აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტები მაუწყებლის დირექტორს, გოგა კოხრეიძეს, დევნასა და შრომითი უფლებების დარღვევას ედავებიან. პროკურატურაში შესულია ჟურნალისტების ორი წერილი, სადაც დირექტორის მხრიდან მათზე განხორციელებული დევნის გამოძიებას ითხოვენ, 11 სარჩელით კი, რომელიც ტელევიზიის დირექტორის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოშია შესული, ჟურნალისტები შრომითი უფლებების დარღვევას ასაჩივრებენ. მათ შორისაა აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილისა და ყოფილი მთავარი რედაქტორის, მაია მერკვილაძის, სარჩელი, რომელსაც სასამართლო 26 ივნისს განიხილავს.
იგი რეგიონალური მაუწყებლის მენეჯმენტს ედავება აქტს, რომლითაც მისი თანამდებობა გაუქმდა, და გადაწყვეტილებას, რომლითაც შემდგომში იგი დანიშნეს არათანაბარ პოზიციაზე. ამ გადაწყვეტილების შედეგად მაია მერკვილაძე ტელევიზიაში დაკავებულ თანამდებობას მიმდინარე წლის თებერვალში ჩამოაშორეს. ახლა იგი აღარ ქმნის ტელევიზიის საინფორმაციო პოლიტიკას და, როგორც ამბობს, აჭარის რადიოში უკვე მომზადებული „ახალი ამბების“ გამოქვეყნებითაა დაკავებული. მაია მერკვილაძე ამბობს, რომ ასე ჩამოაშორეს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს არასასურველი სხვა ჟურნალისტებიც:
„ჩემთან დაკავშირებული ამბავი არის ერთი ფრაგმენტი და თვალსაჩინო მაგალითი იმ დიდი ამბისა, რომელსაც მაუწყებელში ახლა ყველა ვხედავთ. ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურში „ახალ ამბებს“, ან აღარ არიან ტელევიზიის თანამშრომლები, ან ვეღარ ქმნიან ტელევიზიის შინაარსს“.
ასევე ნახეთ აჭარის უმაღლესი საბჭოს 6 დეპუტატი ითხოვს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს დათხოვნასშინაარსის შექმნაში ვეღარ მონაწილეობს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ონლაინსამსახურის უფროსი, სოფო ჟღენტი. ეს სამსახური სამი წლის განმავლობაში დამოუკიდებელ შინაარსზე მუშაობდა, მიმდინარე წლის 12 მარტს კი სოფო ჟღენტმა შემთხვევით გაიგო, რომ მაუწყებლის დირექტორმა, გოგა კოხრეიძემ, მასთან შეუთანხმებლად შეცვალა ონლაინსამსახურის დებულება, რის საფუძველზეც მისი შრომითი ხელშეკრულება მანამდე არსებობდა. იგი ისევ ონლაინსამსახურის უფროსია, თუმცა სარედაქციო პოლიტიკის შექმნაში აღარ მონაწილეობს და, დირექტორის გადაწყვეტილებით, ტელევიზიაში წარმოებული გადაცემების ატვირთვა ევალება ვებგვერდზე. მის რედაქციაში მომუშავე ჟურნალისტები კი სხვა უფროსის პირობებში მუშაობენ:
„ონლაინსამსახურის თანამშრომლები ტექნიკით და ავეჯითაც კი გადაიყვანეს საინფორმაციო სამსახურის ახლად შექმნილ ვებმიმართულების სამსახურში. ახლა ყველა ფუნქციას, რაც მე მქონდა, „ახალი ამბებისა“ და მთელი ანალიტიკური მიმართულება, იგივე გუნდით, ვინც ჩემთან მუშაობდა, აკეთებს ხელმძღვანელი ნინო ხაჟომია. მე მთლიანად ჩამომაშორეს სარედაქციო პოლიტიკას. ეს არის დისკრიმინაცია ჩემი პროფესიული საქმიანობის გამო და ამას ვდავობ სასამართლოში და მეორე ეხება შრომითი უფლებების დარღვევას“.
შრომითი უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად, მიმდინარე წლის დასაწყისში აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტებმა ალტერნატიული პროფკავშირი შექმნეს. ორგანიზაციის დარეგისტრირებას წინ უძღოდა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტების პროტესტი მაუწყებლის ახლად არჩეული დირექტორის, გოგა კოხრეიძის, მისამართით, რომელსაც ჟურნალისტებმა პირველივე საქმიანი შეხვედრების შემდეგ ჩარევის მცდელობაში დასდეს ბრალი. ალტერნატიული პროფკავშირის 80-მდე ჟურნალისტმა მარტის დასაწყისში გაფიცვის უფლება მიიღო, მაგრამ პანდემიის გამო განზრახვა შეაჩერა, გოგა კოხრეიძემ კი თანამშრომლებთან მედიაციაზე უარი თქვა. მათი ნაწილი საქმიანობას ჩამოაშორა, ნაწილი კი სამსახურიდან გაათავისუფლა, მათ შორის ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე, მალხაზ რეხვიაშვილი, რომელიც ფეისბუკში გამოქვეყნებული პოსტის გამო გაუშვეს სამსახურიდან. რეხვიაშვილმა პროკურატურაში შეიტანა სარჩელი და მის მიმართ განხორციელებული დევნის გამოძიებას ითხოვს, შრომითი უფლებების დასაცავად კი სასამართლოს მიმართა. მალხაზ რეხვიაშვილი ამბობს, რომ ალტერნატიული პროფკავშირი სამართლებრივი ბრძოლის გზას ირჩევს, პარალელურად კი საპროტესტო აქციას გეგმავს 26 ივნისს:
„სანამ აქციას დავგეგმავდით, მოლაპარაკება ვცადეთ. მოლაპარაკება არ გამოვიდა და სამართლებრივი გზით წავედით. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა კანონიერი ბერკეტი გამოვიყენოთ, რომ შემდეგ ყველანაირ - მათ შორის რადიკალურ - პროტესტსაც ჰქონდეს საფუძველი. მენეჯმენტი კი ცდილობს ამ პროცესის მარგინალიზაციას, ცდილობენ, რომ ჩვენი მოთხოვნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენონ“.
ასევე ნახეთ აჭარის უმაღლესი საბჭოს 6 დეპუტატი ითხოვს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს დათხოვნას
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტთა ალტერნატიული პროფკავშირის მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნა იქნება კანონში ცვლილებების შეტანა, იმ კანონში, რომელიც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს არჩევის წესს განსაზღვრავს, მრჩევლებს კი პოლიტიკური პარტიები თავიანთი გემოვნებით წარადგენენ. თავის მხრივ, ხუთწევრიანი საბჭო ხმათა უმრავლესობით ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს ირჩევს. მაგალითად, ახლანდელ დირექტორს გოგა კოხრეიძეს, რომელსაც ჟურნალისტები დევნაში ადანაშაულებენ, მრჩეველთა საბჭოში „ქართული ოცნების“ კვოტით წარდგენილმა სამმა წევრმა დაუჭირა მხარი. სწორედ ამიტომ მიიჩნევს აჭარის ტელევიზიის პროფკავშირის თავმჯდომარე, მალხაზ რეხვიაშვილი, რომ პროცესი, რომელიც ახლა მაუწყებელში ხდება, მთლიანად ატარებს პოლიტიკური გავლენების ელფერს:
„პოლიტიკური ნებისა და დავალების გარეშე ამგვარი ცვლილებები მაუწყებელში ვერ მოხდებოდა. დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ეს პროცესი ხელისუფლების მიერაა მართული - სადღაც გაჩნდა ინტერესი, რომ მაუწყებელი გაეჩუმებინათ. მრჩეველთა საბჭოში კი მხოლოდ პოლიტიკოსებს ჰყავთ წარმომადგენლები და ისინი მათთვის სასარგებლო ადამიანებს არჩევენ, რომლებიც იღებენ პოლიტიკოსებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს. თუ ეს არ შეიცვალა და მრჩეველთა საბჭოში არ დაბალანსდა პოლიტიკური ინტერესები საზოგადოებრივი ინტერესით, მანამდე ჩვენ არ გვექნება საზოგადოებრივი მაუწყებელი და მას, უბრალოდ, ერქმევა ეს სახელი, საზოგადოებრივი ინტერესი კი იქ არ იქნება“, - ამბობს აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე, მალხაზ რეხვიაშვილი.