რუსეთის ინტერესების მთავარი ლობისტი კვლავ დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანიაა. ის პირადად მონაწილეობდა 7 ოქტომბერს, „პარლამენტში“ გამართულ განხილვაშიც.
ადგილობრივი პოლიტიკოსების ნაწილი შიშობს, რომ პროექტის დაკანონების შემთხვევაში, ყველაფერს რუსი ოლიგარქები ჩაიგდებენ ხელში - აფხაზური ბიზნესი მოკვდება და ყველაფერი გაძვირდება. ისინი კონკრეტულ მაგალითებზე მიუთითებენ, თუ როგორი სავალალო შედეგები მოაქვს რუსული ბიზნესისთვის სასათბურო პირობების შექმნას.
საიდუმლო განხილვა და მორიგი განგაში
როგორც 7 ოქტომბერს „პარლამენტში“ გამართული შეხვედრის მონაწილე ოპოზიციონერი „დეპუტატები“ ამბობენ, ასლან ბჟანია ძალიან ღელავდა და, საკითხის გასატანად, მათზე ზეწოლასაც ცდილობდა.
„დეპუტატები აღმოჩნდნენ ჩაკეტილები შენობაში, რკინის ჭიშკრისა და კარის მიღმა“, - წერენ ადგილობრივ ტელეგრამარხებზე.
„რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელებასთან“ დაკავშირებული კანონპროექტი აფხაზეთის „პრეზიდენტის“ ადმინისტრაციამ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე შეიმუშავა.
ბევრი ხედავს, რომ ახლა ასლან ბჟანიასთვის კიდევ ერთი საბედისწერო გამოცდის ეტაპია, „აპარტამენტების კანონის“ ჩავარდნის შემდეგ და სამ თვეში დე ფაქტო პრეზიდენტის მოსალოდნელი არჩევნების წინ. ადგილობრივი მედია წერს, რომ ბჟანიას წინააღმდეგ სულ უფრო იზრდება ხალხის უკმაყოფილებაც და ეს დიდწილად რუსული ინტერესების გატანის მცდელობებს უკავშირდება.
სექტემბრის ბოლოს უხუცესთა საბჭოში განაცხადეს, რომ რუსეთთან ურთიერთობების აუცილებელი პირობა „ინტერესების ორმხრივი გათვალისწინება“ უნდა იყოს. უხუცესები მოითხოვენ, რომ შეჩერდეს ყველა სადავო კანონის განხილვა, ერთიანი კონცეფციის შემუშავებამდე.
7 ოქტომბერს ე. წ. პარლამენტის რკინის ჭიშკარი არ გაუღეს ოპოზიციონერებსა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს - რომლებიც დისკუსიაში ჩართვას ამაოდ ითხოვდნენ. გარეთ დარჩა მედიაც. „ხალხის არჩეულები ხალხს დაემალნენ, ბჟანიას აშენებული რკინის გისოსებს მიღმა“, - წერდა „ნუჟნაია გაზეტა“.
ადგილზე 200-მდე ადამიანი იყო შეკრებილი, თუმცა ზაფხულში, „აპარტამენტების კანონის“ წინააღმდეგ უფრო მცირე აქციებით დაიწყო და სულ რამდენიმე დღეში მასშტაბურ პროტესტში გადაიზარდა.
ბჟანია პირადად ლობირებდა კანონს „აფხაზეთის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გარკვეული ზომების შესახებ“ - რომელსაც ოკუპირებულ აფხაზეთში „აპარტამენტების კანონს“ უწოდებენ. ის ითვალისწინებდა აპარტოტელებისა და აპარტამენტების მშენებლობას 150 ჰექტარ ფართობზე, რაც რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების ხელში ჩაგდების საშუალებას მისცემდა. აფხაზეთში მოელიან, რომ ამ კანონს „ხელისუფლება“ ისევ გააცოცხლებს - ბიჭვინთის აგარაკების საკითხის მსგავსად. საპროტესტო აქციების მიუხედავად, მოსკოვის ზეწოლით, საბოლოოდ მაინც მოხერხდა ბიჭვინთის ცნობილი სააგარაკო კომპლექსისა და მიმდებარე მიწების რუსეთისთვის გადაფორმება, 2023 წლის მიწურულს.
ასევე ნახეთ არჩევნების მოლოდინში - რა ვერ აამა ასლან ბჟანიამ კრემლს
რუსი ინვესტორების საკითხის განხილვის პროცესი გაგრძელდება. ოპონენტებს მოგვიანებით დაჰპირდნენ, რომ ერთი შეხვედრა მათი მონაწილეობითაც გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია - როდის.
აფხაზეთის „პრეზიდენტის“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი კანონპროექტის მიზანია „საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერა, ეკონომიკის შემდგომი განვითარება და მოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესება“. ხოლო ადგილობრივი ბიზნესმენები და ეკონომისტები ხედავენ საგანგაშო საფრთხეებს, რაც მათთვის არაკეთილსინდისიერ კონკურენციას მოიტანს.
რა არის საგანგაშო?
რუსული ბიზნესისთვის გათვალისწინებულია მთელი რიგი პრივილეგიები:
- დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლება - ჩადებული ინვესტიციის შესაბამისი თანხის ამოღებამდე ან 8 წლით.
- მუშაობა ე.წ. საბაჟო გადასახადის გარეშე.
- რუსეთის ბანკის ფილიალის გახსნა ოკუპირებულ აფხაზეთში, რომლის გავლითაც იმოძრავებს საინვესტიციო თანხები.
წინასწარი ინფორმაციით, პრივილეგიებით სარგებლობისთვის, ინვესტიციის საწყისი ოდენობა უნდა იყოს 2 მილიარდი რუბლი [დაახლოებით 21 მილიონი დოლარი].
„აფხაზური ბიზნესი დაიწყებს კვდომას - არა თანდათან, არამედ სწრაფი ტემპით... აფხაზური ბიზნესი უკვე ბევრი წელია მუშაობს, მაგრამ გადასახადებიდან არავის გაუთავისუფლებია“, - ამბობს აფხაზი მეწარმე და აქტივისტი რომან კაჭარავა.
ეკონომისტები ამბობენ, რომ კონკურენციის არარსებობა წარმოშობს მონოპოლიურ პრივილეგიებს, რაც შემდეგ - ფასების მატებასაც გამოიწვევს.
ეს შიში რუსეთის ბანკის ფილიალის გახსნის გეგმასაც უკავშირდება. „მთავრობა“ ამბობს, რომ ფილიალს ექნება შეზღუდული უფლებები და არ იქცევა „მონსტრად“, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის მთელ საბანკო პოტენციალს გადაყლაპავს. საბანკო სპეციალისტები კი შიშობენ, რომ ეს სწორედ ასე იქნება.
კანონპროექტში არის კიდევ ერთი საკითხი, რომლის განხილვაც განსაკუთრებულ მღელვარებას იწვევს -„მრავალფუნქციური ცენტრების მშენებლობა“.
„პარლამენტის წევრი“ დაუთ ხუტაბა არ გამორიცხავს, რომ ახალი კანონპროექტის საფარქვეშ ავტორები ცდილობენ გააპარონ და დააკანონოს ახლახან ხალხის ძალისხმევით შეჩერებული „აპარტამენტების კანონი“ - რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის უფლება.
„მრავალფუნქციური ცენტრი მაინცდამაინც აპარტამენტებს არ ნიშნავს, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ იყოს“, - ამბობს ხუტაბა ადგილობრივ მედიასთან.
აფხაზეთში თვალსაჩინოა სავალალო შედეგები - რაც იქ მსხვილი რუსული ბიზნესის შესვლას მოჰყვა.
აფხაზეთის სახალხო მოძრაობის ლიდერი ადგურ არძინბა მედიას უყვება, თუ რით დასრულდა ოკუპირებულ აფხაზეთში მსხვილი რუსული სატრანსპორტო კომპანია „პოდაროჟნიკის“ [Подорожник] შესვლა:
„[კომპანიამ] ააშენა ბენზინგასამართი სადგურების ქსელი და რა, ამით ბენზინზე ფასი შემცირდა?! პირიქით, ახლა ბენზინი [აფხაზეთში] 20-30%-ით უფრო ძვირია, ვიდრე რუსეთში. მაშინ, როცა, 2020 წლამდე, პროპორცია პირიქით იყო - ჩვენთან ბენზინი 20-30%-ით უფრო იაფი იყო, რუსეთთან შედარებით“.
„აფხაზეთის ეკონომიკაში სუპერმსხვილი ბიზნესის შემოსვლა არ იძლევა არანაირ გარანტიას, რომ ეს მომხმარებლისთვის კარგია. პირიქით, ყველა სიკეთე მიდის მსხვილი კაპიტალის სასარგებლოდ“, - ამბობს არძინბა.
უცხოელი ინვესტორების და კერძოდ - რუსული კაპიტალის დაბანდებით მიღებულ სავალალო შედეგებზე, ზაფხულში, აფხაზი ჟურნალისტი იზიდა ჭანია იუწყებოდა. წერდა, რომ, მაგალითად - სასტუმრო „როსიას“ კანალიზაციის სისტემა მოწესრიგებული არა აქვს და ფეკალურ მასებს პირდაპირ ზღვაში უშვებენ.
„როსიას“ რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი, ვინმე სიჭინავა მართავს, რომელსაც ამ 14-სართულიანი სასტუმროს გარდა, ოკუპირებულ აფხაზეთში სხვა არაერთი ბიზნესი აქვს.
საშინელი სუნით ამ ზაფხულს შეწუხდნენ თავად „როსიას“ დამსვენებლებიც - პატარა მდინარეს მთელი სიბინძურე სწორედ პლაჟისკენ მიჰქონდა.
მოსკოვის სადამსჯელო სანქციები
აფხაზური საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, რუსეთი უკან არ იხევს და სულ უფრო მეტს ითხოვს. კრემლმა უკვე სადამსჯელო მექანიზმიც აამოქმედა.
სექტემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ბიუჯეტში აღარ არის გათვალისწინებული სოციალური დაფინანსება, მათ შორის - ექიმებისთვის, მასწავლებლებისთვის თუ ე.წ. ძალოვანი სტრუქტურებისთვის. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვში მიიღეს გადაწყვეტილება - რუსეთის მოქალაქეობა გაუუქმონ აფხაზეთის „პარლამენტის“ ოპოზიციონერ წევრებსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი შამბას განცხადებით, რუსეთი ასევე განიხილავს ელექტროენერგიის კომერციულ ფასად მიყიდვასაც, ზამთარში, როცა ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტია.
საიდუმლო დოკუმენტში, რომელიც სოციალურ ქსელებში აგვისტოს ბოლოს გავრცელდა, მოსკოვი სოხუმისგან მოითხოვდა სამი კანონპროექტის დამტკიცებას: ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმებების რატიფიცირებას; რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელებისა და აპარტამენტების შესახებ კანონების მიღებას.
ამ ჩამონათვალიდან მხოლოდ პირველია შესრულებული.
ასევე ნახეთ ოკუპირებული აფხაზეთის "პარლამენტმა" სასამართლო გადაწყვეტილებების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ორი ძირითადი ხელშეკრულებაა გაფორმებული:
- 2008 წლის 17 სექტემბერს - „მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ“;
- 2014 წლის 24 ნოემბერს - „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“.
ამ ხელშეკრულებებს ეფუძნება კიდევ მრავალი შეთანხმება, რომელთა ფარგლებშიც რუსეთი ცდილობს მაქსიმალური სარგებელი მიიღოს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში.