*სტატია განახლებულია 6 მარტს, ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის საჯარო გამოხმაურებით ფეისბუკზე.
საქართველო კიდევ ერთხელ აღმოჩნდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებსაც შეიძლება რუსეთი სანქცირებული, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შესაძენად იყენებდეს, - ეს პროდუქცია, რისი შეძენაც რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეეზღუდა, მას საომარი ტექნოლოგიებისა და იარაღის საწარმოებლად სჭირდება.
საქართველოს ხელისუფლება უსაფუძვლოდ მიიჩნევს ამ ეჭვებს, საგარეო ვაჭრობის მონაცემები კი აჩვენებს, რომ უკრაინაში ომის პარალელურად საქართველომ მკვეთრად გაზარდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტი დასავლეთიდან და ექსპორტი დსთ-ს ქვეყნებში. ამ ქვეყნების ნაწილი, განსაკუთრებით ყაზახეთი, ყირგიზეთი და სომხეთი, არაერთხელ დასახელდა რუსეთისთვის სამხედრო ტექნოლოგიების მიმწოდებელ ქვეყნებად.
რადიო თავისუფლებამ მოიპოვა დოკუმენტი, სადაც ჩანს, რომ საქართველომ 2022 წელს წინა წელთან შედარებით 3370 %-ით გაზარდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიკროჩიპების იმპორტი. დოკუმენტი, სადაც წერია, რომ საქართველომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წელს რეკორდულად გაზრდილი რაოდენობის ამერიკული ტექნოლოგიური პროდუქცია შეიძინა, ამერიკის სენატში რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების ეფექტურობის განსახილველად მომზადდა 21 თებერვალს რუსეთის სანქციებზე მომუშავე მუდმივმოქმედი საგამოძიებო ქვეკომიტეტის მიერ.
ამ დოკუმენტში მოყვანილი მონაცემები მიკროჩიპებით მოვაჭრე ოთხი გიგანტური ამერიკული კომპანიის (Intel, Analog Devices, AMD და Texas Instruments) საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას ეყრდნობა, რომელიც საგამოძიებო ჯგუფმა მათგან გამოითხოვა ანგარიშზე მუშაობისას. ამ კომპანიების მიერ წარმოებული ნახევარგამტარები და მიკროჩიპები ყველაზე ხშირად ხვდებათ შეიარაღების მკვლევრებს უკრაინაში გამოყენებულ რუსულ სამხედრო იარაღში.
ნახევარგამტარები, რომელსაც თანამედროვე, ტექნოლოგიური სამყაროს ნავთობადაც კი მიიჩნევენ მათი მნიშვნელობისა და ღირებულების გამო, პრაქტიკულად ყველა სფეროში გამოიყენება - ესაა ელექტრონული მოწყობილობების “ტვინი”, რომლის გამოყენების არეალიც ფართოა - სმარტფონებიდან და ავტომობილებიდან დაწყებული, სამედიცინო აპარატურითა და კოსმოსური პროდუქტებით დამთავრებული.
რუსეთი ნახევარგამტარებს სამხედრო თვითმფრინავების, რაკეტების, ჯავშანმანქანების, საკომუნიკაციო სისტემების წარმოებაში იყენებს.
CNBC-ის ანალიზით, 2022 წელს, უკრაინაში ომის პარალელურად რუსეთმა 2,5 მილიარდი დოლარის ნახევარგამტარები შეისყიდა, მაშინ როცა წინა წელს ეს რიცხვი 1,8 მილიარდი დოლარი იყო. ჩინეთის გარდა რუსეთს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების მოპოვებაში ეხმარებიან თურქეთი და საუდის არაბეთიც.
საეჭვოდ მიიჩნევა ყირგიზეთის, საქართველოსა და სომხეთის დრამატულად გაზრდილი ექსპორტიც რუსეთთან. 2022 წელს რუსეთის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 11.5% იყო.
ასევე ნახეთ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შემცირდა, მაგრამ 2021 წელთან შედარებით კვლავ მაღალია - TI
კიევის ეკონომიკის სკოლის [KSE Institut] 2023 წლის ზაფხულში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რუსეთმა 2022 წლის დასასრულისთვის მესამე ქვეყნების გავლით თითქმის სრულად აღიდგინა სამხედრო ოპერაციებისთვის საჭირო “კრიტიკული კომპონენტების” იმპორტი და ფაქტობრივად სანქციებამდელ დონეს მიაღწია ამ პროდუქციის მომარაგების თვალსაზრისით. ამ პროდუქციის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი რუსეთისთვის ჩინეთი იყო. 2023 წელს კი რუსეთმა მოახერხა 1 მილიარდი დოლარის ევროპული და ამერიკული მიკროჩიპების იმპორტი.
ნახევარგამტარები არ არის ერთადერთი რამ, რამაც შეცვალა ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოს იმპორტის სურათი.
რადიო თავისუფლებამ ქვეყნის საგარეო ვაჭრობის მონაცემებში გადაამოწმა ის “კრიტიკული კომპონენტები” და “სამხედრო შეიარაღების გასაძლიერებლად საჭირო” პროდუქცია, რომლის ყიდვაც რუსეთს სანქციების გამო პირდაპირ არ შეუძლია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისგან.
განსხვავება 2021 წლისა და 2022-2023 წლების მონაცემებს შორის მნიშვნელოვანია არაერთი პროდუქტის შემთხვევაში:
- 2016 წლის შემდეგ მხოლოდ 2022 წელს განახლდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში კერამიკული კონდესატორების იმპორტი - ეს პროდუქცია ორმაგი დანიშნულებისაა და არსებობს რისკი, რომ რუსეთმა საომარი პროდუქციის დანიშნულებისთვის გამოიყენოს.
- 2023 წლამდე საქართველოში შეერთებული შტატებიდან არ ფიქსირდება ტანტალის მუდმივი ტევადობის კონდესატორების იმპორტი - სანქციების გამო რუსეთს ამერიკული და ევროპული კომპანიებისგან ამ პროდუქციის პირდაპირ შეძენა არ შეუძლია. 2023 წელს კონდესატორები ჩნდება ევროკავშირიდან იმპორტის სტატისტიკაშიც.
- უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 6-ჯერ არის გაზრდილი აშშ-დან აერონავიგაციისა ან კოსმოსური ნავიგაციისათვის საჭირო ხელსაწყოებისა და ინსტრუმენტების იმპორტი.
- 2022 და 2023 წლებში შტატებიდან იმპორტირებული ინტეგრალური სქემების იმპორტი ათჯერ მეტია, ვიდრე წინა 5 წლის განმავლობაში იმპორტირებული ამ პროდუქციის ჯამი.
“რუსეთისთვის დაწესებული სანქციები საცერია”, - თქვა დემოკრატმა სენატორმა კონექტიკუტის შტატიდან რიჩარდ ბლუმენტალმა ამერიკის სენატში შეხვედრაზე 27 თებერვალს, სადაც ის კოლეგებთან და შეიარაღების სპეციალისტებთან ერთად განიხილავდა ამერიკული პროდუქციის გამოყენებას რუსეთის მხრიდან ბრძოლის ველზე.
“ჩვენი ტექნოლოგია არ შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, ვისაც სურს მასზე წვდომა. ჩვენ გვჭირდება ნახევარგამტარების კონტროლი”, - თქვა მან და მოჰყვა, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას გადასცა საქაღალდე, სადაც იყო მტკიცებულებები იმის შესახებ, როგორ იყენებს რუსეთი უკრაინელების დასახოცად ამერიკული კომპანიების ტექნოლოგიებს.
“საქაღალდე, რომელიც მან გადმომცა, იყო საბრალდებო დასკვნა ჩვენი ექსპორტის, ექსპორტის კონტროლისა და სანქციების სისტემის ეფექტურობის შესახებ - ამ საქაღალდეში იყო ჩამონათვალი 211 მაღალტექნოლოგიური ჩიპის, ნახევარგამტარის და სხვა ტექნოლოგიების შესახებ, რომელსაც რუსეთი იყენებს რაკეტებისა და სხვა საბრძოლო იარაღისთვის. ამ პროდუქციის დიდი ნაწილის მწარმოებლები ოთხი გიგანტური ამერიკული კომპანია და მათი შვილობილები არიან. მტკიცებულებები, რაც უკრაინის პრეზიდენტმა გადმომცა, აჩვენებს, რომ დასავლური ტექნოლოგიები რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით მიედინება”, - თქვა რიჩარდ ბლუმენტალმა და დააკონკრეტა, რომ 2021 წლიდან 2022 წლამდე ექსპორტი არაბუნებრივად გაიზარდა ყაზახეთში, სომხეთში, საქართველოში, თურქეთსა და ფინეთში.
ამ ქვეყნების გარდა რუსეთის დახმარებაში ეჭვმიტანილი არიან ჩინეთი, ირანი, საუდის არაბეთი, ჩრდილოეთი კორეა.
საქართველო სანქციებიდან თავის არიდების კონტექსტში ამავე განხილვაზე ახსენა რესპუბლიკელმა სენატორმა რონ ჯონსონმაც ვისკონსინის შტატიდან.
“რუსულ სამხედრო აღჭურვილობაში აღმოჩენილი თითქმის 2800 უცხოური კომპონენტის 70%-ზე მეტი ამერიკულ კომპანიებს ეკუთვნის. წინასწარი ინფორმაციის საფუძველზე ჩანს, რომ სანქციებთან მიუერთებელ ქვეყნებს, კერძოდ, სომხეთს, ფინეთს, საქართველოს, ყაზახეთს და თურქეთს ლეგალურად შეაქვთ სამხედრო კომპონენტები ამერიკის შეერთებული შტატებიდან და შემდეგ პირდაპირ ან შემოვლითი გზებით გააქვთ ექსპორტზე რუსეთში”, - თქვა მან.
“კომიტეტზე დასახელებული საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო სტატისტიკა არ ასახავს რეალურ მონაცემებს. გარდა ამისა, კომიტეტზე არ წარმოდგენილა არცერთი კონკრეტული ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის შემთხვევას.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა უკვე მიმართა ამერიკელ კოლეგებს და მოთხოვნილია განმარტება, თუ რა მტკიცებულებების საფუძველზე გაკეთდა საქართველოსთან მიმართებით აღნიშნული განცხადება. კონკრეტული მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში, ამერიკულ მხარეს ეთხოვა მათი გაზიარება ქართული მხარისთვის”, - ასე გამოეხმაურა საქართველოს შემოსავლების სამსახური სენატში მსჯელობას.
ასევე ნახეთ საქართველოდან ყაზახეთსა და ყირგიზეთში ექსპორტი მკვეთრად იზრდება - რას ნიშნავს ეს?სენატში განხილვას ამერიკელი პოლიტიკოსების გარდა რუსეთის საკითხებზე მომუშავე კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. განხილვას წინ უსწრებდა ბრიტანული ორგანიზაცია Conflict Armament Research-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა უკრაინაში რუსეთის მიერ გამოყენებული იარაღის შესახებ. ეს ორგანიზაცია სწავლობს სხვადასხვა შეიარაღებულ კონფლიქტში გამოყენებულ იარაღებს და უკრაინაში გამოყენებულ საბრძოლო მასალებს ჯერ კიდევ 2014 წლიდან აკვირდება.
“უკრაინაში ბრძოლის ველზე აღმოჩენილი რუსული, ირანული და ჩრდილოეთ კორეაში ნაწარმოები იარაღი სავსეა ამერიკული და ევროპული კომპანიების ნახევარგამტარებით. ეს წყევლაც არის და სიკეთეც. წყევლა იმიტომ, რომ ამერიკული ტექნოლოგიები ამერიკის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენება და სიკეთე იმიტომ, რომ თქვენს ხელშია ამ ტექნოლოგიების შეზღუდვა რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეისთვის.
ჩვენი მონაცემები გაგრძელებაა იმ ისტორიების, რომ რუსეთი ჩიპებს სამხედრო იარაღისთვის იღებს საყოფაცხოვრებო ტექნიკიდან, ყიდულობს საცალო ვაჭრობის ვებსაიტებზე, თუმცა ისიც ფაქტია, რომ რუსეთში ეს პროდუქცია უფრო მასიურად მესამე ქვეყნების გავლითაც შედის, რომელთა იდენტიფიცირებაც შესაძლებელია”, - უთხრა კონგრესმენებს Conflict Armament Research-ის წარმომადგენელმა, დემიენ სპლიტერსმა 27 თებერვალს.
ეს ორგანიზაცია უშუალოდ კონფლიქტების ადგილებში სწავლობს იარაღს, მათ შემადგენლობას, მწარმოებლებსა და დისტრიბუტორებს და ადგენს იარაღის განვლილ გზას შექმნიდან გამოყენებამდე. როგორც სპლიტერსმა თქვა სენატში მოსმენისას, მათ მიერ ნაპოვნ და შესწავლილ ასობით იარაღში 10 000-ზე მეტი ნახევარგამტარის დოკუმენტირება მოახდინეს და დაადგინეს ასზე მეტი არარუსული კომპანია, რომელიც ამ ნახევარგამტარებით ვაჭრობს.
სამხრეთ კორეის, იაპონიისა და გერმანიის ტექნოლოგიებს იყენებს რუსეთი С-300-ის და С-400-ის სისტემებისთვის, რომლითაც იბომბება ხარკოვი. ჩეხეთის პროდუქციას კი მოიხმარს ვოლტინსკის ქარხანა რუსეთში, რომელიც აწარმოებს Iskander-M-ის ბალისტიკურ რაკეტებს და Topol-M-ის ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტებს.
უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ 2024 წლის დასაწყისში “ომისა და სანქციების” პორტალს დაამატა “ომის იარაღებისთვის” ცალკე განყოფილება, სადაც აღწერს ყველა იმ უცხო ქვეყნის ტექნოლოგიასაც, რასაც რუსულ შეიარაღებაში პოულობენ. პროდუქცია, რომელსაც აქ ნახავთ, გაცილებით ფართოა, ვიდრე მიკროჩიპები და ნახევარგამტარები. ამ პროდუქციის უმეტესობა რუსეთში მესამე ქვეყნების ან ისეთი სახელმწიფოების გავლით ხვდება, რომლებიც დასავლურ სანქციებს არ უერთდებიან.
უკრაინაში ომის დაწყების პირველ ეტაპზე საქართველომ მკვეთრად შეამცირა საგარეო ვაჭრობა სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გაზარდა როგორც რუსეთთან, ისე დსთ-ს ქვეყნებთან.
2023 წლის პირველ თვეებში შემცირებული იყო ევროკავშირთან ვაჭრობის წილიც, თუმცა, ზოგადი სურათიდან განსხვავებულია ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ვაჭრობის სტატისტიკა. თუკი საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე ნახავთ იმ ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტისა და ექსპორტის მონაცემებს, რომლებიც ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაშია თავმოყრილი, აღმოაჩენთ, რომ მათი ყიდვაც და გაყიდვაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა საქართველოში.
- 6-ჯერ არის გაზრდილი დსთ-ს ქვეყნებში საქართველოდან გატანილი მონაცემების დამუშავების ციფრული ბლოკები. 2023 წელს ამ პროდუქციის ყველაზე დიდი ნაწილი ყაზახეთსა და სომხეთში გავიდა. ციფრული ბლოკების საქართველოსთვის მომწოდებელი ქვეყნების პირველი ხუთეული კი იყვნენ ნიდერლანდის სამეფო, გერმანია, ჩინეთი, ჰონგკონგი და ჩეხეთი.
- გაზრდილია საქართველოდან დსთ-ს ქვეყნებში გატანილი თვითმფრინავების და ვერტმფრენების ნაწილების მოცულობაც. ეს ტექნიკური პროდუქცია უკრაინაში ომის პარალელურად საქართველოდან ყაზახეთსა და აზერბაიჯანში გავიდა.
- მკვეთრად არის მომატებული დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტზე გატანილი რადიონავიგაციური აპარატურა. 2023 წელს საქართველოდან ექსპორტზე გატანილი რადიონავიგაციური სისტემების 80% აზერბაიჯანზე მოდის, 11% თურქმენეთზე. 2022 წლამდე თურქმენეთში ამ ტიპის პროდუქცია საქართველოდან არასოდეს გასულა ექსპორტზე, აზერბაიჯანში კი 2016-2022 წლებში ჯამში გატანილი რადიონავიგაციური პროდუქცია 4-ჯერ ნაკლებია იმასთან შედარებით, რაც 2022 წელს გავიდა საქართველოდან.
- სომხეთში ექსპორტზე მხოლოდ 2021 და 2022 წლებში გავიდა სიგნალების გენერატორები საქართველოდან. წინა წლებში დსთ-ს არცერთ ქვეყანაში არ გასულა ამ ტიპის პროდუქცია საქართველოდან.
- ბოლო 10 წლის განმავლობაში ტანტალის მუდმივი ტევადობის კონდესატორები მხოლოდ 2022 წელს გავიდა ექსპორტზე საქართველოდან სომხეთში. ეს პროდუქცია იშვიათია იმპორტის სტატისტიკაშიც.
უკრაინაში ომის პარალელურად, გარდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დსთ-ს ქვეყნებთან ვაჭრობის სურათისა, შეცვლილია იმპორტის დინამიკა ევროკავშირის ქვეყნებთანაც. გარდა იმისა, რომ ბოლო სამი წელია მცირდება ევროკავშირის ქვეყნების წილი საგარეო ბრუნვაში, ჩნდება ისეთი პროდუქტები, რომლებიც მანამდე არ ან გაცილებით მცირე რაოდენობით შემოდიოდა საქართველოში.
- ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად შემოიტანა საქართველომ 2022 წელს ევროკავშირიდან მანქანები და აპარატურა, რომელიც გამოიყენება ნიღბებისა და ფოტოშაბლონების წარმოებისა და რემონტისთვის, ნახევარგამტარული მოწყობილობების, ინტეგრალური სქემების მონტაჟისთვის;
- 89%-ით არის გაზრდილი კავშირგაბმულობის აპარატურის ნაწილების იმპორტი ევროპის ქვეყნებიდან, უკრაინის ომის პარალელურად. 2023 წელს ამ ტიპის პროდუქციის ყველაზე დიდი ნაწილი აზერბაიჯანში გავიდა;
- 296%-იანი მატებაა ევროკავშირიდან ანტენებისა და ანტენების ამრეკლების იმპორტში. 2023 წელს ანტენების და ანტენების ამრეკლების მთავარი იმპორტიორები საქართველოში გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატების და არაბთა გაერთიანებული საამიროები იყვნენ. საქართველოდან ამ პროდუქციის ექსპორტის 90%-ზე მეტი აზერბაიჯანზე მოდის;
- 5-ჯერ გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებიდან სარეცხი მანქანების შემოტანა და 800-ჯერ მტვერსასრუტების - საყოფაცხოვრებო ტექნიკის ნაწილებს რუსეთი მიკროჩიპების დეფიციტის შესავსებად იყენებს.
ფინანსთა მინისტრის გამოხმაურება
ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიკროჩიპების იმპორტის ზრდის შესახებ სტატიას ფინანსთა მინისტრი ფეისბუკზე ვრცელი სტატუსით პასუხობს და მას მანიპულაციურს უწოდებს.
Მინისტრის არგუმენტები ასეთია:
- სტატიაში განხილულია ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ზრდა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან და არ ჩანს მთლიანი იმპორტის ტენდენცია;
- სტატიაში მოყვანილი მონაცემები ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის შესახებ, არ არის შედარებული პანდემიამდელ პერიოდთან, რაც სურათს ამახინჯებს;
- მონაცემების დამუშავებისას არ არის გათვალისწინებული ფასების სხვაობა 2018-2019 და 2022-2023 წლებს შორის;
- არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ორმაგი დანიშნულების პროდუქცია, რომელიც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოდის, საბოლოოდ, სანქცირებულ ქვეყანაში, რუსეთში ხვდება.
მინისტრი არ დავობს სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე. მისი შეფასებით, დარღვეულია სურათის მთლიანობა.
Სტატიაში დამუშავებული მონაცემები, რომელიც მხოლოდ აშშ-დან იმპორტის ცვლილებას აღწერს, ეყრდნობა ამერიკის შეერთებული შტატების სენატში რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ეფექტიანობის განხილვისას გამოყენებულ დოკუმენტს - რუსეთის სანქციებზე მომუშავე მუდმივმოქმედი საგამოძიებო ქვეკომიტეტის ანგარიშს, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა.
ანგარიში, სხვა ქვეყნებთან ერთად, ადარებს 2021-2022 წლებში საქართველოში შეტანილი ამერიკული მიკროჩიპების რაოდენობას (ერთეულებში) და მიუთითებს მნიშვნელოვან ზრდაზე. სენატში განხილული დოკუმენტის მიღმა ღია წყაროებში მოკვლეული მონაცემების ანალიზით კი ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში 2018-დან 2023 წლის ჩათვლით არის აღწერილი.
სტატია არ ამტკიცებს, რომ საქართველო არღვევს პარტნიორების მიერ დაწესებულ სანქციებს. ის ჰყვება, რაზე დაყრდნობით განიხილეს 27 თებერვალს სენატში უკრაინაში ომის შემდეგ დაწესებული სანქციების ეფექტიანობა და განმარტავს, რატომ ახსენეს საქართველო ამ კონტექსტში, - ქვეყანა, რომელმაც გაზარდა რუსეთის ბაზარზე აკრძალული ამერიკული პროდუქციის იმპორტი.
პირდაპირი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ საქართველო შესაძლოა რუსეთს ეხმარებოდეს შეზღუდული ან აკრძალული პროდუქციის მიღებაში, არ არსებობს და ეს არაერთხელ არის ხაზგასმული რადიო თავისუფლების მიერ ამ საკითხზე მომზადებულ სტატიებში.
რადიო თავისუფლებამ ფინანსთა სამინისტროსგან არაერთხელ გამოითხოვა მონაცემები საქართველოს საბაჟო პუნქტებზე სანქცირებული საქონლის შემოტანა/გატანის მცდელობისა და სანქცირებული საქონლის რეექსპორტის/მცდელობის გამოვლენის შემთხვევების შესახებ. ასევე, საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან სანქციების გვერდის ავლის მცდელობებისას გაბრუნებული და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე უარის თქმის შემთხვევების სტატისტიკა - ბოლო ასეთი უპასუხო წერილი 2024 წლის 25 იანვარს არის გაგზავნილი.
რადიო თავისუფლებამ მინისტრის მიერ გამოქვეყნებული ფეისბუკპოსტის შემდეგ მას შესთავაზა ამ საკითხებზე ვრცელი ინტერვიუს ჩაწერა და პასუხს ელოდება.