რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა „ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ“ „რუსეთ-აფხაზეთის“ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
1 სექტემბერს მოსკოვმა ოკუპირებული აფხაზეთის საბიუჯეტო დაფინანსება შეაჩერა, მოთხოვნათა ჩამონათვალში იყო ამ დოკუმენტის დამტკიცებაც.
შეთანხმების რატიფიცირება „ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ჩვენს ეროვნულ მეწარმეებს და მათი მხარდაჭერის საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა შეხვედრაზე ე.წ. იუსტიციის მინისტრმა ანრი ბარციცმა.
საინფორმაციო სააგენტო "აფსნიპრესის" თანახმად, რატიფიკაციას 27-მა „დეპუტატმა“ დაუჭირა მხრი, 2-მა თავი შეიკავა.
მანამდე აფხაზური ოპოზიციის ნაწილმა განცხადება გამოაქვეყნა და ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მხრიდან „საკანონმდებლო ორგანოზე უპრეცედენტო ზეწოლაზე“ მიუთითა. მათ „დეპუტატებს“ საკითხის განხილვის გადადებისკენ მოუწოდეს.
თავად ბჟანიამ აფხაზეთის ტელევიზიას განუცხადა, რომ შეთანხმება არავითარ რისკს არ შეიცავს, „ის ჩვენი ბიზნესმენებისთვის ხსნის თავიანთი ეკონომიკური საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობას“.
ფორუმი