სრული ნდობა გვაქვს ირაკლი გილაურისადმი - „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭო

აქტიურად ვმუშაობთ აშშ-ის ოფიციალურ პირებთან გარემოებების გარკვევის მიზნით - „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭო გილაურის სანქცირების მოთხოვნით მარკო რუბიოსთვის გაგზავნილ სიაში მოხვედრაზე.

„საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭო აცხადებს, რომ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორისადმი, ირაკლი გილაურისადმი „სრული ნდობა გააჩნია“, არ ეთანხმება მისდამი სანქციების დაწესებაზე მოსაზრებას და ასევე აცხადებს, რომ კომპანია პოლიტიკურ პროცესში არ ერევა.

კომპანიის დირექტორთა საბჭო ეხმაურება რადიო თავისუფლების გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი გილაურის სახელი მოხვდა დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნად დასახელებულ მარკო რუბიოსთვის გაგზავნილ სიაში.

სია, რომლითაც 25 პირის სანქცირებაა მოთხოვნილი, მარკო რუბიოს კონგრესიდან გაეგზავნა.

„დირექტორთა საბჭოს არ გააჩნია ინფორმაცია ზემოაღნიშნული სიის წარმომავლობასთან დაკავშირებით. თუმცა, დირექტორთა საბჭო აქტიურად მუშაობს აშშ-ის ოფიციალურ პირებთან გარემოებების გარკვევის მიზნით“, - წერია „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭოს მიერ 13 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.

დირექტორთა საბჭოს აკომპლექტებენ თავად ირაკლი გილაური, უფროსი არააღმასრულებელი დირექტორი დევიდ მორისონი და სამი არააღმასრულებელი დირექტორი: მასიმო ჯეზუა სივე სალვადორი, მარია შატი-გოტიე და ნილ ჯენინი.

„დირექტორთა საბჭოს გააჩნია სრული ნდობა ირაკლი გილაურისადმი და არ ეთანხმება არანაირ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც აშშ-ის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მთავრობა შესაძლოა, განიხილავდეს მის წინააღმდეგ რაიმე მოქმედების განხორციელებას“, - აცხადებს დირექტორთა საბჭო.

„დარწმუნებული ვართ, რომ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენისა და განხილვის შედეგად, ნებისმიერი უფლებამოსილი ორგანო გაიზიარებს ჩვენს შეხედულებას“, - წერია განცხადებაში.

საბჭო ასევე წერს, რომ „საქართველოს კაპიტალი“ არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული საჯარო კომპანია და მის ძირითად აქციონერებს ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის ინსტიტუციური ინვესტორები წარმოადგენენ.

„ირაკლი გილაურის ხელმძღვანელობით კომპანია იმართება კორპორატიული მართვის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა პირთა საკმაოდ ფართო წრის მიმართ და შესაბამისად, ჩვენი კომპანიის პოლიტიკა ყოველთვის ითვალისწინებდა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესში ჩაურევლობას“, - წერია განცხადებაში.

„საქართველოს კაპიტალი“ ასევე წერს, რომ „აგრძელებს კორპორატიული მართვის უმაღლესი სტანდარტებით მოქმედებას“ და „მიმართავს ყველა საჭირო ზომას კომპანიისა და ირაკლი გილაურის მიმართ დაუსაბუთებელ ბრალდებებზე საპასუხოდ“.

რადიო თავისუფლებამ 2025 წლის 9 იანვარს გაავრცელა ცნობა წყაროზე დაყრდნობით, რომ შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, რომლითაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბებისა“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ.

ამავე წერილში, რომელიც ინფორმირებული წყაროს ცნობით, 2025 წლის 9 იანვარს გაეგზავნა რუბიოს, ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნესსცენაზე მყოფი 25 ადამიანი, - „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ [enablers] ქსელი“, - რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“.

აღნიშნულ სიაში იყვნენ „ბიძინა ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრები“, „ქართული ოცნების“ ლიდერები, მინისტრები და სახელმწიფო თანამდებობის პირები, მოსამართლეები და „კორუმპირებული ფინანსური „გამაძლიერებლები“ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის მედიიდან.

ასევე ნახეთ ივანიშვილის გარემოცვა, თურნავა, „რიჟა“, სხვა ბიზნესმენები - ვისი სია გაუგზავნეს მარკო რუბიოს, აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს

სიაში, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნად დასახელებულ მარკო რუბიოს გაუგზავნეს, იყო ირაკლი გილაურის სახელიც. იგი მოხსენიებული იყო, როგორც „კორუმპირებული ფინანსური „გამაძლიერებელი“ [enabler]“. წერილში მოყვანილი ფორმულირების სხვა დეტალები, - ისევე როგორც სხვა ადამიანების შემთხვევაში, - მითითებული არ ყოფილა.

ირაკლი გილაური არის „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი.

ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიზნესმენ ნიკა გილაურის ძმა. ნიკა გილაურმა 2024 წლის დეკემბერში, - პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების დაწყების შემდეგ, - აქციაზე ნაცემი მოქალაქეების დასახმარებლად შექმნა საქველმოქმედო ფონდი, Prosperity Georgia.

ასევე ნახეთ ივანიშვილის გარემოცვა, თურნავა, „რიჟა“, სხვა ბიზნესმენები - ვისი სია გაუგზავნეს მარკო რუბიოს, აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს

ბიძინა ივანიშვილს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები 2024 წლის 27 დეკემბერს დაუწესა. სანქციები ეხება Credit Suisse-თან მის დავასაც.

აშშ-ის ხელისუფლებას ქართველი, ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები მრავალი თვეა, მოუწოდებენ ივანიშვილისა და მისი წრისათვის სანქციების დაწესებისაკენ. ივანიშვილის გარემოცვის და „პრივილეგირებული ბიზნესმენების“ სანქცირების საჭიროებაზე 9 იანვარს ისაუბრა მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.

ასევე ნახეთ ზურაბიშვილი საუბრობს ივანიშვილის გარემოცვის და „პრივილეგირებული ბიზნესმენების“ სანქცირების საჭიროებაზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს ტრამპის ადმინისტრაციაში მარკო რუბიო ჩაანაცვლებს. აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს არის დაგეგმილი.