სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილი, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის დღის გარდა, თვალს ადევნებს აგრეთვე წინასაარჩევნო პერიოდს. გამოვლენილ დარღვევებს აჯამებენ და აქვეყნებენ სპეციალურ ანგარიშებში. ასეთი შუალედური ანგარიში სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილმა უკვე გამოაქვეყნა. მათ შორისა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომლის პირველივე ანგარიშში ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვად შეფასდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის დაპირება, რომელიც საქართველოს კანიონმდებლობით აკრძალულია, ამბობს ანა მდინარაძე, საიას ბათუმის ოფისის მენეჯერი:
„როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აცნობეს ხალხს ახალი ინიციატივის შესახებ, - „ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ“ ასე ერქვა ამ ინიციატიავას, - რომლის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ როგორც ამ პოლიტიკური სუბიექტის საპრეზიდენტო კანდიდატი, ასევე აქტივისტები ჰპირდებოდნენ მოსახლეობას, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში მათ აუნაზღაურდებოდათ ის ზიანი, რაც მიაყენა საბანკო სექტორმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, და ასევე აღადგენდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც ივანიშვილის მმართველობის პერიოდში განთავისუფლდნენ მათ მიერ დაკავებული თანამდებობიდან. ეს იყო წერილობითი დასტური და გარანტია იმისა, რომ მოხდებოდა ამ დანაპირების შესრულება“.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აკვირდებოდა აგრეთვე ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესს, კერძოდ კი, საარჩევნო საოლქო კომისიებში დროებითი წევრების არჩევას. ანა მდინარაძე ამბობს, რომ საიამ კომისიაში დასაქმებული 73 პირი გადაამოწმა, რის შემდეგაც გაჩნდა კითხვები, თუ რა კრიტერიუმებით შეარჩიეს კომისიის დროებითი წევრები, მათ შორის აჭარის საარჩევნო ოლქებში:
„გაჩნდა დიდი ეჭვი, რომ სწორედ მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირებით მოხდა წევრების შერჩევა. იმისთვის, რომ კითხვის ნიშნები არ ყოფილიყო და ყველა საკითხი ცხადად ყოფილიყო გარკვეული, საიამ მიმართა ცესკოს თავმჯდომარეს და სთხოვა განმარტება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით. ცესკოს თავმჯდომარემ კი უარი განაცხადა დეტალურ განმარტებაზე და შემოიფარგლა საჯარო განცხადებით, სადაც საიას კვლევას უწოდა არასერიოზული და არაპროფესიონალური, რითაც ცესკოს თავმჯდომარემ დაარღვია საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის ქცევის კოდექსი“.
საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პროცესს თვალს ადევნებენ აგრეთვე ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე აჭარის რეგიონში, სადაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შერჩევითი კონკურსია გამოცხადებული. მადონა ბერიძე ამბობს, რომ ამ კონკურსის შეფასება მისი დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი, თუმცა აქვე სამწუხარო ფატქად მიიჩნევს იმას, რომ საარჩევნო ოლქებში მხარი არ დაუჭირეს ინიციატივას კონკურსანტების გასაუბრებით შერჩევის თაობაზე, რაც, მისივე თქმით, შესაძლებელს გახდიდა საუბნო საარჩევნო კომისიებში მოხვედრილიყვნენ კვალიფიციური და პოლიტიკური პარტიების გავლენისგან თავისუფალი პირები:
„საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება ყველა არჩევნების დროს არის პრობლემური. ფაქტია ის, რომ საუბნო საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება ხდება ფორმალურად - უკვე მიღებული გადაწყვეტილებების ასახვა ხდება სხდომებზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევისას. ეს პროცესი არ არის გამჭვირვალე და არ არის განსაზღვრული კრიტერიუმები, თუ რას ეფუძნება მათი გადაწყვეტილებები კომისიის წევრის არჩევის დროს. რიგ შემთხვევაში კი ფიქსირდება მათი კავშირები პოლიტიკურ პარტიებთან. ჩვენი პოზიციაა, რომ უნდა გვქონდეს მეტი ამბიცია, რომ საარჩევნო გარემო გაუმჯობესდეს“.
სადამკვირვებლო ორგანიზაციები აგრეთვე მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცია ადმინისტრაციული რესურსისა და სიძულვილის ენის გამოყენება სოციალურ ქსელებში, რასაც ადგილი ჰქონდა გასული წლის თვითმმართელობის არჩევნების დროს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეგიონალური კოორდინატორი მალხაზ ჭკადუა სამწუხარო ფაქტად მიიჩნევს იმას, რომ ამ მიმართულებით ქვეყნის ხელისუფლებამ არაფერი შეცვალა:
„საჯარო მოხელეების მხრიდან სოციალურ ქსელებში გამოხატული პროპაგანდისტული, მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა უნდა მოექცეს საკანონმდებლო ჩარჩოში. ამის შესახებ არაერთი რეკომენდაცია იყო გაცემული წინა წლებში, თუმცა ყოველი არჩევნების წინ ჩვენ ვრწმუნდებით, რომ ეს სულ უფრო დიდი პრობლემა ხდება“.
სადამკვირვებლო ორგანიზაციები წინასაარჩევნო პერიოდის შეფასებისა და გამოვლენილი დარღვევების შესახებ მორიგი ამგარიშის გამოქვეყნებას სექტემბრის ბოლოს გეგმავენ.