„რა მოხდა ისეთი, ჩავიდა და მიუსამძიმრა“, - ირაკლი კობახიძის ნაბიჯი ასეც შეფასეს, მათ შორის "ოცნების" მიმართ ოპოზიციურად განწყობილმა ადამიანებმა სოციალურ ქსელებში; თუმცა გეოპოლიტიკური და დიპლომატიური თვალსაზრისით, საქართველოს პირველი პირის ირანში ჩასვლა საგანგაშო სიგნალია ექსპერტებისთვის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე თეირანში საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად ჩავიდა - მას შემდეგ, რაც სამძიმარი, თბილისში, ირანის საელჩოში მისვლითაც გამოხატა და „ირანელ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა“.
ბევრისთვის კვლავ გაუგებარი რჩება - რა საჭირო იყო საელჩოში მისვლა, თუკი ირანში იგეგმებოდა ჩასვლა. ვიზიტის შესახებ წინასწარ არაფერი თქმულა.
70-მდე ქვეყნის წარმომადგენლები თეირანში სხვადასხვა დონეზე იყვნენ წარმოდგენილი.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, უმაღლესი პირები ჩავიდნენ, მაგალითად, ტაჯიკეთიდან, ტუნისიდან, სირიიდან - ოდიოზური ბაშარ ასადი.
თურქეთიდან იყო ვიცე-პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი.
საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იყვნენ ასევე, მაგალითად: ლიბანი, ეგვიპტე, ტუნისი, ქუვეითი, უზბეკეთი, ავღანეთი, ვენესუელა.
- ირანის მტკიცე მოკავშირე რუსეთმა დაკრძალვაზე დუმის სპიკერი - ვიაჩესლავ ვოლოდინი გაგზავნა;
- იმავე გუნდის წევრის - ბელარუსის სახელით კი, პრემიერ-მინისტრი რომან გოლოვჩენკო ჩავიდა.
რეგიონის ქვეყნებიდან - ირანში უმაღლესი პირები ჩავიდნენ საქართველოდან და სომხეთიდან; ხოლო აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევის ნაცვლად, დაკრძალვას პრემიერ-მინისტრი ასადოვი ესწრებოდა.
ირანმა უმასპინძლა აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადებული ჰამასისა და ჰეზბოლას ლიდერებს. იუწყებიან, რომ ჰამასის ლიდერმა, ისმაილ ხანიამ კულუარული შეხვედრა გამართა ირანის უზენაეს ლიდერთან - აიათოლა ალი ხამენეისთან.
არავინ მოელის, რომ ირანის პრეზიდენტის დაღუპვა რაიმეს სასიკეთოდ შეცვლის ირანის პოლიტიკაში.
აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნებიდან არავინ იყო და ეს არავის გაჰკვირვებია
საერთაშორისო თანამეგობრობასა და ირანს შორის მკაფიოა წითელი ხაზები, რაც ბოლო წლებში კიდევ უფრო დაამძიმა უკრაინასთან რუსეთის ომში და ისრალთან ჰამასის ომში ჩართულობამ. არაერთხელ დადასტურდა, რომ ირანი სამხედრო შეიარაღებას უგზავნიდა მოსკოვს და სამხედრო წარმოების გამართვაშიც ეხმარებოდა.
ასევე ნახეთ ვინ იყო და რას ცვლის პრეზიდენტ რაისის სიკვდილი ირანის პოლიტიკაშიასევე ნახეთ რა ვიცით კამიკაძე დრონებზე, რომლებიც ირანმა ისრაელზე შეტევისთვის გამოიყენა
როცა დასავლეთის ლიდერებმა უარი თქვეს თეირანში ჩასვლაზე, ხოლო თეირანის ჭირისუფლებს შორის დასავლეთის მიერ ტერორისტულად აღიარებული ორგანიზაციების ლიდერებიც იდგნენ - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ოპონენტებისა და ექსპერტების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ირაკლი კობახიძემ ირანში „თავისი სულიერი ძმები“ მოძებნა, რადგან, შინაარსობრივად, ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება - „ქართული ოცნებისა“ და ჰესბოლა-ჰამასის რიტორიკა.
დეპუტატი გულისხმობს შეთქმულების თეორიებს, რომ მსოფლიოს რაღაც ძალები მართავენ, რა ჭრილშიც „ქართული ოცნება“ სულ უფრო ხშირად ცდილობს „გლობალური ომის პარტიის“ არსებობის დამტკიცებას.
„წარმოუდგენელი მასშტაბის სიგიჟეა, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი საუბრობს, რომ ამერიკა და ევროპა უნდა გავათავისუფლოთ გლობალური ომის ძალებიდან. რასაც კობახიძე ამბობს, ასეთი რაღაცები ყვითელ პრესაშიც არ იბეჭდება“, - ამბობს დეპუტატი მანჯგალაძე.
„ტრაგიკული და სახიფათო ჩვენი ქვეყნისთვის“, - წერს ფეისბუკპოსტში თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „ქართული ოცნების“ კოალიციის ყოფილი წევრი - თინა ხიდაშელი.
რატომ საგანგაშო?
„რა მოხდა ისეთი, ჩავიდა და მიუსამძიმრა“, „რატომ არის დაკრძალვაზე ჩასვლა ასეთი მიუღებელი?!“, „რა დაშავდა ასეთი?!“ - წერენ სოციალური ქსელების მომხმარებლები კობახიძის ირანში ვიზიტზე და მათ შორის - „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად განწყობილებიც.
„უაღრესად, აი, უაღრესად დამაზიანებელი ვიზიტი იყო ეს. რუსეთის დუმის თავმჯდომარეს, ვოლოდინს რომ თავი დავანებოთ, ადგილზე იმყოფებოდნენ ჰამასისა და ჰეზბოლას ლიდერები და ამათაც რომ თავი დავანებოთ - აშშ-ის მიმართ დემონსტრაციული პროტესტის ასეთი ფორმით გამოხატვაა ეს, მთელი მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ალექსი პეტრიაშვილი - „რონდელის ფონდის“ უფროს მკვლევარი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.
ის აღნიშნავს, რომ მსგავსი სვლები, დიპლომატიაში, ადამიანური ურთიერთობების ჩარჩოში არასოდეს განიხილება, რადგან საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ სიგნალებს ასახავს და ეს სიგნალები სახიფათოდ გამოიყურება საქართველოს შემთხვევაში.
„გეოპოლიტიკურ ჭრილში თუ შევხედავთ, იმ ცნობილი ხაზის კონტურები იკვეთება, რასაც ასახელებს აშშ და საერთაშორისო თანამეგობრობა; ეს არის რუსეთი-ჩინეთი-ჩრდილოეთ კორეა-ირანი. აი, ამ ღერძისკენ დგამს ნაბიჯებს ივანიშვილი. რეალურად ეს იყო გეოპოლიტიკური ხაზის განმსაზღვრელი ვიზიტი, რასაც ამ ხელისუფლების პირობებში, შეიძლება მოჰყვეს კიდევ უფრო ცუდი განვითარება“, - გვეუბნება პეტრიაშვილი. უკრაინის საკითხის გარდა, ექსპერტის შეფასებით - ეს ვიზიტი ისრაელისთვისაც „სილის გაწვნის“ ტოლფასია.
ასევე ნახეთ პრეზიდენტის დაღუპვის გამო ირანს მიუსამძიმრეს პუტინმა, ლუკაშენკამ, სი ძინპინმა და სხვებმა„ირანელი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიების ბრუტალური მონაწილე თითქმის 40 წლის განმავლობაში“, „სისხლში ჰქონდა ხელები გასვრილი“, „ადამიანის უფლებები სერიოზულად ირღვეოდა“, - ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად, მთავრობის წევრებთან ერთად დაღუპული ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის შესახებ აშშ-ის ხელისუფლებას კარგი არაფერი აქვს სათქმელი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მეთიუ მილერმა, ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე სამძიმარი ირანელი ხალხის მხარდაჭერის სურვილით გამოხატა, მაგრამ ისიც აღნიშნა, რომ აშშ-ს ირანის ხელისუფლებისთვის და ორგანიზაციებისთვის 500-ზე მეტი სხვადასხვა სახის სანქცია აქვს დაწესებული - „რეგიონის დესტაბილიზებისა და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიების გამო“.
აშშ-ის პოზიციაა, რომ არ სურს -„ვინმე იღუპებოდეს ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად“, მაგრამ ეს არ ცვლის დაღუპული პრეზიდენტისა თუ მისი ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს.
ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი და კიდევ ექვსი პირი იმყოფებოდნენ, 19 მაისს, ჩამოვარდა ირანის ჩრდილო-დასავლეთში, აზერბაიჯანთან საზღვრის მახლობელ მთიან რაიონში.
ირაკლი კობახიძის ვიზიტი ირანში საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირის პირველი ვიზიტია ბოლო შვიდი წლის განმავლობაში. მანამდე, 2017 წელს, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი 13-წლიანი პაუზის შემდეგ შედგა. 2004 წლის ივლისში, ირანს სტუმრობდა მაშინდელი პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი.