საქართველოს 5 პრეზიდენტი - ვის მემკვიდრეობას გააგრძელებს ყაველაშვილი 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტების ისტორია ზვიად გამსახურდიათი იწყება.

27 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მე-6 პრეზიდენტის კანდიდატურა წარადგინა - ყოფილი ფეხბურთელი და პარლამენტარი მიხეილ ყაველაშვილი.

რადიო თავისუფლება მოკლედ იხსენებს იმ 5 წინამორბედს, რომელთა პოლიტიკური მემკვიდრეც გახდება მიხეილ ყაველაშვილი, თუკი მის არჩევას არაფერი გადაეღობება.

N1 ზვიად გამსახურდია - პრეზიდენტობის წლები: 1991-1992

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტების ისტორია ზვიად გამსახურდიათი იწყება, დისიდენტითა და ეროვნული მოძრაობის ლიდერით, რომელიც პრეზიდენტად 1991 წლის 26 მაისს აირჩიეს.

ზვიად გამსახურდია

მწერალ კონსტანტინე გამსახურდიას შვილი ზვიად გამსახურდია განათლებით ფილოლოგი იყო, მეცნიერი. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ, მერაბ კოსტავასთან ერთად ანტისაბჭოთა მოძრაობა დაიწყო, რის გამოც მთელი ცხოვრება იდევნებოდა. იყო დაპატიმრებული და გადასახლებულიც.

ზვიად გამსახურდიას მმართველობას უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, საყოველთაო რეფერენდუმი და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმება.

სხვა გზა ჩვენს ერს არ გააჩნია. ჩვენი გზა არის მოწამეობრივი გზა, გზა ქრისტესი, გზა ეკლის გვირგვინისა, ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა!“ - თქვა მან დამოუკიდებლობის აღდგენისას.

პრეზიდენტის თანამდებობა ეჭირა 1991 წლის 14 აპრილიდან 1992 წლის 6 იანვრამდე. იანვარში, სამხედრო გადატრიალების შედეგად, ზვიად გამსახურდიამ თბილისი დატოვა და თავი ჩეჩნეთს შეაფარა. მოგვიანებით დაბრუნდა დასავლეთ საქართველოში, სადაც ოფიციალური ვერსიით, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი დაკრძალულია მთაწმინდაზე.

N2 ედუარდ შევარდნაძე - პრეზიდენტობის წლები: 1992-2003

გურიის სოფელ მამათში დაბადებული ედუარდ შევარდნაძე 1972-1985 წლებში საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი გახდა. 1985 წელს ის დააწინაურეს და მოსკოვში სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრად გადაიყვანეს. სწორედ ამ პერიოდში დაინგრა ბერლინის კედელი, დაიწყო „პერესტროიკა“ და დაიშალა საბჭოთა კავშირი.

1992 წელს, მას შემდეგ, რაც ზვიად გამსახურდიამ საქართველო დატოვა, ედუარდ შევარდნაძე თბილისში ჩამოვიდა და სახელმწიფო საბჭოს ჩაუდგა სათავეში. ამავე წელს აირჩიეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ.

ედუარდ შევარდნაძე

ედუარდ შევარდნაძე განათლებით იყო ფერშალი, ასევე დამთავრებული ჰქონდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი, ისტორიკოს-პოლიტოლოგის სპეციალობით.

მისი მმართველობის წლებს უკავშირდება აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაცია რუსეთის მიერ, საქართველოს გაწევრიანება დსთ-ში, კონსტიტუციის მიღება, ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის გაყვანა, შეთანხმება, რომ საქართველოს ტერიტორიას დატოვებდა აქ დისლოცირებული რუსეთის ჯარი.

პრეზიდენტის თანამდებობიდან ედუარდ შევარდნაძე ვადამდე გადადგა 2003 წლის 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის შედეგად.

გარდაიცვალა 2014 წლის 7 ივლისს. დაკრძალულია კრწანისის რეზიდენციაში.

N3 მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტობის წლები: 2004-2013

მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების სათავეში 2003 წელს, ვარდების რევოლუციის შედეგად მოვიდა. მანამდე მას ეკავა იუსტიციის მინისტრის თანამდებობა, ჩამოაყალიბა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

სააკაშვილს განათლება მიღებული აქვს ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტსა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში - სამართლის განხრით.

მიხეილ სააკაშვილი

2004 წელს, ამომრჩეველთა ხმების 96 პროცენტით მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს. მეორე ვადით აირჩიეს 2008 წელს. ამ მოვალეობას ასრულებდა 2013 წლის ოქტომბრამდე.

მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი უკავშირდება, ერთი მხრივ, ეკონომიკურ წინსვლასა და განვითარებას, კორუფციის აღმოფხვრას, მეორე მხრივ, პრობლემებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ასევე 2008 წელს რუსეთის მიერ ომის დაწყებას საქართველოში, რასაც მოჰყვა მსხვერპლი, მოსახლეობის ნაწილის დევნილობა და ოკუპაციის გაღრმავება.

საქართველოს შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური მოღვაწეობა განაგრძო უკრაინაში - 2015 წელს ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა.

2018 წელს საქართველოს სასამართლომ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. 2021 წელს ის მალულად დაბრუნდა თბილისში, სადაც დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი დღემდე რჩება პატიმრობაში.

N4 გიორგი მარგველაშვილი - პრეზიდენტობის წლები: 2013-2018 წელი

ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 2013 წლის 27 ოქტომბერს აირჩიეს. ის ამ პოსტზე „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. მანამდე მარგველაშვილს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობა ეკავა.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილის კადრი იყო, უკვე პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ის დაუპირისპირდა ივანიშვილის პოლიტიკას.

გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტად დარჩა 2018 წლამდე.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გიორგი მარგველაშვილი შეუერთდა ოპოზიციურ პარტიას „ძლიერი საქართველო“.

N5 სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტობის წლები: 2018 - დღემდე

სალომე ზურაბიშვილი დაიბადა საფრანგეთში, ქართველი ემიგრანტების ოჯახში. დამთავრებული აქვს პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი პარიზში, ასევე - კოლუმბიის უნივერსიტეტი. იყო დიპლომატი საფრანგეთსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში. 2003 წელს დაინიშნა საფრანგეთის ელჩად საქართველოში. 2018 წელს აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად.

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილიც პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში დაუპირისპირდა მმართველ ძალას, „ქართულ ოცნებას“, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2024 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რის გამოც შეჩერდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს „ქართულ ქარტიას“, რომელიც მოქმედების ერთიან გეგმას ისახავდა მიზნად.

„დღევანდელ საქართველოს ვერავინ აიძულებს, ხელახლა იცხოვროს სხვისი მრწამსით, სხვისი დოგმებითა და ბორკილებით; სწორედ ამიტომ მტკიცედ მწამს - საქართველოს ვერავინ და ვერასოდეს დააბრუნებს წარსულში. მჯერა და მინდა თქვენც დაგარწმუნოთ, რომ არც ჩიხში ვართ შესულნი, არც ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებთ და არც უიმედობასა და ნიჰილიზმს აქვს ადგილი ჩვენში. ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენს ხელშია და გამოსავალიც ჩვენვე უნდა მოვნახოთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ აღიარებს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და მიიჩნევს, რომ არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ თავის სასარგებლოდ გააყალბა. მან საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა - არ ეცნო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, თუმცა „ქართული ოცნება“ არ დაელოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, შეკრიბა მე-11 მოწვევის პარლამენტი და ცნო მისი უფლებამოსილება. ამ სხდომას არ დასწრებია ოპოზიცია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მსგავსად მის შედეგებს არ აღიარებს.