90 დღე 366-ის წინააღმდეგ - საქართველო-რუსეთის უვიზო მიმოსვლის მოკლე ისტორია

პირდაპირი ფრენების განახლება, ექსპერტების ნაწილის მოსაზრებით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების რიცხვს გაზრდის

19 მაისს საქართველოს მოქალაქეები თბილისიდან მოსკოვში, ახლად აღდგენილი პირდაპირი რეისით, ვიზის გარეშე გაფრინდნენ, თუმცა მათ, საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეებისგან განსხვავებით, ომში მყოფ აგრესორ ქვეყანაში დარჩენა უვიზოდ მხოლოდ 90 დღე შეუძლიათ.

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებს 23 წლის წინ დაწესებული სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან მოუხსნა, მაგრამ გაცილებით შეზღუდული უფლებებით, ვიდრე რუსეთის მოქალაქეები სარგებლობენ საქართველოში.

პუტინის გადაწყვეტილებების გამო საქართველოში განახლებული დისკუსიების ფონზე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მათი მოკავშირეები თუ მხარდამჭერები იხსენებენ, რომ 2012 წელს, რუსეთს სავიზო რეჟიმი მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ცალმხრივად გაუუქმა.

ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ, ექსპერტების განმარტებით, გაცილებით ხელსაყრელი სავიზო რეჟიმი, რომლითაც რუსეთის მოქალაქეები ამჟამად საქართველოში სარგებლობენ, „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს, 2015 წელს არის დაწესებული.

2023 წლის 10 მაისს ვლადიმირ პუტინმა 2 განკარგულება გამოსცა - გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წლიდან ცალმხრივად მოქმედი სავიზო რეჟიმი და მოხსნა 2019 წლიდან დაწესებული აკრძალვა ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებზე.
მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის პირველი ავიარეისები 19 მაისს, საპროტესტო აქციების ფონზე, რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ შეასრულა.

ცალმხრივი გაუქმება

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებს საქართველომ სავიზო რეჟიმი დაუწესა, მაგრამ 2012 წელს, ცალმხრივად, თავადვე გაუუქმა. 2012 წლის 29 თებერვლიდან ამოქმედდა ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში 90 დღით უვიზოდ ჩამოსვლა შეეძლოთ.

მაშინ მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება სახელმწიფოს სიძლიერის გამოხატულება ოყო.

„ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი პრობლემაა... [მაგრამ] იმის გამო, რომ დარწმუნებული ვართ, რომ ვაკონტროლებთ ჩვენს ტერიტორიას და გვაქვს უსაფრთხოების კარგი სისტემა, იმის გამო, რომ ვიცით, რომ ჩვენი პოლიცია არ არის კორუმპირებული და ჩვენი კონტრდაზვერვა არის ეფექტური, ამის გამო არ გვეშინია [რუსი] ტურისტების ნაკადის შემოსვლის“, - მიხეილ სააკაშვილმა ისიც თქვა, რომ „ტურისტი თავისთავად საშიში არ არის“, ხოლო „ვინც მზვერავი და დივერსანტია, ბუჩქნარების, ტყეებისა და მავთულხლართების გავლით მოდის“.

სავიზო რეჟიმის გაუქმებას რუსეთის საპასუხო ნაბიჯი 2012 წელს არ მოჰყოლია.

2012 წლის მარტის დასაწყისში გაზეთი „ვედომოსტი“ წერდა, რომ ვიზების გაუქმების სანაცვლოდ, მოსკოვი თბილისს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას სთხოვდა, რაზეც უარი მიიღო. ასევე, მოსკოვი ფარისევლობას უწოდებდა ვიზების გაუქმებას ოკუპაციის შესახებ კანონის მოქმედების ფონზე.

ასევე ნახეთ როგორ იყენებს რუსეთი ვიზებს, მიმოსვლას, ვაჭრობას ბერკეტად - ფაქტები საქართველოს ახლო წარსულიდან
ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე რუსეთიდან პირდაპირ ფრენებზე: ვინც ამ თემაზე აჟიოტაჟს ქმნის, სპეკულანტია

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები 2012 წელს სააკაშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას იხსენებენ მაშინ, როცა მათ ოპონენტები რუსეთისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდებენ. მოწოდებები უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის შედეგად შექმნილი ვითარების გათვალისწინებით ისმის.

„თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, რომ ამ პოლიტიკური ძალის [„ნაციონალური მოძრაობის“] წარმომადგენლებმა, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, შემოიღეს უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის და დღეს ეს ადამიანები სპეკულირებენ. აქედან ჩანს, რომ ეს ადამიანები სპეკულანტები არიან და სახელმწიფოს მტრები. მაშინდელი პრეზიდენტი თავს იწონებდა ამით, პირდაპირ ლარსზე მიდიოდა და პირადად ხვდებოდა, მასპინძლობდა რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში", - უთხრა ჟურნალისტებს 16 მაისს, „ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

ასევე ნახეთ „რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება“ - აქცია პარლამენტთან

პუტინის მიერ 10 მაისს ხელმოწერილი დოკუმენტი საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციაში უვიზოდ დარჩენის 90-დღიან ზღვარს უწესებს; მაშინ როცა რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მთელი წლით შეუძლიათ გაჩერება, ხოლო ერთი წლის შემდეგ, თუკი საქართველოს საზღვარს გადაკვეთენ და უკან დაბრუნდებიან, ახალი ერთწლიანი ვადის ათვლა დაიწყება. ეს რეგულაცია 2015 წლიდან მოქმედებს.

ცხოვრება ერთი წლით და მეტით

„ქართულმა ოცნებამ“ საიმიგრაციო პოლიტიკა არაერთხელ შეცვალა, რაც 2014 წლის სექტემბერში რეგულაციების გამკაცრებით დაიწყო. 2005-2014 წლებში საქართველოში სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის შედეგად, ცალმხრივი უვიზო რეჟიმით სარგებლობდა 121 ქვეყნის მოქალაქე და ახალი სავიზო პოლიტიკის ფარგლებში, ცალმხრივი უვიზო რეჟიმის ქვეყნების სია 94-მდე შემცირდა და მათაც 360-ის ნაცვლად, ყოველ 180 დღეში 90-დღიანი ყოფნის უფლება მიეცათ.

წესების გამკაცრებამ ტურისტების რიცხვის შემცირება გამოიწვია.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერილმა მთავრობის დადგენილებამ, 2015 წელს, ხელახლა განსაზღვრა იმ ქვეყნების ჩამონათვალი - და მათ შორის არის რუსეთის ფედერაცია - „რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“ და ქვეყანაში „სრული 1 წლის განმავლობაში“ დარჩენა.

სწორედ ეს დადგენილებაა მითითებული 2014 წელს დამტკიცებულ კანონში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, რომელშიც სხვადასხვა დროს არაერთი ცვლილება შევიდა.

ამჟამად, ვიზიტორებისთვის საქართველოში საკმაოდ ხელსაყრელი, მსუბუქი წესები მოქმედებს; რაც, ექსპერტების შეფასებით, შესანიშნავად გამოიყენეს - განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქეებმა და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში.

საქართველოში საკმაოდ იოლია ბინადრობის უფლების მოპოვებაც:

  • შრომითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად, ამა თუ იმ პირის დაფუძნებული ან დამსაქმებელი საწარმოს (საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების გარდა) წლიური ბრუნვა 50 000 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების შემთხვევაში, წლიური ბრუნვა მინიმუმ 35 000 ლარი უნდა იყოს;
  • მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მიღება შეუძლია პირს, რომელიც 100 000 დოლარზე (ლარში) მეტი ღირებულების უძრავი ქონების (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) მესაკუთრეა. იგივე შეეხება მის მეუღლესა და შვილს.
  • საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა შეიძლება მიიღოს პირმა, რომელმაც დააბანდა 300 000 აშშ დოლარის (ლარში) ინვესტიცია, ანდა მესაკუთრეა უძრავი ქონებისა, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 300 000 აშშ დოლარს (ლარში);
  • ოჯახის გაერთიანების მიზნით, ბინადრობის ნებართვა გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე;
  • თუკი უცხოელი ბოლო 10 წლის განმავლობაში დროებითი ბინადრობის ნებართვით ცხოვრობდა საქართველოში, მას შეუძლია მიიღოს მუდმივი ცხოვრების ნებართვაც.

კანონის თანახმად, არის ბინადრობის უფლების მოპოვების სხვა შესაძლებლობებიც.

ასევე ნახეთ ფრენა მხოლოდ დასაწყისია? რა უნდა რუსეთს და რას ჰპირდებიან საქართველოს სახელით

საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირაში დაარეგისტრირა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი და აწ უკვე დამოუკიდებელი დეპუტატების - ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ე.წ. ლიეტუვის მოდელს ეფუძნება და ჯერჯერობით მხოლოდ 2024 წლის 31 დეკემბრამდე კრძალავს „საქართველოში ბინადრობის ნებართვის არმქონე რუსეთის მოქალაქეების მიერ უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენას ნასყიდობის ან ჩუქების გზით“.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, საქართველოში 120 000 რუსეთის მოქალაქე დარჩა. ამ რიცხვს არ ადასტურებს "ქართული ოცნება".
„2022 წელს საქართველოში რეალიზებული უძრავი ქონების თითქმის მეხუთედი უცხოეთის მოქალაქეებმა შეიძინეს, აქედან რუსეთის მოქალაქეებმა - 6062 ბინა. მყიდველთა რაოდენობა 4520 ადამიანს უტოლდება. 2023 წლის პირველ კვარტალში რუსეთის მოქალაქეებმა 2187 ბინა იყიდეს, სადაც მყიდველთა რაოდენობა შეადგენს 1679 ადამიანს“, - წერია განმარტებით ბარათში.

„2012 წელს დაწესებული რეგულაციები მართლაც ტურისტების მოზიდვაზე იყო ორიენტირებული და ის, რაც შემდგომ წლებში „ქართულმა ოცნებამ“ დააკანონა, დიდწილად რუსებისთვის ბინების მიყიდვა, სამშენებლო ბიზნესის ინტერესებზე იყო ორიენტირებული... სცადეს ამ კანონის შეცვლა წინა მოწვევის პარლამენტში, ორი მოსმენით განიხილეს კიდეც, მაგრამ ეს კანონპროექტი სამშენებლო ლობიმ გააჩერა“, - ეუბნება რომან გოცირიძე რადიო თავისუფლებას.

რუსეთის სახელმწიფო პროკრემლისტური ტელეარხების წამყვანებისა და სტუმრებისგან აღარ იგრძნობა ძველებური ბრაზი რუსეთიდან მობილიზაციის მიზეზით გაქცეული თანამემამულეების მიმართ.
ტონი შერბილებულია და გადაცემების წამყვანები თუ სტუმრები პერიოდულად მათი უფლებების დარღვევაზეც ემოციურად, სიბრალულითაც ლაპარაკობენ.
ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ კრემლს უკვე აქვს გეგმა, ამ კონტინგენტის სამომავლოდ გამოყენებასთან დაკავშირებით. რუსეთის მოქალაქეების სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის - საქართველოში მასობრივ ჩასახლებას, ისინი ამსგავსებენ კრემლის პრაქტიკას - როცა სამომავლოდ დასამორჩილებელ ტერიტორიებზე რუსული პასპორტები რიგდებოდა.

საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მაღალი კონცენტრაციის პირობებში, მომატებულ საფრთხეებს ხედავს უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი, ანდრო გოცირიძე.

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ის იხსენებს, რომ „საკუთარი მოქალაქეების დაცვის მიზნით, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთს შეუძლია სამხედრო ძალების შეყვანა, რაც მათი [უსაფრთხოების] კონცეფციით არის განსაზღვრული“. შესაბამისად, ანდრო გოცირიძე არ გამორიცხავს, რომ კრემლი სწორედ ხელსაყრელ დროს ელოდებოდეს, რათა არეულობის პროვოცირება მოახდინოს.

რაც შეეხება რუსეთიდან გამოქცეულთა მიდგომებსა და აღქმებს საქართველოსთან მიმართებით, ექსპერტის შეფასებით „გასაგებია, რომ აქეთ Z-ხალხი არ მორბის, მაგრამ მათი განწყობა კრემლისგან განსხვავებული არ არის - მათ უბრალოდ ომში სიკვდილი არ უნდათ, თორემ ისინიც ანალოგიურად თვლიან, რომ საქართველო მათი ტერიტორიაა და აქ თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებია... თუ ქვეყანა აჰყვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების ილუზორულ იმედს, ამასობაში საქართველოს დამოუკიდებლობისგან არაფერი დარჩება“.

პირდაპირი ფრენების განახლებასთან ერთად, ექსპერტების ნაწილი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების რიცხვის ზრდას მოელის, მით უფრო ახლა - უკრაინის კონტრშეტევის მოლოდინში. არავინ გამორიცხავს, რომ ომში გაწვევის შიშით, საქართველოში დარჩენა „ხინკლის საჭმელად“ ჩამოსულებმაც გადაწყვიტონ.