190 სატვირთო მანქანა ფრანკფურტის ერთ-ერთ ავტოსადგომზეა გაჩერებული. გაფიცულები ამბობენ, რომ მანქანებს მანამ არ დაძრავენ, სანამ დამქირავებელი, პოლონური სატრანსპორტო კომპანია "აგმაზი" სახელფასო დავალიანებას მთლიანად არ გადაუხდის.
გაფიცულ მძღოლებს შორისაა 51 წლის რევაზ მიქელაძე, აფხაზეთისა და აგვისტოს ომის ვეტერანი. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მას ძირითადად ხისა და რკინა-ბეტონის თუ სხვა მასალა გადააქვს.
"ოჯახები, ბანკები გველოდება. ოჯახებზე მეტად კიდევ ბანკები - როდის გავაგზავნით თანხას… და ცოდოები ვართ, ხომ?" - ამბობს რევაზი, რომელიც მე-6 თვეა, რაც ქვეყნიდან არის წასული და განაგრძობს: - "ვიღაცას იქნებ ჰგონია, რომ მძღოლებს მშვენიერი ცხოვრება აქვთ. არაა ეს მშვენიერი ცხოვრება. საჭმელს მანქანაში ვაკეთებთ, ნახევრად მშივრებიც ვართ. დაღლილები რომ ვართ, საჭმლის გაკეთების თავიც არ გვაქვს".
რევაზ მიქელაძე ამბობს, რომ პოლონურ კომპანიას მისი 3900 ევრო მართებს.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა პოლონურ სატვირთო გადაზიდვების კომპანია "აგმაზში" დასაქმებულები იფიცებიან. წელს გაზაფხულზე ტრაილერის 200-მდე ქართველი მძღოლი გაიფიცა სამუშაო პირობებით უკმაყოფილების გამო.
სატვირთო მანქანის მძღოლებსა და დამსაქმებელს შორის შეთანხმებას მაშინ 5 კვირა დასჭირდა და საბოლოოდ კომპანიამ ხელფასებში 100 ათასი ევრო გადაიხადა.
ასევე ნახეთ გერმანიის რადიო: სატვირთო მანქანის მძღოლების ხუთკვირიანი გაფიცვის შემდეგ შეთანხმება მიღწეულია"წლებია ამ კომპანიას ასეთი პოლიტიკა აქვს. ეს არ არის რიგითი კომპანია, არამედ არის ყველაზე მსხვილი კომპანია ამ ბაზარზე და ზოგადად ძალიან ცუდი დამსაქმებელია", - ამბობს რაისა ლიპარტელიანი, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე.
იაკობ კობახიძე პოლონურ კომპანია "აგმაზთან" 1 წელია თანამშრომლობს. ამბობს, რომ მას 800 ევრო დააკლეს და 5000 საერთოდ არ გადაუხდიათ.
"არ გვეუბნებიან, რის გულისთვის გვაკლებენ თანხას. მომატებას არ ვითხოვთ, ჩვენი კუთვნილი ხელფასები მოგვცენ მხოლოდ. რასაც გვირიცხავენ, იმასაც ისეთი კურსით გვირიცხავენ, რომ კიდევ გვაკლდება, მაგრამ ამაზეც არ ვიღებთ ხმას. ზლოტში [პოლონური ფულის ერთეული - რ.თ.] გვირიცხავს და ევროში ისე ანგარიშობს დამსაქმებელი, რომ 80 ევროს ნაცვლად 75 გამოდის", - ჰყვება იაკობ კობახიძე და ამბობს, რომ როგორც კი მიიღებს თავის ხელფასს, პოლონურ კომპანიაში მუშაობას შეწყვეტს.
მძღოლები ჰყვებიან, რომ დამქირავებელი არაკეთილსინდისიერად იქცევა მაშინაც, როცა მათ კომპანიის კუთვნილ სასტუმროში ღამის გათენება უწევთ. ამბობენ, რომ სასტუმროს ღირებულების თანხას დამსაქმებელი ხელფასიდან უქვითავთ. მძღოლების თქმით, მათ ქალაქში უფრო იაფიანი სასტუმროს ნახვა შეუძლიათ, მაგრამ როცა კომპანია მათ თანხას დროულად არ ურიცხავს, იძულებულნი ხდებიან დამსაქმებლის კუთვნილ სასტუმროში დარჩნენ და უფრო ძვირი გადაიხადონ.
მძღოლები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე კომპანია ხელფასის გადახდის პირობად მისი კუთვნილი მანქანების დაბრუნებას ითხოვს, რასაც ისინი კატეგორიულად არ თანხმდებიან.
"გამოუშვით მანქანები და დავიწყებთ დარიცხვას, არ არის პრობლემაო. გავუშვით 20 მანქანა და ადამიანმა თავისი პირობა არ შეასრულა", - ამბობს იაკობ კობახიძე.
"იყვნენ მძღოლები, რომლებსაც დაუკავშირდა კომპანია. უთხრეს, ჩამოდით ბაზაზე და გაგისწორებთ ანგარიშსო. რამდენიმე მძღოლი ჩავიდა, ენდნენ მათ სიტყვას. დამსაქმებელმა კი ჩამოსვა ისინი მანქანებიდან და გამოუშვეს გარეთ. 3 მძღოლი იყო, ერთი ყაზახი და ორი ქართველი, რომლებიც ზოგი მარშუტკით, ზოგი ავტობუსით ჩამოვიდა ჩვენამდე, ზოგმა გამვლელს სთხოვა, მოეყვანა. კომპანიაში რომ ვრეკავთ, გვპასუხობენ ვითვლით, ვითვლითო", - ამბობს 49 გიორგი ზენაიშვილი, 2008 წლის ომის მონაწილე და საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მოსამსახურე. წელიწად-ნახევარზე მეტია, რაც ის ტრაილერის მძღოლად მუშაობს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მძღოლებს მანქანები თან ჰყავდეთ და იყვნენ იქ, სადაც ახლა არიან გაჩერებულნი, რადგან დამსაქმებელი მოლაპარაკებებზე ამ გზით უფრო წამოვა", - ამბობს რაისა ლიპარტელიანი, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე.
სატვირთო მანქანების ღირებულება საშუალოდ 200 000 ევროა. ფრანკფურტის ავტოსადგომზე გაჩერებული მანქანების უმრავლესობა კი პროდუქციითაა დატვირთული.
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობისგან განსხვავებით, გაფიცულებს მათი გერმანელი და ჰოლანდიელი კოლეგები ეხმარებიან.
"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს საზღვარგარეთ ექმნებათ პრობლემები. ყველა ასეთ შემთხვევაზე, სადაც ჩვენ ჩავერთეთ, ფაქტობრივად, არანაირი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან არ მოჰყოლია…. წინა გაფიცვის დროს გაზაფხულზე გერმანიის შრომის მინისტრი მივიდა გაფიცულებთან და აღდგომა დღე მათთან ერთად გაატარა", - ამბობს რაისა ლიპარტელიანი.
გაფიცული ქართველი მძღოლები რადიო თავისუფლებას უყვებიან, რომ საკვებით მათ გერმანიის პროფკავშირის წარმომადგენლები ეხმარებიან. პროტესტს აშუქებს გერმანული მედიაც.
"თითოეული გერმანელი ამ საქმიანობას ძალიან დიდ პატივცს სცემს. აქ კი არა, გზებზეც ყურადღებას გვაქცევენ. ევროპაში შრომის და მუშა ადამიანის ფასი იციან. აქ რომ ტრაილერის მძღოლს ყურადღებას აქცევენ და აფასებენ, ნეტა ომის ვეტერანებს გვაფასებდნენ საქართველოში. ფინანსურად კი არა, ფსიქოლოგიურად", - ამბობს რევაზ მიქელაძე.
ტრაილერის მძღოლების პირველი გაფიცვა ამ გაზაფხულზე მარტში დაიწყო და აპრილის ბოლოს დასრულდა. გერმანული მედია Deutschlandfunk-ი გაფიცვის დასრულების შემდეგ წერდა, რომ პოლონურმა სატრანსპორტო ფირმამ მძღოლებს ხელფასებიც გადაუხადა და მათ წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელიც უკან გაიტანა.
ქართველი მძღოლების ბრძოლამ შრომითი უფლებებისთვის, ყურადღების ცენტრში მოაქცია მთლიანად საერთაშორისო ტრანსპორტის სფეროში არსებული ვითარება. ამ გაფიცვაზე განცხადებები ევროპარლამენტშიც გაკეთდა.
ასევე ნახეთ ქართველმა მძღოლებმა ევროპარლამენტი აალაპარაკეს - აი, როგორპოლონურმა კომპანია "აგმაზმა" და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულმა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა რადიო თავისუფლების კითხვებს არ უპასუხეს. სატვირთო მანქანების მძღოლების გაფიცვაზე მათი პოზიცია, კომენტარის მიღების შემთხვევაში, სტატიაში აისახება.