოეყენებინათ ჩვენს წინააღმდეგ, ეს არის პოლიტიკური ნება, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის დისკომფორტის შექმნა არ სურთ, მაგრამ ეს პოლიტიკური ნება შეიძლება გაქრეს იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობა ახლა აბსოლუტურად სხვაგვარად იქცევა, ვიდრე სავიზო ლიბერალიზაციის ამოქმედებისას“, - კახა გოგოლაშვილის თქმით, ევროპარლამენტი იძლევა იმპულსს, რომ სავიზო ლიბერალიზაცია გადაიხედოს, რაც ცუდი სიგნალია საქართველოსთვის, რადგან შეჩერების მექანიზმის ამოქმედება ტექნიკურად სავსებით შესაძლებელია.

რას გულისხმობს შეჩერების მექანიზმი?

ევროკავშირის კანონმდებლობისა და რეგულაციების თანახმად:

ამა თუ იმ ქვეყნისთვის სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხი შესაძლებელია წამოჭრას ევროკავშირის რომელიმე ქვეყანამ, ქვეყნების ჯგუფმა, ანდა თავად ევროკომისიამ.

  • სავიზო ლიბერალიზაცია შესაძლებელია შეჩერდეს პირველ ჯერზე 9 თვით და შემდეგ, დამატებით - 18 თვით [ჯამში 27 თვე];
  • 9-თვიან პერიოდში შესაძლებელია დაიშვას გარკვეული გამონაკლისები ადამიანების გარკვეული კატეგორიებისთვის; თუმცა 18-თვიანი პერიოდი „სრულ შეჩერებას“ გულისხმობს.
  • შესაბამის აქტებს გამოსცემს ევროკომისია.
  • ევროკავშირის საბჭოში საკითხი კვალიფიციური უმრავლესობით [55%] წყდება - საკმარისია 15 ქვეყნის თანხმობა 27 წევრიდან - ხმები უნდა მოიცავდეს ევროკავშირის მოსახლეობის 65%-ს].

რა არის შეჩერების საფუძველი?

დღეს მოქმედი წესებით, სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს:

  • უკანონო მიგრაციის, ვადის დარღვევისა და შესვლაზე უარის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა [50%-ზე მეტი];
  • თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა [50%-ზე მეტი] - დადებითი პასუხის დაბალი მაჩვენებლით [დაახლოებით 3-4%];
  • რეადმისიის [უვიზო მიმოსვლის წესების დამრღვევთა დაბრუნება საქართველოში] შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი შემცირება;
  • ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების რისკების ზრდა, კერძოდ - სისხლის სამართლის დანაშაულის მაჩვენებლების მიხედვით.

და ყველაზე მთავარი:

ევროკომისიას ასევე შეუძლია შეჩერების მექანიზმის ამოქმედება, თუკი შეინიშნება უკუსვლა სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაში, იმ მესამე ქვეყნების მიერ, რომლებმაც გაიარეს სავიზო ლიბერალიზაციის დიალოგის ეტაპი.

ევროკომისიის მიერ მოთხოვნილი [საბჭოში და ელჩების დონეზე დამტკიცებული] ახალი რეგულაციების თანახმად, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლად დასახელებულია შემთხვევა, როდესაც - მნიშვნელოვნად და მკვეთრად უარესდება ამა თუ იმ მესამე ქვეყნის საგარეო ურთიერთობა ევროკავშირთან, განსაკუთრებით, როცა ეს ეხება ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს.

საქართველომ „სავიზო ლიბერალიზაციის დიალოგის“ ეტაპი გაიარა - უვიზო მიმოსვლის უფლება სამოქმედო გეგმისა და გზამკვლევის მოთხოვნების შესრულების შედეგად მოიპოვა.

დიალოგის პროცესი მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს: დოკუმენტების დაცულობა, ბიომეტრიული მონაცემების ჩათვლით; საზღვრის ინტეგრირებული მართვა, მიგრაციის მენეჯმენტი, თავშესაფრის მოთხოვნა; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება; საგარეო ურთიერთობები და ფუნდამენტური უფლებები.

„სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენლის, ვანო ჩხიკვაძის თქმით, სწორედ ამ ბოლო პუნქტს უკავშირდება ევროპარლამენტის 25 აპრილის რეზოლუციაში ასახული ჩანაწერი - სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების გადახედვის შესახებ.

„როცა ლგბტ თემის საწინააღმდეგო კანონს იღებ, როცა "რუსულ კანონს" იღებ, რომლებიც დაარტყამს ცალკეული ჯგუფებისა და სამოქალაქო საზოგადოების უფლებებს, ძალიან ბევრმა ადამიანმა შეიძლება გადაწყვიტოს ქვეყნის დატოვება - წავიდეს და ევროკავშირის ქვეყნებში ითხოვოს თავშესაფარი.

ეს ბუნებრივად დააწვება სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმებს, მაშინ, როცა ისედაც პრობლემურია თავშესაფრის მოთხოვნისა თუ ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით“, - ვანო ჩხიკვაძეს იმედი აქვს, რომ პროცესი სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერებამდე მაინც არ მივა.

ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ერთ-ერთი ქვეთავია ევროკომისიის მიერ ყოველწლიურად მომზადებულ ანგარიშში - „შეჩერების მექანიზმის შესახებ“.

ევროკომისიის ბოლო - მეექვსე ანგარიში 2023 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა. თითოეული ქვეყანა შემდეგი კრიტერიუმებით არის შეფასებული:

  • სავიზო პოლიტიკის შესაბამისობა;
  • დოკუმენტების დაცულობა, ბიომეტრიული მონაცემების ჩათვლით;
  • საზღვრის ინტეგრირებული მართვა, მიგრაციის მენეჯმენტი, თავშესაფარი;
  • არალეგალური მიგრაციის, საერთაშორისო დაცვის განაცხადების, დაბრუნებისა და რეადმისიის ტენდენციების მონიტორინგი;
  • საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება;
  • საგარეო ურთიერთობები და ფუნდამენტური უფლებები.

მეექვსე ანგარიშის „საგარეო ურთიერთობები და ფუნდამენტური უფლებების“ ქვეთავში ევროკომისია იხსენებს, რომ საქართველოს ჯერ კიდევ მეხუთე ანგარიშში მიუთითებდა - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის საკითხზე ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებისა და ასევე - მოსამართლეთა კეთილსინდისიერებისა და საქმიანობის შესაფასებლად შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავება-ამოქმედების შესახებ.

„საქართველოს ჯერჯერობით სრულად არ შეუსრულებელია ვენეციის კომისიის რეკომენდაციები“, - წერია ტექსტში.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს ასევე გადასაჭრელი აქვს მაღალი დონის კორუფციის პრობლემა და განსაკუთრებით ეს ეხება - „მსხვილ კერძო ინტერესებსა და მათ ზეგავლენას პოლიტიკის, სასამართლო სისტემისა და ეკონომიკის სფეროებზე“.

გარკვეული მიმართულებებით აღნიშნულია საქართველოს პროგრესი. მაგალითად, აღნიშნულია, რომ - საქართველო მუდმივად თანამშრომლობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უკანონო მიგრაციის საკითხებზე: 2022 წელს, ევროკავშირის ქვეყნებში განათავსა 16 პოლიციელი ადგილობრივი სამართალდამცველების დახმარების მიზნით და მონაწილეობა მიიღო 8 ერთობლივ ოპერაციაში.

კიდევ რა წერია ევროკომისიის ბოლო ანგარიშში?

ევროკომისიის მიერ 2023 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 81%-ით გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიმართვიანობა - საერთაშორისო დაცვის [ლტოლვილის სტატუსისთვის - რ.თ.] მოთხოვნით.

  • ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნით შევიდა 26 450 ასეთი განაცხადი, საიდანაც დაკმაყოფილდა მხოლოდ 7% . 2021 წელს შევიდა 14 635 განაცხადი და დაკმაყოფილდა 5%.
  • 87%-ით გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად დარჩენის შემთხვევები: 2021 წელს - 11 695; 2022 წელს - 21 910 პირი.
  • ევროკავშირის ქვეყნებში შესვლაზე უარი უთხრეს 3970 საქართველოს მოქალაქეს. 2021 წელს იყო - 3030. მაჩვენებელი გაზრდილია 31%-ით.
  • საქართველოს მოქალაქეებისთვის დაბრუნების გადაწყვეტილების მაჩვენებელი 50%-ით გაიზარდა - 16 275-მდე. 2021 წელს იყო - 10 820;
  • 57%-ით გაიზარდა დაბრუნებულთა რიცხვი: 7760 – 2022 წელს; 4935 - 2021 წელს.
  • მცირედით გაუმჯობესდა დაბრუნების მაჩვენებელი: 2021 წელს - 46%; 2022 წელს - 48%.

გასულ წლებში, სხვადასხვა დროს, ევროკავშირის ქვეყნები, მაგალითად - გერმანია და საფრანგეთი გამოხატავდნენ უკმაყოფილებას საქართველოდან ლტოლვილის სტატუსის მომთხოვნ პირთა რიცხვის ზრდის გამო.

ევროკომისიის მეექვსე ანგარიშში ასახული ერთ-ერთი რეკომენდაციის თანახმად, საქართველოს სავიზო პოლიტიკა შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ევროკავშირის იმ ქვეყნების სიასთან, რომლებსაც ვიზები ესაჭიროებათ [Annex I].

ამ ქვეყნების ჩამონათვალშია, მაგალითად, ჩინეთი, რომელთანაც საქართველომ სავიზო რეჟიმი გააუქმა.

რა ხდება სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერებამდე?

შეჩერების 9-თვიანი აქტის გამოცემამდე, ევროკომისიამ კარგად უნდა შეისწავლოს ყველა ფაქტი და მოამზადოს სპეციალური ანგარიში. მას ერთთვიანი ვადა აქვს. რეგულაციების თანახმად, ევროკომისიამ შეჩერების აქტი უნდა გამოსცეს, თუკი მას წევრი ქვეყნების უბრალო უმრავლესობა აცნობებს კანონით განსაზღვრული პრობლემების არსებობის შესახებ.

პროცესის ყველა ეტაპზე, ევროკომისია კომუნიკაციაშია იმ ქვეყანასთან, რომელსაც სავიზო ლიბერალიზაციას შეუჩერებენ - რათა დაიძლიოს პრობლემები. 9-თვიანი ვადის ამოწურვამდე მინიმუმ 2 თვით ადრე ევროკომისია ხელახლა შეაფასებს ვითარებას და გადაწყვეტს - შეზღუდვის გახანგრძლივების საკითხს.

სრული შეჩერების მექანიზმი ევროკავშირს ამოქმედებული აქვს ვანუატუს შემთხვევაში [პასპორტებისა და მიგრაციის პრობლემის გამო];

გამარტივებული სავიზო რეჟიმი შეჩერებული აქვს - რუსეთსა და ბელარუსთან.

ევროკომისიის ახალი ინიციატივის თანახმად, რომელიც ახლახან [2024 წლის მარტში] უკვე დამტკიცდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების კომიტეტის დონეზე (Coreper), 9-თვიანი ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს 12 თვემდე; ხოლო 18-თვიანი ვადა - 24 თვემდე.

და რა დროს და როგორ ხდება უვიზო რეჟიმის გაუქმება?

თუკი სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების ჯერ 9- და შემდეგ 18-თვიანი ეტაპის ფარგლებში ევროკომისიის ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდება და ქვეყანა [რომელსაც სავიზო ლიბერალიზაცია შეუჩერდა] - პროგრესს არ აჩვენებს, შესაძლებელია დადგეს ამ რეჟიმის სრულად გაუქმების საკითხი.

ევროკომისიას შეუძლია შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით მიმართოს ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს [მინისტრების დონეზე]. განხილვა საჭიროებს ორდინარულ საკანონმდებლო პროცედურებს.

თუკი ევროკომისიის ინიციატივა დამტკიცდება - ქვეყანამ უვიზო მიმოსვლის მქონეთა სიიდან [Annex II] შესაძლოა გადაინაცვლოს იმ ქვეყნების სიაში [Annex I], რომელთა მოქალაქეებსაც ვიზები ესაჭიროებათ.

ევროკავშირის საკანონმდებლო რეგულაციების თანახმად, ორდინარული საკანონმდებლო პროცედურის დროს - საკითხს პარლამენტი და ევროკავშირის საბჭო პარალელურ რეჟიმში განიხილავენ.

გათვალისწინებულია საკითხის 3 მოსმენით განხილვა - როგორც ევროპარლამენტში, ასევე საბჭოში. პარლამენტს შეუძლია საბჭოს პოზიციის ჩაგდება და პირიქითაც.

სხვადასხვა ეტაპზე, საკითხს უბრალო უმრავლესობის [მომხრე მეტია მოწინააღმდეგეზე] და აბსოლუტური უმრავლესობის [სრული სიის უმრავლესობა] თანხმობა ესაჭიროება. თუკი შეთანხმებას სწრაფად მიაღწიეს, პროცესი შესაძლოა პირველი მოსმენის ეტაპზევე დასრულდეს.

როგორც შეჩერების, ასევე გაუქმების საფუძვლები მტკიცედ უნდა იყოს დასაბუთებული.

საქართველოს მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 1 მაისს მეორე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“ ხალხმრავალი საპროტესტო აქციებისა და დასავლელი პარტნიორების გაფრთხილების მიუხედავად, რომ „კრემლის მიერ ინსპირირებული კანონი“, რომელიც ევროპულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება, საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესს მკვეთრად შეაფერხებს და უკანაც დახევს.

კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. სახელმწიფო ამ ორგანიზაციების მონიტორინგის, შემოწმებისა და ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვნის უფლებას მიიღებს.

ასევე ნახეთ:

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG