ბელარუსის ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ თქვა, რომ სურს, საქართველო “დსთ-ს ოჯახს” დაუბრუნდეს.
“კარგი იქნებოდა, ჩვენს ოჯახს საქართველო რომ დაჰბრუნებოდა… აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება. უბრალოდ ეს დროის საკითხია”, - თქვა ავტორიტარმა პრეზიდენტმა.
ლუკაშენკა მოსკოვში 8 ოქტომბერს ჩავიდა, დსთ-ს ქვეყნების დანარჩენ ლიდერებთან ერთად. მასპინძელმა, ვლადიმირ პუტინმა ბელარუსი კოლეგა რუსეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი, ანდრია პირველწოდებულის ორდენით დააჯილდოვა.
იმავე დღეს, პუტინის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ის შეხვდა ჯერ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, შემდეგ კი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.
ეს ნიშნავს, რომ “მოსკოვი რეგიონში ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ რჩება და დასავლეთს მიმდინარე პროცესებში ინიციატივას ართმევს”, - წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაახლოებული ჟურნალის, “საერთაშორისო ცხოვრების” წერილში.
ოფიციალური პრესრელიზის თანახმად, პუტინი ფაშინიანს ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ელაპარაკა და ბრიკსის სამიტზე დაპატიჟა, რომელიც მალე რუსეთში გაიმართება.
ასევე ნახეთ რა არის „ბრიკსი“ და რატომაა იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე გგონიათ?ბრიკსი საერთაშორისო ეკონომიკური კავშირია, რომელიც თავს დიდი შვიდეულის ალტერნატივად თვლის. სხვა ქვეყნებთან ერთად, მისი წევრები არიან რუსეთი, ჩინეთი და ინდოეთი.
სომხეთის უარი
მაგრამ პუტინს კულისებს მიღმა ფაშინიანთან სხვა რამეზეც შეეძლო ელაპარაკა.
საქმე ისაა, რომ 7 ოქტომბერს სომხეთმა მხარი არ დაუჭირა ორ ერთობლივ განცხადებას, რომლებიც დსთ-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში მიიღეს.
ამის შესახებ სომხეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, ისე, რომ სხვა დეტალები აღარ დაუკონკრეტებია.
ერთი განცხადება “ევრაზიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრინციპებს” ეხებოდა. მეორე გმობდა “ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ ცალმხრივი შემზღუდავი ზომების” ანუ სანქციების შემოღებას.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დაუშვებელია სხვა ქვეყნის ქონებისა და სხვა ეკონომიკური აქტივების გაყინვა.
ეს მაშინ ხდება, როდესაც აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესეს უკრაინაში შეჭრის გამო. ევროკავშირი ასევე განიხილავს რუსი ოლიგარქებისა და სახელმწიფოს კუთვნილი მილიარდების უკრაინისთვის გადაცემას.
სომხური მედია წერს, რომ რუსეთი სომხეთის უარით უკმაყოფილო დარჩა.
“სომხეთი აქტიურად მონაწილეობდა განაცხადების პროექტის ექსპერტულ შეთანხმებაში, ტექსტში შესწორებები შეჰქონდა. ბევრი გავითვალისწინეთ. ამასთანავე, [სომხეთის] საგარეო საქმეთა მინისტრმა მას ხელი არ მოაწერა”, - თქვა რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა, მარია ზახაროვამ.
რატომ? ამის შესახებ არარატ მირზოიანს [სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს] უნდა ჰკითხოთ, - დაამატა მან.
მოსკოვსა და ერევანს ურთიერთობა 2023 წელს გაუფუჭდათ, სომხეთ-აზერბაიჯანის ომის შემდეგ, რომლის შედეგადაც სომხეთმა მთიანი ყარაბაღი დათმო.
სომხეთი რუსეთის მიერ შექმნილი კოლექტიური ხელშეკრულების ორგანიზაციის (“ოდეკაბეს”) წევრია და მას დახმარებისთვის მიმართა. მაგრამ ორგანიზაცია მხოლოდ “აღშფოთებითა” და “წუხილით” შემოიფარგლა.
თებერვალში სომხეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მისმა ქვეყანამ “გაყინა” “ოდეკაბეს” წევრობა, სექტემბერში კი დაამატა, რომ ემზადება ორგანიზაციის დასატოვებლად.
ამასთანავე, 11 ივნისს სომხეთმა აშშ-სთან ერთად გამოაცხადა, რომ მათი ურთიერთობები “სტრატეგიული პარტნიორობის” ეტაპზე გადადის.
9 სექტემბერს სომხეთმა მოლაპარაკებები დაიწყო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე.
ასევე ნახეთ გაეროს კლიმატის კონფერენცია COP29 აზერბაიჯანში გაიმართება. რა უნდა იცოდეთ ამის შესახებ?აზრთა სხვაობის გარეშე
დსთ-ს სამიტი 9 ოქტომბერს, დღისით დასრულდა. ის ალიაქსანდრ ლუკაშენკამ შეაჯამა. მისი მტკიცებით, კოლეგებთან ერთად “გლობალურ საკითხებსა და პლანეტაზე არსებულ ცხელ წერტილებზე” ილაპარაკა.
“რამაც ძალიან გამახარა, ისაა, რომ საერთაშორისო დღის წესრიგზე არანაირი აზრთა სხვაობა არ გვქონია”, - თქვა ლუკაშენკამ.
დსთ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს შეიქმნა და 10 პოსტსაბჭოთა ქვეყანას აერთიანებს.
საქართველომ დსთ 2008 წელს, რუსეთთან ომის შემდეგ დატოვა. 2020 წლიდან მისი წევრი აღარაა არც უკრაინა. ოფიციალურად, მოლდოვა ჯერ კიდევ წევრია. მაგრამ 2022 წლის ნოემბრიდან, ის დსთ-ს სხდომებში აღარ მონაწილეობს.
ასევე ნახეთ ყარაბაღის აღებიდან ერთი წლის შემდეგ, სომხები და აზერბაიჯანელები კვლავ სახლზე ოცნებობენ