თბილისში მყოფი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ამბობს, რომ ახლა ყველაფერი უნდა გაკეთდეს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და ამ პროცესში, „ჩართულობა და ძალისხმევა“ მოეთხოვება „გაფართოებაში მონაწილე ყველა მხარეს“ – „ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ინსტიტუტებს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს საზოგადოებას“.
„ჩემი დღევანდელი სამუშაო ვიზიტი თბილისში დიპლომატიური და პოლიტიკური ინტენსიური კომუნიკაციის ელემენტი და გამოხატულებაა“, - თქვა 27 აპრილს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ და დააკონკრეტა, რომ მიზანს წარმოადგენს - „ბრიუსელში გამართული კონსულტაციების გაგრძელება“, გამოწვევების, პრობლემებისა და შანსების განხილვა და პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობების ძიება, მათ შორის - პოლონეთის ჩართულობით.
მხარდაჭერა და რეფორმების შეხსენება
„პოლონეთი თანმიმდევრულად უჭერდა მხარს, უჭერს მხარს და განაგრძობს საქართველოს საზოგადოების მისწრაფების მხარდაჭერას - შეუერთდეს ევროპული და ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს“, - წერია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და მისი ქართველი კოლეგის შეხვედრას მოჰყვა.
ასევე ტვიტერზე გამოქვეყნებულ კიდევ ერთ განცხადებაში, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუთითებს, რომ „სხვა საკითხებთან ერთად, [მინისტრებს შორის] საუბარი შეეხებოდა ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, განსაკუთრებით - დამატებითი რეფორმების განხორციელების გაგრძელების კუთხით“.
მანამდე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, პოლონელმა მინისტრმა თქვა, რომ „საქართველო და ქართული საზოგადოება ტრადიციულად დიდი სიმპათიით სარგებლობს პოლონეთში“ და „პოლონეთი ყოველთვის ცალსახად უჭერდა მხარს საქართველოს საზოგადოების მისწრაფებას დამოუკიდებლობისკენ, თავისუფლებისკენ, მშვიდობისკენ".
- „საქართველოს მომავალი წევრობა ევროკავშირსა და ნატოში არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ტრანსატლანტიკური გაერთიანების/საზოგადოების ინტერესიც“, - აღნიშნავს ზბიგნევ რაუ და თვლის, რომ ამ შანსის გამოსაყენებლად, „აუცილებელია გაფართოებაში მონაწილე ყველა მხარის - როგორც ევროპული და ტრანსატლანტიკური ინსტიტუტების, ისე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს საზოგადოების - ჩართულობა და ძალისხმევა“.
- „გვიახლოვდება ვილნიუსის ნატოს სამიტი და წლის ბოლომდე ევროკავშირმა შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი [კანდიდატი - რ.თ.] ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ. აქედან გამომდინარე, აქტიურდება დაინტერესებულ მხარეთა დიპლომატიური ქმედებები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების მხრიდან ვაიმარის სამკუთხედიდან“, - ამბობს მინისტრი რაუ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულებად მიიჩნევს „ვაიმარის სამკუთხედის“ წევრი ქვეყნების გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტებს. ანალენა ბერბოკი მარტში სტუმრობდა საქართველოს, ხოლო 28 აპრილს, თბილისში ფრანგ მინისტრს - კატრინ კოლონას ელოდებიან.
მიხეილ სააკაშვილზე
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც პრესკონფერენციაზე პოლონელმა მინისტრმა დაასახელა - საქართველოს ექსპრეზიდენტს, ამჟამად პატიმარ მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება.
„[ილია დარჩიაშვილთან] ასევე განვიხილეთ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტუაცია. ყველა ამ საკითხში პოლონეთი ცდილობს იპოვოს კონსტრუქციული გამოსავალი და გაუწიოს საქართველოს ყველა შესაძლო დახმარება, ვინაიდან ღრმად გვჯერა, რომ პოლონეთ-საქართველოს ერთობლივი თანამშრომლობა ემსახურება როგორც ჩვენი ქვეყნების, ევროპის, ისე თავისუფალი მსოფლიოს საზოგადოების ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებს“, - თქვა პოლონელმა მინისტრმა, მაგრამ ეს თემა აღარ განუვრცია.
პატიმარი პაციენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ პოლონეთში გადაყვანის ნებართვას ვარშავა უკვე დიდი ხანია ითხოვს; თუმცა ამ ეტაპამდე ვერ მოხერხდა, რომ პაციენტი პრეზიდენტი პოლონელმა ექიმებმა მოინახულონ.
მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი პირდაპირ არ არის ასახული ევროკომისიის მიერ შემუშავებულ 12 პუნქტში, მაგრამ რადგანაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, „ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ გამოქვეყნებული ბოლო ანგარიშის თანახმად, ამ საკითხის გადაწყვეტას საერთაშორისო პარტნიორები სწორედ 12 პუნქტის შესრულების კონტექსტში მოელიან.
ასევე ნახეთ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე ილია დარჩიაშვილს მიხეილ სააკაშვილი არ უხსენებია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ პოლონეთსა და საქართველოს აერთიანებს „არა მხოლოდ ღრმა ისტორიული კავშირები და მეგობრობის ხანგრძლივი ტრადიციები, არამედ ასევე საერთო ინტერესები და მისწრაფებები“ და „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ პოლონეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.
შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, 27 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტსაც შეხვდა, თუმცა, გასაშუქებლად მედია არცერთ მათგანზე არ იყო დაშვებული.
შეხვედრების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საჯაროდ არაფერი თქმულა.
ასევე ნახეთ პრეზიდენტი და პრემიერი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდნენმთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე“ და, რომ „ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მიესალმება პოლონეთის მხარდამჭერ განცხადებებს ყველა შესაძლო ფორმატში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით“.
ასევე ოფიციალური განცხადების თანახმად, ზბიგნევ რაუსთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს „ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები“, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და კავშრების შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობა.
„[პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან] მსჯელობა შეეხებოდა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებას, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, - წერია პოლონეთის საგარეო უწყების მიერ რაუსა და ღარიბაშვილის შეხვედრის შემდეგ, ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
უკვე საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ კიდევ ერთ პოსტში ვკითხულობთ, რომ საუბრის მთავარი თემები იყო „ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროპული პერსპექტივა“ და „მინისტრმა რაუმ საქართველოს პროდასავლური მისწრაფებების მხარდაჭერა გამოხატა“.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა და პრეზიდენტმა განიხილეს: საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობა და პოლონეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა; ომი უკრაინაში და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების ვითარება; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები; შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობა.
რას მოიტანს საგარეო აქტიურობა?
მიმდინარე კვირაში, „ქართული ოცნების“ როგორც საპარლამენტო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება შეხვედრებს მართავდა ევროკავშირში, ნატოსა და ევროსაბჭოში; სადაც მათ საერთაშორისო პარტნიორები ასევე რეფორმების გაღრმავების აუცილებლობას შეახსენებდნენ, უპირატესად სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის მიმართულებებით.
უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა, ირაკლი ჩიქოვანმა, რომელიც სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, ჟურნალისტებს უთხრა, რომ საერთაშირისო პარტნიორებს საქართველოს „სერიოზულ პროგრესს“ აცნობენ.
„ყველას ვესაუბრებით იმას, რომ გვაქვს სერიოზული პროგრესი. პრაქტიკულად დასრულებული გვაქვს 12 რეკომენდაციის აღსრულება და ჩვენ მზად ვიქნებით ივნისში იმისთვის, რომ იქნას დადებითი შეფასება მიღებული; მაგრამ გვესმის ისიც, რომ ეს გადაწყვეტილებები იქნება პოლიტიკური; თუმცა რეკომენდაციების თვალსაზრისით და რეფორმების თვალსაზრისით, საქართველო იქნება სრულად მზად“, - თქვა ჩიქოვანმა.
ასევე ნახეთ „ოცნების“ ევროტური - რას ჰპირდება ხელისუფლება და რას ჰპირდებიან ევროპელი პარტნიორები?
რეალურ მზაობას ხელისუფლებას ვერ ატყობენ პოლიტიკური ოპონენტები და ექსპერტები. „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს - ასეა მათი საქმე“, - ეუბნება ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე რადიო თავისუფლებას.
„ხელისუფლება ხედავს, რომ ხალხის განწყობა ევროკავშირისკენ და ნატოსკენ არის მიმართული და იძულებულები არიან, რომ დეკლარაციული ნაბიჯები მაინც გადადგან; ხვდებიან, რომ თუ ხალხის ძლიერი ნების წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლების სათავეში დიდხანს აღარ დაედგომებათ... მაგრამ ხალხი არ არის ბრიყვი, რომ ვერ დაინახოს - დეკლარაციული აქტიურობის მიღმა რეალური საქმე არ დგას... ამის კარგი ილუსტრაცია იყო „აგენტების შესახებ კანონი“. ახალგაზრდობამ გარკვევით თქვა - ამ გზიდან გადახვევას არავის აპატიებს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი მუჩაიძე და ამატებს, რომ ხელისუფლება ეწინააღმდეგება, მაგალითად - პარლამენტში მოსამართლეების საკითხის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას და არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეულ რეფორმას გეგმავს, რასაც საერთაშორისო პარტნიორები ელიან.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ თბილისში, 3-დღიანი სამუშაო ვიზიტით, 26 აპრილს, ქართველი კოლეგის მოწვევით ჩამოვიდა. 27 აპრილს გამართული ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, მან გვირგვინით შეამკო ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი.