ცნობილი აფხაზი ისტორიკოსი, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი სტანისლავ ლაკობა გამოეხმაურა ამერიკელი ისტორიკოსის, თბილისის ილიას უნივერსიტეტის პროფესორის ტიმოთი ბლაუველტის წიგნს „კლიენტელიზმი და ეროვნება ნესტორ ლაკობას საბჭოთა აფხაზეთში“, რომლის ქართულად გამოცემის შესახებ ვრცელი მასალა გამოაქვეყნა რადიო თავისუფლებამ.
სტანისლავ ლაკობას სოხუმში ესაუბრა რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის, „ეხო კავკაზას“ სოხუმელი კორესპონდენტი, ელენა ზავოდსკაია.
– იცნობთ თუ არა ამ წიგნს? რას იტყვით მის ავტორსა და მის ნაშრომზე?
– რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, წიგნი გამოიცა 2021 წელს ინგლისურ ენაზე ნიუ-იორკსა თუ ლონდონში. ახლა ითარგმნა ქართულად. ავტორზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არის ამერიკელი, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს თბილისში, ილიას ინსტიტუტში [უნივერსიტეტში], დაკავებულია ისტორიით, მოკლედ, ქართველი ამერიკელია და ამ წიგნში ამბების სათანადო გადმოცემაც სწორედაც რომ ბევრ რამეზე მეტყველებს.
ერთხელ მეც მომმართა, რომ ერთ-ერთ ფოტოზე რამდენიმე ადამიანის ვინაობა ამომეცნო. ერთი ასეთი ფოტო ამ გამოცემაშიც არის ჩართული. ფოტო გადაღებულია სმეცკოის აგარაკზე და მასზე გამოსახული არიან ნესტორ ლაკობა, ბერია, ვლადიმირ ლადარია, ვასილი ლაკობა და სხვები.
წიგნი რუსულ ენაზე არ გამოქვეყნებულა და ამიტომ მასზე მსჯელობა ძალიან რთულია, თუმცა ცალკეული ფრაგმენტები ითარგმნა. გარდა ამისა, ვიცნობ ზოგიერთ მასალას, მაგრამ არა ყველას. ამავდროულად, მინდა ვთქვა, რომ ამ წიგნის შესახებ დაწერილმა პუბლიკაციებმა ბევრი კითხვა გააჩინა.
- მაინც რა კითხვები გააჩინა?
– უპირველეს ყოვლისა, ეს კითხვები დაკავშირებულია ნესტორ ლაკობასთან, მის გარემოცვასთან, მის პოლიტიკასთან. მგონია, რომ წიგნის ავტორმა ბევრი რამ პირდაპირი მნიშვნელობით, წმინდა წყლის სიმართლედ მიიღო. ნესტორ ლაკობას ზოგიერთი განცხადებაც კი.
მას შეეძლო განსხვავებულად ელაპარაკა იმისდა მიხედვით, თუ რა საფრთხე ელოდა ცალკეულ ადამიანებსა და აფხაზ ხალხს. ის ყოველთვის აფხაზეთის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა და ეს, რა თქმა უნდა, ბევრს აღიზიანებდა.
არც იმის თქმა შეიძლება, რომ მას პირდაპირ პატრონი ჰყავდა, ხოლო თვითონ კლიენტი იყო და აღასრულებდა სტალინის და სხვათა ნებას. ისიც ეშმაკობდა და თავისებურად მარჯვედ იქცეოდა.
ლაკობა არ იყო ბოლშევიკი ამ სიტყვის სრული გაგებით, ის უფრო სახალხო ლიდერი იყო, თვითნაბადი. ცნობილია, მაგალითად, მისი დამოკიდებულება კოლექტივიზაციის მიმართ.
ის წინააღმდეგი იყო კოლმეურნეობების იმ ფორმით შექმნისა, რასაც ცენტრალური ხელისუფლება მოითხოვდა. ხალხიც მხარს უჭერდა მას. ამაზე მეტყველებს 1931 წლის დურიფშის შეკრებასთან დაკავშირებული მოვლენები, მაგრამ წიგნში მოვლენების სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაციაა, რასაც, რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმები.
ლაკობა ასევე მოქმედებდა აფხაზეთის მრავალეროვნული მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. ამასთან, [ბლაუველტი] მხოლოდ დოკუმენტების ნაწილს იცნობს, ის არ იცნობს და ვერ გრძნობს მთელ მაშინდელ ვითარებას. მას ისიც კი არ მოსწონს, რომ ხანდახან მოხმობილია იმ თვითმხილველთა მოსაზრებები და მოგონებები, რომლებიც მაშინდელ აფხაზეთში ცხოვრობდნენ. ეს ამბები არ მომხდარა ორასი წლის წინ.
საუბარია იმ თვითმხილველებზე, რომლებიც ნესტორ ლაკობას გვერდით იმყოფებოდნენ. მაგალითად, მიხეილ ლაკობას ცოლი, რომელმაც გულაგის ბანაკებში 20 წელზე მეტი გაატარა და გადარჩა. მისი მოგონებები უძვირფასესი წყაროა. უამრავი ამბავი მიამბო, ბევრი დეტალი.
ასე რომ, ნესტორი სრულიად განსხვავებული ადამიანი იყო, სრულიად განსხვავებული იმისგან, როგორადაც ბლაუველტი ცდილობს წარმოაჩინოს იგი თავის ნაშრომში.
ასევე ნახეთ არაფორმალური მმართველობა ნესტორ ლაკობას აფხაზეთში - “პატრონების” და “კლიენტების” ქსელის ამბები
- ტიმოთი ბლაუველტმა გამოიყენა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივი. ჩამოთვლილია რამდენიმე სხვა დოკუმენტიც. რას იტყვით არქივებზე, რომლებიც ავტორმა გამოიყენა ამ წიგნის დაწერისას?
– ეს დოკუმენტები ცნობილია, ისინი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ინახებოდა საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში. მაგრამ ისტორიკოსები არ იმოწმებდნენ მათ არა იმიტომ, რომ არ შეეძლოთ, არამედ იმიტომ, რომ ეს დოკუმენტები იმდენად ოდიოზურია, რომ ყველასთვის გასაგები იყო, რისთვისაც დაიწერა ისინი თავის დროზე.
საერთოდ, ეს დოკუმენტები (კადიროვის, ცეიტლინის კომისიების), ეს ყველაფერი იმ პერიოდში იქმნებოდა, როდესაც აფხაზეთის შიგნით ურთიერთობები უკიდურესად გართულებული იყო, როდესაც შიდა ოპოზიცია და გარე ძალები ცდილობდნენ ნესტორის მოცილებას იმის გამო, რომ ნესტორი აფხაზეთს მართავდა საკმაოდ ლაღად და თავისუფლად, პირდაპირ გადიოდა სტალინზე და ძალიან ბევრი საკითხის გადაჭრა შეეძლო. რა თქმა უნდა, ეს ბევრს არ მოსწონდა, მათ შორის აფხაზეთის შიგნით.
ყოველ ჯერზე მსგავსი დოკუმენტები ჩნდებოდა მაშინ, როდესაც ასეთი გართულებები იყო, მაგალითად, 1925, 1929, 1931 წლებში. ყველა ეს დოკუმენტი მიბმულია აფხაზეთში მომხდარ რაღაც ძალიან სერიოზულ მოვლენასთან. თავის დროზე ეს დოკუმენტები მეც ნანახი მაქვს.
ასევე ნანახი მაქვს არქივი, რომელიც მდებარეობს ამერიკაში და რომელსაც ის [ბლაუველტი] ახლა იმოწმებს. ვგულისხმობ ნესტორ ლაკობას არქივს.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს მასალები მუსტო ჯიხ-ოღლიმ (მუსტო ჯიხაშვილმა, ნესტორ ლაკობას ცოლის ნათესავმა) მიჰყიდა ჰუვერის ინსტიტუტს და დღემდე იქ ინახება.
- ნანახი გაქვთ ეს დოკუმენტები, იცნობთ მათ?
– რა თქმა უნდა, ვიცნობ ამ დოკუმენტებს, ჯერ კიდევ 1990 წელს გამოვაქვეყნე წიგნი „აფხაზეთის პოლიტიკური ისტორიის ნარკვევები“, მანამდეც მქონდა პუბლიკაციები, 1983 წელს ლუდმილა მალიასთან ერთად ჩავფრინდი ბათუმში და სწორედ ეს არქივი შევისწავლე.
ლუდმილა მალია იყო ნესტორ ლაკობას მუზეუმის დირექტორი, რომელიც, მოგეხსენებათ, დაზარალდა, დაიწვა ომის ბოლოს, ახლა ცდილობენ მის რესტავრაციას.
რა თქმა უნდა, ამ მასალებს ბლაუველტამდე დიდი ხნით ადრე ვიცნობდი. გარდა ამისა, არის შესანიშნავი წიგნი სტალინის შესახებ, რომელიც 2004 წელს გამოიცა, 2008 წელს კი რუსულად ითარგმნა. მისი ავტორია შესანიშნავი ინგლისელი ქართველოლოგი, ლიტერატურათმცოდნე და ისტორიკოსი დონალდ რეიფილდი.
თავის დროზე მასაც ვუამბე ამ არქივის შესახებ. დიდი ინტერესი გამოიჩინა, იმუშავა და გამოსცა ძალიან ობიექტური წიგნი, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებულია იმისგან, რაც ბატონმა ბლაუველტმა შესთავაზა საზოგადოებას.
მთლიანობაში მე ამას მივიჩნევ აფხაზეთის წინააღმდეგ წარმოებული საინფორმაციო ომის ნაწილად, რათა აქ საერთოდ არ არსებობდნენ არც გმირები, არც ლიდერები, არც ისტორიული ფიგურები. მან [ტიმოთი ბლაუველტმა] სარია ლაკობაზეც კი აღმართა ხელი, როცა ნაშრომში შეიტანა რაღაც არასანდო გარემოებები.
– რა დოკუმენტებია ეს?
– არსებითად, ГПУ-ს (მთავარი პოლიტიკური სამმართველო) ანგარიშია. როცა ეძებდნენ რაიმეს მოსადავებელს, აქვეყნებდნენ ამგვარ დასმენებს. გასაგებია, რატომაც.
მიჩნდება განცდა, რომ ნესტორისა და სარიას სიკვდილიც კი შეშურდათ ვიღაც-ვიღაცებს, მოსვენება დაეკარგათ. ასეთი განცდაა. უნდათ მისი გაშავება. მიმაჩნია, რომ ბლაუველტის წიგნი სრული გაშავებაა.
შეხედეთ თავებისა და პარაგრაფების სათაურებს, ქვესათაურებს - ყველაფერი ამ დასმენებისგან შედგება.
და, რა თქმა უნდა, ძალიან გაზვიადებულია: თითქოსდა ყველაფერი, რაც მოსკოვში ითქმებოდა, აქ ადგილზე ხორციელდებოდა. რაღაც ციტატაც კი მოჰყავს, როცა ნესტორი სტალინზე საუბრობს. ისე, მას მართლა შეეძლო ამის თქმა. იყო ასეთი დრო და ამ დროზე საჭიროა საუბარი. ხოლო ის, რომ ისინი [ლაკობა და სტალინი] ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, ფაქტია.
ძალიან ხშირად ისმის ასეთი შეფასებები გარკვეული ადამიანებისგან, მაგრამ ისინი აბსოლუტურად არ ითვალისწინებენ, რომ ნესტორ ლაკობა მთავრობის მეთაური გახდა 29 წლის ასაკში, ხოლო 43 წლის ასაკში ის უკვე ცოცხალი აღარ იყო. მან, ფაქტობრივად, აფხაზეთის სამსხვერპლოზე მიიტანა არა მარტო თავისი, არამედ მთელი თავისი ოჯახის სიცოცხლე. ეს აშკარაა. ბევრ რამეს არ აკეთებდა და არ ასრულებდა, ძალიან რისკიანად იქცეოდა და ამიტომაც ეს ყველაფერი ასე ტრაგიკულად დასრულდა. ერთი სიტყვით, არაერთგვაროვანი პიროვნება იყო.
– რაიმე გამოხმაურება იყო ამ წიგნზე?
- დიახ, რა თქმა უნდა, იყო გამოხმაურებები. რეცენზიებიც დაიწერა. ერთ-ერთი ავტორი - ბრიტანეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯორჯ ჰიუიტია. 2022 წელს გამოაქვეყნა ძალიან ლაკონიური, საქმიანად და კრიტიკულად დაწერილი წერილი. ჰიუიტი გამოხატავს უკმაყოფილებას და საქმიან შენიშვნებს აკეთებს.
- მაგალითად?
– მაგალითად, ის წერს, რომ „ბლაუველტი დასახული მიზნისკენ სავალ გზაზე უხვად ციტირებს ამონაწერებს არქივში შენახული იმ უთვალავი ბრალდებიდან, რომლებიც წლების განმავლობაში არაერთხელ წაუყენეს ლაკობას, შესაძლოა, უკმაყოფილო ან შურიანმა პირებმა, ან სოხუმში მივლენილმა ან თბილისში შექმნილმა საგამოძიებო კომისიებმა“.
იყო ბრძოლა, ნესტორი ვერ ეწყობოდა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბევრ მდივანს, ბოლომდე არ ემორჩილებოდა პარტიის გადაწყვეტილებებს.
როცა ის (ბლაუველტი) ამბობს, რომ იყო პატრონი და იყო კლიენტურა, რომელიც ასრულებდა ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ნებისმიერ ახირებას, მსგავსი არაფერი ყოფილა.
ცნობილია სტალინის 1929 წლის წერილი, სადაც ის ადანაშაულებს ლაკობას, საყვედურობს და ამბობს, რომ ნესტორის ერთი შეცდომაა ის, რომ ზოგჯერ არ ემორჩილება პარტიის გადაწყვეტილებებს, ხოლო მეორე შეცდომაა ის, რომ მისი პოზიცია არ არის ბოლშევიკური, რადგან ეყრდნობა აფხაზეთის მოსახლეობის ყველა ფენას.
ლაკობა ამბობდა, „ჩვენ კულაკები, როგორც კლასი, არ გვყავს. არავინაა, ვისაც უნდა ვებრძოლოთ“. მერე უკვე წერილებში რაღაცებს წერდა, რომ დიდად იყო დამოკიდებული გარკვეულ სტრუქტურებზე - პარტიაზე, საქართველოს ცკ-ზე, რომელიც თავზე ედგა, საკავშირო კომპარტიის ცკ-ზე.
ასევე იყო ГПУ-ს სტრუქტურები, რომლებიც პირდაპირ მოსკოვს ემორჩილებოდნენ. შეუძლებელი იყო, ამ ყველაფრისთვის არ გაეწია ანგარიში.
– ბლაუველტის წიგნში არის დამოწმება, რომ კოლექტივიზაციის წინააღმდეგ 1931 წლის გლეხთა აჯანყების შემდეგ თითქოს ნესტორ ლაკობამ თბილისში გაგზავნა წერილი, რომელშიც აჯანყებულ გლეხებს ბანდიტები და კრიმინალები უწოდა. რას იტყოდით ამაზე?
- ელემენტარულია. მან მთლიანობაში გადაარჩინა ხალხი. მაშინ არ გამოიყენეს ძალა, რადგან დედამისიც იმ აჯანყებულთა რიგებში იდგა, რომლებიც არ ეპუებოდნენ სამხედროებს, მათ შორის მეტყვიამფრქვევეებსაც.
ბერიამ ვერ გაბედა ცეცხლის გახსნა. დიდი მსხვერპლი იქნებოდა. ამასთან, არსებობს საკავშირო კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორის, კოზლოვის ჩვენება, სადაც ის ამბობს, რომ ზოგიერთი მზად იყო მის გასაგლეჯად, იმგვარი განწყობა იყოო, მაგრამ სიტყვით გამოსვლის შემდეგ, გლეხებმა ხელში აიტაცეს და დიდხანს აბურთავეს ჰაერში.
აი, ეს კოზლოვი წერს, რომ არ იყო ეს ბოლშევიკური პოზიცია, როცა ლაკობა გამოვიდა და თქვა, ჩვენ ყველანი თანასწორები ვართ, ჩვენ ყველანი აფხაზები ვართო. ანუ ბოლშევიკებს არ მოეწონათ მისი საქციელი. ამ კოზლოვმა მოსკოვში უზარმაზარი ტელეგრამა გაგზავნა. მეტიც, აფხაზეთის შიგნითაც, ბევრი პარტიული მუშაკი, ლაკობას ე. წ. თანამებრძოლი, მის საწინააღმდეგო წერილებს წერდა ГПУ-ს. შესაძლოა, რამდენიმე ადამიანი დაექვემდებარა კიდეც რეპრესიებს, მაგრამ ძირითადად 1937 წელს, უკვე ლაკობას გარდაცვალების შემდეგ, გაუსწორდნენ დურიფშის შეკრების ყველა მონაწილეს. მანამდე მხოლოდ რამდენიმე დაიჭირეს. ამის დასაბუთებული მაგალითები მაქვს.
მაგალითად, ავიძბა სულეიმანი სოფელ აბგარხუკიდან, რომელიც 1931 წლის 23 მაისს დააპატიმრეს ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის, რაც გულისხმობდა დურიფშის შეკრებაში მონაწილეობას, გაათავისუფლეს 1931 წლის 10 ივლისს.
ლაკობამ ბევრი ხალხი დააბრუნა, მაგრამ მერე იყო ვითარებები, როცა აღარაფრის გაკეთება არ შეეძლო. აი, აგრბა კუკუნ ჰასანის ძე, სოფელ ეშერიდან, რომელიც დააპატიმრეს 1931 წლის 24 თებერვალს და გაათავისუფლეს 1931 წლის 10 ივლისს. ახბა ბესარიონი, სოფელ ლიხნიდან. საბუთებში გატარებულია კულაკად, რომელიც ხელმძღვანელობდა "კიარაზის" 300-კაციან რაზმს. 1931 წელს დააპატიმრეს, დახვრიტეს 1937 წლის 10 ოქტომბერს გაუსამართლებლად.
უამრავი ასეთი მაგალითია, ეს ყველაფერი ცნობილია. სხვათა შორის, ამის გამოც წაუყენეს ბრალი, რომ ვისი გადარჩენაც შეეძლო, ყველას ეხმარებოდა. იმათ, ვისი საქმეც აფხაზეთის ГПУ-ს ჰქონდა, როგორც წესი, ბრალს უყენებდნენ და ათავისუფლებდნენ, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც უშუალოდ საქართველოს ГПУ-ს ჰყავდა დაპატიმრებული. ასეთ შემთხვევაში ლაკობა, რა თქმა უნდა, ვერაფერს გახდებოდა. როგორც შეეძლო, ეხმარებოდა.
მაგალითად, ცნობილია, რომ იყო ასეთი სიტ ებჟნოუ, ცნობილი ორატორი, რომელმაც ბრწყინვალე სიტყვა წარმოთქვა დურიფშის შეკრებაზე. ბერია გამუდმებით ითხოვდა მის დაკავებას, თუმცა ლაკობა არ ანებებდა. ისე გამოვიდა, რომ ლაკობაზე დიდხანს იცოცხლა.
როცა 1937 წლის ნოემბერში თეატრში 13 ადამიანის საჯარო სასამართლო პროცესი გაიმართა, სიტ ებჟნოუც განსასჯელთა შორის იჯდა, მაგრამ ის არც პარტიული და არც სახელმწიფო მოღვაწე არ ყოფილა, გლეხი იყო, რომელიც გაასამართლეს და დახვრიტეს. ბერია პირადად ხელმძღვანელობდა ამ პროცესს. ეს ცნობილი ამბებია.
– დავუბრუნდეთ ჯორჯ ჰიუიტის რეცენზიას.
– მინდა ვთქვა, რომ ჯორჯ ჰიუიტმა ყურადღება მიაქცია იმას, თუ რა როლი ითამაშა ამ წიგნმა.
ის წერს: „აფხაზები რომ ოდესმე გაეცნონ ამ ნაწარმოებს, ანუ ბლაუველტის ნაშრომს, როგორი იქნებოდა მათი სავარაუდო რეაქცია? ნესტორ ლაკობას რეპუტაცია არათუ არ დაკნინდებოდა, არამედ უდავოდ გაუმჯობესდებოდა იმ უნარების გათვალისწინებით, რომელიც მას უნდა გამოეყენებინა სხვადასხვა გამოწვევის დასაძლევად და იმის მისაღწევად, რაც მან გააკეთა აფხაზეთისთვის თავისი მმართველობის მნიშვნელოვანი 15 წლის განმავლობაში“. ამომწურავი დახასიათებაა.
ჰიუიტი ბლაუველტს უსვამს კითხვას: „მაშ, როგორ ახსნით ლაკობას გაუხუნარ პოპულარობას? ეს განპირობებულია არა მხოლოდ იმით, რომ იგი, ფაქტობრივად, მოწამლეს და მოკლეს. ამის უარყოფასაც კი ცდილობს, თითქოს გვერდს უვლის. დონალდ რეიფილდი კი, მაგალითად, პირდაპირ წერს, რომ აღასი ხანჯიანი 1936 წელ პირდაპირ ბერიას კაბინეტში დახვრიტეს, ხოლო ლაკობა მოწამლეს. პრინციპში, ამის შესახებ ყველასთვის ცნობილია.
– ვინ არის აგასი ხანჯიანი?
- სომხეთის ხელმძღვანელი. ლაკობას გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ის პირდაპირ ცკ-ს შენობაში, კაბინეტში მოკლეს. მისი დასისხლიანებული ცხედარი ხალიჩაში გაახვიეს და გაიტანეს, მერე თქვეს, ვითომ თავი მოიკლა თუ მოკვდა... მოკლედ, სხვადასხვა ვერსია გაავრცელეს.
– ფიქრობთ, რომ ტიმოთი ბლაუველტი ეჭვქვეშ აყენებს ნესტორ ლაკობის მკვლელობას?
- ის იმოწმებს ოფიციალურ ცნობას, რომ ლაკობა გულის შეტევით გარდაიცვალა.
მაპატიეთ, მაგრამ ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რა დამოკიდებულება ჰქონდა ამასთან ოსიპ მანდელშტამს, რომელსაც ლექსი აქვს მის სიკვდილზე დაწერილი. და მერე რა მოხდა, როგორ დააკავეს ცოლი, დედა, შვილი, რატომღა დევნიდნენ მათ ასე ძალიან? რატომ ეძებდნენ ასე თავგამოდებით იმ არქივს, რომელიც ახლა ამერიკაშია და რომელსაც თავის მყუდრო კაბინეტში ეცნობა ბლაუველტი?
მაგრამ სწორედ მან [სარია ლაკობამ] გადაარჩინა ეს დოკუმენტები საკუთარი სიცოცხლის ფასად, ის კი მაინც ცდილობს მისთვის ჩირქის მოცხებას. რა მიზნით კეთდება ეს? სხვათა შორის, სადღაც ნესტორ ლაკობას ჯორჯ ვაშინგტონსაც კი ადარებს.
ამასთან დაკავშირებით ასეთმა მარტივმა აზრმა გამიელვა თავში. ჩვენ ხომ ვიცით, რაც ხდება ახლა ამერიკაში, როგორ ანადგურებენ სამოქალაქო ომის ძეგლებს, ფაქტობრივად ანადგურებენ იმათ ხსოვნას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საქმეებში. საუბარია ისტორიულ პირებზე. ბლაუველტი კი ასეთ პარალელს აკეთებს. ამასთან, ის უარყოფითად საუბრობს ჯორჯ ვაშინგტონზე, რომ ის ასეთი და ისეთი იყოო.
– ჯორჯ ჰიუიტის გარდა, თუ იყო სხვა გამოხმაურებები ამ წიგნზე? თუ იცნობთ მათ?
– სხვათა შორის, „Ab Imperio“-ს 2023 წლის N3-ში დაიბეჭდა ძალიან საინტერესო რეცენზია ახალგაზრდა, მაგრამ უკვე სახელოვანი ისტორიკოსის, სერგეი მანიშევისა, რომელიც სხვათა შორის, წერს, რომ ბლაუველტი ნესტორ ლაკობას სახე-ხატს ადარებს ჯორჯ ვაშინგტონის ფიგურას.
„ერის კეთილი და საყვარელი მამა, უკიდურესად პატიოსანი, რომელსაც არ შეეძლო არც შეცდომა და არც მოტყუება, რომელიც სარგებლობდა ხალხის სიყვარულითა და პატივისცემით“, სარკაზმით ამბობს, რომ დაახლოებით ისეთივეა, როგორიც ნესტორ ლაკობაო, გესმით? სინამდვილეში კი, თითქოს, ყველაფერი სხვაგვარად იყოო.
ჩემს ნათქვამს რომ დავუბრუნდეთ, არსებობს სერიოზული კითხვები, რადგან ბლაუველტი კრიტიკულად არ მიუდგა დოკუმენტებს. მაგალითად, ის იღებს საბუთებს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივიდან, ГПУ-ს არქივიდან. საბუთებს, რომლებიც ბერიას ხალხის მიერ იყო შედგენილი. ხომ გასაგებია, როგორი ურთიერთობა ჰქონდა ბერიას ლაკობასთან.
აქ არის მთელი ჭუჭყი, ყველაფერი, რაც ისმოდა სოხუმის ქუჩებში და ყველაფერი, რასაც დამსმენები წერდნენ.
ახლა კი ნახეთ, რას წერს მანიშევი: „ავტორი [ტიმოთი ბლაუველტი] რამდენიმე თავს უძღვნის ლაკობას წინააღმდეგ გაკეთებული ყველა სახის დასმენის თუ საჩივრის გარჩევასა და მათზე რეაგირებას, როგორც ლაკობას, ისე საქართველოს პარტიული ორგანოების მხრიდან. ზოგჯერ ფაქტების შერჩევა და მათი გადმოცემა ქმნის შთაბეჭდილებას, განსაკუთრებით მე-3, მე-4 და მე-6 თავებში, თითქოს აფხაზეთის მთელი ისტორია განსახილველ პერიოდში განისაზღვრება მხოლოდ ლაკობას პირადი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების კონტექსტში.
ავტორი უხვად და, ჩემი აზრით, ზედმეტად უხვადაც კი, ციტირებს პარტიულ დოკუმენტებს და ლაკობას პირადი მიმოწერის ფრაგმენტებს.
ამასთან დაკავშირებით ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვა: რამდენად შეიძლება ვენდოთ სტალინის ეპოქის ოფიციალურ დოკუმენტებს?
მათში მოყვანილი ინფორმაცია ყოველთვის შეესაბამებოდა თუ არა სინამდვილეს?
ვფიქრობ, რომ არა და იმ პერიოდის დოკუმენტები, რომლებიც სამეცნიერო მიმოქცევაში შევიდა ბოლო 30 წლის განმავლობაში, მხოლოდ ადასტურებენ ამგვარი ეჭვების საფუძვლიანობას.
შესაბამისადვე, ჩნდება შემდეგი ლოგიკური კითხვა: რამდენად სარწმუნო იყო ლაკობასთვის წაყენებული ბრალდებები? ხომ არ არის ეს ყველაფერი ძალაუფლებისთვის ბრძოლის რიტორიკული ასახვა, რომელიც გაფორმებულია სისტემატური დასმენებით?
სამწუხაროდ, ავტორი საერთოდ არ ეხება ამ უაღრესად მნიშვნელოვან საკითხს“. კიდევ: „სამწუხაროა, რომ ავტორი არ ჩაუღრმავდა თავისი გმირის გარდაცვალების გარემოებებს და ახსენა მხოლოდ ის, რაც, მისი თქმით, შევიდა „მითოლოგიის“ სფეროში - ვახშამი ბერიასთან, რის შემდეგაც ლაკობა ავად გახდა და გარდაიცვალა. ეს სიუჟეტი იქცა ორი პოლიტიკური მოღვაწის ურთიერთობის კულმინაციად. მის ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული საბჭოთა კონტროლის სისტემის ფუნქციონირების გაგება.
თუ ლაკობა მართლაც მოწამლეს, საკითხავია, სტალინის თანხმობით მოხდა ეს თუ - არა? და თუ არა, მაშინ რატომ გაუვიდა და შერჩა ბერიას ასეთი მასშტაბის თვითშემოქმედება?”
სერგეი მანიშევი დასკვნაში წერს „სავარაუდოდ, კვლევის კონცეფციასა და დასკვნებზე გავლენა იქონია გამოყენებული წყაროების ბაზამ.
წიგნი ძირითადად დაფუძნებულია ქართულ არქივებზე და დასანანია, რომ ავტორმა არ გამოიყენა მასალები რუსეთის არქივებიდან“. სხვათა შორის, მან აწონ-დაწონა ამ ნაწარმოების ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე და დაწერა, რომ „ბლაუველტმა წარმატებით აღადგინა ლაკობა დაუმსახურებელი დავიწყებიდან“. აი, ასე გაეხუმრა ავტორს თავისი ნაშრომი. ასეთი ამბავია.
2021 წელს, როგორც კი გამოვიდა წიგნი, დავწერე მოკლე გამოხმაურება, სადაც სწორედ ამ საკითხზე გავამახვილე ყურადღება. არ შეიძლება საარქივო დოკუმენტების ასეთნაირად შერჩევა. სწორედ ამიტომ არ იღებდნენ მათ ქართველი ისტორიკოსებიც კი. აშკარაა, რომ ყველა ეს დოკუმენტი დასმენის სახითაა შედგენილი.
– ტიმოთი ბლაუველტი წერს, რომ „თანამედროვე აფხაზეთში ნესტორი მითოლოგიური ფიგურაა. აფხაზებს მისი მმართველობის დრო მიაჩნიათ სამოთხედ, რომელიც ბერიას და „ბერიევშჩინის“ გამო დაკარგეს. ბლაუველტი ასევე მიიჩნევს, რომ ყველაზე სასარგებლო, რაც მის წიგნს შეუძლია გააკეთოს, ეს არის მითოლოგიური საფარველის ჩამოხსნა ისტორიული მოვლენებისათვის. შეძლო თუ არა ავტორმა ამ საფარველის მოხსნა?
- არა. ვფიქრობ, ახალი მითოლოგიით დამუხტა, ოღონდ უკვე დასმენების საფუძველზე.
დასმენების საფუძველზე მან ისეთი მახინჯი მითოლოგია შექმნა, როგორიც არც კი წარმოუდგენია.
საქმე ის არის, რომ ნესტორისა თუ სარიას ხსოვნასთან ბრძოლა უაზრობაა, რადგან ეს სახელები არა მარტო აფხაზეთის ისტორიაში შევიდნენ.
აიღეთ სემიონ ლიპკინის პოემა "ნესტორი და სარია", რომელიც დაიწერა 1956-1962 წლებში. განა, მან ან სხვა ვინმემ თქვა, რომ რომელიმე მმართველი იდეალური იყო? იდეალური მმართველები არასოდეს ყოფილან.
ის [ტიმოთი ბლაუველტი] ცდილობს რაღაც ჭუჭყიან საცვლებში იქექოს, რადგან ყველა ეს დასმენა საშინელებაა. ამას მკაფიოდ აღნიშნავს ლიპკინი თავის პოემაში. რატომ ვციტირებ მას? იმიტომ, რომ დაიწერა ნესტორ ლაკობასთან დაახლოებული ადამიანების მოგონებებიდან. ეს არ არის მოგონებები ასი წლის შემდეგ. ეს ის ხალხია, ვინც ბანაკებში იმყოფებოდა, ვინც იხსენებდა, მათ შორის, სარიას ძმაც. შემიძლია წაგიკითხოთ, ძალიან საინტერესო დახასიათებაა:
მას ყველაფერი უყვარდა უბრალო ხალხში,
ადათ-წესები და ეპოსები თავადებისა,
რომლებიც მან არ გაანადგურა
და ერთგვარ ცოცხალ მუზეუმად გადააქცია.
ის უხალისოდ ასახლებდა თავის აფხაზებს,
ასიდან ერთს თუ გაასახლებდა,
სხვა არჩევანი როცა არ ჰქონდა.
თანმიმდევრული იყო საქმეში,
მის სამუშაოს აფხაზი ერქვა...
კარგად იცოდა ხრიკების ფასი,
ხშირად სიმართლეს თვალს უხუჭავდა,
ხანაც მრუდე გზას დაადგებოდა,
როს იქცეოდა იგი კრისტალად?
მაშინ აფხაზეთს როცა იცავდა!
ასეც იყო, ამიტომ არის ასეთი სიყვარული და ასეთი დამოკიდებულება ნესტორ ლაკობას მიმართ.