„დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია!“ - ეს არის კიდევ ერთი გზავნილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, რომელიც ამ შემთხვევაში პირადად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისკენ, ირაკლი კობახიძისკენ არის მიმართული. განცხადება ადრესატმა „ოხუნჯობად“ ჩათვალა.
შეწყალებას არ აპირებს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხისთვის უნდა გამოინახოს „სამართლებრივი და ჰუმანური გამოსავალი“, რადგან ამას საქართველოს მომავალი ეწირება.
„ჩაკეტილ წრეზე ტრიალი“
7 თებერვლის გვიან საღამოს გამოქვეყნებული განცხადებით სალომე ზურაბიშვილმა თითქმის სრულად გააქრო მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებში შემორჩენილი მკრთალი იმედი, რომ სასამართლოს უარის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გადაევადებინა სააკაშვილის სასჯელი, ის პატიმარ პაციენტს შეიწყალებდა.
შეწყალების მოლოდინი ჰქონდა ასევე ექსპერტების ნაწილსაც, მაგრამ მათ შორის არასოდეს იყო „ქართული ოცნების“ კოალიციის ყოფილი წევრი, ყოფილი პოლიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი. მისთვის იმთავითვე ნათელი იყო, რომ მეხუთე პრეზიდენტი მესამეს არ შეიწყალებდა.
„[შეწყალებას] აზრი არა აქვს. ამით ის [მიხეილ სააკაშვილი] ვერ გათავისუფლდება, რადგან მას კიდევ არაერთ საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული... რეალურად, შეწყალება ვერ მოიტანდა შედეგს. მარტივად რომ ვთქვათ, პრეზიდენტს ეს ნაბიჯი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერად ჩაეთვლებოდა და სააკაშვილი მაინც იქ დარჩებოდა, სადაც არის“, - ეუბნება დავით ზურაბიშვილი რადიო თავისუფლებას. ის დარწმუნებულია იმაშიც, რომ შეწყალება პოლარიზაციას არათუ შეამცირებდა, არამედ გაზრდიდა, ვინაიდან „სააკაშვილის საკითხი წარმოადგენს "ფრონტის ერთ-ერთ მთავარ ხაზს" ხელისუფლებასა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის და, შესაბამისად, მათი მხარდამჭერებისთვისაც“.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილი: ამ ორმხრივ დისკრედიტაციას ვერანაირი პრეზიდენტის შეწყალება ვერ უშველისდავით ზურაბიშვილს ქვეყნისთვის დამაზიანებლად მიაჩნია პროცესების არსებულ კალაპოტში გაგრძელებაც და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ყველაზე რეალურ გზად ევროკავშირის ჩართულობით კიდევ ერთი, ყველასთვის სანდო საექსპერტო დასკვნის მომზადება ესახება. ის ასევე ასახელებს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დროებითი ღონისძიების მექანიზმის ამოქმედებას.
ასევე ნახეთ თუკი ზურაბიშვილი შეიწყალებს სააკაშვილს - სამართლებრივი და პოლიტიკური სურათი
იურისტებმა რადიო თავისუფლებას სხვადასხვა დროს განუმარტეს, რომ პრეზიდენტს შეუძლია შეიწყალოს მსჯავრდებული, თუკი მას სხვა საქმეებზე წინასწარი პატიმრობა არა აქვს შეფარდებული, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაშია. თუმცა, ტექნიკურად ისიც იოლია, რომ შეწყალების შემდეგ, რომელიმე მიმდინარე საქმეზე იმდენად სწრაფად შეეფარდოს პატიმრობა, რომ მსჯავრდებულმა საპატიმროსა და ქვეყნის დატოვება ვერ მოასწროს.
„მაინც უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა [მიხეილ სააკაშვილი] და ვფიქრობ, რომ, ადრე თუ გვიან, ეს მაინც ასე მოხდება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი. მისი შეფასებით, შეწყალება პოლარიზაციის საკითხსაც მოაგვარებდა.
„აზრი ყოველთვის აქვს კეთილ საქმეს. შეიძლება შედეგი ბოლომდე არ იქნას მიღწეული, მაგრამ უნდა გააკეთო ის, რაც გევალება... ახლა გამოდის, რომ პრეზიდენტმა ხელები დაიბანა მანამდე, ვიდრე რაიმეს ცდიდა... ჩვენ ხომ არ ვიცით, თუკი შეიწყალებს, შემდეგ მართლა შეუფარდებენ თუ არა ხელმეორედ პატიმრობას [სააკაშვილს]?! ქვეყნისთვის ჯობია, რომ სააკაშვილი წავიდეს უცხოეთში... პრეზიდენტი ამბობს, სააკაშვილმა, გათავისუფლების შემდეგ, შესაძლოა ქვეყანა დააზარალოსო. ქვეყანა ახლა ბევრად უფრო ზარალდება, პატიმრის მიერ [კლინიკა „ვივამედიდან“] თავისი საშინელი ფიზიკური მდგომარეობის დემონსტრირებით და ეს ფოტოები მერე მსოფლიოში ვრცელდება“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი.
ასევე ნახეთ მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო დავა შეწყვიტა
"აღარ არის საჭირო ზედმეტად გაბრაზება"
სალომე ზურაბიშვილის მიერ, შეწყალების მექანიზმის არაეფექტიანობის შესახებ, 7 თებერვალს გაკეთებულ განცხადებას წინ უსწრებდა ცნობები იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო დავა შეწყვიტა.
გოგოლაშვილი არ ფიქრობს, რომ მთავრობისა და პრეზიდენტის სვლები შეთანხმებული იყო, თუმცა ვარაუდობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს, შესაძლოა, ერთგვარი პრევენციული ნაბიჯი იყოს - „დაძაბულობის განმუხტვისთვის“.
საკონსტიტუციო დავის შეწყვეტის მიზნად ასევე დაძაბული ფონის შემსუბუქება წარმოუდგენია დავით ზურაბიშვილს. წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ის დაახლოებით ასეთ სცენარს ვარაუდობს: „დარეკავს ბიძინა [ივანიშვილი] და ეტყვის - არ გინდათ ახლა, გამოიტანეთ [სარჩელი] და მორჩა. ეს მის ხასიათზეა დამოკიდებული მხოლოდ. შეიძლება ჩათვალა [ბიძინა ივანიშვილმა], რომ პრეზიდენტი ძალიან გაბრაზებული იყო და აღარ არის საჭირო ზედმეტად გაბრაზება, თორემ მართლა მტრის [ოპოზიციის] მხარეს არ გადავიდეს“.
დაძაბულობა რჩება
ერთი მხრივ, „ოცნებაში“ კმაყოფილებით აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციას „ცივი წყალი გადაასხა“; ხოლო, მეორე მხრივ, „ცუდ ამბად“ თვლიან, რომ პრეზიდენტი, შეწყალებასთან მიმართებით, აღარ იმეორებს წარსულში რამდენჯერმე ნათქვამ ფრაზას - „არა და არასოდეს!“. „გუშინ, მაგალითად, ასეთი განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მას სათანადო პოზიცია აქვს, ჩვენ მეტ სიღრმეში არ შევალთ“, - უთხრა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებს, 8 თებერვალს.
პრეზიდენტის განცხადებამდე, სააკაშვილის შესაძლო შეწყალების შესახებ შეკითხვის საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს იქნებოდა სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და ასეთ აქტზე „უმძიმესი რეაქცია“ ექნება როგორც საზოგადოებას, ასევე პირადად მასაც.
„დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია!“, - უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა მმართველი პარტიის თავმჯდომარეს მისი ადმინისტრაციის სახელით ცალკე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელშიც ირონიულად არის ციტირებული თავად კობახიძის ერთგვარი თვითწარდგენა საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის გამოცხადებისას.
„ეს იყო მცირე ოხუნჯობა, რაც შეიძლება, პრეზიდენტს წელიწადში ერთხელ ეპატიოს“, - ასეთი იყო კობახიძის პასუხი პასუხზე.
ასევე ნახეთ მცირე ოხუნჯობა პრეზიდენტს წელიწადში ერთხელ ეპატიება - კობახიძე ზურაბიშვილის განცხადებაზეასევე ნახეთ ეს ადამიანები მიკითხავენ მორალს, როგორ ვებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დაცემულია - ზურაბიშვილი ხელისუფლებაზე
პრეზიდენტი ზურაბიშვილი ბოლო განცხადებაში, ოპოზიციასთან ერთად, ქვეყნის დისკრედიტაციაში ხელისუფლებასაც სდებს ბრალს. ახსენებს რუსეთის მიმართ „გაუგებარ ლმობიერებას“, „ზედმეტ სიფრთხილეს", „სანქციების არიდების დაჟინებულ რიტორიკას“ თუ „ფრენების აღდგენის პოზიტიურად შეფასებას“, „რომელიც უპირისპირდება უკრაინელებისა და ჩვენ პარტნიორების მიმართ მკაცრ და ხშირად შეურაცხმყოფელ კრიტიკას“.
„არ მუშავდება ხელისუფლების მიერ აუცილებელი სტრატეგია - არც ჩვენი ცოცხალი ძალების, მეტწილად ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინების მზარდ ტენდენციებზე და არც რუსეთიდან მასობრივად შემოდინებაზე და მის შესაძლო საფრთხეების აღსაკვეთად. გაჩნდა ჩვენ შესახებ - ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის სრულიად შეურაცხმყოფელი კითხვა და ეჭვები - „ნუთუ საქართველო მიჰყვება თავის გაცხადებულ ორიენტაციას თუ უბრუნდება რუსეთის ორბიტას“, - აცხადებს ზურაბიშვილი.
პრეზიდენტ ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ საერთაშორისო პარტნიორები და ევროპარლამენტარებმა ეს, დეკემბერში დამტკიცებულ ბოლო რეზოლუციაშიც ჩაწერეს.