"სმენადაქვეითებული მშობლების შვილი" ("Coda", აშშ, 2021, რეჟისორი სიან ჰედერი)
"სმენადაქვეითებული მშობლების შვილი" სანდენსის წლევანდელი კინოფესტივალის ტრიუმფატორია - სურათმა რობერტ რედფორდის ფესტივალის თითქმის ყველა პრიზი მოიგო და მოხვდა „ოქროს გლობუსის“ ფინალში, წლის საუკეთესო ფილმის ნომინანტებს შორის. სიან ჰედერის სურათი „ოსკარის“ ერთ-ერთ მთავარ ფავორიტადაც ითვლება. მიუხედავად „სმენადაქვეითებული მშობლების შვილის“ მცირე ბიუჯეტისა და, რაც მთავარია, მიუხედავად იმისა, რომ „CODA“ (ანუ „сhild of deaf adult“ - სწორედ ესაა ფილმის ორიგინალური სახელწოდება) მისი მხოლოდ და მხოლოდ მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმია, გადაღებული მინიმალური ბიუჯეტით.
„CODA“ რიმეიკია ფრანგული ფილმისა „ბელიერების ოჯახი“, რომელიც კინოთეატრებში 2014 წელს უჩვენეს, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ განსაკუთრებული წარმატებით. თუკი ფრანგული ორიგინალი უბრალოდ დაშაქრული მელოდრამაა თინეიჯერ გოგონაზე, რომელიც სმენადაკარგულ მშობლებთან ერთად ცხოვრობს, ჰედერის ფილმი სცდება ჟანრის საზღვრებს, გამოირჩევა სოციალური სიმძაფრით და შეიძლება შეგვეხოს ყველას, ვისაც გვიხდებოდა და გვიხდება არჩევანის გაკეთება პირად კეთილდღეობასა და პასუხისმგებლობას შორის. ფილმის გმირის, 17 წლის რუბის მშობლების და ძმის მომავალი იმაზეა დამოკიდებული, როგორ მოიქცევა გოგონა - აისრულებს ოცნებას, გააგრძელებს სწავლას ბერკლის მუსიკალურ სკოლაში (რუბის სიმღერის ნიჭი აღმოაჩნდა), თუ დარჩება ოჯახის სმენადაკარგულ წევრებთან, რომლებიც თევზაობით ირჩენენ თავს და უარს იტყვის კარიერაზე. რუბიმ უნდა გააკეთოს არჩევანი. მაგრამ არჩევანის გაკეთება მოუწევს მის ოჯახსაც - როგორ უნდა შეელიონ ადამიანს, რომლის გარეშე მათი ისედაც პრობლემური ბიზნესი შეიძლება სრულიად ჩავარდეს? ახლა როგორღა უნდა დაამყარონ სმენადაკარგულებმა რუბის გარეშე კონტაქტი იმ სამყაროსთან, სადაც ესმით და ლაპარაკობენ, სადაც ჟღერს მუსიკა, სადაც ადამიანები მღერიან?
რამდენი რამე შეიცვალა მაინც მსოფლიოში! სადღაც გასული საუკუნის 60-იან, 70-იან წლებში ასეთი ისტორიით მხოლოდ ის რეჟისორები თუ დაინტერესდებოდნენ, რომლებიც ე.წ. B კატეგორიის ფილმებს იღებდნენ - როგორც იმხანად ირონიით ამბობდნენ, „კინოს დიასახლისებისათვის“... მაგრამ წარმატებაზე აგებული ამბავი ამერიკულ კინოში დღეს ლამის „ცუდ ტონად“ ცხადდება. თავისუფლების იდეას ცვლის პასუხისმგებლობის განცდა, ოჯახი კი უკვე ღიად წარმოჩინდება წმიდათაწმიდა ფასეულობად, რომელზეც, როგორც ვხედავთ, უკვე სექსუალური უმცირესობებიც კი ოცნებობენ - ის ხალხი, ვინც რამდენიმე ათეული წლის წინ კონსერვატორთა იდეალებს აბუჩად იგდებდა.
წაიკითხეთ სხვა სტატიები
2021 წლის მთავარი ფილმი საქართველოს ეკრანებზერა ვნახოთ თბილისის კინოფესტივალზე?ნანი მორეტის სინანული და სიბერეროცა ღმერთი ქალიამაგრამ ჰედერის სურათს არა აქვს გულისამაჩუყებელი გზავნილი „ოჯახი და ახლობლები უკეთესია“, ანდა „ოჯახურ სითბოს არაფერი სჯობია“. რუბის დედა აღიარებს, რომ ოცნებობდა, ქალიშვილი ყრუ-მუნჯი დაბადებულიყო, რათა ოჯახის „მთლიანობა“ არ დარღვეულიყო და გოგონას არ ეწვალა, უფროსი ძმა კი პირდაპირ ეტყვის, სანამ შენ დაიბადე, მშობლების ყურადღება არ მაკლდაო. კიდევ უფრო უცნაური ისაა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე გადაღებული მრავალი სხვა ფილმისგან განსხვავებით (ამ ფილმების უმრავლესობისთვის დამახასიათებელი თავსმოხვეული ტოლერანტობით), ჰედერის სურათის ვერცერთ სცენაში ვერ იგრძნობთ ავტორის სურვილს, შევიბრალოთ ეს ხალხი და ვუთანაგრძნოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი სხვებს არ ჰგვანან - არ ესმით! ჟღვლინტიანი ჰუმანიზმი, რომელიც, როგორც წესი, მხოლოდ ემოციებს აძლიერებს, ფიქრისთვის კი ადგილს არ ტოვებს, სრულიად უცხოა ამ ფილმისთვის. დროდადრო, როცა დრამატული მოტივები მძაფრდება, ფილმის ავტორებს მაშველი რგოლივით შემოაქვთ იუმორისტული და ლირიკული ინტონაციები, რათა არაფრით დაუშვან მაყურებლის მანიპულაცია და გრძნობებზე თამაში. სიან ჰედერი მუდმივად გვახსენებს, რომ სმენადაკარგული ადამიანები ჩვენზე არც უკეთესები და არც უარესები არ არიან - ცხოვრობენ თავიანთი ცხოვრებით, აქვთ თავიანთი ბიზნესი, უყვართ და სძულთ... ბოლოს და ბოლოს, არც რუბის მშობლები, არც რუბის ძმა არ არიან ფილმის მთავარი გმირები. სურათის ცენტრალური პერსონაჟი თავად რუბია, ხოლო ფილმის ძირითადი თემა ახალგაზრდა ადამიანის ზრდის პროცესია, მისი ჩამოყალიბების პროცესი პიროვნებად, რომელსაც აქვს უნარი, რაღაცებზე თქვას უნარი, რომელსაც შეუძლია, მთავარი და მეორეხარისხოვანი ერთმანეთისგან გაარჩიოს.
სანდერსის ფესტივალზე ფილმმა ერთდროულად 4 მთავარი პრიზი მოიგო. კრიტიკოსებს განსაკუთრებით მოეწონათ სამსახიობო ანსამბლი, მუდმივად ხაზს უსვამდნენ, რომ რუდის მშობლების და ძმის როლების შემსრულებლები ცხოვრებაშიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები არიან. არანაკლებ მნიშვნელოვანია სანდენსის კინოფორუმის პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის - ჟიურიმ დააფასა თხრობის სისადავე, ინტონაციების მუდმივი ცვლა მთელი ფილმის მსვლელობის მანძილზე და, რაც პირადად მე ყველაზე მეტად მომწონს ჰედერის სურათში, აბსოლუტური სიჩუმის გადაქცევა ფილმის მთავარ მხატვრულ სახედ. დღევანდელი ჰოლივუდის კაკაფონიის ფონზე, ამ უკვე სრულიად აუტანელი „აუდიოდისნეილენდის“ ფონზე, „სმენადაკარგული მშობლების შვილის“ სტილი, აგებული ჟესტების ენასა და მდუმარებაზე, განსაკუთრებულ სიმპათიას ბადებს პირველ რიგში ფილმის ავტორის მიმართ; ფილმის თემატიკა ნამდვილად აძლევდა საშუალებას რეჟისორს, კარგა მაგრად მომგებიანი „ყვითელი მელოდრამაც“ გადაეღო და სტერილურ-პოლიტკორექტული კინოს მოყვარულებისთვისაც გაეთბო გული. მაგრამ მან ეს არ გააკეთა. რისკზე წავიდა და, როგორც ვხედავთ, მოიგო კიდეც - „სმენადაქვეითებული მშობლების შვილს“ 2021 წლის საუკეთესო ამერიკულ ფილმებს შორის ასახელებენ.