Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი საუბრობს ივანიშვილის გარემოცვის და „პრივილეგირებული ბიზნესმენების“ სანქცირების საჭიროებაზე


სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ოცნების“ და მისი გარემოცვის სანქცირების პროცესი უნდა გაგრძელდეს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ოცნების“ და მისი გარემოცვის სანქცირების პროცესი უნდა გაგრძელდეს.

მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკულ კვლევით ცენტრში, „ჰადსონის ინსტიტუტში“, დისტანციურად სიტყვით გამოსვლისას მოუწოდა ამერიკელ პარტნიორებს, დაეხმარონ საქართველოს ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევაში.

მან ასევე ილაპარაკა „არალეგიტიმური პარლამენტისა და დე ფაქტო პრეზიდენტის არაღიარების მნიშვნელობაზე“ და სანქციების საჭიროებაზე.

„სანქციები ზეწოლას ახდენს არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ლიდერებზე, არამედ მათ გარშემო არსებულ უახლოეს წრეზე, როგორც ნებისმიერ ავტოკრატიულ ქვეყანაში“, - განაცხადა მან.

„რადგან ისინი უკვე წარმოადგენენ ავტოკრატიულ, ერთპარტიულ რეჟიმს, ისინი დამოკიდებულნი არიან ამ წრეზე მათ გარშემო, პრივილეგირებული ბიზნესმენების წრეზე, იმ ინსტიტუციებზე, რომლებსაც აკონტროლებენ და მათ ხელშია. ასე რომ, სანქციები ... ასუსტებს ავტოკრატიულ, პრორუსულ რეჟიმს. ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს, და თქვენ აუცილებლად უნდა დაგვეხმაროთ, მივაღწიოთ ახალ არჩევნებამდე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, არ არსებობს „სხვა ცნობილი გზა, გარდა არჩევნებისა, ისეთი ღრმა კრიზისიდან გამოსასვლელად, როგორშიც ახლა საქართველოა“.

„ერთადერთი გზა ახალი არჩევნების მეშვეობითაა. და ახალი არჩევნები რომ შედგება, ამაში დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა მან.

მოხსენების დაწყებამდე სალომე ზურაბიშვილი „ჰადსონის ინსტიტუტის“ პრეზიდენტმა ჯონ უოლტერსმა წარადგინა, როგორც „საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი“, რაც მას ზურაბიშვილმა შეუსწორა:

„მხოლოდ ერთი პატარა, მაგრამ დიდი შესწორება უნდა შევიტანო თქვენს პრეზენტაციაში: მე არ ვარ ყოფილი პრეზიდენტი, მე ვარ საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი, მმართველი პარტიის პრეტენზიების მიუხედავად“, - განაცხადა მან.

სალომე ზურაბიშვილის ამ რეპლიკას აპლოდისმენტები მოჰყვა.

რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს 9 იანვარს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, რომელშიც ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნესსცენაზე მყოფი 26 ადამიანი, - „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ [enalbers] ქსელი“, - რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“.

ბიძინა ივანიშვილს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები 2024 წლის 27 დეკემბერს დაუწესა. სანქციები ეხება Credit Suisse-თან მის დავასაც.

შეერთებულ შტატებს ასევე სანქცირებული ჰყავს:

  • 2023 წლის აპრილიდან - „სასამართლო კლანის“ წევრებად მიჩნეული მოსამართლეები მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე); მათ სავიზო სანქციები შეეხოთ;
  • 2023 წლის სექტემბრიდან - ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე საქართველოში „რუსეთის მანკიერი ზეგავლენის“ გამო; ის დაასანქცირეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის #14024 ბრძანების საფუძველზე, რომელიც სანქცირების ავტორიზაციას გასცემს „რუსეთის ფედერაციის მთავრობის კონკრეტულ საზიანო უცხოურ საქმიანობასთან დაკავშირებით“.
  • 2024 წლის ივნისიდან, „აგენტების კანონის“ მიღებიდან ორ კვირაში - აშშ-მა სავიზო აკრძალვები დაუწესა „20-დან 30-მდე პირს“ - მათი ვინაობა უცნობია.
  • 2024 წლის 16 სექტემბრიდან - 60-ზე მეტი პირი, მათ შორის - „ქართული ოცნების“ ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლები. სანქცირებულთა ვინაობა ამ შემთხვევაშიც უცნობია.
  • 16 სექტემბრიდანვე: „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანეს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი ("ხარება"), მისი ერთ-ერთი მოადგილე მილერი ლაგაზაური; ასევე „ალტ-ინფოს“ ლიდერები - კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე;
  • 12 დეკემბრიდან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვების მორიგი პაკეტი დაუწესა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის - „ოცნების“ მაღალჩინოსნებს. ეს ეხება „მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავ უწყებებს, უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობის პირებსა და კერძო მოქალაქეებს“. ვინაობა ამ შემთხვევაშიც უცნობია.
  • 19 დეკემბრიდან, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს, „გლობალური მაგნიტსკის სანქციები“ შეეხოთ;

შეერთებული შტატების გარდა, ქართველი თანამდებობის პირებისთვის სანქციები დაწესებული აქვთ გაერთიანებულ სამეფოს, ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთსა და უკრაინას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG