სომხეთის გამოსვლები ფოტოებში
ერევნიდან გიუმრიმდე სულ 2 საათის გზაა, თუმცა გადატვირთული მოძრაობის გამო ამ გზის გავლას თითქმის 4 საათს ვანდომებთ.
სომხეთში თითქმის აღარ დარჩა ადამიანი, რომელიც აქციებში პირდაპირ ან ირიბად არ არის ჩართული. ტაქსის მძღოლს ერევნიდან გიუმრიმდე მთელი გზის განმავლობაში, მსვლელობიდან პირდაპირი ეთერი აქვს ჩართული.
ვინც გიუმრიში აქციაზე წასვლას ვერ ახერხებს, კოლონას გზიდან ესალმება შეძახილით, "ნიკოლ!"
ხალხი ავტომობილების კოლონას ესალმება. მარალიკის რაიონი, სომხეთი.
ანტისამთავრობო აქცია, გიუმრი
ნიკოლ ფაშინიანი აქციებზე ყოველთვის ბოლოს გამოდის.
ფაშინიანს ხალხი ყველა სხვა გამომსვლელზე ემოციურად ხვდება.
აქციის მონაწილეები ნიკოლ ფაშინიანის სიტყვით გამოსვლისას.
სომხეთში მთავრობის მოწონააღმდეგე დემონსტრანტებისთვის ფაშინიანი პრემიერმინისტრობის ერთადერთი სასურველი კანდიდატია.
აქციის დასასრულს ნიკოლ ფაშინიანი ხალხთან ერთად ქალაქის ქუჩებში მსვლელობას იწყებს.
სწორედ გიუმრიდან დაიწყო ფაშინიანმა საპროტესტო გამოსვლები აპრილის დასაწყისში, საიდანაც ის ერევანში ფეხით ჩავიდა მხარდამჭერებთან ერთად.
დემონსტრანტები აქციებზე ზეიმობენ. მათ ერთ მიზანს მიაღწიეს - სერჟ სარგსიანი გადადგა, თუმცა მათთვის ეს საკმარისი არ არის. ახლა მთავრობაც უნდა გადადგეს.
აქციის მონაწილეთა ავტომობილები.
გიუმრიში ადგილობრივები სახლებიდან გამოდიან, რათა აქციის მონაწილეებს მიესალმონ.
ხალხი ფაშინიანს ეპყრობა როგორც გმირს: “ის ერთადერთია, ვინც შეძლო და ბოლომდე ებრძოლა ხელისუფლებას. მან გვიჩვენა, როგორ არ გვეშინოდეს”, - ამბობს ერთ-ერთი დემონსტრანტი.
ხალხი ნიკოლ ფაშინიანს განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობა.
ყველა ცდილობს ფაშინიანთან ახლოს მისვლას და ფოტოს გადაღებას, ამიტომ რამდენიმე აქტივისტი მის ირგვლივ ცოცხალ ჯაჭვს კრავს.
სომხეთის აქციებზე ყველა ასაკის ადამიანს შეხვდებით.ისინი ამბობენ, რომ ეს მიზნის მისაღწევად ერთადერთი და საუკეთესო შანსია, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენონ.
გიუმრის შემდეგ ანტისამთავრობო აქციები 27 აპრილს იჯევანსა და ვანაძორში გაგრძელდება.