ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 1 მარტს რუსული ტაქტიკური რაკეტა „ისკანდერ M”-ის დარტყმის შედეგად დნეპროპეტროვსკის ერთ-ერთ პოლიგონზე რამდენიმე ათეული უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და დაიჭრა.
ამ ტრაგედიის შემდეგ უკრაინაში კვლავ დაიწყო საუბრები იმაზე, თუ რატომ ვერ მოხერხდა რუსეთის სარაკეტო იერიშის თავიდან აცილება და რატომ იყვნენ უკრაინელი ჯარისკაცები შეკრებილი ერთად ღია სივრცეში, რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით 100 კილომეტრის დაშორებით, რომლის დაფარვასაც ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა „ისკანდერ M“-ი 2 წუთზე ნაკლებ დროს ანდომებს.
რა ვიცით სარაკეტო იერიშისა და მსხვერპლის შესახებ?
ტრაგედია 1 მარტს დნეპროპეტროვსკის ოლქის სამაროვსკის რაიონის დაბა ჩერკასკოეში მდებარე 168-ე სარეზერვო ბატალიონის ტერიტორიაზე დატრიალდა. რუსული სარაკეტო იერიშის სამიზნე გახდა ამ ბატალიონის სამხედრო ბანაკი, სადაც თავშეყრილი იყვნენ უკრაინელი სამხედროები. რუსული ტაქტიკური რაკეტა „ისკანდერის“ დარტყმის შესახებ პირველი ცნობები რუსულმა სამხედრო კორესპონდენტებმა და მედიამ გავრცელეს.
რუსული პროპაგანდის წყაროები ამტკიცებდნენ, რომ სარაკეტო იერიშის დროს დაიღუპა 150 უკრაინელი სამხედრო, რომელთა შორის თითქოსდა 30 „უცხოელი ინსტრუქტორიც“ იყო. მოგვიანებით სარაკეტო იერიშის შესახებ განმარტება უკრაინულმა მხარემაც გააკეთა - დაადასტურა, რომ იყვნენ დაღუპულები და დაჭრილები, თუმცა მსხვერპლის რაოდენობა გაზვიადებული იყო.
3 მარტს ინფორმაცია გაავრცელა უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდლობამაც.
დაბა ჩერკასკოესთან რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვა დაადასტურა უკრაინის სახმელეთო ძალების სარდალმა მიხაილ დრაპატიმ. ეს დასახლება ფრონტის ხაზიდან ასზე მეტი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.
დარტყმა განხორციელდა 1 მარტს, სამხედრო დანაყოფის სამწყობრო მოწყობის დროს. უკრაინის მედიასაშუალებების თანახმად, პოლიგონზე იმყოფებოდნენ 157-ე მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცები.
წინასწარი ინფორმაციით, ბალისტიკური რაკეტის დეტონაციის შედეგად დაზიანდა 5 სამხედრო კარავი, დაიღუპა სულ მცირე 30 და დაიჭრა დაახლოებით 150 ჯარისკაცი. უკრაინული წყაროების ვარაუდით, კარვების ქალაქში იმყოფებოდა სარეზერვო ბატალიონი, დაკომპლექტებული მათ შორის სამხედრო ნაწილებიდან თვითნებურად წასული ჯარისკაცებით, რომლებიც სხვადასხვა ნაწილში უნდა გადაენაწილებინათ.
ამ ვერსიას იზიარებს ცნობილი უკრაინელი სამხედრო ჟურნალისტი და გამოცემა „ცენზორ.ნეტის“ მთავარი რედაქტორი იური ბუტუსოვი.
„კორექტირებული სარაკეტო დარტყმა განხორციელდა სარეზერვო ბატალიონზე, რომელშიც სამხედრო ნაწილიდან გაქცეული ჯარისკაცები იმყოფებოდნენ სხვა სამხედრო ნაწილებში გადაყვანის მოლოდინში. არსებული მონაცემებით, დაიღუპა დაახლოებით 39 ადამიანი. ხოლო 90-მდე დაჭრილია“, - თქვა რადიო თავისუფლების პროექტ „დონბას.რეალიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში იური ბუტუსოვმა.
გამოცემა Сensor.NET-ის მთავარი რედაქტორი, იური ბუტუსოვი
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ოლექსანდრ სირსკის განკარგულებით, სამხედრო მოვალეობის შესრულებას ჩამოაშორეს ქვედანაყოფის საბრძოლო მომზადების ცენტრის უფროსი და სამხედრო ნაწილის მეთაური. შემთხვევის ადგილზე გამოძიებას აწარმოებს სამხედრო მართლწესრიგის მთავარი სამმართველოს კომპლექსური კომისია.
1 მარტს მომხდარ სარაკეტო დარტყმას უკრაინაში პოლიტიკური შეფასებაც მოჰყვა. უკრაინის „ვერხოვნა რადის“ დეპუტატმა, მარიანა ბეზუჰლამ განაცხადა, რომ სამხედროები კვლავ დაიღუპნენ „საბჭოური ყაიდის“ მოწყობის დროს (ასე ეძახიან არმიაში სამხედრო პლაცზე ჯარისკაცების მწკრივად მოწყობას - რ.თ.), რისთვისაც პასუხი უშუალოდ გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ უნდა აგოსო.
უკრაინის სახალხო დეპუტატი მარიანა ბეზუჰლა აცხადებს, რომ "ვიდრე უკრაინის არმიის სათავეში "სოვკები" იმყოფებიან, ადამიანები დაიღუპებიან მათი სიყეყეჩისა და უუნარობის გამო, გაითავისონ ახალი რეალობა".
მარიანა ბეზუჰლამ გაიხსენა 2 წლის წინ, ნოემბრის დასაწყისში ზაპოროჟიეს ოლქის ერთ-ერთ სოფელში განლაგებული 128-ე სამთო-მოიერიშე ბრიგადის სამწყობრო პლაცზე განხორციელებული სარაკეტო იერიშიც, რომლის დროსაც დაახლოებით 19 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.
უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანის“ თანახმად, 3 ნოემბერს, ზაპოროჟიეს სოფელ ზარეჩნოედან არცთუ ისე შორს, 128-ე ცალკეული სამთო-მოიერიშე ბრიგადის ჯარისკაცები დაჯილდოებისთვის შეკრიბეს. იმ დროს, როდესაც მებრძოლები ჯილდოების მოლოდინში სამწყობრო პლაცზე იყვნენ გამწკრივებულები, რუსებმა მათი მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ-მ“-ი ისროლეს.
ასევე ნახეთ შეიძლებოდა თუ არა ტრაგედიის თავიდან აცილება - რა ვიცით უკრაინის 128-ე ბრიგადაზე?უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა თავდაცვის სამინისტროს მთავარ ინსპექციას დაავალა „სრული შემოწმების“ ჩატარება.
გამოძიების მსვლელობის პერიოდში თანამდებობიდან დროებით გათავისუფლდა ბრიგადის მეთაური, დმიტრი ლისიუკი.
მოუხელთებელი "ისკანდერ M-ი" და მისი მაკოორდინირებელი "ორლანი"
უკრაინული წყაროების და სამხედრო ექსპერტ სერგეი ბესკრესტნოვის თანახმად, ვიდრე დნეპროპეტროვსკის ოლქის დაბა ჩერკასკოეში მდებარე 168-ე სარეზერვო ბატალიონის განლაგებაზე რუსული რაკეტა „ისკანდერი-M“-ი მიიტანდა იერიშს, ამ არეალის დასაზვერად შეფრინდა მრავალფუნქციური რუსული უპილოტო თვითმფრინავი „ორლანი“. ისინი ამოცანას ასრულებენ 600 კილომეტრის სიღრმეში და დაახლოებით 16 საათის განმავლობაში, რაც უპილოტო მფრინავ აპარატს შესაძლებლობას აძლევს შორ მანძილზე აწარმოოს დაზვერვა და დიდხანს დაყოს პატრულირების ზონაში.
„ყველაზე ეფექტიანი საშუალება მასთან ("ორლანთან") ბრძოლისა არის ე.წ. საზენიტო დრონები. მაგრამ სირთულე აქ იმაში მდგომარეობს, რომ საზენიტო დრონის ეკიპაჟი უნდა იმყოფებოდეს უპილოტო მფრინავი საშუალების ფრენის შორიახლოს. ამიტომ, როდესაც ჩვენთან მოფრინავენ უპილოტო მფრინავი აპარატები, ხშირად არ გვყავს ისეთი ქვედანაყოფები, რომლებსაც შეუძლიათ მთლიანად დაფარონ ზურგის ტერიტორია და შეასრულონ მათი (მოწინააღმდეგის დრონების) ჩამოგდების ამოცანა“, - განმარტავს ექსპერტი.
სამხედრო ექსპერტების თვალსაზრისით, კიდევ უფრო რთული იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემისათვის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექს „ისკანდერ M“-იდან გაშვებული რაკეტის ჩამოგდება, რომლის სიჩქარეც წამში დაახლოებით 2 კილომეტრია და, შესაბამისად, რუსეთის საზღვრიდან დნეპროპეტროვსკის ოლქის დაბა ჩერკასკოემდე მიფრენისთვის მას მხოლოდ 2 წუთი დასჭირდებოდა. დროის ამ მონაკვეთში და ამ თავდაცვის რაიონში მდებარე უკრაინის საჰაერო თავდაცვა ვერანაირად ვერ მოასწრებდა „ისკანდერ M“-ის გადატაცებას.
„ბალისტიკური რაკეტა მოფრინავს სწრაფად, დაახლოებით 4-5 წუთს ანდომებს მაქსიმალური სიშორის, 500 კილომეტრი მანძილის დაფარვას. უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები დგას სტრატეგიული ობიექტების და ინფრასტრუქტურის დასაცავად. პრობლემა სხვა რამეა, (რუსეთის) მზვერავი დრონი უკრაინის საჰაერო სივრცეში დაფრინავდა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში და ის ვერ შეამჩნიეს...
კოორდინატების გადაცემა და დარტყმა ბევრად ჩქარა ხდება, მით უმეტეს, რომ ყველა პოლიგონსა და თავშეყრის ადგილს საჰაერო თავდაცვას ვერ დაუყენებ“, - ამბობს კიევში მცხოვრები პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე.
პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე 1998-2008 წლებში აშშ-ში საქართველოს სამხედრო ატაშე იყო. 2014-2019 წლებში უკრაინის თავდაცვის მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის სამხედრო მრჩეველი
„ისკანდერი“ რუსული ოპერატიული-ტაქტიკური სარაკეტო სისტემების ჯგუფს განეკუთვნება. მის მთავარ მიზანს პოტენციური მტრის საჰაერო თავდაცვის სისტემების, ასევე მნიშვნელოვანი ობიექტების: ხიდების, საწყობების, სამეთაურო პუნქტებისა და საკომუნიკაციო ცენტრების, თვითმფრინავების და შვეულმფრენების აეროდრომების და ინფრასტრუქტურის ობიექტების განადგურება წარმოადგენს. „ისკანდერ M“-ის რაკეტების ფრენის დიაპაზონის მაქსიმალური სიშორე 500 კმ-ს შეადგენს.
„ისკანდერის“ ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემა უდევს საფუძვლად „კინჟალის“ სარაკეტო სისტემას. „ისკანდერები“ აქვთ თავიანთ შეიარაღებაში ბელარუსს, სომხეთსა და ალჟირს. რუსეთი აქტიურად იყენებს „ისკანდერებს“ უკრაინის წინააღმდეგ ომში.
2008 წლის 12 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ბაქო-სუსფის ნავთობსადენი დაიბომბა „ისკანდერ მ“-ის სარაკეტო ცეცხლის სისტემებით. ამავე დღეს, RKB-250 ტიპის რაკეტები დაეცა გორის სტადიონსა და ცენტრალურ მოედანზე, რასაც რვა ადამიანის დაღუპვა, 15-ის კი დაჭრა მოჰყვა.
რუსეთი უარყოფდა, რომ რაიმე სახის პასუხისმგებლობა ეკისრებოდა 2008 წლის სარაკეტო შეტევაზე, თუმცა „ისკანდერების“ ფრაგმენტებზე ამოცნობილ იქნა რუსული ნომრები, რაც საქართველოს მხარემ რუსეთის წინააღმდეგ შეგროვილ მტკიცებულებებს დაურთო.
ასევე ნახეთ “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ - სასამართლო გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა ასევე ნახეთ ბელარუსში, სავარაუდოდ, „ისკანდერებით“ შეიარაღებული ახალი სამხედრო ბრიგადა ყალიბდება