„საქართველო რუსეთია, საქართველო ისე ჰქვია!“ - თურმე ასეთ ფანოღურ სიმღერებსაც ვმღეროდით მაშინ, როცა საქართველო იმ „დიადი ქვეყნის“ ნაწილი იყო, რომლის უპირველესი მწერალი საქვეყნოდ გაიძახოდა: „ადამიანი! ეს დიდებულია! ეს ჟღერს... ამაყად!“, მაგრამ, სინამდვილეში, ყველამ კარგად იცოდა, რომ არანაირი დიდებულება და ღირებულება ადამიანს არ გააჩნდა არც საბჭოთა რუსეთსა და არც საბჭოთა საქართველოში, სადაც ათასობით ადამიანს გასამართლების, დანაშაულის დამტკიცების გარეშე ხვრეტდნენ და ერთ დიდ, მდუღარე კირის ორმოში ყრიდნენ, სადაც მასობრივი მკვლელობების გასამარტივებლად მძლავრი იდეოლოგიური მანქანა მუშაობდა, რის წყალობითაც სიკვდილს, უფრო ზუსტად, მკვლელობას, ჰქონდა მშრალი, უემოციო სტატისტიკის სახე ისევე, როგორც ახლა, როდესაც ყოველ დილით ვეცნობით კოვიდით გარდაცვლილთა სტატისტიკას: დასნებოვნებულთა და გარდაცვლილთა დღიურ, თვიურ და წლიურ მაჩვენებლებს, წილადებს, პროცენტებს და ა.შ.
„საქართველოში 6%-ია თავადაზნაურობა. ეს საშინელი პროცენტია, რომელიც არც ერთ ქვეყანაში არ არის, თუ გინდ პოლონელი პანების სამეფოშიც, სადაც თავადაზნაურობის პროცენტი 4%-ს აღწევს. ჩვენ უნდა შევამციროთ საქართველოში ეს პროცენტი. დავამტკიცებთ, რომ ჩვენი საბჭოთა იარაღი არ ბლაგვდება და არ ტყდება!“, - წერდა თითქმის 100 წლის წინ, 1924 წლის 21 მაისს, გაზეთი „კომუნისტი“.
საქართველოში მაშინ თავადაზნაურობის „მრისხანე რიცხვი“ დაახლოებით 120-130 ათასი იყო. შესაბამისად, თუნდაც პოლონეთის დონეზე დასაყვანად, საჭირო იყო მესამედის ანუ 40000-მდე ადამიანის (კაცის, ქალის, ბავშვის, მოხუცის) დახოცვა, რასაც დიდად არ ჩამოუვარდება კოვიდით გარდაცვლილთა მზარდი სტატისტიკა: თავისი 10 ათასზე მეტი გარდაცვლილით.
კოვიდით გარდაცვლილთა მზარდი სტატისტიკა მართლაც საშინელია, მაგრამ, ბოლშევიკური ტერორისგან განსხვავებით, პანდემიის უხეირო მართვით გამოწვეულ ადამიანთა ჟლეტას, რატომღაც, სისხლის სამართლის დამნაშავეები არ ჰყავს. არადა, შეუძლებელია, ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი არ იყოს ვაქცინაციის პროცესის ჩავარდნა და იმგვარი არასტაბილური პოლიტიკური ვითარების შექმნა, რომელიც გარდაუვალს ხდის ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათო აქტივობებს: ხშირ და მრავალათასიან შეკრებებს, შეხლა-შემოხლას, საპროტესტო აქციებს, რომლებსაც მასშტაბური დარღვევებით ჩატარებულმა არჩევნებმა კიდევ უფრო მეტი გასაქანი მისცა.
საქართველოს მთავრობასა და მმართველ პარტიას არჩევნების მოგებისთვის გაწეული ძალისხმევისა და დახარჯული ფინანსური რესურსების მეათედი მაინც რომ გაეღო აცრის აუცილებლობაში საზოგადოების დასარწმუნებლად, საქართველო, ალბათ, აღარ იქნებოდა გარდაცვლილთა პროცენტული მაჩვენებლით დაწინაურებულ ქვეყნებს შორის.
საქართველოში ყოველდღიურად 40-50 ადამიანი კვდება კოვიდით, კვდებიან ძირითადად აუცრელები, თუმცა, ამის მიუხედავად, აცრის პროცესი თითქმის გაიყინა 33%-იან ნიშნულზე. სხვათა შორის, დაახლოებით ამდენივე, 32%-ია აცრილი რუსეთის ფედერაციაშიც, რომელიც, უკიდურესად გართულებული ეპიდვითარების გამო, ისევ ჩაიკეტა, თუმცა, მდიდარი საბჭოთა ტრადიციების შესაბამისად, მთავრობამ ამ ჩაკეტვას „არასამუშაო დღეების პერიოდი“ დაარქვა და არა - ლოკდაუნი.
„1 მლნ ადამიანია აცრილი და მათ თითო ადამიანი რომ დაარწმუნონ აცრის აუცილებლობაში, ეპიდვითარება გაუმჯობესდება“, - საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ამ განცხადებიდანაც ჩანს, თუ როგორ არის დაცლილი ენერგიისგან საქართველოს მთავრობის ძალისხმევა კოვიდთან ბრძოლაში, არადა, საქართველოს მთავრობას, რომელსაც უძალობას ვერავინ დასწამებს ოპონენტებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ბრძოლაში, შეეძლო უფრო ენერგიული და აგრესიული საინფორმაციო კამპანიის წარმოება როგორც ცალკეული ცრუმეცნიერული აზრების გამავრცელებელი პირების, ასევე ინსტიტუტების წინააღმდეგ, თუმცა ყოველივე ეს შეიცავდა აშკარა ელექტორალურ რისკებს, ამომრჩევლის შემცირების საფრთხეს, რასაც, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, პოპულიზმი და ანტივაქსერობისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება ამჯობინა.
სამწუხაროდ, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში საარჩევნო ხმას, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ბევრად მეტი ფასი აქვს, ვიდრე ადამიანის სოცოცხლეს, მით უფრო მაშინ, როცა, საზოგადოების გაუმართლებელი გულგრილობის გამო, ადამიანი, მისი სახელი და ბიოგრაფია რიცხვით არის ჩანაცვლებული.
ბათუმში რომ საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, მთელი საქართველო ფეხზე დადგა, ქვეყნის მასშტაბით გლოვა გამოცხადდა. არადა, საქართველოში თითქმის ორი წელია ყოველდღე ხდება სამი-ოთხი „ბათუმის ტრაგედია“, ყოველდღე იხოცებიან სხვადასხვა ასაკისა და განსხვავებული ბედის ადამიანები, მაგრამ ამას აღარავინ აქცევს ყურადღებას, რადგან ეს უკვე ბანალური სტატისტიკაა, უბიოგრაფიო რიცხვებია. ალბათ, ასევე შველოდნენ რიცხვები თავიანთი „მძიმე საქმის“ შესრულებაში რუს და ქართველ ბოლშევიკებს, რომლებიც კვოტებით, რიცხვებითა და პროცენტებით ოპერირებდნენ კლასობრივ მტრებთან ბრძოლაში...
საერთოდაც, რიცხვებით ბევრი რამის გამართლება შეიძლება, უფრო ზუსტად, რიცხვები მანიპულირების კარგ საშუალებას იძლევა, თუ შინაგანი კულტურა ამის საშუალებას გაძლევს. მაგალითად, შიმშილობის პირველ დღეებში შეგიძლია დასცინო მოშიშმილე პატიმარს იმის გამო, რომ 1-2 დღე შიმშილობა ჯამრთელობისთვის სასარგებლოა, 30 დღის შემდეგ კი, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა, დასცინო იმის გამო, რომ, თუ 41-ე დღესაც ცოცხალი იქნება, ე.ი. არ უშიმშილია.
ცხადია, მამუკა მდინარაძე ერთადერთი არ არის მთავრობიდან და საპარლამენტო უმრავლესობიდან, რომელიც ადამიანის შიმშილობასა და, შესაბამისად, ჯანმრთელობაზე ქირქილებს, რითაც, შესაძლოა, ნებსით თუ უნებლიეთ, პატიმრის თავმოყვარეობას ლახავს და ამით უკან დახევის გზას უჭრის. შესაძლოა, ამგვარი რამ, ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაშიც კი, არ იყოს სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ, განა ამ საქციელს გამართლება აქვს?
გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს საქართველოში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ფაზილ ისკანდერის მოთხრობამ, რომელშიც ერთ-ერთი პერსონაჟი მახაზი (სავარაუდოდ, აფხაზი) თავის მტერს, შალვას (სავარაუდოდ, ქართველს) ყელს ჭრის და მის სისხლს სვამს.
საქართველოში ბევრმა დაიწუნა ისკანდერის ეს მოთხრობა. შესაძლოა, შალიკოს ქართველობის გამოც. ითქვა, რომ ადამიანის (თუნდაც დამნაშავის) სისხლის დალევასა და კანიბალიზმს არანაირი, მათ შორის, არც მხატვრული გამართლება არ აქვს.
საქართველოსგან განსხვავებით, საბჭოთა რუსეთში ფაზილ ისკანდერს ბევრი დამცველი და თაყვანისმცემელი გამოუჩნდა. ბუნებრივი იყო ამგვარი უთანხმოება რუს და ქართველ მწერლებს შორის იმის გათვალისწინებით, რომ გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს საქართველოში თითქმის ყველას სჯეროდა, რომ საქართველო არ იყო რუსეთი და, რომ საქართველო ისე არ ერქვა, მაგრამ ახლა, თუ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის შემდეგ, არც 10 ათასი ადამიანის სიკვდილი გვაღელვებს და არც პოლიტიკური ლიდერების მორალური კანიბალიზმის ტოლფასი ცინიზმი, იქნებ ღირდეს, ვიკითხოთ მაინც: საქართველო რუსეთია? საქართველო ისე ჰქვია?