ქეთევან ქერაშვილი 11 აგვისტოს რომში უნდა გაფრენილიყო ტურისტული მიზნით, თუმცა, ქუთაისის აეროპორტში მესაზღვრეებმა მას ამის საშუალება არ მისცეს. ქეთევანი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ მისთვის გაუგებარია უარი საფუძველი, ვინაიდან ხელთ ჰქონდა ყველა საჭირო დოკუმენტაცია.
“მქონდა ბილეთი წინ და უკან წამოსასვლელი, დაზღვევა და იმ ადამიანის პირადი მონაცემები, ვისთანაც ჩავდიოდი. ზუსტად ანალოგიური საბუთებით შარშან აბსოლუტურად არავითარი პრობლემა არ შემქმნია. მაშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მივფრინავდი. თუმცა, თებერვალში ქუთაისიდან გაფრინდა ჩემი ძმაც, იგივე მიმართულებით და მასაც არავითარი დაბრკოლება არ შექმნია არც საქართველოს არც იტალიის საზღვარზე”, - ამბობს ქეთევან ქერაშვილი.
მისი სიტყვებით ავიაკომპანია "ვიზეარის" ბილეთები მარტში ჰქონდა შეძენილი, საბუთები წესრიგში ჰქონდა, თუმცა მას საქართველოს საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის საფუძვლად დაუსახელეს ის, რომ ოფიციალური მოსაწვევი არ ჰქონდა.
“მოსაწვევი თუ არის საჭირო, გამოდის, რომ უვიზო მიმოსვლა არ არის. მქონდა მასპინძლის საკონტაქტო ინფორმაცია და მისი პირადობის მოწმობის ასლი, ასევე ინფორმაცია იმის შესახებ თუ სად უნდა მეცხოვრა. მითხრეს, რომ თუ არ მაქვს მოწვევა, მაშინ უნდა მქონოდა სასტუმროს ჯავშანი და ყოველდღიურად 50 ევრო გამრავლებული იმდენ დღეზე რამდენი დღითაც მივდიოდი”.
ქეთევანი რომში 18 დღით მიდიოდა, ამ ოდენობის თანხა თან არ ჰქონდა. ქეთევანი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ მას საზღვარზე განუმარტეს, რომ საქართველოს მოქალაქეების მიმართ სავიზო კონტროლის გამკაცრება საფრანგეთმა მოითხოვა, სიმკაცრე კი განსაკუთრებით ქუთაისის აეროპორტს შეეხო, ვინაიდან დაბალბიუჯეტური პირდაპირი ფრენები ევროპის მიმართულებით სწორედ ქუთაისის აეროპორტიდან ხორციელდება.
ფინანსური ზარალის გარდა ქეთევანს მორალური ზიანიც მიადგა, ვინაიდან იმ საკითხების მოგვარება ვერ შეძლო, რისთვისაც რომში ჩასვლას გეგმავდა.
საქართველოს რამდენ მოქალაქეს უთხრეს უარი ქუთაისის აეროპორტიდან გაფრენაზე?
შსს არ ასაჯაროებს ინფორმაციას, თუ საქართველოს რამდენ მოქალაქეს უთხრეს უარი ქუთაისის აეროპორტიდან გაფრენილიყო შენგენის ზონაში. ამ ინფორმაციის მოთხოვნით “ინტრეპრესნიუსმა” შს სამინისტროს ორგზის მიმართა, თუმცა უშედეგოდ. მსგავსი ინფორმაციის წყაროდ აეროპორტების გაერთიანება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიუთითებს და თავად სტატისტიკურ მონაცემებს არ ავრცელებს. ქუთაისის აეროპორტში საზღვრის კვეთას ქართველ მესაზღვრეებთან ერთად საფრანგეთისა და საბერძნეთის მესაზღვრეებიც აკონტროლებენ.
ქეთევან ქერაშვილს 11 აგვისტოს ურთიერთობა ქართველ მესაზღვრეებთან მოუხდა.
უცხოელი მესაზღვრეები საქართველოს საზღვარზე
უცხოელი მესაზღვრეები ქუთაისის აეროპორტში გაზაფხულზე გამოჩნდნენ, მას შემდეგ რაც საქართველოში ვიზიტით საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრსი კრისტოფ კასტანერი და ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე, სიმონ მორდუ იმყოფებოდნენ.
10 მაისს საქართველოში ვიზიტად მყოფმა საფრანგეთის შს მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა თქვა, რომ "საქართველოდან თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობა ერთგვარი ანომალიაა". კრისტოფ კასტანერის თქმით, ამ ეტაპზე არ დგას საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი, მაგრამ აუცილებელია ინტენსიური მუშაობა, რათა ეს საფრთხე თავიდან იყოს აცილებული.
ასევე ნახეთ კრისტოფ კასტანერი: საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთა დიდი რაოდენობა ანომალიაასაქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა პრობლემა არ შეექმნას შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის საკითხს, რომელიც საქართველოსთვის უდიდესი მონაპოვარია.
ასევე ნახეთ უვიზო რეჟიმის გაუქმების საფრთხე - რას ამბობენ პოლიტიკოსები?უკანონო მიგრაციის შეჩერების მიზნით საქართველოს ხელისუფლებამ საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებაც დაიწყო
სტატისტიკა
2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების თხოვნით საქართველოს მოქალაქეების 17 980 განცხადება შევიდა. რაც 11%-ით ნაკლებია 2017 წელს შესულ განცხადებასთან შედარებით.
შსს-ს მონაცემებით 2017 წლის 28 მარტიდან 2019 წლის მარტამდე შენგენის ზონაში საქართველოს 500 ათასზე მეტი მოქალაქე შევიდა, სხვადასხვა მიზეზით უარი შესვლაზე 3 ათასამდე მოქალაქეს უთხრეს, რაც სრული რაოდენობის 0,6%-ია.
საქართველოს მოქალაქეებს 2017 წლის 28 მარტიდან შენგენის ზონაში 90 დღით უვიზო მიმოსვლით სარგებლობის უფლება აქვთ. უვიზო მიმოსვლით სარგებლობისთვის საქართველოს მოქალაქეს თან უნდა ჰქონდეს გარკვეული დოკუმენტაცია, რომლის ჩამონათვალიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზეა განთავსებული..