ზიანი და სარგებელი „ტექნიკური კანდიდატებისგან“

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერი

2018 წლის საპრეზიდენტო მარათონს, არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა სოლიდური რაოდენობის გარდა, კიდევ ერთი, ლამის კურიოზამდე მისული, თავისებურებაც გამოარჩევს - კერძოდ, კანდიდატთა ნაწილს მართლაც სურს პრეზიდენტობა, ნაწილი კი საარჩევნო კამპანიაში იმთავითვე სხვა კანდიდატის გამარჯვებისთვის ხელშეწყობის მიზნით ჩაება. მათ, საარჩევნო ტერმინოლოგიით, უკვე ეწოდათ „ტექნიკური კანდიდატები“, მაშინ როცა არაფერ ამგვარს საარჩევნო კოდექსი არ ცნობს. თუმცა ერთია სამართლებრივი ტერმინოლოგია და მეორე - ამ ტერმინოლოგიის ამსახველი მოვლენის სავარაუდო შეუსაბამობა კანონთან, რის გამოც, არ არის გამორიცხული, საარჩევნო სუბიექტები მსხვილი თანხებითაც დაჯარიმდნენ. საქმე კი შეეხება 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ქართულ ტელემაუწყებლებზე გასული ცალკეული კანდიდატების უფასო პოლიტიკურ რეკლამას, რომელიც შინაარსით პრეზიდენტობის სხვა კანდიდატის რეკლამაა და რომელიც, შესაძლოა, უკანონო შემოწირულებად იქნეს მიჩნეული.

ასევე ნახეთ პოლიტიკური რეკლამა - რეკლამა თუ კანონდარღვევა?

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ტელემაუწყებლებზე გასული უფასო პოლიტიკური რეკლამების მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ არჩევნებში მონაწილე 25 კანდიდატიდან 8 ტექნიკური კანდიდატია. მათგან 4 საარჩევნო სუბიექტი „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს, უჭერს მხარს, 2 - „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატს, კახა კუკავას, 1 - მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, და ერთიც - „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატს, დავით ბაქრაძეს.

პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ აგიტაციას ეწევა:

  • N22 ოთარ მეუნარგია-„მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.

პრეზიდენტობის კანდიდატ კახა კუკავას სასარგებლოდ აგიტაციას ეწევა:

  • N18 აკაკი ასათიანი -„ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“;
  • N35 გელა ხუციშვილი - „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“.

პრეზიდენტობის კანდიდატ დავით ბაქრაძის სასარგებლოდ აგიტაციას ეწევა:

  • N23 ირაკლი გორგაძე - „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“.

პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ აგიტაციას ეწევა:

  • N1 მიხეილ ანთაძე -„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“;
  • N13 ზვიად მეხატიშვილი - მპგ „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“;
  • N22 ზვიად ბაღდავაძე - პ.გ „სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო“;
  • N 27 ზვიად იაშვილი - პ.გ „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“.

რა სარგებლის მოტანა შეუძლიათ „ტექნიკურ კანდიდატებს“ ნამდვილი კანდიდატისთვის

საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკის შეკვრა არ შეიძლება. სარგებლის მიღების თვალსაზრისით, უპირატეს მდგომარეობაში მყოფ კვალიფიციურ სუბიექტებს ფორმალური გაერთიანების პირობებში ურჩევნიათ ცალ-ცალკე მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ასე მოხდა სწორედ კოალიციის „ძალა ერთობაშია“ შემთხვევაში. 10 პოლიტიკური პარტიისგან შექმნილ კოალიციაში 5 კვალიფიციური სუბიექტია და ხუთივემ დაარეგისტრირა კანდიდატი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ერთს, გრიგოლ ვაშაძეს, უჭერს მხარს. ამით მათ, ერთის ნაცვლად, მოიპოვეს 5 კანდიდატისთვის საჭირო უფასო სარეკლამო დრო და საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლის დაფინანსების უფლება. როგორც „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა განგვიმარტავს, „კანდიდატები კონცენტრირებულები არიან ძლიერი კანდიდატის გარშემო და ხელს უწყობენ მის გამარჯვებას. მე არ ვიცი, რას ნიშნავს „ტექნიკური კანდიდატი“. პოლიტიკაში ტექნიკა არ არსებობს, პოლიტიკა არის პოლიტიკა და როცა რაღაც ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს, თუ შენ ხედავ, რომ ვერ ამარცხებ სალომე ზურაბიშვილს, უნდა შეუწყო ხელი იმას, ვინც ამარცხებს. ესაა და ეს. ვისურვებდი ოპოზიციური პარტიებიდან ყველა ისე მოქცეულიყო, როგორც „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ და მისი კანდიდატი ზვიად იაშვილი მოიქცნენ“.

ეგრეთ წოდებული „ტექნიკური კანდიდატები“ კი კუთვნილ უფასო სარეკლამო დროს ან უსასყიდლოდ უთმობენ მხარდაჭერილ კანდიდატს თავიანთივე გვარის, სახელისა და საარჩევნო ნომრის მითითებით,ან პირიქით, მთავარი კანდიდატის მონაცემები ჩნდება რეკლამის ბოლოს. „ტექნიკური კანდიდატები“ მიმართავენ მთავარი კონკურენტის ანტირეკლამასაც. საქართველოს კანონმდებლობა ანტირეკლამას არ კრძალავს, თუმცა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ერთმა პარტიამ მეორე პარტიის სასარგებლოდ შემოწირულება გაიღოს. შემოწირულება, შესაბამისად, მხოლოდ თანხის გადაცემას არ ეხება და სარგებლის გაცემასაც გულისხმობს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ ფიქრობენ, რომ ამ სარგებელში ითვლება უფასო სარეკლამო დრო და, გარკვეული თვალსაზრისით, საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლის დაფინანსების უფლების მოპოვებაც.

ბიუჯეტის ხარჯზე მიღებული სიკეთეები „ტექნიკური კანდიდატებისთვის“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მთავარი იურისტის, გიგი ჩიხლაძის, აზრით, უფასო სარეკლამო დროის საფუძველზე მიღებული სარგებელი იმის მიხედვით უნდა გამოითვალოს, თუ რა ეღირებოდა ფასიანი რეკლამა ამ დროში. მისივე აზრით, კანონდარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სუბიექტებიც დაჯამებული თანხის ოდენობის მიხედვით უნდა დაჯარიმდნენ, რაც ბიუჯეტის სასარგებლოდ გაღებული შემოწირულების ორმაგი თანხის გადახდას გულისხმობს.

„უფასო სარეკლამო დროის გარდა, კვალიფიციურ სუბიექტს სხვა დაფინანსებაც აქვს. შეიძლება აუნაზღაურდეს, მაგალითად, ფასიანი რეკლამის ხარჯები არჩევნების შემდეგ 600 000 ლარამდე, შედეგის მიხედვით. ასევე უფინანსდება არჩევნების დღეს თითოეულ უბანსა და ოლქში თითო წარმომადგენელი- 100 ლარი უბანზე, 150 -ოლქში. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით 3 000 უბანი და 64 ოლქია, ესეც საკმაოდ სოლიდური თანხაა, ოღონდ ეს შემოწირულება კი არა, პირდაპირი სარგებელია, რომელსაც ვერავის ვერ გადასცემს და არც კანონდარღვევის ნიშნებს შეიცავს. თუმცა ხარვეზიანი კანონმდებლობა, რომელიც „ტექნიკური კანდიდატების“ არსებობას უშვებს, ასევე გულისხმობს იმას, რომ უშვებს ბიუჯეტიდან ასეთი არამიზნობრივი ხარჯების დაფინანსებას“, - ამბობს გიგი ჩიხლაძე.

რას გადაწყვეტს აუდიტის სამსახური?

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ქართულ ტელემაუწყებლებზე გასული უფასო პოლიტიკური რეკლამების მონიტორინგი გრძელდება და გრძელდება სავარაუდო კანონდარღვევაც, რომელიც ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ მეორის სასარგებლოდ რეკლამის გაშვებას, ანუ უსასყიდლოდ გარკვეული სარგებლის, იმავე შემოწირულების, გადაცემას გულისხმობს. დარღვევაზე რეაგირების მიზნით, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართეს. როგორც აუდიტის სამსახურის მიერ გამოგზავნილ შეტყობინებაში ვკითხულობთ, სწორედ კომუნიკაციების კომისიის შეფასებაზე იქნება დამოკიდებული აუდიტის სამსახურის შემდგომი ნაბიჯებიც:

„მარეგულირებელ კომისიას მივმართეთ წერილით, მოგვაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია, არის თუ არა სხვა პირის სასარგებლოდ რეკლამა დაფინანსებული. კომისიის პასუხის მიღების შემდეგ აუდიტის სამსახური განსაზღვრავს, რა პროცედურას უნდა მიმართოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტობისთვის ფორმალურ ბრძოლას კი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 25-ვე კანდიდატი განაგრძობს. 16 ოქტომბერს, 18 საათზე, ამოიწურა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, შესაბამისად, 25-ვე დაარეგისტრირა. მათგან 19 წარდგენილია პოლიტიკური პარტიის, ხოლო 6 საინიციატივო ჯგუფის მიერ. საარჩევნო ბიულეტენებში 25-ვე დარეგისტრირებული კანდიდატი იქნება შეყვანილი.