ავიაკატასტროფის შედეგად ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და კიდევ რამდენიმე პირის დაღუპვის გამო, თეირანს სამძიმარი გამოუცხადეს რუსეთის, ბელარუსის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა.
ირანისადმი სამძიმრის წერილში, რომელიც კრემლის საიტზეც გამოქვეყნდა, პუტინი ავიაკატასტროფას „უზარმაზარ ტრაგედიას“ უწოდებს. პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის „ბრძენ ლიდერად“ და ბელარუსის „ნამდვილ მეგობრად“ მოიხსენიებს ბელარუსის ავტორიტარი მმართველი ლუკაშენკა. ირანს სამძიმრის წერილი გაუგზავნა ჩინეთის მეთაურმა სი ძინპინმაც.
ევროკავშირის სახელით, სოციალურ ქსელ X-ში მწუხარება გამოხატა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. დასავლეთის სახელმწიფოებს, რუსეთისა და ჩინეთისგან განსხვავებით, ირანთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ.
ირანელ ხალხს, ქვეყნის მთავრობას და სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის სამიმარი გამოუცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ერდოანმაც.
მწუხარება სოციალურ ქსელებში, ოფიციალურ გვერდებზე გამოთქვეს ეგვიპტის პრეზიდენტმა და ერაყის, ინდოეთის და პაკისტანის პრემიერ-მინისტრებმა. ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის მიუსამძიმრა. ირანს ქვეყნისთვის „რთულ დროს“ სოლიდარობა გამოუცხადა არაბთა გაერთიანებული საამიროს პრეზიდენტმა ზაიდ ალ-ნაჰაიანმა.
პრეზიდენტის დაღუპვის გამო ირანს მიუსამძიმრეს თეირანის მიერ მხარდაჭერილმა რადიკალურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა ჰამასმა და ჰეზბოლამ და იემენში მოქმედმა მეამბოხე ჰუთებმა.
ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი და კიდევ შვიდი პირი იმყოფებოდნენ ვერტმფრენში, რომელიც 19 მაისს ჩამოვარდა ირანის ჩრდილო-დასავლეთში, მთიან რაიონში. ირანის ხელისუფლებამ პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და მათთან ერთად მყოფთა სიკვდილი დღეს, 20 მაისს, დაადასტურა.
დელეგაცია ბრუნდებოდა აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციიდან - ირანის რეგიონიდან, რომელიც აზერბაიჯანს ესაზღვრება. ირანის პრეზიდენტი რაისი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან ერთად მონაწილეობდა ახალი კაშხლის გახსნის ცერემონიაში.
ირანის ხელისუფლებამ კატასტროფის წინასწარ მიზეზად უამინდობა დაასახელა. ძლიერი ნისლის გამო გართულებული იყო სამძებრო-სამაშველო ოპერაციაც. მაშველებმა ვერტმფრენის კატასტროფის რაიონამდე დღეს მიაღწიეს.
- მკაცრი კურსის მიმდევარი, 63 წლის ებრაჰიმ რაისი ირანის პრეზიდენტი იყო 2021 წლის აგვისტოდან. მანამდე ხელმძღვანელობდა ირანის სასამართლო ხელისუფლებას და გენერალურ პროკურატურას. ირანში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქცირებული იყო აშშ-ის და ევროკავშირის მიერ.
- 60 წლის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო 2021 წლის აგვისტოდან. მანამდე მუშაობდა მინისტრის მოადგილედ და ირანის პარლამენტის სპიკერის სპეციალურ თანაშემწედ.
ირანის კანონებით, პრეზიდენტის გარდაცვალების შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს. ამჟამად ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტია მოჰამად მოხბერი. ახალი საპრეზიდენტო არჩევნები 50 დღეში უნდა ჩატარდეს.
ირანის პოლიტიკურ სტრუქტურაში პრეზიდენტი მეორე ყველაზე გავლენიანი ფიგურაა ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის შემდეგ. ირანის დღევანდელი უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეია. ებრაჰიმ რაისის მიიჩნევდნენ აიათოლა ალი ხამენეის პროტეჟედ და მის პოტენციურ მემკვიდრედ ისლამური რესპუბლიკის შიიტურ თეოკრატიაში.
რაისი ირანის პრეზიდენტად კენჭს იყრიდა 2017 წელსაც და დამარცხდა შედარებით ზომიერ ჰასან როჰანისთან. 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც მონაწილეობა აუკრძალეს ებრაჰიმ რაისის ყველა პოტენციურად მნიშვნელოვან ოპონენტს, მან ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის ფონზე, ხმების 62%-ით გაიმარჯვა. ეს ირანის ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო.
ებრაჰიმ რაისის პრეზიდენტობის დროს ირანის მოსახლეობაში მკვეთრად გაიზარდა უკმაყოფილება ეკონომიკური და სოციალური პრობლემების და ადამიანის, განსაკუთრებით ქალების უფლებების უხეშად დარღვევის გამო.
რაისის პრეზიდენტობისას ირანმა გააღრმავა ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან და გააძლიერა კონფრონტაცია დასავლეთთან და ისრაელთან, რომელსაც თეირანი მოსისხლე მტრად მიიჩნევს.
ისლამური რესპუბლიკის კრიტიკოსები ებრაჰიმ რაისის მოიხსენიებენ „თეირანის ჯალათად" 1988 წელს, პოლიტპატიმრების სიკვდილით მასობრივად დასჯაში თავისი როლის გამო. იმ პერიოდში რაისი თეირანის პროკურორის მოადგილე იყო. მისი კარიერული წინსვლა დაიწყო 1989 წლიდან, როცა ხამენეი გახდა ირანის უზენაესი ლიდერი.
ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და მათი თანმხლები პირების დაღუპვის გამო ირანში 5-დღიანი გლოვა გამოცხადდა.
ფორუმი