ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი 20 დღემდე ვადით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ფსიქოლოგიურ და ფსიქიატრიულ ექსპერტიზას გაივლის.
ექსპერტიზის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოში 3 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე მოსამართლე ლელა ნანიტაშვილის მიერ შეთავაზებულ შუამდგომლობას ჯაიანის ადვოკატები დასთანხმდნენ. ადვოკატმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ არც ჯაიანია ექსპერტიზის ჩატარების წინააღმდეგი.
სხდომას ესწრებოდა ბრალდებულიც, თუმცა მას სიტყვის უფლებით არ უსარგებლია.
ექსპერტიზით უნდა დადგინდეს, მკვლელობის ჩადენის მომენტში ბრალდებული იმყოფებოდა თუ არა შერაცხად მდგომარეობაში.
26 წლის ბექა ჯაიანის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 7 ნოემბერს გაიმართება. როგორც ადვოკატი სალომე არდოტელი ამბობს, "სხდომაზე ჯაიანი დუმილს დაარღვევს".
37 წლის ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს თავის ბინაში მოკლული ნახეს. მკვლელობაში ბრალდებული 19 სექტემბერს დააკავეს. სასამართლომ მას 20 სექტემბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბექა ჯაიანს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ფორუმი