"სუპერ გარღვევა" საუდის არაბეთში

ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში, 2023 წ. 19 მაისი

5-6 აგვისტოს საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში, უკრაინისადმი მიძღვნილი საერთაშორისო მოლაპარაკების მონაწილეებმა, როგორც წინასწარ იყო განსაზღვრული, შეხვედრა დეკლარაციის მიღების გარეშე დაასრულეს.

რუსეთი მოლაპარაკებებზე არ მიუწვევიათ, სამაგიეროდ ჯიდაში ჩავიდა ჩინეთის დელეგაცია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო „სამშვიდობო გეგმების“ განხილვაში.

გერმანულმა Die Tageszeitung-მა დაწერა, ჯიდაში გამართული მოლაპარაკების მნიშვნელობა მდგომარეობს არა იმდენად ქაღალდზე დაფიქსირებულ შედეგებში, რამდენადაც თვითონ მონაწილე ქვეყნებში, რადგან საუდის არაბეთში უკრაინის საკითხის განსახილველად ჩავიდნენ არა მხოლოდ უკრაინა და მისი მოკავშირე ქვეყნები, არამედ ჩინეთი და ე.წ. „გლობალური სამხრეთის“ მძიმეწონიანი ქვეყნები - ინდოეთი, ბრაზილია, სამხრეთი აფრიკა.

საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაში 42 სახელმწიფოს დელეგაციები მონაწილეობდნენ, მაშინ, როცა ამავე საკითხზე სამი თვის წინ კოპენჰაგენში მხოლოდ 15 ქვეყანა შეიკრიბა. ჯიდაში ჩავიდნენ როგორც უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნები (აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, იაპონია, გერმანია და ევროკავშირის ბევრი სხვა წევრი), ასევე ჩინეთი და ძირითადად „ნეიტრალური“ ე.წ. „გლობალური სამხრეთის“ წარმომადგენლები, BRICS-ის წევრები - ინდოეთი, ბრაზილია და სამხრეთი აფრიკა, ასევე არგენტინა, ეგვიპტე, მექსიკა, თურქეთი და ჩილე. ამ ქვეყნების უმეტესობა, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით გამოხატული ნეიტრალური პოზიციის მიუხედავად, კვლავ ინარჩუნებს კავშირს კრემლთან.

ჩინეთის, საუდის არაბეთისა და შეერთებული შტატების დელეგაციები (მარცხნიდან მარჯვნივ) უკრაინაში ომის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ გამართულ მოლაპარაკებებში. ჯიდა, საუდის არაბეთი, 2023 წლის 6 აგვისტო

ერ-რიადის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ღონისძიების დასრულების შემდეგ რუსეთს შეატყობინებენ შეხვედრის შედეგებს. საუდის არაბეთმა, რომელიც რჩება მსოფლიოში ნავთობის უმსხვილეს ექსპორტიორად და ნავთობის მეორე უმსხვილეს მწარმოებლად (აშშ-ის შემდეგ) და, რომელსაც მუდმივ კოორდინაციაში აქვს თავისი სანავთობო პოლიტიკა რუსეთთან, ჯერ კიდევ შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა, რომ ინარჩუნებს კავშირებს ორივე მეომარ მხარესთან და, შესაბამისად, საკუთარ თავს ხედავს მთავარ შუამავლად სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

პოლიტიკის ანალიტიკოს რომან გონჩარენკოს თქმით, ჯიდაში გამართულ შეხვედრაში მონაწილე ქვეყნების ასეთი შთამბეჭდავი სია უდავოდ არის პოლიტიკური სიგნალი ვლადიმირ პუტინისთვის.

„ქვეყნების რაოდენობასთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ უკრაინაში ომის გადაწყვეტის საკითხისადმი მიძღვნილ საერთაშორისო შეხვედრას შეუერთდა ჩინეთი - მძიმეწონოსანი და ალბათ რუსეთის ყველაზე ახლო პარტნიორი.

ამ კონსულტაციების შედეგების შესახებ ჯერ არაფერი შეგვიძლია ვთქვათ, მათ შორის ის, თუ რამდენად სწრაფად შეიცვლება ვითარება დიპლომატიურ ფრონტზე, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ ეს ხალხი შეიკრიბა და იმსჯელეს ომის დასრულების გზებზე, ძალიან მნიშვნელოვანია“.

რატომ აქტიურობს საუდის არაბეთი?

ჩინეთის მსგავსად, საუდის არაბეთს და მის ზოგიერთ მოკავშირეს (არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ეგვიპტე) აქვთ უკრაინაში ომის დასრულების საკუთარი გეგმა, რომელსაც საგრძნობი ყურადღება დაეთმო ჯიდაში.

უკრაინისთვის ეს გეგმა მიუღებელია, რადგან ითვალისწინებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებების დაწყებას გაეროს შუამავლობით.

გეგმაში მართალია საუბარია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე, მაგრამ არაფერია ნათქვამი, მოლაპარაკების პირობის სახით, უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანაზე, რაც ასევე მიუღებელია კიევისთვის.

საუდის არაბეთის ფაქტობრივი მმართველი, პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ითვლება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის „პირად მეგობრად“, რომელსაც არაერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა, მათ შორის 2023 წლის ივნისში, პრიგოჟინის ამბოხის დროს.

პუტინი და მუჰამედ ბინ სალმანი, 2019 წელი.

აი, რას ამბობს უკრაინელი დიპლომატი ალექსანდრ ხარა საუდის არაბეთის ინიციატივებზე Current Time-თან საუბრის დროს:

„შარშან, საუდის არაბეთის შუამავლობით, უკრაინაში დაბრუნდა რუსეთის ტყვეობაში მყოფი 200-ზე მეტი უკრაინელი მოქალაქე, მათ შორის ბატალიონ „აზოვის“ მებრძოლები... ამ ქვეყანამ თითქმის 500 მილიონი დოლარის დახმარება გაუწია უკრაინას. ამიტომ ეს არის ქვეყანა, რომელიც ცდილობს მოძებნოს კონფლიქტის გადაჭრის შესაძლო გზები.

მეორე მხრივ, საუდის არაბეთი ინარჩუნებს საკმაოდ თბილ და კონსტრუქციულ ურთიერთობებს მოსკოვთან OPEC-ის ფარგლებში“.

„ამერიკის ხმის“ მიერ გამოკითხული ამერიკელი ექსპერტები ვითარებას სხვაგვარად ხედავენ.

ბარბარა სლავინი, ვაშინგტონის სტიმსონის ცენტრის ექსპერტი და ამ სამეცნიერო ინსტიტუტის ახლო აღმოსავლეთის პროგრამის ხელმძღვანელი, თვლის, რომ საუდის არაბეთს უპირველეს ყოვლისა სჭირდება თავისი იმიჯის გაუმჯობესება მსოფლიოში და ამიტომ ცდილობს იმოქმედოს როგორც გლობალურმა მომლაპარაკებელმა:


„საუდის არაბეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ბევრი ნორმა: პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი - ცნობილი საკუთარ ქვეყანაში რეპრესიებითა და იემენის ომით, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩაცხრა, არაფრითაა ვლადიმირ პუტინზე კეთილშობილი. საუდის არაბეთის აგრესია იემენში იყო საერთაშორისო ნორმების აშკარა დარღვევა.

საუდელები ძალიან ცდილობენ გამოიყურებოდნენ რესპექტაბელურად, ცდილობენ წარმოაჩინონ თავი მნიშვნელოვან მოთამაშეებად არა მარტო რეგიონულ, არამედ მსოფლიო საქმეებში და დაამტკიცონ, რომ ღირს საუდის არაბეთისათვის ანგარიშის გაწევა... ამ ომმა [რუსეთის შეჭრამ უკრაინაში - რ.თ.] საუდის არაბეთს, მხოლოდ მოგება მოუტანა ნავთობის ფასზე ზემოქმედების გამო, მაგრამ ერ-რიადს მაინც სურს აჩვენოს, რომ ის მსოფლიო თანამეგობრობის პასუხისმგებელი წევრია და არა ირანის მსგავსი გარიყული ქვეყანა, რომელიც პირდაპირ ეხმარება პუტინს ომის წარმოებაში“.

ბარბარა სლავინი, ვაშინგტონის სტიმსონის ცენტრის ექსპერტი

მარკ კაცი, ვირჯინიის ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორი კი მიიჩნევს, რომ საუდის არაბეთი უკრაინის შესახებ მოლაპარაკებების პლატფორმის უზრუნველყოფით ცდილობს გააუმჯობესოს ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან.

„ბაიდენის ადმინისტრაციასა და მუჰამედ ბინ სალმანს შორის არსებული სირთულეების გათვალისწინებით, ეს ყველაფერი მორიგი საშუალებაა ერ-რიადისთვის, აჩვენოს ვაშინგტონს, რომ მისსავე ინტერესებშია იყოს თავაზიანი ტახტის მემკვიდრისადმი …

დასავლეთი ზოგადად საუდის არაბეთს საკმაოდ მკაცრად აკრიტიკებს რუსეთთან მჭიდრო კავშირების გამო. ახლა მათ შეუძლიათ თქვან: "ეს კავშირები სინამდვილეში უპირატესობაა, რადგან ახლა ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ რუსეთის მოლაპარაკებებში ჩასართავად".

ცოტას თუ სჯეროდა, რომ ჯიდაში მოლაპარაკებები ნამდვილ გარღვევას მოახდენდა. ჯერ კიდევ გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ არ მოელოდა რამე კონკრეტულ შედეგს ამ შეხვედრისგან.

"ამ მოლაპარაკებების მიზანია გავაგრძელოთ საუბარი მსოფლიოს ქვეყნებთან იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია მივაღწიოთ სამართლიან მშვიდობას. ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია უზრუნველყოთ მშვიდობა, რომელიც პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

იმისთვის, რომ რაღაც სამშვიდობო მოლაპარაკებები იყოს, რუსეთმა უნდა აჩვენოს, რომ მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებებში შესვლისთვის, რასაც ის არ აკეთებს.

ასე რომ, ჩვენი აზრით, ეს არის კიდევ ერთი შანსი, მსოფლიოს ქვეყნებმა მოუსმინონ უკრაინას. ეს ყველაფერი მხოლოდ პროცესის დასაწყისია“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა.

მოლაპარაკებებში მონაწილე 42 ქვეყნის დელეგაციების მეთაურების ერთობლივი ფოტო. ჯიდა, საუდის არაბეთი, 2023 წლის 6 აგვისტო

როგორც საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტები ამბობენ, ჯიდაში გამართული შეხვედრის მთავარი მიზანი იყო საუდის არაბეთის, ჩინეთის, ბრაზილიისა და ინდონეზიის მიერ შემოთავაზებული ყველა "სამშვიდობო გეგმის" ფრთხილი დაზუსტება, შეთანხმება და რამენაირად დაკავშირება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შედგენილ „10 პუნქტიან გეგმასთან“.

ეს გეგმა ითვალისწინებს უკრაინის ბირთვულ, ენერგეტიკულ და სასურსათო უსაფრთხოებას, ტყვეთა და დეპორტირებულთა გათავისუფლებას, ასევე გაეროს წესდებისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას.

სწორედ ამ პრინციპების განსახილველად ზელენსკი ითხოვს მსოფლიო სამიტის შეკრებას 20023 წლის ბოლოსთვის.

ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე მიესალმა საუდის არაბეთში მოლაპარაკებებზე აფრიკისა და აზიის იმ ქვეყნების ჩართვას, რომლებიც დაზარალდნენ უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული სურსათის გაძვირებით. სურსათზე ფასები კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც 17 ივლისს მოსკოვმა უარი თქვა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობაზე.

ასევე ნახეთ ზელენსკი საუდის არაბეთის სამიტის მონაწილეებს მოუწოდებს უზრუნველყონ "წესებზე დაფუძნებული" საერთაშორისო წესრიგი

უკრაინის დელეგაციისა და პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის თქმით, საუდის არაბეთში გაიმართა ძალიან პროდუქტიული კონსულტაციები იმ ძირითად პრინციპებზე, რომლებზეც უნდა აშენდეს სამართლიანი და მყარი მშვიდობა.

„იყო განსხვავებული შეხედულებები, მაგრამ ყველა დამსწრემ დაადასტურა თავისი ერთგულება გაეროს წესდების პრინციპების, საერთაშორისო სამართლისა და სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ხელშეუხებლობის მიმართ“, - განაცხადა ანდრეი ერმაკმა, რომელმაც ორი დღის განმავლობაში 30-მე მეტი შეხვედრა გამართა მოლაპარაკებებში მონაწილე ქვეყნების დელეგაციებთან.

The Wall Street Journal და სხვა დასავლური გამოცემები, თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით, ირწმუნებიან, რომ ჯიდაში გამართულ შეხვედრაზე, კოპენჰაგენის კონსულტაციებისგან განსხვავებით, კიევი აღარ მოითხოვდა "ზელენსკის მშვიდობის ფორმულის" 100%-ით მიღებას, რათა შესაძლებელი ყოფილიყო უკრაინის გეგმებისა და "გლობალური სამხრეთის" უმთავრესი წარმომადგენლების სამშვიდობო ინიციატივების დაახლოება. თუმცა ოფიციალურად ასეთი რამ არავის დაუდასტურებია და ერმაკის მოხსენებაშიც (მოლაპარაკების შედეგების შესახებ) ლაპარაკია „მშვიდობის ფორმულის“ განხილვაზე.

რომან გონჩარენკოს თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინამ პოზიცია შეიცვალოს მთავარ საკითხებში, რომლებიც მოიცავს: ოკუპირებული ტერიტორიების სრულ დეოკუპაციას და რუსული ჯარების გაყვანას:

„უკრაინა იყენებს ნებისმიერ დიპლომატურ შესაძლებლობას ორი მიზნის მისაღწევად: I - მოკავშირეების მხარდაჭერის შემდგომი გაძლიერება და II - "გლობალური სამხრეთის” ქვეყნების მიმხრობა: დაარწმუნოს ისინი უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთისთვის სანქციების დაწესების საჭიროებაში.

ამიტომ უკრაინა იყენებს ნებისმიერ შესაძლებლობას. შესაბამისად, საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრას უნდა შევხედოთ არა როგორც ერთჯერად მოვლენას, არამედ შევხედოთ მომდევნო შეხვედრების მომზადების კონტექსტში. ვგულისხმობ, მსოფლიოს ქვეყნების მეთაურთა სამიტს, რომელიც შეიძლება წელს შემოდგომაზე გაიმართოს“.

საუდის არაბეთში ჩასული ქვეყნების დელეგაციების გაზრდილი რაოდენობის გარდა, პოლიტიკის ანალიტიკოსების ყურადღება მიიპყრო შეხვედრაში ევრაზიის საკითხებში ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენლისა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხებში ჩინეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, ლი ჰუის მონაწილეობამ.

პეკინმა, რომელიც დღემდე რჩება მოსკოვის ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირედ, ადრე წამოაყენა სამშვიდობო ინიციატივა - შინაარსით მსგავსი საუდის არაბეთის ინიციატივისა.

ლი ჰუი, 20023 წ. 26 მაისი

კულებამ პეკინის წარმომადგენლის მონაწილეობას შეხვედრაში „სუპერ გარღვევა" უწოდა.

მოლაპარაკებაში მონაწილე დასავლეთის ქვეყნების დელეგაციების წევრებმა განაცხადეს, რომ ჩინეთის პოზიცია ამჯერად ბევრად უფრო კონსტრუქციული იყო.

ლი ჰუის განცხადებებისა და წინადადებების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, ისევე როგორც არ არსებობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ოფიციალური განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით.

თუმცა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ მოლაპარაკებებზე ჩინეთის დელეგაციის თვით ჩასვლის ფაქტი (ჩინეთმა უარი თქვა ივნისში, დანიაში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობაზე) შეიძლება მიუთითებდეს პეკინის შეხედულებების გარკვეულ ცვლილებაზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ პეკინის წარმომადგენლის მონაწილეობას შეხვედრაში „სუპერ გარღვევა" უწოდა.

როგორც უკვე ითქვა, რუსეთი საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა, მათ შორის არ მონაწილეობდა უკრაინის დაჟინებული მოთხოვნის გამო.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსეთის მონაწილეობა მსგავს მოლაპარაკებებში, როგორც წესი, სრულდება „არაფრის შესახებ ქაოსური საუბრით“.

მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი

„არ იქნება არანაირი შეთანხმება, არ იქნება არანაირი შინაარსიანი დისკუსია, არ იქნება კომპრომისული პლატფორმის მოძებნის მცდელობა. რუსეთი დაკავებული იქნება საბოტაჟით. იმიტომ, რომ რუსეთისთვის მნიშვნელოვანია სხვა სცენარი: არ გააფორმოს რეალური სამშვიდობო ხელშეკრულება და არ დაუბრუნდეს საერთაშორისო სამართალს.

რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ომის ინტენსივობის შემცირება, ომის გადაყვანა გაჭიანურებულ კონფლიქტში და ა.შ. ამიტომ ამ ეტაპზე შეუძლებელია რუსეთის მონაწილეობით რეალისტური სამშვიდობო ინიციატივების სერიოზული განხილვა“, - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა, რომლის ნათქვამი მალევე დაადასტურა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა მისთვის ჩვეული მკვეთრი განცხადებით.

საუდის არაბეთში გამართული შეხვედრების დასრულების შემდეგ მედვედევმა თავის ტელეგრამ-არხზე დაწერა:

„ძნელია გაკიცხო ომის დასრულების სურვილი.
შეუძლებელია გაეროს წესდებაზე კამათი იმის გათვალისწინებით, რომ სუვერენიტეტის გარდა, არსებობს ერების თვითგამორკვევის უფლებაც.

მაგრამ მშვიდობის შესახებ ნებისმიერ წინადადებას აქვს წარმატების შანსი, თუ დაკმაყოფილდება სამი ძირითადი პირობა:
1. კონფლიქტის ორივე მხარის მონაწილეობა. რაც არაა.
2. ისტორიული კონტექსტის გათვალისწინება, რომელიც ასეთია: უკრაინა 1991 წლამდე არასოდეს არსებობდა. უკრაინა რუსეთის იმპერიის ნამსხვრევია.
3. მიმდინარე რეალობის გათვალისწინება, რაც ასეთია: უკრაინა ნახევარდაშლის ეტაპზეა, მისი ტერიტორიების ნაწილი კი რუსეთს დაუბრუნდა.
იმ შუამავალს, რომელიც მზად არის ცნოს ასეთი აშკარა რამეები, წარმატების შანსი აქვს.
ყველა სხვას - არანაირი.
თუმცა, თავად მოლაპარაკებები ჯერ არც არის საჭირო.

მტერმა მუხლებზე ფორთხვით უნდა ითხოვს მოწყალება“.