1992-1993 წლების აფხაზეთის ომის შესახებ ჰყვება ცნობილი აფხაზი ისტორიკოსი სტანისლავ ლაკობა, აფხაზეთის უზენაესი საბჭოსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი (1991-1996 წ.წ.), უზენაესი საბჭოს თავჯდომარის პირველი მოადგილე, რომელსაც ორჯერ ეკავა უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი (2005-2009; 2011-2013 წ.წ.) ომის დროს ის დეპუტატი იყო და ხელმძღვანელობდა საერთაშორისო საკითხებისა და საპარლამენტთაშორისო კავშირების კომისიას. სტანისლავ ლაკობას ესაუბრა რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტის, „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი აფხაზეთში, ელენა ზავოდსკაია.
Your browser doesn’t support HTML5
ელენა ზავოდსკაია: სტანისლავ, თქვენ 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომის მრავალი პოლიტიკური პროცესის მომსწრე და მონაწილე იყავით. ძალიან საინტერესოა თქვენი შეფასება და აზრი იმ დროს მოქმედ პოლიტიკურ ლიდერებზე. მოდით, ეს მოვლენები გავიხსენოთ და იქნებ ბორის ელცინით დავიწყოთ.
დაგომისის ეს შეხვედრა ისტორიაში შევიდა როგორც "დაგომისის შეთქმულება". ფაქტობრივად „მწვანე შუქი“ აუნთეს სამხედრო მოქმედებებს. აფხაზეთის ბედი წინასწარ იყო განსაზღვრული.
სტანისლავ ლაკობა: რა თქმა უნდა, იმ პერიოდის განხილვისას პირველ რიგში ელცინის შესახებ უნდა ვილაპარაკოთ. ელცინი რომ შეწინააღმდეგებოდა, მაშინ აფხაზეთის ომი არ დაიწყებოდა. ჩემთვის ეს სრულიად აშკარაა. ის ძალიან საკამათო ფიგურა იყო, განსაკუთრებით კი, თუ ვილაპარაკებთ 1992 წელზე, როდესაც გამსახურდიას მერე სათავეში შევარდნაძე მოვიდა გადატრიალების შედეგად, და მისი გამოჩენისთანავე საქართველო 30-ზე მეტმა ქვეყანამ აღიარა. გამსახურდიას დროს ეს არ ყოფილა. საბოლოო ჯამში გამსახურდია უფრო უპასუხებდა რუსეთის ინტერესებს, ვიდრე შევარდნაძე, მაგრამ მოვლენები მთლად ასე წარიმართა. თვითონ გამსახურდია უკვე იმ დროისთვის ამბობდა, რომ ეს იყო უპირველეს ყოვლისა ამერიკელების მიერ დაგეგმილი შეთქმულება, რომ მის ჩამოგდებაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო მდივანი ბეიკერი და ბუში. არც სამხედროების მონაწილეობის გარეშე მოხდებოდა რამე. ჩვენ ვიცით, რომ იმ პერიოდში გრაჩოვს (მოგვიანებით რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი) აქტიური კონტაქტები ჰქონდა კიტოვანთან. კიტოვანი "ეროვნული გვარდიის" მეთაური იყო, შემდეგ კი გამსახურდიას დაუპირისპირდა. თავის დროზე ბეიკერი ამბობდა, რომ იმ პერიოდში (1994 წლამდე) რუსეთის პოლიტიკა ამერიკის საგარეო პოლიტიკის ფარვატერში წარმოებდა...
1992 წლის 24 ივნისს დაგომისში შედგა შეხვედრა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის თაობაზე, რომელიც ჯერ კიდევ გამსახურდიას დროს დაიწყო. შევარდნაძეს ხელების დაბანა სურდა, რადგანაც ამ კონფლიქტის წინააღმდეგი იყო და დღის წესრიგში სულ სხვა საკითხები იდგა, ქვეყანა საერთაშორისო ორგანიზაციებში იყო გასაწევრიანებელი. 24 ივნისს დაგომისის შეხვედრაზე ომს ბოლო მოეღო, ორივე მხარე შეთანხმდა, დაესრულებინათ იგი. და ის უნდა დასრულებულიყო, რადგან რუსეთის ხმის გარეშე და საბრძოლო მოქმედებების ფონზე საქართველო გაეროში ვერ გაწევრიანდებოდა. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ იმავე საღამოს ელცინსა და შევარდნაძეს შორის ხელი მოეწერა კომუნიკეს თანამშრომლობის შესახებ. იმის შესახებ, რომ მათი სამართალდამცავი ორგანოები მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე იბრძოლებდნენ ნახევრად ლეგალური და სხვა სახის სამხედრო დაჯგუფებების წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა შედეგად ის, რომ 14 აგვისტოს საქართველომ თავისი ჯარი შეიყვანა აფხაზეთის ტერიტორიაზე. დაგომისის ეს შეხვედრა ისტორიაში შევიდა როგორც "დაგომისის შეთქმულება". ფაქტობრივად „მწვანე შუქი“ აუნთეს სამხედრო მოქმედებებს. აფხაზეთის ბედი წინასწარ იყო განსაზღვრული.
ელენა ზავოდსკაია: რატომ?
სტანისლავ ლაკობა: იმიტომ, რომ მიღწეულ იქნა შეთანხმება - კომუნიკე - წესრიგის დამყარების შესახებ: საქართველოში საქართველოს ჯარები დაამყარებდნენ წესრიგს, რუსეთი კი არ ჩაერეოდა. ამაზეა ლაპარაკი.
რუსეთის მაშინდელი მთავრობის და ელცინის მთავარი ამოცანა იყო შევარდნაძისგან საქართველოს დსთ-ში გაწევრიანების პირობის მიღება ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ის გამსახურდიას ნაცვლად ჩავიდა საქართველოში.
ელენა ზავოდსკაია: სტანისლავ, თქვენი აზრით, იმ პერიოდში რა სტრატეგიულ მიზანს ისახავდა ელცინი საქართველოსთან და აფხაზეთთან ურთიერთობებში?
სტანისლავ ლაკობა: ჩემი აზრით, ამ პერიოდში ელცინს ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა იმის შესახებ, თუ რა და როგორ მოხდებოდა. საინტერესოა, რომ იმ დროს საგარეო პოლიტიკის საკითხებს, განსაკუთრებით ახლო საზღვარგარეთში, კავკასიის რეგიონში, უფრო მეტად სამხედრო უწყება იყო დაკავებული, ვიდრე დიპლომატიური, რაც მოვლენებით დასტურდება.
რუსეთის მაშინდელი მთავრობის და ელცინის მთავარი ამოცანა იყო შევარდნაძისგან საქართველოს დსთ-ში გაწევრიანების პირობის მიღება ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ის გამსახურდიას ნაცვლად ჩავიდა საქართველოში. თუმცა როგორც კი ის საქართველოში ჩავიდა, შევარდნაძემ სხვანაირად დაიწყო მოქმედება: მან დაივიწყა თავისი ვალდებულებები, აჭიანურებდა მათ შესრულებას, ამბობდა, სუსტები და დაუცველები ვართ, "ზვიადისტებს" ვებრძვით, არმია უნდა გავაძლიეროთ, წესრიგი უნდა დავამყაროთ, შეიარაღება არ გვაქვს, შეიძლება ჩამოგვაგდონ და გამსახურდიას რეჟიმის რესტავრაცია მოხდესო. ის ამით ელცინს თითქოს აშინებდა და თბილისში ტელეცენტრის დაკავების ინსცენირებაც კი მოაწყო. ეს მოხდა 24 ივნისს. დღისით შევარდნაძემ დაასრულა ამ გადატრიალებასთან ბრძოლა და შემდეგ უცებ თქვა: "თამაში დასრულებულია!" საღამოს კი ელცინთან შესახვედრად გაფრინდა. ეტყობა დაარწმუნა ის, რომ შეიარაღება მიეცათ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დსთ-ს წევრი ჯერ არ იყო.
ელენა ზავოდსკაია: დიახ, ცნობილია, რომ ომის დაწყების წინ საქართველოს ხელმძღვანელობას გადაეცა იარაღი, რომელიც იყო საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე საბჭოთა ბაზებზე. შეგიძლიათ ცოტა დეტალურად გვიამბოთ, რა ტიპის შეიარაღებაზე იყო საუბარი და როგორ მოხდა ეს გადაცემა?
სტანისლავ ლაკობა: მათ გადაეცათ რამდენიმე დივიზია, ტანკები, ჯავშანტექნიკა, თვითმფრინავები, ვერტმფრენები. ზუსტი რაოდენობის დასახელება არ შემიძლია, მაგრამ ჯავშანტექნიკა ბევრი იყო. 11 აგვისტოს შევარდნაძე სახელმწიფო საბჭოში სიტყვით გამოვიდა: "ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ასეთი ძლიერები, როგორც დღეს, 2-3 დღის წინაც კი არა." არსებობს სერიოზული ანალიტიკოსების სათანადო პუბლიკაციები, რომელთა მიხედვითაც, ეს ყველაფერი ივლისის ბოლოს - აგვისტოს დასაწყისში მოხდა. კერძოდ, ახალქალაქში უზარმაზარი ბაზა იყო, გადასცეს მთელი მისი შეიარაღება, შემდეგ მთელი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი ფაქტობრივად შევარდნაძეს დაუქვემდებარეს. და ჩვენ ვიცით, რომ ამ ჯავშანტექნიკას, რომელიც აფხაზეთში შევიდა 14 აგვისტოს, მექანიკოს-მძღოლებად ძირითადად ემსახურებოდნენ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო მოსამსახურეები.
ელცინმა შევარდნაძეს ყველაფერი მისცა, რაც მას სურდა: შეიარაღებაც, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქიც მხარს უჭერდა მას, დესანტიც გადასხეს, მაგრამ შევარდნაძემ ეს ვერ გამოიყენა.
ელენა ზავოდსკაია: თქვენ იმის შესახებ წერთ, რომ ელცინი საქართველოს მხარს უჭერდა 1992 წლის 25 სექტემბრამდე. იმ დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე შევარდნაძემ უცებ დასავლეთს სთხოვა დახმარება და რუსეთი დაადანაშაულა. რა მოხდა შევარდნაძესა და ელცინს შორის 1992 წლის სექტემბერში? რამ განაპირობა მათი ურთიერთობის გაუარესება, თუ დასაწყისშივე არ იყო მყარი?
სტანისლავ ლაკობა: მოკლედ რომ ვილაპარაკოთ, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ იყო პირველი ეტაპი, ასეთად მივიჩნიოთ დაგომისის 1992 წლის 24 ივნისის კომუნიკედან 1992 წლის სექტემბრამდე [პერიოდი]. ამ ეტაპზე ელცინი და მისი გარემოცვა მხარს უჭერდნენ საქართველოს, რადგანაც შევარდნაძე მათ დაჰპირდა, რომ იქნებოდა ბლიცკრიგი - ელვისებური ომი, რომელიც 2-3 დღე გაგრძელდებოდა მინიმალური სისხლისღვრით. იქ უბრალოდ რაღაცას შევცვლით, რამდენიმე ადამიანს მოვაშორებთ და მერე კვირას შევხვდებით კრასნაია-პოლიანაშიო. 16-ში კრასნაია-პოლიანაში, სამხედრო სანატორიუმის ტერიტორიაზე, მაგიდები იყო გაშლილი, ელცინი კი სოჭში იმყოფებოდა. ის კი არა, იმ დღეს კრასნაია-პოლიანაში ჩავიდა, მისი ესკორტის მანქანებმა იტრიალეს და წავიდნენ, რადგან ბლიცკრიგი არ შედგა. ელცინმა შევარდნაძეს ყველაფერი მისცა, რაც მას სურდა: შეიარაღებაც, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქიც მხარს უჭერდა მას, დესანტიც გადასხეს, მაგრამ შევარდნაძემ ეს ვერ გამოიყენა. მან ეტყობა სათანადოდ ვერ შეაფასა აფხაზების შესაძლებლობები, ეგონა, რომ ჯავშანტექნიკის დანახვაზე ყველა დაიფანტებოდა, და არავინ ელოდა შეტაკებების დაწყებას. თანაც ოპერაცია შეფერხდა. ისინი გეგმავდნენ დილით ადრე სარკინიგზო პლატფორმიდან გადასხდომას ლესელიძესთან საზღვრით დაწყებული. ქვედანაყოფები ისე უნდა გადამსხდარიყვნენ ჯავშანტექნიკასთან ერთად, რომ დილისთვის ფაქტობრივად [აფხაზეთის] მთელი ტერიტორია ყოფილიყო სამხედროების მიერ ოკუპირებული.
ელცინიც მიხვდა, რომ დსთ-ში საქართველოს გაწევრიანებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. საინტერესოა, რომ ომის წინ ჯაბა იოსელიანმა ურჩია შევარდნაძეს, დსთ-ში შესვლაზე ხელი მოეწერა, შევარდნაძემ კი უპასუხა, ნუ ჩქარობო.
მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად ენგურთან ერთ-ერთი ხიდი აფეთქდა. იძულებული გახდნენ, ტანკები პლატფორმებიდან ჩამოეტვირთათ. ისინი საკუთარი სვლით წავიდნენ და მხოლოდ დღისით ჩააღწიეს სოხუმში. პირველი შეტაკებები უკვე 14-ში დაიწყო და ტყვარჩელის მოსახვევთან ტანკს მოარტყეს.
ამ პირველ პერიოდში, როდესაც საქართველოს გადაეცა რამდენიმე დივიზია თავისი შეიარაღებითა და ჯავშანტექნიკით, ვერტმფრენები, თვითმფრინავები და ა.შ., ელცინმა ძალიან ბევრი გააკეთა: თვალიც დახუჭა და დახმარებაც აღმოუჩინა.
სხვათა შორის, საქართველო გაეროში 31 ივლისს მიიღეს, ორი კვირის შემდგომ კი ომი დაიწყო. ამასთან, გაეროში გამოსვლისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩიკვაიძემ, განაცხადა, რომ საქართველოში არ იყო არაქართული მიწა და უკანაკნელ გოჯამდე დავიცავთ ჩვენს მიწასო. აი, რას ლაპარაკობდა ომის დაწყებამდე, ხოლო როცა წარუმატებლობები დაიწყო, შევარდნაძე უცებ გამოვიდა ნიუ-იორკში და რუსეთი დაადანაშაულა იმაში, რომ ის არის ხელის შემშლელი, ის გვიბიძგებს მტრობისკენ, მშვიდად ცხოვრებაში გვიშლის ხელსო და ა.შ. ელცინსაც ჰყავდა ოპოზიციური პარლამენტი და სერიოზული ოპოზიცია ქვეყნის შიგნით. ვერ მოასწრო შევრდნაძემ გაეროს ტრიბუნიდან ჩამოსვლა, რომ რუსეთის უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება "მდგომარეობის შესახებ ჩრდილოეთ კავკასიაში, აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით", რომელშიც მოითხოვეს ქართული ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანა აფხაზეთის ტერიტორიიდან. თვითონ შევარდნაძე ნიუ-იორკიდან პირდაპირ მოსკოვში გაემგზავრა და შემდგომ ამბობდა, რომ ელცინი მას ძალიან ცივად შეხვდა.
ელენა ზავოდსკაია: ანუ გაეროში გამოსვლის შემდეგ, სადაც მან წარუმატებლობების გამო რუსეთს დასდო ბრალი, შევარდნაძეს ეგონა, რომ მას მოსკოვში თბილად მიიღებდნენ?
ეს იყო დასავლეთის თამაში, მაგრამ ის ხორციელდებოდა იმ რუსეთის, ელცინისა და მისი გარემოცვიდან რამდენიმე ადამიანის ხელით.
სტანისლავ ლაკობა: არა მგონია, რომ ის განსაკუთრებით თბილ დახვედრას ელოდა, მაგრამ ალბათ არ ფიქრობდა, რომ ასეთი რეაქცია იქნებოდა, იმიტომ რომ მას ბევრ რამეს პატიობდნენ. ეს, ცხადია, მისი შეცდომა იყო. გაღიზიანებულმა ელცინმა მაშინ თქვა: "მას თავი დიდ ვინმედ წარმოუდგენია, თვითონ კი ბანანების რესპუბლიკაც არ აქვს". ეს ელცინის ცნობილი სიტყვებია. ხომ ვამბობ, რომ ყველაფერი მაინც დსთ-ს გარშემო ტრიალებდა. მერე გრაჩოვი დარწმუნდა რომ მისი მეგობარი კიტოვანი და სხვები ვერ შეძლებდნენ საქართველოს დსთ-ში გაწევრიანების საკითხის მოგვარებას, ეს კი მთავარი საკითხი იყო. უფრო მეტიც, დარწმუნდნენ, რომ ისინი ამას საერთოდ არ აპირებდნენ და ამაზე საერთოდ არ ფიქრობდნენ, აი, მაშინ გაუარესდა სიტუაცია.
ელცინიც მიხვდა, რომ დსთ-ში საქართველოს გაწევრიანებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. საინტერესოა, რომ ომის წინ ჯაბა იოსელიანმა ურჩია შევარდნაძეს, დსთ-ში შესვლაზე ხელი მოეწერა, შევარდნაძემ კი უპასუხა, ნუ ჩქარობო. ჯაბამ, რომელსაც ენა უჭრიდა, ამაზე მიუგო: „მოსკოვში რომ დააცემინონ, ჩვენ ფილტვების ორმხრივი ანთება დაგვემართება!“ რაზეც შევარდნაძემ უპასუხა, ჯერ აფხაზეთის საკითხი უნდა მოვაგვაროთო. აქედან ჩანს, რომ შევარდნაძეს უნდოდა აფხაზეთში შესულიყო დსთ-ში შეუსვლელად, ის საკუთარ თამაშს თამაშობდა.
ასევე ნახეთ ინტერვიუ: დავით ჯიშკარიანი აფხაზეთის ომზეელენა ზავოდსკაია: რაში მდგომარეობდა მისი თამაში?
სტანისლავ ლაკობა: ეს იყო დასავლეთის თამაში, მაგრამ ის ხორციელდებოდა იმ რუსეთის, ელცინისა და მისი გარემოცვიდან რამდენიმე ადამიანის ხელით. თუმცა რუსეთში იყო მოწინააღმდეგე ძალებიც, ვინც აფხაზეთს უჭერდა მხარს: იგივე პარლამენტი, ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები, კაზაკები, რუსეთის სამხრეთი, ძალიან ბევრი იყო მოხალისე, ვინც აფხაზეთში ჩადიოდა.
ელენა ზავოდსკაია: გთხოვთ, დააკონკრეტეთ, რაში მდგომარეობს შევარდნაძის ამ თამაშის აზრი?
სტანისლავ ლაკობა: აშშ-ში 1992 წლის თებერვლის დამდეგს შევარდნაძემ, მსოფლიოს ფარული ძალების გადაწყვეტილებით, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ საქართველოს ჩაუდგებოდა სათავეში (ის თბილისში 1992 წლის 7 მარტს ჩავიდა და სახელმწიფო საბჭოს წევრი გახდა), კომპანია "Brock group LTD"-სთან ხელი მოაწერა ოქმს საქართველოს ეკონომიკური გეოსტრატეგიის შესახებ მომავალი ათწლეულებისთვის. მე გამოვაქვეყნე ეს მასალები. მათ შევარდნაძისნაირი ადამიანი სჭირდებოდათ.
ამ ომის შედეგად, 9 ოქტომბერს საქართველო შევიდა დსთ-ში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მოაშორებდნენ შევარდნაძეს და დააბრუნებდნენ გამსახურდიას.
ელენა ზავოდსკაია: რაზე იყო იქ ლაპარაკი?
სტანისლავ ლაკობა: საქმე ეხებოდა ენერგორესურსების ტრანსპორტირებას, ბათუმისა და ფოთის პორტებს. ეს იყო წინასწარი გეგმები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მომავალი გაზსადენისა რუსეთის გვერდის ავლით. ანუ მან იქ, ამერიკაში, 1992 წლის თებერვალში ასევე მიიღო ყველაფერზე თანხმობა.
ელენა ზავოდსკაია: გთხოვთ, დაგვიკონკრეტეთ, რა მიმართულებით მიჰყავდა შევარდნაძეს საქართველო, რა იყო მიზანი?
სტანისლავ ლაკობა: შევარდნაძეს სურდა საქართველოს გაყვანა რუსეთის გავლენიდან, ის არ აპირებდა დსთ-ში შესვლას და პირდაპირი კურსი ჰქონდა აღებული დასავლეთისკენ. მაგრამ მაშინ არ შეიძლებოდა მას ეს გამოსვლოდა. ის ძალიან მიენდო თავის დასავლელ მეგობრებს.
ამ ომის შედეგად, 9 ოქტომბერს საქართველო შევიდა დსთ-ში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მოაშორებდნენ შევარდნაძეს და დააბრუნებდნენ გამსახურდიას. მით უმეტეს, გამსახურდია სამეგრელოში იყო და ფოთში ბრძოლები მიმდინარეობდა. გახსოვთ, მაშინ რა მოხდა, როდესაც რუსეთის საზღვაო დესანტი გადასხეს? ისინი შევარდნაძეს დაეხმარნენ და ბლოკადა მოაშორეს რკინიგზას ფოთის, სამტრედიის მიმართულებით, პორტებს და სხვ. ეს ხომ შეთანხმებები იყო. ამის შემდეგ უცებ შეხვედრა მოსკოვში, სადაც შევარდნაძემ 1993 წლის 9 ოქტომბერს, უკვე აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ, ხელი მოაწერა დსთ-ს შემადგენლობაში შესვლას.
„კიტოვანის გვარდიელები კალიებივით შეესივნენ ქალაქს. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ჩვენ ასეთი უსირცხვილოები ვიყავით“. ასე ამბობდა ის [ლომინაძე] უკვე ომის შემდეგ. მან თქვა, რომ „ჩვენ ბევრ რამეში ვართ დამნაშავე“.
აი, ამიტომაც აკრიტიკებს შევარდნაძეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი შარაშენიძე. მისი თქმით, ამის გაკეთების საშუალება ადრევე იყო, და ყველაფერი კარგად იქნებოდა, არც აფხაზეთის ომი მოხდებოდა და, საერთოდ, არც არაფერი მოხდებოდა. ამას გარდა, მათ მგონი 20 წლის ვადით გამოყვეს ტერიტორიები საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზებისთვის, ფოთის პორტი რუსეთს გადასცეს, დააბრუნეს ზოგიერთი კადრი (გიორგაძე, ნადიბაიძე), რომლითაც იყო დაინტერესებული რუსეთის ფედერაცია. და შევარდნაძე დროებით, დაახლოებით 1996 წლამდე, დაბრუნდა რუსული გავლენის ორბიტაზე.
ელენა ზავოდსკაია: სტანისლავ, ელცინისა და შევარდნაძის როლზე უკვე ისაუბრეთ. მოდით, გადავიდეთ ვლადისლავ არძინბას როლზე. ომის დროს, როცა უკვე დაიწყო სამხედრო მოქმედებები, როგორი იყო დამოკიდებულება სამ ლიდერს შორის? დაგვიხასიათეთ ვლადისლავ არძინბა, ვითარებაზე მისი შეხედულებები და მისი მოქმედება?
სტანისლავ ლაკობა: რა თქმა უნდა, მას იმედი ჰქონდა, რომ რუსეთი და ელცინი, რომელსაც ცოტა ხნით ადრე ხვდებოდა, უმოქმედოდ არ იქნებოდნენ, რომ რაიმე სახის დახმარებას აღმოუჩენდნენ. ომის პირველ დღეს, 14 აგვისტოს, ის ცდილობდა დაკავშირებოდა ელცინს, რომელიც სოჭში იმყოფებოდა. მაგრამ კორჟაკოვმა რამდენჯერმე უპასუხა: „ბორის ნიკოლაის ძე ზღვაშია...“. ფაქტობრივად, არანაირი კონტაქტი არ იყო. ვხედავდით, როგორ ხდებოდა რუსეთის სამხედროების დაჩქარებულად ევაკუირება.
ადლერის აეროპორტში იმყოფებოდა თვითმფრინავი ტუ-134 თბილისიდან, ქართული სპეცრაზმით. მათ ალბათ ეგონათ, რომ აფხაზეთის ხელმძღვანელობა გაიქცეოდა და ისინი საზღვარზე დაიჭერდნენ ყველას.
ვლადისლავ არძინბას ჰქონდა, რა თქმა უნდა, გარკვეული დაბნეულობის მომენტები, მაგრამ სულით არასოდეს დაცემულა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 14 აგვისტოს მან ტელევიზიით განცხადება გააკეთა და ხალხს წინააღმდეგობისკენ მოუწოდა, განაცხადა, რომ ეს აგრესიის აქტი იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან იმ დღეს უკიდურესად რთული იყო ორიენტირება. მეტიც, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა საქართველოს ხელმძღვანელობას და მხარი დაუჭირა იმას, რაც ხდებოდა. ეს მოხდა კოზირევის დროს და, სხვათა შორის, 1992 წლის 19 აგვისტოს გამოქვეყნდა „სვობოდნაია გრუზიაში“. მათ მხარი დაუჭირეს ამ აქციას, თქვეს, რომ ეს არის ბრძოლა სეპარატისტებთან, ტერორისტებთან და ა.შ. და იცით, აქ რა ხდებოდა და როგორ ეპყრობოდნენ მრავალეროვან რუსულენოვან მოსახლეობას, რა მოუვიდათ სომხებს, ბერძნებს, რომ არაფერი ვთქვათ აფხაზებზე? იმ დღეებში აქ ნამდვილი გენოციდი იყო. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ლომინაძეც კი იხსენებდა, რომ: „კიტოვანის გვარდიელები კალიებივით შეესივნენ ქალაქს. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ჩვენ ასეთი უსირცხვილოები ვიყავით“. ასე ამბობდა ის უკვე ომის შემდეგ. მან თქვა, რომ „ჩვენ ბევრ რამეში ვართ დამნაშავე“.
ელენა ზავოდსკაია: იმ მძიმე დღეებში როგორ განწყობაზე იყო ვლადისლავ არძინბა? როგორ რეაგირებდა ის სიტუაციაზე არა მარტო როგორც ისტორიული პიროვნება, არამედ როგორც უბრალო ადამიანი?
სტანისლავ ლაკობა: მისთვის დიდი მოულოდნელობა იყო, რაც მოხდა. იგრძნობოდა, რომ ის აგზნებული ცდილობდა რაღაც გაეკეთებინა, გაერკვია, ტელეფონით დაკავშირებოდა პირველ პირს. ის ხომ შემთხვევით არ ცდილობდა რუსეთის ხელმძღვანელთან დაკავშირებას?! ცხადი იყო, ელცინი წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, არანაირი სამხედრო ავანტიურა არ იქნებოდა. იყო მორიგება, მაგრამ ამაზე ჩვენ მხოლოდ ახლა შეგვიძლია ლაპარაკი, როცა უკვე ვიცნობთ დოკუმენტებს და მასალებს.
ეს პირველი ზარი იყო მოსკოვიდან, რეკავდა ბურბულისი, რომელიც მაშინ სახელმწიფო მდივანი იყო. საღამოს ვლადისლავი გამოჩნდა და სრულიად სხვა ხასიათზე იყო.
კი, დეპუტატების გარკვეული ჯგუფი მაშინ მის გვერდით იმყოფებოდა, მაგრამ უსაფრთხოების მიზეზების გამო ის მიუწვდომელი იყო. გვესმოდა, რომ მასზე ნადირობა მიმდინარეობდა, თანაც ღიად ამბობდნენ, რომ „საჭიროა არძინბას საკითხის მოგვარება“. შემდეგ ზოგიერთი წყაროდან ცნობილი გახდა, რომ ადლერის აეროპორტში იმყოფებოდა თვითმფრინავი ტუ-134 თბილისიდან, ქართული სპეცრაზმით. მათ ალბათ ეგონათ, რომ აფხაზეთის ხელმძღვანელობა გაიქცეოდა და ისინი საზღვარზე დაიჭერდნენ ყველას, ჩასვამდნენ თვითმფრინავში და თბილისში ჩაიყვანდნენ, მათ შორის დეპუტატებსაც.
შემდეგ მიმდინარეობდა დესანტის გადმოსხმა რუსეთთან საზღვრის მხრიდან, რომ ჩვენთვის გზა მოეჭრათ რუსეთის საზღვრისკენ. მხოლოდ 17-ში ვნახეთ ვლადისლავი გუდაუთაში. ანუ ეს დღეები კონტაქტი არ გვქონდა, ის თავის დაცვასთან ერთად იყო.
ძალიან მნიშვნელოვანია, და ამას ჩვენი დეპუტატებიც იხსენებენ, რომ 17-ში ვლადისლავ არძინბა ტელეფონთან მიიხმო მისი დაცვის წევრმა ვიტალი ბგანბამ - მანქანაში იდგა ტელეფონი - ეს პირველი ზარი იყო მოსკოვიდან, რეკავდა ბურბულისი, რომელიც მაშინ სახელმწიფო მდივანი იყო. საღამოს ვლადისლავი გამოჩნდა და სრულიად სხვა ხასიათზე იყო.
ელენა ზავოდსკაია: როგორ შეიცვალა მისი ხასიათი ამ დღეების განმავლობაში?
სტანისლავ ლაკობა: მისი განწყობილება დღითიდღე უფრო მიზანმიმართული ხდებოდა, ის გამოვიდა გუდაუთაში, მგონი 17-ში, და აივნიდან მოუწოდა ხალხს წინააღმდეგობისაკენ. ამაში საკმაოდ დიდი როლი მიუძღვის პაველ არძინბას, რომელიც ცოტა ხნის წინ მოკლეს ტერაქტის შედეგად. ის გვერდში დაუდგა, მას ჰქონდა შესაძლებლობები, რის საშუალებითაც დაიწყეს შეიარაღებისა და ფორმების შეძენა. ვალერი აიბაც მის გვერდით იყო. ეს ხალხი იყო წინააღმდეგობის ძირითადი ბირთვი. მართალია, დეპუტატებიც იყვნენ, მაგრამ ყველა არა, 14-ოდე ადამიანი. რაც შეეხება დანარჩენებს, ზოგჯერ გაუგებარი იყო, რა როლს თამაშობდნენ ისინი.
რა თქმა უნდა, ელცინზე და რუსეთის პოლიტიკაზე დიდი გავლენა მოახდინა იმან, რომ ფეხზე დადგა ჩრდილოეთი კავკასია.
მერე ვლადისლავმა ძალის მოკრება დაიწყო. ძალიან რთული იყო ამ სიტუაციის ატანა: ხალხის სიკვდილი, ტრაგედია, დევნილი მოსახლეობა, საჭირო იყო საცხოვრებელი პირობების ორგანიზება მათთვის, ვინც აფხაზეთის ოკუპირებულ ნაწილს დააღწია თავი. არ წყდებოდა კონტაქტები რუსეთის სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან. უნდა ითქვას, რომ ყველამ - ლიბერალებმა, დემოკრატებმა, ნაციონალისტებმა - ყველამ დაუჭირა მხარი აფხაზეთს. მაგალითად, მხარი დაუჭირეს ელენა ბონერმა, დეპუტატმა სტაროვოიტოვამ. ისინი იცნობდნენ აფხაზეთს, ესმოდათ, რა ხდებოდა. ისინი ამბობდნენ: „თუკი რუსეთმა თქვენ გაგიშვათ, თქვენ აფხაზეთი გაუშვით. რას აკეთებთ ქართველებო, ბოლოს და ბოლოს?“
რა თქმა უნდა, ელცინზე და რუსეთის პოლიტიკაზე დიდი გავლენა მოახდინა იმან, რომ ფეხზე დადგა ჩრდილოეთი კავკასია. მათ დაინახეს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშაა თავად რუსეთის უსაფრთხოება. მხედველობაში მაქვს აფხაზეთის დასახმარებლად ჩამოსული მოხალისეები, კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია. ამან ისეთი სერიოზული შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ელცინი და სხვები იძულებული გახდნენ, თავიანთი კურსის კორექტირება მოეხდინათ.
ისინი ხომ ასე ფიქრობდნენ: ჩუმად, უხმოდ მოვუღებთ ბოლოს აფხაზეთს, საქართველოსთან მოვილაპარაკებთ, შევარდნაძე მაინც ჩვენი კაცია, მოსკოვში მუშაობდა, გამსახურდია არ არის ჩვენიანი, თუ შევარდნაძე ჩვენი იქნება, ჩვენი იქნება მთელი ყოფილი საქართველოს სსრ, აფხაზეთის ჩათვლით. მათ არ უნდოდათ პრობლემები და ისინი, ჩემი აზრით, ზედმეტად თავისუფლად განიხილავდნენ ამ თემას, ძალიან ხშირად არც ესმოდათ ის საკითხი, რაზეც საუბრობდნენ. მე ასეთი შთაბეჭდილება მექმნებოდა.
მან [ზვიად გამსახურდია] ისიც კი მოუწოდა იქ მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს, რომ არ ეარათ აფხაზურ ქორწილებსა და დაკრძალვებზე. აი, ასეთი წვრილმანები ხდებოდა 1989 წელს.
მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც საკითხი ესმოდათ, მაგალითად, სერგეი ბაბურინი, რომელმაც შეისწავლა და იცოდა ჩვენი პრობლემა. იყვნენ სხვებით, ჩამოდიოდნენ დეპუტატები და არა მარტო დეპუტატები. ვლადისლავს რომ დავუბრუნდეთ, მინდა ვთქვა, რომ ის ძალიან მტკიცედ მოიქცა, ძალიან დიდი შემართება გამოიჩინა. ამ პერიოდში მის გარდა ვერავინ იქნებოდა ასეთი ლიდერი. უნდა აღინიშნოს, რომ ის ძალიან გაბედულად მოიქცა, და როგორც ისტორიკოსს, თავისი როლი კარგად ესმოდა. ფაქტობრივად, არძინბამ იმ დროისთვის შეუძლებელი შეძლო.
თავის მოგონებებში გენერალი ლევან შარაშენიძე, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, პირდაპირ წერს, რომ ომის გაჩაღებაში მთელი ბრალი შევარდნაძეს მიუძღვის. ომის წინ, მაისში, ის შეხვდა არძინბას და არძინბამ უთხრა: „თუ საჭიროა, თბილისშიც კი ჩამოვალ და იქ ვილაპარაკოთ“. ის ამბობს: „მე ყველაფერ ამას მოვახსენებდი შევარდნაძეს“. მაგრამ შევარდნაძე არ რეაგირებდა, მას სურდა უბრალოდ განადგურება, დამცირება, გათელვა... აი, რაზე ფიქრობდა ის.
ელენა ზავოდსკაია: ომისწინა და საომარ ვითარებებზე საუბრისას არ შეიძლება არ ვახსენოთ ზვიად გამსახურდია. სტანისლავ, გთხოვთ მოგვიყევით, რა როლი ითამაშა მან ამ სიტუაციებში, იცვლებოდა თუ არა მისი შეხედულებები და როგორ?
სტანისლავ ლაკობა: პირველ წლებში ის ზედმეტად შოვინისტურ განცხადებებს აკეთებდა ბევრი ერის მიმართ, რომლებიც ყოფილი საქართველოს სსრ-ის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. 1989 წლის დამდეგს მან გაავრცელა მოწოდება „ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს ქართველებისადმი", სადაც ის აფხაზების წინააღმდეგ გამოვიდა, განაცხადა, რომ ისინი თითქოსდა უცხოები იყვნენ და აფხაზეთთან არავითარი კავშირი არ ჰქონდათ. მან ისიც კი მოუწოდა იქ მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს, რომ არ ეარათ აფხაზურ ქორწილებსა და დაკრძალვებზე. აი, ასეთი წვრილმანები ხდებოდა 1989 წელს, მაგრამ მათზე იშვიათად ლაპარაკობენ. არადა, 1989 წლის დასაწყისი იყო და, სხვათა შორის, ამან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა არა მხოლოდ აფხაზურ მოსახლეობაზე, არამედ აფხაზეთის არაქართველ მოსახლეობაზეც და იმ ქართველებზეც კი, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ.
ასევე ნახეთ პაველ ფელგენგაუერი: "აფხაზეთში ელცინს არ ჰქონდა მკაფიო სტრატეგია"სწორედ ამგვარმა განცხადებებმა მიიყვანა მდგომარეობა 1989 წლის აპრილში ლიხნის მოვლენებამდე, სადაც გაიმართა მრავალათასიანი სახალხო შეკრება, რომელზეც დააყენეს აფხაზეთის რესპუბლიკის 1921 წლის სტატუსის აღდგენის საკითხი. გამსახურდია ასეთ რიტორიკას ინარჩუნებდა დაახლოებით 1991 წლის მარტამდე, იმ მომენტამდე, როცა გაიმართა რეფერენდუმი. რეფერენდუმის შემდეგ აფხაზეთში გადასხეს სადესანტო-მოიერიშე ბატალიონი, მოქმედებდა კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია, და მან მაშინ დაინახა, რომ კოლოსალური საფრთხე შეიქმნა. ამ დროისთვის ის უკვე სამხრეთ ოსეთში იბრძოდა და იცოდა, რომ ორ ფრონტს ვერ მოერეოდა. და უცებ სულ სხვანაირად დაიწყო ლაპარაკი: განაცხადა, რომ აფხაზები ისეთივე მკვიდრი მოსახლეობაა, როგორც ქართველები, ლაპარაკი დაიწყო ორ აბორიგენ მოსახლეობაზე. და იმაზეც კი დაიწყო ლაპარაკი, რომ საჭიროა პარლამენტის ფორმირება. გამსახურდია ეთნიკური პრინციპით კვოტების დაწესების წინადადებითაც კი გამოვიდა, თუმცა სხვები - კერძოდ, აფხაზი იურისტი ზურაბ აჩბა - ორპალატიან პარლამენტს სთავაზობდნენ: ეროვნებათა პალატას და რესპუბლიკის პალატას, სადაც ყველა ეროვნება იქნებოდა წარმოდგენილი. მაგრამ მას ეს აზრი არ მოეწონა, თქვა, რომ ეს ძალიან სახიფათო ინსტრუმენტი იქნებოდა თავად საქართველოსთვის: მისი აზრით, ორპალატიანი პარლამენტის არსებობის შემთხვევაში, დიდ უმცირესობებს, როგორებიც არიან სომხები და აზერბაიჯანელები, პარლამენტში პრობლემების შექმნა შეეძლოთ. ის გამოვიდა ეთნიკური კვოტების წინადადებით, ანუ 28 აფხაზი დეპუტატი, 26 - ქართველი, და 11 - რუსულენოვანი. ის უფრო შორს წავიდა და დაიწყო იმაზე ლაპარაკი, რომ ურიგო არ იქნებოდა ჩეხოსლოვაკიის მსგავსად აფხაზურ-ქართული ფედერაციის შექმნა. კაცმა რომ თქვას, რამდენადაც მესმის, ის ამით ეცადა, უფსკრულის პირს მოშორებოდა და მიხვდა, რომ ცუდი მშვიდობა ჯობია ომს.
მოსაზრება, რომ შევარდნაძეს არ სურდა ჯარების შეყვანა და ამას სხვები მოითხოვდნენ, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.
ელენა ზავოდსკაია: პუბლიკაციებში ვხვდებით ასეთ მოსაზრებას, რომ შევარდნაძე არ ყოფილა 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში ჯარის შეყვანის ინიციატორი. რას ფიქრობთ ამის თაობაზე?
სტანისლავ ლაკობა: ამაზე ძალიან საინტერესოა ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ლევან შარაშენიძის აზრი, რომელიც წერს, რომ 1992 წელს მას თებერვლიდან მაისამდე ბევრი შეხვედრა ჰქონდა არძინბასთან. არძინბა თანახმა იყო შევარდნაძეს შეხვედროდა, მაგრამ დამნაშავე შევარდნაძეა, ვინაიდან ის არავითარ დათმობაზე არ მიდიოდა.
ელენა ზავოდსკაია: და, თქვენი აზრით, რატომ არ სურდა მას არძინბასთან შეხვედრა?
სტანისლავ ლაკობა: რადგანაც შევარდნაძე ამ საკითხის ძალისმიერი გზით გადაწყვეტისკენ იხრებოდა. კიტოვანისა და იოსელიანის გარემოცვაში მას განსაკუთრებული შესაძლებლობები არ მოეპოვებოდა მანევრირებისთვის. მაგრამ მოსაზრება, რომ შევარდნაძეს არ სურდა ჯარების შეყვანა და ამას სხვები მოითხოვდნენ, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. წაიკითხეთ, მაგალითად, მისი 11 აგვისტოს გამოსვლა სახელმწიფო საბჭოში. ის ამბობდა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წესრიგს დავამყარებთ, ლესელიძიდან დაწყებული, და ჩვენი საზღვრები ხელშეუხებელიაო.
ელენა ზავოდსკაია: ომამდე ბევრს წარმოედგინა, რომ შევარდნაძე საკმარისად ჭკვიანი, გამოცდილი და დიპლომატიური იყო საიმისოდ, რომ ომი არ დაეწყო. თქვენ კი მეუბნებით, რომ მას ბლიცკრიგით აფხაზეთის განადგურებისა და დაპყრობის იმედი ჰქონდა. რატომ არ მოელოდა ის სერიოზულ წინააღმდეგობას?
სტანისლავ ლაკობა: მე კი არ ვამბობ ამას, ეს დოკუმენტებიდან და მასალებიდან ჩანს. მას მართლაც ასე სურდა აფხაზეთის საკითხის სწრაფად გადაწყვეტა. [თბილისი] ხელმძღვანელობდა სამეგრელოს მაგალითით, სადაც შევიდნენ და ყველა უცებ დაიფანტა. დახოცეს ხალხი, აბუჩად აიგდეს იგი და ალბათ ფიქრობდნენ, რომ აფხაზეთშიც იგივე მოხდებოდა. მაგრამ აქ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა.
თავისი ცხოვრებისა და კარიერის მანძილზე, შევარდნაძისთვის აფხაზეთი იყო ერთგვარი აკვიატება. ის ყოველ თათბირს იწყებდა შეკითხვით: „როგორ არის საქმე აფხაზეთში?“ და ყოველთვის ეშინოდა ამის. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა ყველაფრის სხვანაირად გადაწყვეტა. ლევან შარაშენიძეც კი წერს, რომ გაკვირვებული იყო, რომ ასეთი მდიდარი გამოცდილების ადამიანმა, რომელიც რუსეთის საგარეო უწყებას ხელმძღვანელობდა, ხუთი-ექვსი თვის განმავლობაში ვერ მოახერხა არძინბასთან და აფხაზეთთან საერთო ენის გამონახვა. მიუხედავად ამისა, შევარდნაძეს არც ერთი შემხვედრი ნაბიჯი არ გადაუდგამს.
შევარდნაძე გაემგზავრა შტატებში და გამოსვლაში რუსეთს დასდო ბრალი. ამის შემდეგ რუსულ პოლიტიკაში სრული შემოტრიალება მოხდა.
სხვათა შორის, ქართველი ისტორიკოსი, ზურაბ პაპასკირიც წერს, რომ გასაკვირია, როგორ წავიდა ამაზე შევარდნაძე, ასეთი გამოცდილი ადამიანი. ის სოხუმშიც კი უნდა ჩასულიყო და მოლაპარაკებოდა არძინბას, გაერკვია, რა სურდათ აფხაზებს და გვსურდა ჩვენო. ეს ადასტურებს იმას, რასაც შარაშენიძე წერს. როგორც ჩანს, მას სრულიად სხვა მიზანი ჰქონდა, მას სურდა სამხედრო გზით გადაეწყვიტა ეს საკითხი, უცებ გაეკვეთა გორდიას კვანძი, რათა აფხაზებით ზედმეტად არ შეეწუხებინა თავი. ჩემთვის ეს სრულიად აშკარაა.
მაგრამ, ის ამას ძირითადად კიტოვანის ხელით აკეთებდა. მე 1994 წელს ჟენევაში მოლაპარაკებების დროს ვესაუბრე იოსელიანს. ვკითხე: „ჯაბა, როგორ მოხდა ეს?“ მიპასუხა: „იცი, მე საერთოდ ამის წინააღმდეგი ვიყავი. ეს კიტოვანმა და შევარდნაძემ გადაწყვიტეს“. როგორ-მეთქი, ვკითხე. მან მომიგო, რომ ეს საკითხი 11-ში გადაწყდა სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე, რომელსაც თვითონ არც კი ესწრებოდა. ასეთი საინტერესო რამეც კი მითხრა: „მერე ვაფრთხილებდი: არ გააკეთოთ ეს. მე ვიცნობ აფხაზებს. რა გგონიათ, ტანკები და თვითმფრინავები მოგცეს და შეგიძლიათ აფხაზებს გადაუაროთ? მე მათთან ერთად ციხეში ვარ ნაჯდომი, ვიცნობ მათ, უპასუხოდ არ დაგტოვებენ“. სიტყვასიტყვით ასე მითხრა. მერე საინტერესოდ დაასრულა თავისი მონოლოგი: „უპასუხოდ არ დაგტოვებენ“, პაუზის შემდეგ დაამატა: „აი, მიიღეს კიდეც“. მე ვეკითხები: „შენ რა, ამ საქმეებთან კავშირი არ გქონდა?“ „მქონდა, მაგრამ უკვე მოგვიანებით“, მიპასუხა. ვეუბნები: „ოჩამჩირის რაიონში როგორ იქცეოდით?“ მან კი მომიგო: „ხომ არ შემიძლია ყოველი ნაძირალისთვის ვაგო პასუხი, თქვენც ხომ გყავთ ნაძირალები?“.
ელენა ზავოდსკაია: როგორი ურთიერთობები იყო ომის დაწყების შემდეგ ვლადისლავ არძინბასა და ბორის ელცინს შორის? ყველას გვახსოვს სატელევიზიო კადრები, როგორ გამოდიან ჟურნალისტების წინაშე ელცინი, არძინბა და შევარდნაძე, და იქმნება რაღაც უცნაური სიტუაცია, როცა ელცინი ცდილობს აიძულოს არძინბა და შევარდნაძე, ხელი ჩამოართვან ერთმანეთს. ის რამდენიმე წამი ძალიან დაძაბულ და ძალიან ტრაგიკულ შთაბეჭდილებას ტოვებს. ამ სიტუაციაზე თუ შეგიძლიათ რაიმე კომენტარის გაკეთება?
იოსელიანი თვლიდა, რომ საქართველოს სჭირდებოდა შევარდნაძე, კიტოვანი და სიგუა კი ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოში მის ჩამოყვანას.
სტანისლავ ლაკობა: მე ვლაპარაკობდი იმის შესახებ, თუ რა მოხდა 25 სექტემბერს. შევარდნაძე გაემგზავრა შტატებში და გამოსვლაში რუსეთს დასდო ბრალი. ამის შემდეგ რუსულ პოლიტიკაში სრული შემოტრიალება მოხდა. უკვე ოქტომბრის დასაწყისში განთავისუფლებულ იქნა გაგრა და რუსეთთან საზღვარიც გაიხსნა. 3 სექტემბერს კი მოსკოვში წყდებოდა ომისა და მშვიდობის, აფხაზეთის მომავლის საკითხი. ამ შეხვედრას ჩრდილოეთ კავკასიის მრავალი რესპუბლიკის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ და გადაწყდა, რომ შესაძლებელია ამ კონფლიქტის პოლიტიკური და დიპლომატიური გზით მოგვარება. რამდენადაც მესმის, თავიდან წარმოდგენილ იქნა ერთი დოკუმენტი, რომელსაც ჩვენი მხარეც განიხილავდა და მეორე მხარეც. გამოითქვა ზოგიერთი შენიშვნა, მაგრამ მთლიანობაში ის მისაღები იყო. ხოლო შემდგომ, როგორც თვითონ არძინბა ჰყვებოდა, პატარა შესვენება გაიმართა. შევარდნაძე და ელცინი განმარტოვდნენ, ერთად გავიდნენ. შემდეგ ელცინი აშკარად ნასვამი დაბრუნდა და თქვა: „ამ დოკუმენტს ხელს არ მოვაწერთ, სხვა დოკუმენტს მოვაწეროთ ხელი“. არძინბა ეუბნება: „უნდა განვიხილოთ, ბორის ნოკოლაის ძევ, ასე ბრმად როგორ მოვაწეროთ ხელი?“ „არა, უპასუხა ელცინმა“ - უნდა მოვაწეროთ, ახლა არა გვაქვს ყოველი პუნქტის განხილვის დრო“. იქმნებოდა ასეთი ვითარება: თუკი აფხაზური მხარე ამ დოკუმენტს ხელს არ მოაწერდა, ეს ნიშნავდა, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით სამშვიდობო დარეგულირებას, ყველაფერს. ყველაფერს აგვკიდებდნენ რასაც მოინდომებდნენ. და, მისი თქმით, იყვნენ ადამიანები, რომლებიც აქეთ-იქიდან არწმუნებდნენ: „მოაწერე, მოაწერე, მოაწერე“. ამ შეხვედრაზე პარლამენტმა გაგზავნა ვლადისლავ არძინბა და იური ვორონოვი. და ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ არძინბა იძულებული გახდა, ხელი მოეწერა დოკუმენტისთვის. მასში ლაპარაკი იყო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, რომ გაყვანილ იქნება არა მთელი ჯარი, არამედ ქართული ჯარების ნაწილი აფხაზეთის ტერიტორიაზე დარჩებოდა. იქ უკვე აღარ იყო ნახსენები საქართველოს ფედერაციული მოწყობა. და ძალიან მნიშვნელოვანია, რაც თქვენ ახსენეთ: როცა ჟურნალისტებთან გამოვიდნენ, არძინბა არაჩვეულებრივად მოიქცა. მან თავის გამოსვლაში ფაქტობრივად დეზავუირება გაუკეთა ხელმოწერილ დოკუმენტს, როცა თქვა, თქვენი იმედი გვაქვს, ბორის ნიკოლაის ძევ, ამ დოკუმენტს თქვენი პატივისცემის გამო მოვაწერეთ ხელიო. იძულებული ვიყავით, ხელი მოგვეწერაო, ესეც კი თქვა. ამის შემდეგ კი მან შევარდნაძისთვის ხელის ჩამორთმევა არ ისურვა, როგორც გახსოვთ. თუმცა ის ხელს უწვდიდა, მაგრამ ვლადისლავი მაინც არ ართმევდა ხელს. ჩანს კიდევაც, როგორი განრისხებული იყო შევარდნაძე. არავინ ელოდა, რომ ვლადისლავი ასე მოიქცეოდა. ნებისმიერი პოლიტიკოსი აიღეთ, ვფიქრობ, ვერც ერთი ვერ მოიქცეოდა ასე. ჩემი აზრით, ეს ის გარდატეხის მომენტი იყო, რომლის შემდეგაც ელცინმა რაღაცნაირად სხვანაირად შეხედა არძინბას.
ელენა ზავოდსკაია: და რამ გამოიწვია აფხაზეთის მიმართ დამოკიდებულებაში ასეთი ცვლილება ამ შეხვედრისა და არძინბას სიტყვით გამოსვლის მერე? წინააღმდეგობის ნებამ თუ რა? თუ შეიძლება, დააკონკრეტეთ როგორც ისტორიკოსმა.
წარმოიდგინეთ, ადამიანი [გამსახურდია] ამტკიცებდა, რომ აფხაზები როგორც ასეთები არ არსებობდნენ, მერე კი უცებ აფხაზურად დაიწყო ლაპარაკი.
სტანისლავ ლაკობა: მოკლედ და ყველასთვის გასაგებად ვთქვა? მე ხელებს მიგრეხენ, მაგრამ ჩვენ არ ვნებდებით, ჩვენ გავაგრძელებთ! - აი, ამას ნიშნავდა ეს. და ყველა ხვდებოდა, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხვდებოდნენ, რომ, ფაქტობრივად, მარტო იდგა მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ. ვლადისლავმა მოგვიანებით მითხრა, რომ ამ დღის მერე მისთვის ყველა კარი გაიხსნა, ყველა მის საკითხს მთავრობის თავმჯდომარე ეგორ გაიდარი წყვეტდა. იგულისხმება ჰუმანიტარული დახმარება, სურსათის საკითხი, სხვა საქმეები. „იყო ბევრი პრობლემა და ამ პრობლემებს ის ხსნიდა. არ ყოფილა შემთხვევა, რომ სადმე ჩავსულიყავი და მოსაცდელში ვმდგარიყავი და მეცადა“, ამბობდა არძინბა.
ელენა ზავოდსკაია: რახან აფხაზეთის ომის საერთაშორისო კონტექსტს განვიხილავთ, თუ შეიძლება, მოგვიყევით ორი წამყვანი ქართველი ძალოვანის - კიტოვანისა და იოსელიანის - როლზეც.
სტანისლავ ლაკობა: აი, რა მიამბო ერთმა ადამიანმა (არ დავასახელებ მის ვინაობას), რომელიც თბილისში ჩავიდა 1992 წლის იანვრის მოვლენების შემდეგ, როცა გამსახურდია განდევნეს. ჰოდა, როცა თბილისში ჩავიდა, მას ჯაბა იოსელიანი დახვდა. და როცა იოსელიანი მასთან ერთად იჯდა მანქანაში, მას უთხრა: „იცი, თბილისში რას ამბობენ ჩემზე და კიტოვანზე?“ იმან უპასუხა: „არა, არ ვიცი. რას ამბობენ?“ „ამბობენ, - უთხრა იოსელიანმა, - რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ ცნობილი კანონიერი ქურდი - ანუ მე, და უცნობი ხელოვანი - ანუ კიტოვანი, მოქანდაკე!“.
ცხადია, ისინი განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. რამდენადაც ვიცი, იოსელიანი კიტოვანს ვერ იტანდა. სადღაც ნათქვამი აქვს მასზე, ცხოველიაო. ის კიტოვანს ყასბად, გაუთლელ, ტლანქ ადამიანად მიიჩნევდა. იოსელიანი კი, რა თქმა უნდა, უფრო დახვეწილი და უფრო ჭკვიანი იყო. ცხადია, ორივე იყო მამოძრავებელი ძალა. კიტოვანი "ეროვნულ გვარდიას" ედგა სათავეში და გამსახუდიას თავგამოდებული მოწინააღმდეგე იყო. მას ახლო, მეგობრული ურთიერთობები აკავშირებდა გრაჩოვთან. გრაჩოვი ფიქრობდა, რომ კიტოვანის მეშვეობით შესაძლებელი იქნებოდა საქართველოს დსთ-ში შეყვანა. უბრალოდ ისე, უანგაროდ ხომ არ დახმარებია მათ შეიარაღებით?! იოსელიანი კი სულ სხვაგვარი ადამიანი იყო.
ელენა ზავოდსკაია: როგორი?
სტანისლავ ლაკობა: მაგალითად, იოსელიანი თვლიდა, რომ საქართველოს სჭირდებოდა შევარდნაძე, კიტოვანი და სიგუა კი ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოში მის ჩამოყვანას. მას შემდეგ, რაც კიტოვანი ხუთი საათის განმავლობაში ესაუბრა შევარდნაძეს მოსკოვში, კიტოვანი გამოიცვალა, აზრი შეიცვალა.
როცა იოსელიანს ვკითხე, შევარდნაძე რისთვის გჭირდებოდათ-მეთქი, მიპასუხა: "ხომ იცი, ვინ ვართ? შირმა გვჭირდება". ვუთხარი, თავს დაიღუპავთ-მეთქი. მაგრამ მას მაინც მიაჩნდა, რომ შევარდნაძე სჭირდებოდათ, როგორც შირმა. მას მსოფლიოში იცნობდნენ, მათ კი არავინ იცნობდა. მითხრა: „შენ ხომ იცი ჩვენი ბიოგრაფია“. აი, ასე განსჯიდა. ნაწილობრივ ეს იყო კრიმინალური ხელისუფლება და იქ კრიმინალური რევოლუცია მოხდა. გამსახურდია, რა თქმა უნდა, სრულიად სხვა წრის ადამიანი იყო, ინტელიგენტური ოჯახიდან იყო, მწერლის შვილი, მაგრამ რომანტიკულმა ნაციონალიზმმა გაიტაცა. მოგვიანებით, როცა რეალობას შეეჩეხა, ყველაფერი სხვანაირად აღმოჩნდა, თუმცა, ასე მგონია, რომანტიკულ ნაციონალიზმს მაინც არ გაემიჯნა. მასთან იყო გარკვეული კონტაქტები, იყო მომენტი, როცა აფხაზეთისგან დახმარება სურდა. წარმოიდგინეთ, ადამიანი ამტკიცებდა, რომ აფხაზები როგორც ასეთები არ არსებობდნენ, მერე კი უცებ აფხაზურად დაიწყო ლაპარაკი. 1993 წელს ხომ აფხაზურად გამოვიდა მიმართვით, შუა ომის დროს.
ელენა ზავოდსკაია: რაში მდგომარეობდა ამ მიმართვის აზრი?
სტანისლავ ლაკობა: ამბობდა, რომ ჩვენ ძმები ვართ, რომ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, რომ შევარდნაძე - უზურპატორია და ა.შ. რამდენადაც მესმის, მას სთავაზობდნენ ბუფერულ სახელმწიფოს სამეგრელოს ფარგლებში, მაგრამ მთელი საქართველო უნდოდა, მთელი საქართველოს მიცემას კი, როგორც ჩანს, არ უპირებდნენ. ხოლო როცა შევარდნაძე მიხვდა, რაში იყო საქმე, დსთ-ში შესვლასაც დათანხმდა, რუსეთის ბაზებსაც. მაშინ მას დახმარება აღმოუჩინეს და ის დსთ-ში შევიდა. ორი წლის შემდეგ, 1996 წელს, რუსეთის პოზიციები დასუსტდა და მან კვლავ გააღწია ამ ორბიტიდან. გახსოვთ მასზე თავდასხმა? მაშინ გიორგაძეს ადანაშაულებდნენ, შემდეგ გიორგაძე წავიდა. იყო კიდევ ნადიბაიძე, თავდაცვის მინისტრი. ორივე პრორუსულად მიიჩნეოდა. მიმდინარეობდა ბრძოლა გავლენის სფეროებისთვის...