სტოკჰოლმის მშვიდობის პრობლემების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) თანახმად, მსოფლიო ხარჯების 62 % მოდის ხუთ ქვეყანაზე - აშშ-ზე, ჩინეთზე, ინდოეთზე, რუსეთსა და დიდ ბრიტანეთზე.
ასევე ნახეთ პანდემიის მიუხედავად მსოფლიოში იზრდება შეიარაღების ხარჯებიმიუხედავად იმისა, რომ შარშან ზოგიერთმა ქვეყანამ - მაგალითად, ჩილემ და სამხრეთმა კორეამ - დაგეგმილი სამხედრო ხარჯების ნაწილი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისკენ მიმართა, ხოლო ქვეყნების მეორე ნაწილმა - მაგალითად, რუსეთმა და ბრაზილიამ - პანდემიის გამო უფრო ნაკლები ფული დახარჯა, ვიდრე მათი 2020 წლის სამხედრო ბიუჯეტებით იყო გათვალისწინებული, ამას არ მოუხდენია არსებითი გავლენა 2020 წლის გლობალური სამხედრო დანახარჯების მოცულობაზე.
მეტიც, SIPRI-ის მონაცემებით, 2020 წელს პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური პრობლემების გამო, დაფიქსირდა მსოფლიო საერთო შიდა პროდუქტში სამხედრო ხარჯების წილის ყველაზე დიდი ზრდა 2009 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ.
„ჩვენ გარკვეული დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიას არ მოუხდენია არსებითი გავლენა 2020 წლის გლობალურ სამხედრო ხარჯებზე, მაგრამ გასარკვევია, შეინარჩუნებენ თუ არა ქვეყნები იმავე დონეზე სამხედრო ხარჯებს პანდემიის მეორე წლის განმავლობაშიც“, - ამბობს დიეგო ლოპეს და სილვა, სტოკჰოლმის მშვიდობის პრობლემების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) მკვლევარი.
უპირობო გლობალური ლიდერი
2020 წელს, ისევე როგორც წინა წლებში, სამხედრო დანახარჯებით უპირობო გლობალური ლიდერია აშშ, რომლის მიერ გაღებული სამხედრო ხარჯები, ჯამურად, ორჯერ აღემატება ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ „სახიფათო საგარეო აქტორებად“ შერაცხილი რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო დანახარჯებს.
აშშ-ის სამხედრო ხარჯებმა, რომლებიც, ზედიზედ მესამე წელია, იზრდება, 778 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც მსოფლიო სამხედრო ხარჯების 39 %-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ჩინეთი, რომლის ხარჯები ზედიზედ 26 წლის განმავლობაში იზრდება და შარშან 252 მილიარდი დოლარი შეადგინა. მესამე ადგილზეა ინდოეთი (73 მილიარდი დოლარი), მეოთხე ადგილზეა რუსეთი (62 მილიარდი დოლარი), მეხუთე ადგილზე მყოფი დიდი ბრიტანეთი კი 59 მილიარდ დოლარს ხარჯავს შეიარაღებაზე.
ამასთან, სტოკჰოლმის მშვიდობის პრობლემების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) მკვლევართა თანახმად, რუსეთის მიერ თავდაცვაზე გაწეული ხარჯები 2020 წელს 2,5 %-ით მეტი იყო, ვიდრე 2019-ში.
მაგრამ რუსეთის მიერ სამხედრო ძალებზე შარშან გამოყოფილი თანხა სულ მცირე სამჯერ ჩამორჩება ნატოს სხვა წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვითი ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტის 2 %-მდე გაზრდის მიზნით გაღებული დამატებითი ფინანსების მოცულობას, რამაც ასევე მოახდინა თავისი გავლენა სამხედრო ხარჯების ზრდის გლობალურ ტენდენციაზე.
„2021 წელი იქნება ზედიზედ მეშვიდე წელი თავდაცვისთვის გამოყოფილი ხარჯების ზრდის თვალსაზრისით. 2014 წლიდან კანადამ და ევროპელმა მოკავშირეებმა, ჯამურად, დამატებით 190 მილიარდი $ შემოიტანეს. მოველით, რომ 9 მოკავშირე ქვეყანა დახარჯავს თავდაცვაზე მშპ-ს 2 %-ს, ხოლო 24 მოკავშირე, როგორც მოსალოდნელია, ინვესტიციის 20 %-ს სამხედრო აღჭურვილობის შეძენას მოახმარს“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა 17 თებერვალს, ნატოს 2021 წლის თავდაცვის მინისტრების პირველი შეხვედრის დაწყების წინ.
ასევე ნახეთ 2021 წლის პირველი მინისტერიალი და ნატოს ამოცანებიმაგრამ აქ არის ერთი „მაგრამ“. უფრო მცირე სამხედრო დანახარჯების მქონე რუსეთი სულ უფრო მზარდ საფრთხეს წარმოადგენს „კოლექტიური დასავლეთისათვის“, რომელიც სამხედრო ხარჯების მნიშვნელოვან ნაწილს უთმობს როგორც შეიარაღებისა და ტექნიკის მოდერნიზებას, ასევე ჯარისკაცების შრომით ანაზღაურებას, ჯანდაცვას, მათი ყოფითი პრობლემების გაუმჯობესებას, მაღალი დონის პროფესიული სამხედრო განათლებისა და სამეცნიერო კვლევების დაფინანსებას და მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას.
რუსეთისთვის კი უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ამ დასავლური სამხედრო პარიტეტისთვის ძირის გამოთხრა და თავისი მეზობელი ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოს, ნატოში გაწევრიანების დაბრკოლება. მიუხედავად იმისა, რომ ფულად განზომილებაში რუსეთის სამხედრო დანახარჯი არც ისეთი მაღალია, ავტორიტარული რეჟიმის წყალობით პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეუძლია, სწრაფად მოიყვანოს მოქმედებაში დიდი სამხედრო ძალა, როგორც ეს წელს აპრილის დასაწყისში გააკეთა ანექსირებული ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის შემთხვევაში.
„როდესაც რუსეთს აღმოაჩნდა შესაძლებლობა, რომ ძალიან მცირე დროში ასიათასიანი არმია მიაყენოს ნატოს პარტნიორი უკრაინის საზღვარს, ბუნებრივია, რომ ნატომაც თავის წმინდა სამხედრო შესაძლებლობას უნდა გადახედოს და ამასაც ექცევა მეტი ყურადღება. ანუ თუ ვინმე სამხედრო დანახარჯების ზრდაში გარკვეულ ბოროტებას დაინახავს, ეს „ბოროტება“ დასავლური ლიბერალური დემოკრატიების გამოისობით არ ხდება. ანუ დასავლეთი იძულებულია პასუხი გასცეს იმ გამოწვევებს და საფრთხეებს, რაც მსოფლიოში ჩნდება. და ერთ-ერთი სწორედ არის რუსეთის სამხედრო-აგრესიული ნაბიჯები“, - ამბობს დავით დარჩიაშვილი, „რუსეთის კვლევის ცენტრის“ დირექტორი
ძალთა ბალანსი სამხრეთ კავკასიაში და საქართველო
მიუხედავად მცირე მასშტაბისა, შარშანდელმა წელმა დაადასტურა, რომ მოუგვარებელი ეთნოპოლიტიკური კონფლიქტებისა და რუსეთის შეუფარავი გეოპოლიტიკური ინტერესის გამო, სამხრეთი კავკასია ერთ-ერთ ყველაზე უფრო მილიტარიზებულ რეგიონს წარმოადგენს მსოფლიო რუკაზე.
მთიანი ყარაბაღის გარშემო აზერბაიჯანისა და სომხეთის 44-დღიან ომში თავიანთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად მხარეებმა დიდი სამხედრო ძალა და თანამედროვე ტიპის შეიარაღების მძლავრი არსენალი გამოიყენეს.
ასევე ნახეთ ადამიანთა ბედი და ძალთა ბალანსი
10 ნოემბერს მოსკოვის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, აზერბაიჯანი და სომხეთი დათანხმდნენ სეპარატისტულ ყარაბაღში შესულიყო რუსეთის 2 000-იანი სამხედრო დანაყოფი, რომელსაც მშვიდობისმყოფლის მანდატი ყოველი მომდევნო ხუთი წლის შემდეგ ლამის ავტომატურად შეუნარჩუნდება.
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიებზე არსებული საოკუპაციო ძალებისა და ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის ფაქტორების გათვალისწინებით, სამხრეთ კავკასიას გადაუჭარბებლად შეიძლება ეწოდოს ერთ-ერთი მილიტარიზებული რეგიონი.
„თავისი მასშტაბებისთვის არის მილიტარიზებული. ეს პირველ რიგში შეეხება ჩვენს მეზობლებს, აზერბაიჯანს და სომხეთს. ასევე ჩვენი რეგიონის წარმოდგენა ცოტა ძნელია ჩრდილოეთ კავკასიის გარეშე და ეს ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული ფედერალური ოლქია რუსეთის შემადგენლობაში. თურქეთიც, ტრადიციულად, არის შეიარაღებული ქვეყანა და ამ ვითარებაში თუ ვინმე გამოიყურება სუსტად, ეს საქართველოა, მაგრამ ჩვენს ტერიტორიაზე მის ოკუპირებულ ნაწილზეც არ არის მთლად უღრუბლო და მშვიდობიანი სიტუაცია. მთლიანობაში, სამხრეთ კავკასიის რეგიონი სხვა რეგიონებთან შედარებით პატარაა, მაგრამ აბსოლუტურ ციფრებში თუ ავიღებთ, შეიძლება ჩვენი მილიტარიზაციის დონე მაინცდამაინც შთამბეჭდავი არ იყოს, მაგრამ ერთ სულ მოსახლეზე, მშპ-ზე გათვლით კი, საკმაოდ ინტენსიური მილიტარიზაცია შეინიშნება აქაც“, - ამბობს დავით დარჩიაშვილი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური საიტის თანახმად, 2020 წლის დაზუსტებული ბიუჯეტით სამხედრო უწყებამ შარშან მიიღო 818 მილიონი ლარის დაფინანსება. აქედან ზუსტად ნახევარი - 411 მილიონი - დაიხარჯა შრომის ანაზღაურებაზე, ანუ დაცულ მუხლებზე.
მომავალ წელს ამას შეიძლება გამოაკლდეს და სხვა კატეგორიებში გადანაწილდეს 45 მილიონი ლარი, რასაც საქართველო საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, ძირითადად ავღანეთში, საქართველოს 860-ჯარისკაციანი ქვედანაყოფის შენახვაზე ხარჯავს.
უკვე გადაწყვეტილია, რომ სექტემბრისთვის ავღანეთში მყოფი 860-კაციანი ქართული ქვედანაყოფი ალიანსის სხვა დანაყოფებთან ერთად დატოვებს ავღანეთს და ამით დასრულდება საქართველოში შეიარაღებული ძალების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სამშვიდობო მისია, რომელიც 17 წელი გრძელდებოდა და სადაც, როტაციის წესით, სულ მცირე 22 ათას ქართველ ჯარისკაცს მოუხდა სხვადასხვა სახის სამხედრო ამოცანის შესრულება.
ასევე ნახეთ ქართული მისიის დასასრული ავღანეთში
ავღანეთში ნატოს მისიის დასრულების მოლოდინში
სტოკჰოლმის მშვიდობის პრობლემების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის მკვლევრებისათვის ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ აისახება გლობალურ სამხედრო დანახარჯებზე ავღანეთიდან ნატოს ეგიდით მოქმედი კოალიციური ძალების გაყვანა.
ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში (RSM) ამჟამად, დაახლოებით, 10 000 ჯარისკაცი იმყოფება. ამ კონტინგენტის მეოთხედს ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები შეადგენენ. თუ საქართველო წელიწადში თავისი სამხედრო ბიუჯეტის, დაახლოებით, 5 %-ს ხარჯავს მაღალი ინტენსივობის კონფლიქტში თავისი ქვედანაყოფის შესანახავად, აშშ-ის, გერმანიის, ბრიტანეთისა და ნატოს სხვა დიდი ქვეყნების შემთხვევაში ეს დანახარჯი ბევრად მეტია, გამომდინარე იმ პასუხისმგებლობიდან, რომელიც ალიანსის წამყვან ქვეყნებს აკისრიათ ავღანეთში საბრძოლო ოპერაციის უზრუნველყოფისა და მართვის მხრივ. მაგრამ ავღანეთიდან მრავალეროვნული კოალიციის გასვლა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ეს სამხედრო ხარჯების შემცირებას გამოიწვევს, მაგალითად, აშშ-ში, რომელსაც ავღანეთში ყველზე დიდი ქვედანაყოფი ჰყავს.
„უნდა რომელიმე მთავრობას ვაშინგტონში, თუ არ უნდა, შეერთებული შტატების მოცემულობაა, რომ იგი გლობალური ძალაა და ბუნებრივია, რომ რეგიონების უმრავლესობაში არსებული ვითარება აისახება მასზე, მის ინტერესებზე. შესაბამისად, ის, რაც გამოთავისუფლდება, უბრალოდ არ მოაკლდება არც აშშ-ის ბიუჯეტს და არც ძალთა რაოდენობას და დონეს, არამედ ისედაც ექცევა და კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიექცევა შორეულ აღმოსავლეთსა და ევროპას. ეს ორი რეგიონი, განსაკუთრებით ევროპის აღმოსავლეთს ვგულისხმობ, განსაკუთრებით აჩვენებს დაძაბულობის ზრდას და ორივე ეს რეგიონი სასიცოცხლო ინტერესების სფეროა აშშ-ისათვის“, - ამბობს დავით დარჩიაშვილი.
აპრილის შუა რიცხვებში ნატოს წევრები შეთანხმდნენ, რომ 1 მაისიდან დაიწყონ ავღანეთიდან ჯარების გაყვანა.
„ჯარების რიცხვის შემცირება იქნება მოწესრიგებული, კოორდინირებული და წინასწარ გამიზნული“, - ნათქვამია ნატოს განცხადებაში, რომელიც ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა. განცხადების თანახმად, ჯარების გაყვანას რამდენიმე თვე დასჭირდება.
ასევე ნახეთ ნატოს წევრები შეთანხმდნენ, 1 მაისიდან დაიწყონ ავღანეთიდან ჯარების გაყვანა14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, თეთრ სახლში გამოაცხადა, რომ აშშ 11 სექტემბრისთვის, ამერიკის ტერიტორიაზე განხორციელებული ტერაქტების 20 წლისთავისთვის, დაასრულებს ავღანეთიდან 2 500-კაციანი კონტინგენტის გაყვანას.
„დროა დასრულდეს ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი. დროა ამერიკის ჯარები შინ დაბრუნდნენ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აშშ-ის გარდა ავღანეთში ჯარები ჰყავს ნატოს წევრ და ნატოს პარტნიორ 35 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს. მოკავშირეთა ჯარების საერთო რაოდენობა ამ მომენტისთვის 9 600 სამხედროს შეადგენს.