ტრანსგენდერი ქალის ცემაში ბრალდებული დავით ფერაძე ბრალს არ აღიარებს და სარჩელს ამზადებს

დავით ფერაძე, ნატა ტალიკიშვილი

ტრანსგენდერი ქალის, ნატა ტალიკიშვილის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული დავით ფერაძე ამბობს, რომ ის „წმინდა წყლის პროვოკაციისა“ და „პოლიტიკური სიბინძურის“ მსხერპლია.

ეს განცხადება მან მას შემდეგ გაავრცელა, რაც 22 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ის აღკვეთის ღონისძიების სხდომის შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა:

„ვერავინ ნახავთ სადმე ჩემს ჰომოფობიურ ფრაზასაც კი, რადგან, ვფიქრობ, ყველა ჩვენგანი ღვთის შვილები ვართ. ამიტომ ეს ორომტრიალი წმინდა წყლის პროვოკაციაა. თუ პოლიტიკური სიბინძურე არის ჩემს ამბავში ჩართული, ესეც გაირკვევა, ვისგანაც არ უნდა იყოს ის... ნუ, მე გავარკვევ და ვიტყვი დეტალებს. დანარჩენს ბრიფინგზე ვიტყვი“, - დაწერა დავით ფერაძემ სოციალურ ქსელში.

22 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედმა“ და რუსთავი 2-მა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმაში ბრალდებული კაცი ოპოზიციური კოალიცია "ძლიერი საქართველოს" საპარლამენტო სიის 53-ე ნომერი, ანა დოლიძის პარტიის, "ხალხისთვის" წევრი დავით ფერაძეა.

გამოძიება ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კაცს ჯარიმა ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

ინციდენტი 20 ოქტომბრის ღამეს, ორთაჭალაში მოხდა. დავით ფერაძე სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

ნატა ტალიკიშვილი რადიო თავისუფლებას უყვება:

„ავტოსადგურთან ვიყავი. გაჩერებიდან 20-30 მეტრის მოშორებით ვიდექი. ჩემთვის უცნობი მამაკაცი მომიახლოვდა უკნიდან, ჩამარტყა თავში აგურის ნატეხი და სცადა გაქცევა. გამოვიძახეთ პოლიცია, ტაქსის მძღოლი იყო იქვე, რომელიც მოვიდა და ჩაერია, რომ კიდევ არ ჩაერტყა. მალევე მოვიდა პოლიცია და სასწრაფო. მაქვს ტვინის შერყევა. თავის არეში დაზიანებები, ნაკაწრები.

გუშინ ამ ადამიანმა პოსტი გამოაქვეყნა. არაფერი დამიშავებია, პოლიტიკური ცილისწამებაო. თუ არც ჰომოფობია და არც ტრანსფობი, რა უნდოდა, რას მერჩოდა? როგორც გავიგე, აქეთ აპირებს, მიჩივლოს პოლიტიკური პროვოკაციის გამო. კიდევ კარგი, რომ არსებობს მოწმე, რომელმაც ჩვენებაც მისცა პოლიციაში და ამბობს, რომ სასამართლოშიც მოვა“, - ამბობს ნატა ტალიკიშვილი.

მის მიმართ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს დავით ფერაძე. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ის ამბობს, რომ თავად აპირებს სარჩელის მომზადებას ტრანსგენდერი ქალის წინააღმდეგ:

„მე ამ ადამიანს არ ვიცნობ, მასთან არაფერი მაკავშირებს. საპირფარეშოს ტერიტორიაზე მოხდა დაპირისპირება... რომ შევედი, იქ იყვნენ. პირველად თავად დამარტყა და შემდეგ შემასხა ე.წ. სპრეი. აუცილებელი მოგერიების მიზნით დავიხარე და რაც ხელში მომხვდა, ტოტები და რაღაცები ავიღე და ვესროლე და შემდეგ გავიქეცი. ატყდა ყვირილი, პოლიციაც თითქოს იქვე იყოო, მაშინვე მოვიდნენ. გადამიყვანეს განყოფილებაში. სწორედ იქ გავიგე, რომ თურმე ტრანსგენდერ ქალთან მომივიდა დაპირისპირება. ჩემთვის ყველანაირი ძალადობა მიუღებელია. თავად ვიცავ ადამიანის უფლებებს. ვფიქრობ, რომ ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, ისე აიტაცეს ეს ამბავი სამთავრობო ტელევიზიებმა. ადვოკატთან ერთად მოვამზადებ სარჩელს მის წინააღმდეგ და შევიტანთ საჩივარს“, - ამბობს დავით ფერაძე.

ტრანსგენდერი ქალის ადვოკატი ელისაბედ ელიკაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სახეზეა ტრანსფობიისა და ჰომოფობიის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული. მისი ინფორმაციით, გამოძიება ნატა ტალიკიშვილს დაზარალებულის სტატუსს, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში მიანიჭებს:

„აქეთ უნდა ვუჩივლოო, რომ ამბობს თავდამსხმელი. რაზე უნდა უჩივლოს? იმაზე რომ ქალს თავში აგურის ნატეხი ჩაარტყა? სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარებულია, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს აქვს დაზიანებები თავის არეში. გარდა ამისა, კაცი მას მიმართავდა ჰომოფობიური შინაარსის ფრაზებით და კიდევ აქეთ უნდა უჩივლოს მას?“

პარტია "ლელოში" რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ელიან გამოძიების დასრულებას, რის შემდეგაც მზადყოფნას გამოთქვამენ, მიიღონ ყველა საჭირო პოლიტიკური ზომა.

მათივე თქმით, გმობენ ყოველგვარ ძალადობას და შსს-ს ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

"გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დეტალები ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია. როგორც სამართალდამცავი ორგანოებისგან ვიცით, ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ისინი ახორციელებენ შესაბამის ღონისძიებებს და ჩვენც მათგან ველოდებით ინფორმაციას.

ცალსახად უნდა ითქვას, რომ ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას და ძალოვან უწყებებს მოვუწოდებთ ფაქტის სასწრაფოდ და ობიექტურად გამოძიებისკენ. ჩვენც საზოგადოებასთან ერთად ველოდებით შესაბამის საგამოძიებო დასკვნას. ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ ყველა საჭირო პოლიტიკური ზომები მას შემდეგ, რაც ობიექტური გამოძიების შედეგები იარსებებს".

პარტიაში "ხალხისთვის“ აცხადებენ, რომ დავით ფერაძემ პარტია მისივე სურვულით, დაახლოებით ერთი თვის წინ დატოვა. მათივე განცხადებით, პარტია დავით ფერაძესთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობას წყვეტს, სანამ გამოძიება არ დასრულება.

ნატა ტალიკიშვილთან ვრცელი ინტერვიუ რადიო თავისუფლებამ ამ ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაწერა. ინტერვიუში ის საუბრობს „ლგბტ უფლებების შემზღუდავი“ კანონის მიღების შემდეგ ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ გაზრდილ საფრთხეებსა და მტრულ გარემოზე.

პედაგოგი დავით ფერაძე გასულ წელს, განათლების სამინისტროსთან მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. აქციებში ის სკოლების დირექტორთა კონკურსის კანდიდატის სტატუსით მონაწილეობდა. ის აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად დირექტორთა კანდიდატების გასაუბრების პროცესის ხელახლა ჩატარებასა და დისკრეციულად დანიშვნის წესის გამოყენებას ითხოვდა. აქციები სამინისტროსთან რამდენიმე დღის განმავლობაში, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა.

საპატრულო და კრიმინალური პოლიციების სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს გამოძიება დაიწყო გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილ 25 დანაშაულზე. ეს არის ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულების ოფიციალური აღრიცხვა. თუმცა, რეალური რიცხვი ამ ტიპის დანაშაულებისა, სავარაუდოდ, უფრო მეტია.

მიმდინარე წლის სტატისტიკური მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ არ გამოუქვეყნებია.

2024 წლის 18 სექტემბერს, 37 წლის ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე თავის ბინაში ნახეს მოკლული. მკვლელობაში ბრალდებული კაცი, მისი პარტნიორი, 26 წლის ბექა ჯაიანი პოლიციამ 19 სექტემბერს დააკავა.