საერთაშორისო კონფერენცია პრემიერ-მინისტრის გარეშე

საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ ბათუმში

ბათუმში გამართული საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზის“ დღის წესრიგში ოფიციალურ გამომსვლელთა შორის საქართველოს უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, სახელიც იყო მითითებული, თუმცა კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრის მიმართვის ნაცვლად, განხილვის საგნად იქცა გიორგი კვირიკაშვილის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ.

Your browser doesn’t support HTML5

გამოხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე ბათუმიდან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ეთანხმება გიორგი კვირიკაშვილის მიერ 13 ივნისს გაკეთებულ განცხადებას. აქვეაღნიშნა, რომ თავად მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს:

მიხეილ ჯანელიძე

„სრულიად ვიზიარებ ყველა იმ განცხადებას, რომელიც გაკეთდა გუშინ ბატონ გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან ბრიფინგზე. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობამ მისი ხელმძღვანელობით იმაზე მეტიც გააკეთა, ვიდრე ეს მან აღნიშნა კონფერენციაზე. დარწმუნებული ვარ, რომ შექმნილია ძალიან მყარი საფუძველი იმისათვის, რომ მომავალი წარმატება ჰქონდეს ამ გუნდსა და საქართველოს. დიდ პატივს ვცემ გუნდს, როელთან ერთად მიღწეული იქნა ის შედეგები წლების განმავლობაში, რომლითაც მე ვამაყობ.მე ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, გუნდთან მექნება კონსულტაციები“.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის მუშაობა დადებითად შეაფასა აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ

გიორგი კვირიკაშვილი იყო სამუშაოდ ყველაზე კომფორტული უმაღლესი თანამდებობის პირი მათ შორის, ვისთანაც მას მუშაობა უწევდა. გარდა ამისა, მას ჰქონდა ქვეყნის განვითარების ნათლად განსაზღვრული და გასაგები ხედვა. მისივე განცხადებით, გაუგებარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის საჯაროდ დასახელებული მიზეზი:

საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ ბათუმში

„იმ პროცესში, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით და რომელშიც ბატონი კვირიკაშვილის გუნდი სწორედ ეკონომიკურ გუნდს ავითარებდა, მე ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ეკონომიკა და მოსახლეობის კეთილდღეობა უმაღლეს დონეზეა, მაგრამ, ამავე დროს, ვერ ვიტყვი, რომ ბატონი კვირიკაშვილის საქმიანობა იყო წარუმატებელი. ამ ფონზე სრულიად გაუგებარია, როდესაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კომენტირება არ ხდება და არ ხდება კომენტირება იმ მთავარი პრობლემის, რომლის გამო საზოგადოება აქტიურად აპროტესტებს ქვეყნის პოლიტიკას და იგი ეხება მართლმსაჯულების საკითხებს“.

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, განცხადებით, საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს, რატომ მიდიან თანამდებობიდან უცბად პრემიერ-მინისტრები, რომლებიც წარმატებულად მიიჩნევიან, რა არგუმენტი დგას ამის უკან და რა პრინციპით და კრიტერიუმებით შეირჩევიან ახალი პრემიერ-მინისტრები:

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოს პრეზიდენტი პრემიერის გადადგომის შესახებ

„მიმაჩნია, რომ ეს მასკარადის პერიოდი, როდესაც უცბად ირჩევიან პრემიერ-მინისტრები და რა პრინციპით ირჩევიან, გაუგებარია საზოგადოებისთვის და, მათ შორის, ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის, უნდა დამთავრდეს! თუ ევროპულ არჩევანზე და ევროპული სახელმწიფოს ფორმირებაზე ვამბობთ, მოგახსენებთ: იქ პრემიერ-მინისტრები არიან მმართველი პარტიის ლიდერები და, შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ პასუხისმგებლიან პოლიტიკაზე და თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთი სახელმწიფოს ფორმირებაზე, რომელიც გასაგებია საზოგადოებისთვის. ეს უნდა იყოს ამ რაღაცნაირი პროცესის დასასრული, როდესაც ჩვენ არ ვიცით, ვინ რა პრინციპით ხსნის და შემდეგ არჩევს პრემიერ-მინისტრებს. მე მოვუწოდებ საქართველოში პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალებს და, მათ შორის, მმართველ პარტიას ყველაზე მეტად, რომ აიღოს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და დაასახელოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ის ადამიანი, რომელიც არის პარტიის ლიდერი“.

ირაკლი კობახიძე

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ამ შეფასებას არასერიოზული უწოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა და საპარლამენტო დემოკრატიაა და ამ სისტემაში მთავრობის შეცვლა ნორმალური, ჯანსაღი მოვლენაა:

„მე გული მტკივა, როდესაც სახელმწიფოს მეთაური, რომელიც არის კონსტიტუციური სისტემის გარანტი, თუნდაც სიმბოლურად, არ შეიძლება იგი ასეთ კომენტარებს აკეთებდეს და ამიტომ მე არ მინდა დამატებითი კომენტარის გაკეთება. მთავრობის ცვლილება არის ნორმალური, ჯანსაღი მოვლენა. ჩვენ ვსაუბრობდით, იყო დისკუსიები მმართველ გუნდში და სწორედ ამ დისკუსიების შედეგი იყო ის განცხადება, რაც გაკეთდა პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ეს არის ჯანსაღი პროცესი და მთავარია, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2012 წლიდან გრძელდება ქვეყნის წინსვლა ყველა მიმართულებით. დემოკრატიის კუთხით ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი ამ წლების განმავლობაში. გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვნებელი რეგიონში. „ქართული ოცნება“ ყველა მიმართულებით უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარებას სხვადასხვა მთავრობის პირობებში“.

დავით ბაქრაძე

მმართველი გუნდი ვერ ასრულებს საზოგადოებრივ მოთხოვნებს, გამოსავალი კი დემოკრატიული არჩევნებით სისტემის შეცვლაა, მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე. მისივე თქმით, მმართველმა პარტიამ ამოწურა თავისი რესურსი, რადგან არსებული საარჩევნო სისტემის პირობებში მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა და ამით დაკარგა ქვეყანაში რეალურად არსებული ვითარების შეფასების უნარი:

„გვაქვს სისტემა, სადაც 48 %-ის მქონე პარტია პარლამენტში იღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას და 78 % -ს ხმების - ეს არის უსამართლო სისტემა, რომელიც უნდა შეიცვალოს. ასეთი პარლამენტი ძალიან ცუდია თვითონ მმართველი გუნდისთვისაც, ვინაიდან დარბაზში რაოდენობრივი სიმრავლე ქმნის იმის ილუზიას, რომ ასეთივე რაოდენობრივი სიმრავლე გაქვსქვეყანაში და შეგიძლია რაც გინდა, აკეთო. ამ დროს დარბაზს მიღმა აბსოლუტურად სხვა რეალობაა ქვეყანაში. ჩვენ ეს გავლილი გვაქვს, ჩვენს დროსაც არსებობდა ძალიან ძლიერი უმრავლესობა და, ზოგადად, ეს მთავარი პრობლემაა საქართველოში. როდესაც 150-დან 116 მანდატი გაქვს, გგონია, რომ ქვეყანაში ყველა მხარს გიჭერს და შეგიძლია რაც გინდა, აკეთო. აღარ გესმის პრობლემები, ცილდები ხალხს და შედიხარ კრიზისში და იწყებ შეცდომების დაშვებას. აი, ეს მოუვიდა „ქართულ ოცნებას“. ჩვენც მოგვივიდა ეს შეცდომა და დაგვემართა იგივე“.

სალომე სამადაშვილი

საარჩევნო სისტემის შეცვლა და საკონსტიტუციო რეფორმის გატარება უნდა იყოს ძირითადი მოთხოვნა ყველა პოლიტიკური ძალის, მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი, რომელიც ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამოწურა თავისი რესურსი იმისთვის, რომ ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანა შეძლოს:

„ფუნდამენტურად ამ ქვეყანაში არაფერი არ შეიცვლება, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მინისტრები გაჰყვებიან გადამდგარ პრემიერ-მინისტრს. ეს მხოლოდ მოკლევადიანი გადაწყვეტილებაა პრემიერ-მინისტრთან ერთად სხვადასხვა მინისტრების შეცვლაც. უახლოეს მომავალში ჩვენ უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც უზრუნველყოფს ამ ქვეყანაში უახლოეს მომავალში დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების ჩანაცვლებას“.