საჭიროა თუ არა დემოკრატიის კრიტიკული გააზრება

7-8 ოქტომბერს ჩეხეთის დედაქალაქმა „ფორუმ 2000“-ს უმასპინძლა. ვაცლავ ჰაველის ინიციატივით დაარსებული საერთაშორისო კონფერენციის მთავარი თემა იყო დემოკრატიის მკვეთრი გაუარესება მსოფლიოში პოპულიზმისა და ანტილიბერალური განწყობების ზრდის ფონზე. მიუხედავად საკითხის სიმწვავისა, ფორუმში არ მონაწილეობდნენ ის ევროპელი ლიდერები, რომელთა მიმართ ყველაზე მეტი პრეტენზიები არსებობს.

დემოკრატია არის თავისუფლება კანონის ფარგლებში. დემოკრატიის ეს განმარტება ეკუთვნის ცნობილ პოლონელ პუბლიცისტსა და ყოფილ დისიდენტს, ადამ მიხნიკს. თავის დროზე კომუნისტური რეჟიმის ოპონენტი ახლა მწვავედ აკრიტიკებს პოლონეთის ხელისუფლებას:

"ვფიქრობ, რომ ჩემი ქვეყნის მთავრობის პოლიტიკა ეწინააღმდეგება კანონებს. ამიტომ მაქვს კონსტიტუცია. ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციას ჩვენი მთავრობისაგან".

შეიძლება არც იცოდეთ, რომ ესტონეთის გარდა მსოფლიოში, მგონი, არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ბოლო 15 წელი თანმიმდევრულად განაგრძობდა განვითარებას კარგი მმართველობის კუთხით.
ალინა მუნჯიუ-პიპიდი

ავტორიტარული მთავრობების უხეში ჩარევა კონსტიტუციაში და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელყოფა გლობალური პრობლემაა. მსოფლიოში თავისუფლების შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის" ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში დემოკრატიის მხრივ ყველაზე აშკარა გაუარესება აღირიცხა 2017

რა თქმა უნდა, სანამ პუტინი იქნება ხელისუფლებაში, არ იქნება წესრიგი მის გარშემო მსოფლიოში, რადგან ისევ მოახდენს ინტერვენციას, როგორც ეს იყო საქართველოში, უკრაინაში, მოლდავეთში. ამიტომ ვამბობ, რომ საჭიროა ყველა დემოკრატის სერიოზული მხარდაჭერა რუსეთში.
ადამ მიხნიკი

წელს.

"თუ შეხედავთ მონაცემებს ჩვენს 2017 წლის ანგარიშში, 70-მა ქვეყანამ განიცადა დაღმასვლა პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ და მხოლოდ 35 ქვეყანაში იყო გაუმჯობესება", - აღნიშნა "ფრიდომ ჰაუსის" პრეზიდენტმა, მაიკლ აბრამოვიცმა.

არასახარბიელოა სურათი ევროკავშირის შიგნით, სადაც ბოლო წლებში მატულობს ანტლიბერალური განწყობები და პოპულისტური რიტორიკა. ამ ტალღაზე ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში ხელისუფლებაში უმრავლესობით მოვიდნენ ძალები, რომლებიც აძლიერებენ პრესინგს დემოკრატიის ისეთ ძირითად პრინციპებზე, როგორიცაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, უმცირესობათა უფლებები, პრესის თავისუფლება და კანონის უზენაესობა.

"შეიძლება არც იცოდეთ, რომ ესტონეთის გარდა მსოფლიოში, მგონი, არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ბოლო 15 წელი თანმიმდევრულად განაგრძობდა განვითარებას კარგი მმართველობის კუთხით. მარტივად რომ ვთქვათ, მსოფლიო უკეთესობისაკენ არ მიდის“, - ამ სიტყვებით მიმართა ფორუმის მონაწილეებს რუმინელმა პოლიტოლოგმა და მწერალმა ალინა მუნჯიუ-პიპიდიმ. – „ევროპელი პოპულისტები და ულტრამემარჯვენეები, რომლებიც ზეწოლას ახდენენ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, ხელისუფლებაში სწორედ დემოკრატიული საარჩევნო პროცედურის წყალობით მოხვდნენ“.

„მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ ხალხმა, როგორიცაა ბატონი ვიქტორ ორბანი, მშვენივრად ისწავლა ხალხისგან, როგორიცაა ბატონი ერდოანი, თუ როგორ უნდა გამოიყენო ყველა ბერკეტი, მათ შორის არცთუ კანონიერი, სახელმწიფოზე კონტროლის დასამყარებლად. და მიუხედავად იმისა, რომ მართლაც დიდი უმრავლესობით არიან არჩეული, ისინი შინაარსისაგან ცლიან დემოკრატიას. და სწორედ ეს მიმაჩნია გამოწვევად".

შინნაზარდი პოპულისტების გარდა, დასავლური დემოკრატიის დისკრედიტაციაში დიდ როლს თამაშობენ ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ავტორიტარული რეჟიმები. "ფორუმ 2000-ის" ფარგლებში საგანგებო მსჯელობის თემა იყო ჩინეთის გავლენა გლობალურ პროცესებზე და კრემლის ექსპანსიონისტური პოლიტიკა თავისი მეზობელი ქვეყნების მიმართ, რასაც ადამ მიხნიკი ევროპის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მიიჩნევს.

"რა თქმა უნდა, სანამ პუტინი იქნება ხელისუფლებაში, არ იქნება წესრიგი მის გარშემო მსოფლიოში, რადგან ისევ მოახდენს ინტერვენციას, როგორც ეს იყო საქართველოში, უკრაინაში, მოლდავეთში. ამიტომ ვამბობ, რომ საჭიროა ყველა დემოკრატის სერიოზული მხარდაჭერა რუსეთში. მე რით შემიძლია მხარდაჭერა? მაგალითად, როდესაც ალექსეი ნავალნიმ მითხრა, მოდი, ვისაუბროთ და ეს საუბარი წიგნად გამოვცეთო, ვუთხარი, კი ბატონო-მეთქი! წავედი მოსკოვში და ეს გავაკეთეთ. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რაღაცის გაკეთება. მაგრამ მომავალში რა იქნება, ეს მარტო ღმერთმა იცის და წინასწარმეტყველმა. მე კი ისტორიკოსი ვარ".