რაც უფრო დიდხანს გააჩერებენ იულია სუსლიაკს საპატიმროში, მით უფრო ძვირად დაუჯდება ეს საქართველოს ბიუჯეტს, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინელი ქალის, იულია სუსლიაკის ადვოკატი ზურაბ თოდუა.
„ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართავთ და ძალიან ცუდად შემოუტრიალდება ეს ჩვენს ქვეყანას - ჯერ ერთი, ეს ძალიან დიდი, საერთაშორისო მასშტაბის სირცხვილი იქნება უცხო ქვეყნის მოქალაქის დაუსაბუთებელი ბრალდებით დაპატიმრება და რაც უფრო დიდხანს არ გაათავისუფლებენ იულია სუსლიაკს, ფინანსურადაც უფრო ძვირი დაუჯდება ეს საქართველოს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ადვოკატმა თოდუამ.
მისი თქმით, ცხადია, შესაძლებელია გაგრძელდეს გამოძიება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს არასაპატიმრო პირობებში.
14 ივნისს ზურაბ თოდუამ ორი საჩივარი შეიტანა საქართველოს პროკურატურაში. ერთი საჩივარით ადვოკატი მისი წინა საჩივრების იგნორირებას აპროტესტებს, ხოლო მეორე საჩივრით ითხოვს გამოძიების დაწყებას იულია სუსლიაკზე სავარაუდო ფსიქოლოგიური ზეწოლისა და მისი მეუღლის, იური სუსლიაკის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის საფუძველზე.
ფსიქოლოგიურ ზეწოლად ადვოკატი მოიხსენიებს იმ ფაქტს, რომ იულია სუსლიაკს რამდენიმე დღის განმავლობაში საკანში შეუსახლეს ადამიანი, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აღენიშნებოდა და სუიციდის მცდელობის განმეორების თავიდან აშორების მიზეზით, საკნიდან გაიტანეს ნივთების დიდი ნაწილი - მათ შორის ზეწრებიც.
ასევე ნახეთ აუდიოჩანაწერის მიხედვით, იური სუსლიაკს მეუღლისთვის საპროცესო შეთანხმება შესთავაზესაუდიოჩანაწერი კი, ამჟამად აფხაზეთში მყოფმა იური სუსლიაკმა 12 ივნისს გაავრცელა. სატელეფონო საუბრის ჩანაწერის თანახმად, უცნობმა პირმა, რომელიც მას პროკურატურის წარმომადგენლად გაეცნო, იური სუსლიაკს ცოლის გათავისუფლების ერთადერთ გზად ბავშვების გაყიდვის განზრახვის აღიარება შესთავაზა.
პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა უარყო იური სუსლიაკის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ იური სუსლიაკს პროკურატურიდან არავინ დაკავშირებია.
ადვოკატის თქმით, ამ ფაქტების გამოძიება სწორედ იმისთვის არის საჭირო, რომ საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს.
„მე არ გამოვრიცხავ, რომ ყველაფერი ეს ერთობლიობაში ემსახურებოდეს ერთ მიზანს, რომ იულია სუსლიაკისგან მიიღონ აღიარებითი ჩვენება, რომ ბავშვებით ვაჭრობის განზრახვა ამოძრავებდა... გამოძიება ახლა დროს წელავს, მაგრამ აღიარებას ვერასოდეს ვერ ეღირსება პროკურატურა. ეს ქალბატონი (იულია სუსლიაკი) კერკეტი ქალია და არ იტყვის იმას, რაც არ გაუკეთებია“, - ამბობს ზურაბ თოდუა.
ასევე ნახეთ იულია სუსლიაკს სასამართლომ პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა11 ივნისს იულია სუსლიაკს აღმკვეთ ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაიზიარა. ადვოკატ თოდუას თქმით, ყველა იმ კითხვის გამო, რომლებზეც პასუხი სასამართლოს დახმარებით ვერ მიიღო, პროკურორებს გამოკითხვაზე იბარებს.
„მე ვისარგებლე სს საპროცესო კოდექსის 113-ე მუხლის პირველი ნაწილით. ჩავთვალე, რომ ჩემს საჩივარში მოხსენიებული პირები (პროკურორები) თეა გიორგაძე და მარიამ გოგორელიანი არიან ამ საქმისთვის უარსებითესი მნიშვნელობის მატარებელი პირები და ვიბარებ გამოკითხვაზე ჩემს ოფისში 15 ივნისს, 12:00 საათზე და 15:00 საათზე“, - აცხადებს ადვოკატი თოდუა.
ადვოკატის მიერ შეტანილი საჩივრებისა და პროკურორების გამოკითხვაზე დაბარების საკითხთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებამ საქართველოს პროკურატურასაც მიმართა; თუმცა პასუხი ვერ მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ იულია სუსლიაკს წინასწარი, 55-დღიანი პატიმრობა 27 აპრილს შეუფარდა. მას ბრალი წაყენებული აქვს არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მუხლით. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს რომ ბავშვები (ათი ბავშვი) მისი შვილები არიან.
ასევე ნახეთ სუსლიაკების საქმე: დეტალები და ახალი ბრალდებებილევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარებულმა დნმ-ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ იულია სუსლიაკის მიერ საქართველოში შემოყვანილი ათი ბავშვიდან ოთხი მისი ბიოლოგიური შვილია, ხოლო ათივე ბავშვის ბიოლოგიური მამაა იური სუსლიაკი. ის ამჟამად აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს.
ათი ბავშვი 7 ივნისს, გვიან ღამით უკრაინაში გაემგზავრა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვების უკრაინაში დასაბრუნებლად საკუთარი თვითმფრინავი გამოგზავნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ბავშვების წასაყვანად უკრაინიდან ჩამოსულები იყვნენ ბავშვების ბებიები და უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან არსებული ბავშვის უფლებების დამცველის სამსახურის წარმომადგენელი.