საქართველოს მრავალვექტორული პოლიტიკა: პრაგმატული სტრატეგია თუ ახალი მირაჟი?

გია ნოდია

ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმება მოულოდნელი იყო და გარკვეული დაბნეულობაც გამოიწვია. შევეცდები გავიაზრო, როგორ ჯდება ეს სიახლე ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სტრატეგიაში.

სტრატეგიული დაბნეულობა

ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილმა ადამიანებმაც ჯერ ზუსტად არ იციან, როგორ შეაფასონ ეს სიახლე. „ქართული ოცნების“ გადადგმული ნაბიჯები ბევრში ინსტინქტის დონეზე იწვევს უნდობლობას; მაგრამ სერიოზული ადამიანები ინსტინქტებით არ უნდა ხელმძღვანელობდნენ. რა რაციონალური არგუმენტი შეიძლება არსებობდეს ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავების წინააღმდეგ?

ზოგმა ადამიანმა, ვინც „ოცნების“ კრიტიკოსადაა ცნობილი, ჩინეთთან ახალ შეთანხმებას ხელისუფლების მნიშვნელოვანი მიღწევა უწოდა (თავიდან მაინც). ამ პოზიტიურ კონტექსტში ისმოდა გამოთქმები „მრავალპოლუსიანი სამყარო“ და „მულტივექტორული პოლიტიკა“. ლოგიკა ასეთია: რაკი სამყარო მრავალპოლუსიანია, ჩვენი პოლიტიკაც მულტივექტორული უნდა იყოს. რამდენად სანდოა ივანიშვილის ხელისუფლება და რამდენად სწორად გაატარებს ის ასეთ პოლიტიკას, სხვა საკითხია.

მე პრობლემა მაქვს ამ ლოგიკასთან. „მულტივექტორული პოლიტიკის“ იდეა ნელ-ნელა შემოიპარა ჩვენს პოლიტიკურ ლექსიკონში. მისი დამცველები ძირითადად ხელისუფლების მომხრეები არიან, მაგრამ მას ზოგიერთი სხვაც, სულ მცირე, გაგებით ეკიდება. ჩემი აზრით კი, ამ ზედაპირულად მომხიბლავი ცნების დამკვიდრება და „განორმალურება“ დიდ საფრთხეს შეიცავს.

საქართველო ორპოლუსიან სამყაროში

აქამდე „მულტივექტორულ პოლიტიკაზე“ არ ვსაუბრობდით, რადგან თავი ორპოლუსიან სამყაროში წარმოგვედგინა: ან რუსეთთან უნდა ვყოფილიყავით, ან დასავლეთთან. საერთაშორისო დისკუსიები მრავალპოლუსიან სამყაროზე არ გვეხებოდა და არ გვაინტერესებდა.

ამ ორპოლუსიანობის ფარგლებში ჩამოგვიყალიბდა ფაქტობრივი პოლიტიკური კონსენსუსი, რომლის თანახმადაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს პროდასავლური ვექტორი შეესაბამება. სხვა სიტყვებით, ჩვენი პოლიტიკა მონოვექტორულია. ეს პრინციპი კონსტიტუციაშიც კი ჩავწერეთ. როგორიც არ უნდა იყოს „ოცნების“ რეალური ქმედებები, ამის ღიად უარყოფა ჯერ მასაც არ გაუბედავს..

ამ მონოვექტორულობის ალტერნატივა იყო იმედი, რომ პოლიტიკის ორივე მიმართულება შეიძლება შევახამოთ: დასავლეთთანაც კარგად ვიყოთ და რუსეთთანაც. ამ იმედებს დიდხანს იზიარებდნენ დასავლეთში, თუმცა რუსეთში - არასოდეს.

ამ გზავნილით მოვიდა ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილიც: დასავლურ ინტეგრაციასაც გააგრძელებდა და რუსეთთანაც დაალაგებდა ურთიერთობას. ეს განსაკუთრებით მომხიბლავი დაპირება იყო, რამაც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა 2012 წლის არჩევნების შედეგზე. მეორე მხრივ, სწორედ ამის წყალობით გახდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება შედარებით პოპულარული ბრიუსელსა და ვაშინგტონში (ეს დრო, მგონი, უკვე გვავიწყდება).

დღეს ასეთი ხედვის ილუზორულობა აშკარა გახდა. დასავლეთმა აღიარა, რომ რუსეთის საკითხში ცდებოდა, ხოლო მის ყოფილ კოლონიებსა და სატელიტებს (მათ შორის, საქართველოს) გაცილებით უფრო ადეკვატური ხედვა ჰქონდათ.

რა იყო ამ შეცდომის ძირი? ადამიანებს უყვართ ილუზიები, რომლებიც ფსიქოლოგიურ კომფორტს უქმნით. რაკი ომი არ გვინდა, არ გვინდა, მისი საფრთხე დავინახოთ. არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ქართველი ამომრჩეველიც მოტყუვდა: მან დაუჯერა ბიძინა ივანიშვილს, რომ, მისი სიბრძნის წყალობით, არც რუსეთთან ომის უნდა შეგვშინებოდა და დასავლეთთან დაახლოებასაც გავაგრძელებდით. თავისთავად შესანიშნავი აზრია, შესაძლებელი რომ ყოფილიყო.

დღეს, სიტყვით მაინც, ჩვენი ხელისუფლება ისევ ეპოტინება ილუზიას, რომ რუსეთთანაც ვიმეგობრებთ და დასავლეთთან ინტეგრაციასაც გავაგრძელებთ. თუმცა, სინამდვილეში, ამის აღარავის სჯერა, მათ შორის - არც ხელისუფლების მომხრეებს. რაღაც ახალი ნარატივია საჭირო.

რას ნიშნავს „მრავალპოლუსიანობა“?

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გამოცხადება სიმბოლურ გამყოფ ხაზად იქცა, რის შემდეგაც „მრავალპოლუსიანობის“ ცნება „ოფიციალურად“ შემოვიდა ჩვენს პოლიტიკურ ლექსიკონში. კონკრეტულად რაში მდგომარეობს მისი შინაარსი და როგორ შეიძლება, მან ჩვენს შემთხვევაში იმუშაოს?

ამ ცნების შინაარსში ორი შრეა. პირველი ბანალურია: ესაა იმ ფაქტის აღიარება, რომ, ობიექტურად, მსოფლიოში ძალის რამდენიმე ცენტრი არსებობს. ამის წინააღმდეგ კამათი შეუძლებელია. კონკრეტულად ვინ შეადგენს ამ პოლუსებს, ამაზე სხვადასხვა აზრი არსებობს. ზუსტად ვიცით, რომ ორი მთავარი მოთამაშეა ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი, თუმცა გლობალური პოლიტიკის შინაარსი მათ მეტოქეობაზე არ დაიყვანება. არსებობის ძალის სხვა ანგარიშგასაწევი ცენტრები, რომელთაც თავიანთი, ამ ორი პოლუსისგან მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი პოლიტიკა აქვთ. ნებისმიერმა ქვეყანამ ამის გათვალისწინებით უნდა ააგოს თავისი სტრატეგია.

მაგრამ „მრავალპოლუსიანობის“ ცნებას ნორმატული განზომილებაც აქვს. ეს ნიშნავს პროტესტს ამერიკის ან „კოლექტიური დასავლეთის“ გაბატონებული მდგომარეობის გამო. მას ბიძგი მისცა ცივი ომის დასრულების შემდეგ შექმნილმა ვითარებამ, რომელსაც ამერიკელმა ანალიტიკოსმა ჩარლზ კრაუტჰამერმა „ერთპოლუსიანობის მომენტი“ უწოდა: მაშინ ჩანდა, თითქოს ამერიკას - მით უმეტეს, დასავლეთს ამერიკის ლიდერობით - ვერავინ გაუწევდა კონკურენციას. 2000-იანი წლებიდან ეს წარმოდგენა თანდათან შესუსტდა, თუმცა „კოლექტიური დასავლეთი“ მაინც ობიექტურად სხვებზე ძლიერი რჩება.

მოკლედ, „მრავალპოლუსიანობა“, როგორც ნორმატული ხედვა, ან ანტიამერიკანიზმს ნიშნავს (ძირითადად - დასავლეთ ევროპაში), ან ზოგადად „კოლექტიური დასავლეთის“ დომინაციის წინააღმდეგ ბრძოლას. პუტინი თავის უკრაინულ ავანტიურას საერთაშორისო არენაზე სწორედ ამით „ყიდის“: ის თავს კოლექტიური დასავლეთის დომინაციის წინააღმდეგ მებრძოლად წარმოადგენს. ეს საკმაოდ წარმატებული იდეოლოგიური ხრიკია: დასავლეთის გარეთ ბევრი არა მარტო ერიდება რუსეთის აგრესიის ცალსახა დაგმობას, არამედ პუტინის მიმართ გარკვეულ სიმპათიებსაც გამოხატავს.

რას ნიშნავს „მულტივექტორული პოლიტიკა“ ჩვენს შემთხვევაში?

უკრაინის ომისადმი რეაქციით ივანიშვილის ხელისუფლებამ დასავლურიდან „მესამე სამყაროს“ პარადიგმაში გადაგვიყვანა. დღეს ჩვენს საგარეო პოლიტიკას გაცილებით მეტი საერთო აქვს აფრიკის ქვეყნებთან, ვიდრე ევროკავშირის წევრებთან ან წევრობის მსურველებთან. ევროკავშირის წევრობის განაცხადი ამ კონტექსტიდან ამოვარდნილია.

მიზეზი, რის გამოც „ოცნება“ ფორმალურად მაინც ვერ ელევა ევროპულ მიმართულებას, ქართული საზოგადოების განწყობაა. ის ორპოლუსიანი ხედვის ფარგლებშია ჩამოყალიბებული: დასავლურ ორიენტაციაზე უარის თქმა რუსეთის ორბიტაში გადასვლას ნიშნავს. ეს ჩემი აზრითაც ასეა. „ოცნებას“ აწუხებს მასზე მიწებებული „რუსული მთავრობის“ იარლიყი და მისი მოცილება უნდა; მაგრამ ამისთვის მან რეალურად პროდასავლური პოლიტიკა უნდა გაატაროს, რაც მის ინტერესებში არ შედის. მაშ, რა ქნას?

„მულტივექტორულობის“ პარადიგმის შემოტანა ამ ამოცანას ემსახურება. არავითარი პრორუსულობა: მთავრობა ატარებს პრაგმატულ, ქვეყნის ინტერესების შესაბამის პოლიტიკას, რაც „მრავალპოლუსიან“ სამყაროში მხოლოდ მულტივექტორული შეიძლება იყოს. რატომ უნდა ჩავდოთ ყველა კვერცხი დასავლური ინტეგრაციის კალათში - არ ჯობია, მსოფლიოში არსებულ ძალაუფლების სხვადასხვა ცენტრთან ვითანამშრომლოთ? რატომ უნდა დავუქვემდებაროთ ჩვენი პოლიტიკური ქმედებები დასავლეთის პოლიტიკურ ნებას?

ეს, ერთი შეხედვით, რაციონალურად ჟღერს და „რუსულობის“ ბრალდებასაც ეწინააღმდეგება. მაგრამ, როგორც ანალიტიკოსებმა მაშინვე დაინახეს, ჩვენს პოლიტიკურ კონტექსტში ჩინეთთან ურთიერთობის „სტრატეგიული პარტნიორობის“ რანგში აყვანა კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც საქართველოს დასავლეთის ვექტორს აშორებს. ამასთან, თუმცა ის აღმოსავლეთისკენაა გადადგმული და არა ჩრდილოეთისკენ, სრულად ეთანხმება რუსეთის ინტერესებს ჩვენ მიმართ, რადგან ამ უკანასკნელის მთავარი პრიორიტეტი საქართველოს დასავლეთისგან ჩამოშორებაა.

ამ შთაბეჭდილებას კიდევ უფრო აძლიერებს ერთობლივი განცხადების გარკვეული დებულებები, მაგალითად, „ჩინეთის მოდერნიზაციის ახალი გზის“ შექება. ეს ახალი გზა სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ავტორიტარიზმის შეხამება კონტროლირებად საბაზრო ეკონომიკასთან: ამ აზრით, რუსეთის თუ ჩინეთის „გზებს“ შორის არავითარი განსხვავება არ არსებობს, მაგრამ „ოცნება“ ავტორიტარიზმისკენ შებრუნებას ჩინური პრეცედენტით ამართლებს.

როგორც არ უნდა ვატრიალოთ, „მულტივექტორული პოლიტიკა“ ახალი გამოთქმაა, რომელიც ჩვენს ტრადიციულ დასავლურ ორიენტაციაზე უარის თქმას ნიშნავს.

მაშ, არ გვინდა პრაგმატული საგარეო პოლიტიკა?

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ პროდასავლური ორიენტაციაც ხომ ღმერთის დადგენილი არ არის? გვერდზე გადავდოთ ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ უნდობლობა და უფრო ფართოდ დავსვათ საკითხი: იქნებ, ცვალებად, სულ უფრო მრავალპოლუსიან სამყაროში მართლაც მონოვექტორული პოლიტიკის გადახედვაზე უნდა ვიფიქროთ?

დავსვათ უფრო კონკრეტული კითხვა: გამორიცხავს თუ არა პროდასავლური ორიენტაცია დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას, რომელიც ჩვენი ეროვნული ინტერესებით იქნება ნაკარნახევი? ადვილი დასანახია, რომ „ოცნების“ იდეოლოგები ამ კითხვით მანიპულირებენ, ხოლო მათი კრიტიკოსები მასზე პასუხს გაურბიან. სანამ ასეა, „ოცნების“ პროპაგანდა წარმატებულია.

ამ კითხვაზე მოკლე პასუხი ორი ნაწილისგან შედგება. ერთი ზოგადია: პატარა ან თუნდაც საშუალო ზომის სახელმწიფოს სუვერენიტეტი, მათ შორის საგარეო პოლიტიკაში, აბსოლუტური ვერ იქნება, მან ყოველთვის უნდა გაუწიოს ანგარიში ძლიერი მოთამაშეების ინტერესებს. ოღონდ ამ ანგარიშის გაწევაშიც ერი საკუთარი ინტერესებით უნდა ხელმძღვანელობდეს.

ჩვენი დასავლური ორიენტაცია ღმერთს მართლაც არ განუსაზღვრავს: ის ქართველებმა დავადგინეთ, რადგან ის ჩვენი ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება. საღად მოაზროვნე ადამიანებისთვის ცხადია, რომ თუ აქამდე, ავად თუ კარგად, ჩვენი სუვერენიტეტი შევინარჩუნეთ, ამაში გადამწყვეტი როლი დასავლეთის მფარველობით არსებულ ლიბერალურ საერთაშორისო წესრიგს ჰქონდა. დასავლური ორიენტაციის შენარჩუნება საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ სუვერენიტეტი არც მომავალში დავკარგოთ.

პასუხის მეორე ნაწილი ისაა, რომ აბსოლუტური ჰარმონია საქართველოსა და მის დასავლელ პარტნიორებს შორის არასოდეს ყოფილა და არასოდეს იქნება (ისევე, როგორც არ არის ჰარმონია ე.წ. კოლექტიური დასავლეთის შიგნით). ეს სრულიად ნორმალურია. ჩვენს უახლოეს ისტორიაში ყველაზე პროდასავლურ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ხშირად ჰქონდა კონკრეტულ საკითხებზე უთანხმოება დასავლელ პარტნიორებთან და ესეც ნორმალური იყო. ზოგადი პროდასავლური ორიენტაცია არჩევანის გაუქმებას არ ნიშნავს. ეს არჩევანი გულისხმობს იმასაც, რომ ქვეყანამ თავად განსაზღვროს, როგორ დაალაგოს ურთიერთობა მისთვის მნიშვნელოვან ქვეყნებთან.

პრობლემა მაშინ იწყება, როდესაც კონკრეტული, თუნდაც ერთი შეხედვით პრაგმატული პოლიტიკური ნაბიჯები ქვეყნის ზოგად სტრატეგიასთან მოდის წინააღმდეგობაში. ივანიშვილის პოლიტიკის კონკრეტული გადაწყვეტილებები - მათ შორის ჩინეთთან „სტრატეგიული პარტნიორობის“ დამყარება იმ ფორმით, როგორც ეს მოხდა - იმიტომ კი არ არის გასაკრიტიკებელი, რომ ისინი ბრიუსელს ან ვაშინგტონს გაანაწყენებს, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან მოდის წინააღმდეგობაში.

ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.