8 ნოემბერს, ცესკოს შენობასთან საპროტესტო აქციის წყლის ჭავლით დაშლას წინ უსწრებდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უარი ოპოზიციასთან დიალოგზე. არასამთავრობო ორგანიზაციები და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ამით უარი თქვა თავის ვალდებულებაზე - გამოეყენებინა მოლაპარაკებების რესურსი და სანაცვლოდ, არაპროპორციული ძალით დაუპირისპირდა მომიტინგეებს. ამასთან, მათთვის გაუგებარი დარჩა წყლის ჭავლის გაუფრთხილებელი გამოყენება და მით უფრო, ადამიანების მცირე ჯგუფის წინააღმდეგ, როდესაც ცესკოსთან საპროტესტო აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ იყო მისული. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპოზიციის „კრიმინალი“ ლიდერების „მეთაურობით“ ცესკოზე შტურმი ხორციელდებოდა და მისი მყისიერი აღკვეთის აუცილებლობის გამო წინასწარი გაფრთხილების დრო აღარ იყო.
„ისინი გამოვიდნენ კონტაქტზე. კონტაქტი შედგა ოპოზიციასა და ბატონ თალაკვაძე-კობახიძეს შორის და ბოლო ინფორმაცია მათთან ურთიერთობის არის, რომ - ხვალ იქნებ დავილაპარაკოთ. მაშინ, როდესაც აქ დგას მთელი ერი, ხელისუფლება ვალდებულია, რომ დღეს დაგველაპარაკოს“, – ეს სიტყვები „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ 8 ნოემბრის მიტინგზე „ულტიმატუმის ვადის“ ამოწურვის შემდეგ წარმოთქვა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს ოპოზიციის შემდგომი გეგმა გააცნო - აქციის გაგრძელება ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან - „ვერავინ იქ ვეღარ შევა და ვერავინ იქიდან ვეღარ გამოვა“.
ცესკოს პიკეტირება გადაწყდა იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნების გაყალბების პროცესის ორგანიზატორად ოპოზიცია სწორედ ცესკოს ხელმძღვანელს, თამარ ჟვანიას მიიჩნევს და 8 ნოემბრის ულტიმატუმის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაც სწორედ მისი გადადგომა იყო.
ოპოზიციასთან კონტაქტი ბრიფინგზე დაადასტურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემაც და იქვე აუცილებლად ჩათვალა, დაეზუსტებინა, რომ საუბრის ინიციატორი ოპოზიცია იყო; კერძოდ, მათ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი - თინა ბოკუჩავა დაუკავშირდა. კობახიძის სიტყვებიდან ჩანდა ასევე, რომ ოპოზიციასთან დიალოგი ხელისუფლებას მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ანგარიშის გაწევის ჭრილში წარმოედგინა.
ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციამ თავად სთხოვა შეხვედრა„სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის, თინა ხიდაშელისთვის ირაკლი კობახიძის სიტყვები იმის დასტურია, რომ კრიზისულ სიტუაციაში ხელისუფლებაზე მეტი პასუხისმგებლობა ოპოზიციამ გამოიჩინა.
„არათუ კონტაქტზე არ გავიდა ხელისუფლება ოპოზიციასთან, არამედ იუკადრისა კიდეც, როდესაც საჯარო სივრცეში ასეთი ინფორმაცია გაჩნდა. ისე თქვა კობახიძემ - თინა ბოკუჩავამ დაგვირეკაო, რომ თითქოს, კონფრონტაციის ნაცვლად დიალოგის შეთავაზება ცუდი რამ იყო ოპოზიციის მხრიდან...
დრამატულია ეს მომენტი სინამდვილეში - ხელისუფლების უპასუხისმგებლობას უსვამს ხაზს და უარს კიდევ უფრო აძლიერებს. მათ არ წარმოუდგენიათ დიალოგი, რადგან ეს თავის თავში კომპრომისსაც გულისხმობს“, - გვეუბნება თინა ხიდაშელი.
მისთვის ცალსახაა, რომ ხელისუფლება ასეთივე განწყობით მიუდგა ადამიანებს ცესკოს შენობის წინ და გაუფრთხილებლად მიუშვა მათკენ წყლის ჭავლი მაშინ, როდესაც ჯერ იქ აქცია დაწყებულიც არ იყო და ოპოზიციონერი ლიდერები ჯერ კიდევ გზაში იყვნენ - ისინი მომიტინგეებთან ერთად ფეხით მიდიოდნენ რუსთაველის გამზირიდან დიღომში.
ასევე ნახეთ თვალის და სახის ქიმიური დამწვრობა, მოტეხილი ხელი, - კიდევ რა ტრავმები მიიღეს დემონსტრანტებმათინა ხიდაშელი ამბობს, რომ კანონის დარღვევა ყოველთვის დასაგმობია და თითოეული ფაქტი რეაგირებას მოითხოვს, მაგრამ ხელისუფლებამ ძალა რომ გამოიყენოს, ამისათვის კონკრეტული მოცემულობაა საჭირო.
ხიდაშელის თქმით:
- „ძალის გამოყენებაზე ხელისუფლების ლეგიტიმური უფლების გასააქტიურებლად ორი თანმხვედრი კომპონენტი უნდა არსებობდეს: 1. საფრთხე, რომელიც უნდა იყოს მყისიერი და თვალხილული და 2. მოსალოდნელობა, ანუ ხალხი უნდა გააფრთხილო - იქნებ სახლში მიდის და არ უნდა, რომ შარში გაეხვეს...
- მამუკა მდინარაძემ რომ თქვა, ვერ მოასწრეს გაფრთხილებაო, სასაცილოა, რადგან ამას დიდი დრო არ სჭირდება - უნდა უთხრა - უკან დაიხიე, თორემ ვიყენებ სპეცსაშუალებას. როდესაც სპეციალური ძალები რაოდენობით აჭარბებენ მომიტინგეებს, იქ რაიმე ძალის გამოყენებაზე საუბარიც სასაცილო ხდება. ნათელია, რომ ამ ადამიანების დაკავებით იყო შესაძლებელი საფრთხის განეიტრალება“.
ასევე ნახეთ კალაძე: სამართალდამცავებმა კონსტიტუციურ ინსტიტუტზე თავდასხმის მოგერიება რბილი ძალის გამოყენებით შეძლეს
„ქართული ოცნების“ ლიდერები ოპოზიციასა და მომიტინგეებს ცესკოზე შტურმში ადანაშაულებენ. ისინი აცხადებენ, რომ ამას ხელისუფლება არავის აპატიებს.
შს სამინისტროს განცხადებით:
- „ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მისულმა აქციის მონაწილეებმა ძალადობრივად მოარღვიეს ჯებირი, ისროდნენ ქვებს და ბლაგვ საგნებს და სცადეს, უკანონოდ შეჭრილიყვნენ ცესკოს ტერიტორიაზე, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა“;
- „(ისინი) არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, სპეციალური საშუალება - წყლის ჭავლი გამოიყენა“.
8 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია ასევე ცრემლსადენი გაზის გამოყენებაზე, რაც შს სამინისტრომ უარყო. თუმცა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ 9 ნოემბერს განაცხადა, რომ მომიტინგეთა წინაღმდეგ გამოყენებული იყო კიდევ ერთი სპეციალური საშუალება - ე.წ. წიწაკის სპრეი.
2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ, იმდროინდელი შს მინისტრი, გიორგი გახარია ამბობდა, რომ წყლის ჭავლსა და რეზინის ტყვიებზე ადრე სპეცრაზმელებს გაზის გაშვების სიტყვიერი ბრძანება იმიტომ მიეცათ, რომ გაზი იყო დანარჩენ ორს შორის - „ყველაზე უსაფრთხო“.
ახლა უკვე პრემიერის რანგში გახარიას აღარ დაუკონკრეტებია - რა შეიცვალა 2019 წლის შემდეგ? რატომ გახდა აუცილებელი 8 ნოემბერს წყლის ჭავლის გამოყენება ცრემლსადენი გაზის ნაცვლად, თუკი ის უფრო უსაფრთხოა?
ხელისუფლებას დიალოგზე უარი რომ არ ეთქვა, მოვლენები 8 ნოემბრის ღამეს სულ სხვა სცენარით განვითარდებოდა, - ფიქრობს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი. თუმცა მას ეს უარი სულაც არ უკვირს, რადგან, როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნება - „ხელისუფლება მთელი დღის განმავლობაში პროვოკაციული განცხადებებით იყო დაკავებული და აღიზიანებდა მომიტინგეებს“. გია ხუხაშვილი „ქართული ოცნების“ ოფისში 8 ნოემბერს გამართულ არაერთ ბრიფინგს გულისხმობს.
„ხელისუფლება არ თვლის, რომ უნდა იყოს მთელი საქართველოს ხელისუფლება - ადამიანების ნებისმიერი ჯგუფის, მთელი საზოგადოების და ის პასუხისმგებელია ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე - მათ შორის, ოპოზიციაზეც. ვერ აცნობიერებენ, რომ ყველაზე უნდა იზრუნონ, თითოეულ ადამიანზე.
წყლის ჭავლის გაუფრთხილებლად გაშვების დროს გამომჟღავნდა გარკვეული ზიზღი ამ ადამიანების მიმართ, ხელისუფლებამ არა იმდენად ძალის დემონსტრირება მოახდინა, არამედ - თითქოს შეურაცხყოფა მიაყენა ადამიანების იმ ჯგუფს და ამით მათში კიდევ უფრო დიდი აგრესია გამოიწვია“.
გია ხუხაშვილის თქმით, ოპოზიცია ემოციებს აჰყვა და შეცდომა დაუშვა - რადგან ცესკოსთან გადაადგილება არ იყო საჭირო, მაგრამ ეს არანაირად არ ამსუბუქებს ხელისუფლების პასუხისმგებლობის ტვირთს. მისთვის ნათელია, რომ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების დაკარგვის შიში ამოძრავებს.
8 ნოემბერს მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი ხელისუფლებამ რამდენჯერმე გამოიყენა. ვითარება თანდათან სულ უფრო იძაბებოდა და ოპოზიციის ლიდერებმა აქციის დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს. ხალხის ნაწილში გულისწყრომაც კი გამოიწვია, როცა ასეთი გადაწყვეტილების შესახებ მათ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „მოქალაქეების“ ლიდერებმა - ნიკა მელიამ და ალეკო ელისაშვილმა შეატყობინეს.
ელისაშვილი ამბობს, რომ გაყალბებული არჩევნების გამო ისედაც გაღიზიანებული ხალხი ხელისუფლების მხრიდან ძალის უსამართლო გამოყენებამ იმდენად გააბრაზა, რომ მათი შეკავება უკვე შეუძლებელი ხდებოდა.
პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი გვეუბნება, რომ შტურმის შესახებ ოპოზიციის მხრიდან არცერთი მოწოდება არ გაკეთებულა და აქციის დაშლის გადაწყვეტილებაც სწორედ ოპოზიციის სამშვიდობო მიზნებს ადასტურებს. ხოლო თუკი იქ ვინმე კანონს არღვევდა, ამის გამო ამდენი უდანაშაულო ადამიანი არ უნდა დაშავებულიყო.
ასევე ნახეთ აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოები: საზოგადოების მიერ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურად ცნობისთვის აუცილებელია სანდო სამართლებრივი პროცესიანა ნაცვლიშვილის შეფასებით, 8 ნოემბერს საქართველოში კიდევ ერთხელ დადასტურდა საერთაშორისო პარტნიორების ერთ-ერთი მთავარი წუხილი, რომ წაშლილია ზღვარი ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას შორის.
„სახელმწიფო ინსტიტუციები, რომლებიც პოლიტიკას უნდა ქმნიდნენ და მათ შორის პოლიტიკურ კრიზისსაც უნდა მართავდნენ, აბსოლუტურად გათიშულია. თუნდაც არასწორ პოზიციას - სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები კი არ აჟღერებდნენ, პარტიის ოფისიდან გველაპარაკებოდა ირაკლი კობახიძე. ბრიფინგი ბრიფინგზე იმართებოდა „ქართული ოცნების“ პარტიულ ოფისში.
ეს იყო ვიზუალიზაცია იმ პრობლემისა, რომელზეც ჯერ კიდევ 2016 წლიდან ლაპარაკობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები - რომ წაშლილია ზღვარი ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას შორის. პარტიული მართვა - ეს არის აბსოლუტური საბჭოთა კავშირის წესი.
ამას კავშირი არა აქვს ჩვენს კონსტიტუციურ წყობასთან... შინაარსობრივად აბსოლუტურად აცდენილი იყო რეალობას, მაგრამ ლამის გამიხარდა, რომ შს სამინისტროშიც გაიმართა მერე ბრიფინგი“.
ასევე ნახეთ „შეკრების თავისუფლების ფობია“, „ხელისუფლების დაკარგვის შიში“ - მწვავე კრიტიკა არასამთავრობოებისგან
ოპოზიცია უკან დახევას არ აპირებს და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ხალხმა უკვე გამოხატა არჩევანი - მის სასარგებლოდ და ვადამდელი არჩევნები არ იქნება. ოპოზიციას საერთაშორისო პარტნიორების იმედი აქვს, რომლებიც, მათი თქმით, აქტიურად არიან ჩართული საქართველოში არსებული კრიზისის გადაწყვეტის მიმართულებით. 9 ნოემბერს დიალოგის შესაძლებლობის შესახებ მინიშნება გააკეთეს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგში დახმარებისთვის მზადყოფნა აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოებმა 7 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაშიც გამოხატეს.