იმის რისკი, რომ ადამიანი ერთდროულად კორონავირუსით და გრიპით დაინფიცირდეს, იზრდება და ამ რისკს უფრო მაღალი ფასი ექნება მათი თანხვედრის შემთხვევაში - გრიპი უფრო მძიმედ მიმდინარეობს და გარდაცვალების შანსიც უფრო მაღალია.
რა უნდა იცოდეთ, სანამ სტატიის კითხვას გააგრძელებთ:
გრიპი სასუნთქი გზების მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს ვირუსი.
არსებობს გრიპის ვირუსის ოთხი ტიპი: A, B, C, D; საქართველოში ძირითადად A და B ტიპის ვირუსები ცირკულირებს.
გრიპის ვირუსისგან თავის დასაცავად და ავადმყოფობის შედარებით იოლად გადასატანად არსებობს ვაქცინა, რომლითაც ადამიანები ყოველწლიურად, ძირითადად ზამთრის დადგომამდე იცრებიან.
საქართველოში აცრა ორი - სამკომპონენტიანი და ოთხკომპონენტიანი - ვაქცინით შეიძლება.
რა განსხვავებაა მათ შორის?
სამკომპონენტიანი შეიცავს A ტიპის ვირუსის 2 ვარიანტს და B ტიპის ვირუსის 1 ვარიანტს;
ოთხკომპონენტიანი შეიცავს A ტიპის ვირუსის 2 ვარიანტს და B ტიპის ვირუსის 2 ვარიანტს.
ჩვეულებრივი გაციებისგან განსხვავებით, გრიპი უფრო მძიმედ მიმდინარეობს და გართულების შემთხვევაში შესაძლოა ლეტალობითაც დასრულდეს. კორონავირუსით გამოწვეული ინფექციისა და გრიპის გარჩევა ლაბორატორიული კვლევის გარეშე შეუძლებელია, რადგან მათ მსგავსი სიმპტომები აქვთ:
- მაღალი ტემპერატურა;
- სახსრების ძლიერი ტკივილი;
- სისუსტე;
- თავის ტკივილი;
- ზოგ შემთხვევაში სურდო;
- ხველა.
გრიპი საშიშია?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით, გრიპით ყოველწლიურად 290,000-დან 650,000-მდე ადამიანი იღუპება. განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ რისკჯგუფში შემავალი ადამიანები:
5 წლამდე ბავშვები, რომლებიც გრიპის ვირუსის სამიზნეები არიან და 65 წელს გადაცილებულები. გრიპი ასევე საშიშია ორსულებისთვის, რადგან ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს სასიცოცხლო ორგანოების დაზიანება, რაც საფრთხეს უქმნის დედასაც და ნაყოფსაც.
გრიპის ვაქცინა სხვა ვაქცინებისგან იმით განსხვავდება, რომ მისი დამცველობითი ეფექტი არ არის ძალიან მაღალი, დაახლოებით 60%-მდეა, მაგრამ იგი იცავს მძიმე გართულებებისგან. ყოველწლიურად ვაქცინა მზადდება ზუსტად იმ შტამების საწინააღმდეგოდ, რომელთა ცირკულაციასაც ელოდებიან. გრიპის ვაქცინები იმიტომაა რამდენიმეკომპონენტიანი, რომ ერთმა აცრამ ადამიანი რაც შეიძლება ეფექტიანად დაიცვას.
საქართველომ 2021 წელს, ტვინდემიის საფრთხის გათვალისწინებით, ოთხკომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის წარმოების 200 ათასი დოზა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა და 8 ოქტომბრიდან რისკჯგუფების უფასო აცრა დაიწყო.
ვის ერგება ვაქცინა უფასოდ და ვისაც არა, რამდენს ვიხდით?
ვაქცინა უფასოა სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონე ადამიანებისთვის.
ესენი არიან: დიაბეტიანი პაციენტები; დიალიზზე მყოფნი; C ჰეპატიტის მქონე ადამიანები; აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები.
სხვა პრიორიტეტული ჯგუფებია: ბავშვთა (მათ შორის, მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; ორსულები; 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; NCDC-ის თანამშრომლები.
ნახეთ იმ კლინიკების სია, სადაც ჩამოთვლილ ჯგუფებს უფასოდ შეუძლიათ გრიპის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება.
სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ ჯგუფებთან ერთად ვაქცინაცია შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ოღონდ ეს მომსახურება ფასიანია და საშუალოდ 80 ლარი ჯდება. კერძო კლინიკებს შემოაქვთ იმავე წარმოების ფრანგული ოთხკომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც სახელმწიფოს. კომპანიების ნაწილი ამ დროისთვის ელოდება ფრანგული მხარის დასტურს და, მათი ვარაუდით, კომერციული ვაქცინების ნაწილი ნოემბერ-დეკემბერში გვექნება.
რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, „ევექსის“ კლინიკების ქსელში, თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში, შესაძლებელია გრიპის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება, თუმცა მარაგების რაოდენობა მუდმივად იცვლება და სანამ კონკრეტულ კლინიკაში აცრაზე წასვლას გადაწყვეტთ, ცხელ ხაზზე შესაძლებელია განახლებული ინფორმაციის გადამოწმება: 032 2 550 505
ასევე, ფასიანი აცრა ხელმისაწვდომია „ჯიპისის“ ექსპრეს კლინიკებში:
თბილისი: გამსახურდიას 23/25, ვაჟა-ფშაველას 71, ჭავჭავაძის გამზირი 24.
გორი: მშვიდობის გამზირი
[ვაქცინების ოდენობა ცვალებადია და კონკრეტულ ადგილზე მისვლამდე დაუკავშირდით კომპანიას]
ქვეყანაში ვაქცინების შემომტანი არაერთი კერძო კომპანია, ჯერ კიდევ ელოდება მომწოდებლებისგან დასტურს ვაქცინების მიღებაზე და, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს და დეკემბერში ფასიანი ვაქცინების რაოდენობა გაიზრდება.
გრიპის სეზონი ნოემბრის ბოლოს იწყება. ცივ გარემოში ვირუსი რამდენიმე საათს ძლებს, მაშინ როდესაც სითბოში თითქმის მომენტალურად კვდება. გრიპის გავრცელებას ხელს უწყობს დახურულ სივრცეში ყოფნა, ამიტომ ისევე, როგორც კორონავირუსის შემთხვევაში, აცრასთან ერთად, საჭიროა მოერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, დახურულ სივრცეებს, ხშირად დაიბანოთ ხელები და ძალიან არ მიუახლოვდეთ სხვა ადამიანებს.
ტვინდემია - რეალური საფრთხე ტვინდემია - რეალური საფრთხე ასევე ნახეთ რა შეიძლება მოხდეს, თუკი „ტვინდემიის” ტალღა დაიწყება?