თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს განაჩენი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დამნაშავედ ცნო პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებისა და მასზე სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზებაში. ძალაში დარჩა სასჯელის ზომაც - ბაჩო ახალაიას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.
Your browser doesn’t support HTML5
სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ასევე ბაჩო ახალაიას მოადგილის, ამავე საქმეზე ბრალდებულ ნიკოლოზ ძიმცეიშვილის მიმართაც და მას 4 წლით შეუფარდა პატიმრობა. სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ ამჯერად უკვე მეორე ინსტანციამ დაადასტურა, რომ სერგო თეთრაძის საქმეში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაული იმჟამინდელი უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ იქნა ჩადენილი:
Your browser doesn’t support HTML5
„ამ დანაშაულებრივ ეპიზოდში, კერძოდ, სამი ადამიანის წამებაში ჩართულნი იყვნენ ყოფილი თავდაცვის მინისტრი, სამხედრო პოლიციის უფროსი, ციხის დირექტორი, მათი მოადგილეები, რეჟიმის უფროსები, შუა და ქვედა რგოლის საჯარო მოხელეები - მთელი სისტემა, ფაქტობრივად. მათ დაგეგმეს და განახორციელეს სამი უდანაშაულო ადამიანის წამება მათგან არარსებული აღიარებითი ჩვენებების მიღების მიზნით. კიდევ ერთხელ დადასტურდა ეს დანაშაულებრივი ფაქტები“-აღნიშნა ჯარჯი წიკლაურმა
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიასა და მისი მოადგილის მიმართ სასამართლომ ასევე დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, სამსახურებრივი სიყალბისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში თანამონაწილეობისთვის. ისევე როგორც საქალაქო სასამართლომ, სააპელაციო სასამართლომაც ბაჩანა ახალაია უდანაშაულოდ მიიჩნია ბრალდების ერთ ეპიზოდში, კერძოდ, სერგეი ჩაპლიგინის წამების ეპიზოდში. სწორედ ამ ეპიზოდში მისი გამართლება და ქმედების სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მოთხოვნა იყო პროკურორ მაია ჯვარშეიშვილის განმარტებით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის საფუძველი:
„ჩვენი სამართლებრივი საჩივარი გულისხმობდა ქმედების სწორ სამართლებრივ კვალიფიკაციას და ბრალდების ყველა ეპიზოდში ბაჩანა ახალაიას გამტყუნების მოთხოვნას, და ჩვენი მოთხოვნა გულისხმობდა იმასაც, რომ სასამართლოს იგი დამნაშავედ ეცნო ყველა ეპიზოდში და მათ შორის სერგეი ჩაპლიგინის წამების ეპიზოდში. ამასთან დაკავშირებით ჩვენ სასამართლოს წარვუდგინეთ მტკიცებულებები, რაზე დაყრდნობითაც წარვადგინეთ ჩვენი სააპელაციო საჩივარი. სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისისი საქალაქო სასამართლოს განაჩენი".
საქმე იყო შეკერილი თავიდან ბოლომდე, ჩემს მეუღლეს აწამებდნენ სამხედრო პოლიციის შენობაში და მას აწამებდნენ უშუალოდ ბაჩანა ახალაია და მეგის ქარდავა. თავზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი და არ აძლევდნენ სუნთქვის საშუალებას.ნანა თეთრაძე
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების საკითხზე, პროკურორ მაია ჯვარშეიშვილის თქმით, ბრალდების მხარე მას შემდეგ იმსჯელებს, რაც განაჩენის დასაბუთებულ, სარეზოლუციო ნაწილს მიიღებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე განაჩენი 2018 წლის 23 აპრილს გამოიტანა. პროკურატურის თანახმად, 2011 წლის სექტემბერში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ წარმატებული ხელმძღვანელის სახელის მოპოვების მიზნით, ორგანიზება გაუწია და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს დაავალა უდანაშაულო მოქალაქეთა დაკავება და აღიარებითი ჩვენების მიღება მათი წამების გზით, თითქოსდა ისინი რუსეთის სასარგებლოდ „ჯაშუშობდნენ“. 2011 წლის სექტემბერში ჯაშუშობის ბრალდებით თადარიგის პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე და მასთან ერთად სამი პირი დააკავეს. აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ისინი გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. სერგო თეთრაძე საპატიმროში გადაყვანიდან 4 დღეში გარდაიცვალა. გამოძიებით დადგინდა, რომ სერგო თეთრაძე წამებისას ცუდად გახდა და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა გონს მოუსვლელად.
ასევე ნახეთ სასამართლომ ბაჩანა ახალაიას 9 წლით პატიმრობა მიუსაჯასერგო თეთრაძის გარდაცვალებიდან შვიდი წლის თავზე მისი მეუღლე, ნანა თეთრაძე, დარწმუნებულია, რომ მისი ქმარი წამებით მოკლეს:
"საქმე იყო შეკერილი თავიდან ბოლომდე, ჩემს მეუღლეს აწამებდნენ სამხედრო პოლიციის შენობაში და მას აწამებდნენ უშუალოდ ბაჩანა ახალაია და მეგის ქარდავა. თავზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი და არ აძლევდნენ სუნთქვის საშუალებას. იქვე გაუტეხეს ცხვირი და ემუქრებოდნენ ოჯახის შეურაცხყოფით და განადგურებით. ეს ყველაფერი ჩემთვის იყო ცნობილი ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩემი მეუღლე იყო ცოცხალი. გარდა ამისა, მე თვითონ ვნახე ჩემი მეუღლე საქალაქო სასამართლოს შენობაში. ის იყო განადგურებული, მას უჭირდა გადაადგილება. ციხეში წამება გაგრძელდა და, საბოლოოდ, მე ქმარი წამებით მომიკლეს. ეს ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ დაეთანხმებინათ მათთვის სასურველ ინფორმაციაზე. მიუხედავად მათი ძალისხმევისა, წამებისა და არაადამიანური მოპყრობისა, ჩემმა მეუღლემ არ აღიარა აბსურდული, ჯაშუშობის ბრალდება.
რატომღაც არ კეთდება სათანადო აქცენტი იმაზე, რომ იმ 5 დღის განმავლობაში, რომელიც სერგომ გაატარა ციხეში, ის უკანონოდ გაიყვანეს იქიდან და 5 საათის განმავლობაში ჰყავდათ სამხედრო პოლიციაში, საიდანაც ის დაბრუნდა უფრო ნაწამები. არსებობენ მოწმეები. მე პირველი დღიდან, როცა სამხედრო პოლიციის თანამშრომლები შემოიჭრნენ ჩვენთან სახლში, დარწმუნებული ვიყავი ჩემი მეუღლის უდანაშაულობაში და არც ახლა მებადება კითხვები. მე ჩემი მეუღლის და ოჯახის ღირსებას ვიცავ, თუმცა მეც მაქვს შეკითხვები და ვთვლი, რომ ყველა იმ პირმა, ვინც უშუალოდ ან ირიბად მონაწილეობდა ამ საქმეში, არ მიიღო სათანადო სასჯელი. უფრო მეტიც, შეინარჩუნეს თანამდებობა, აქვთ კარიერული ზრდა ან შეაფარეს თავი სხვა სტრუქტურებს“-უთხრა ნანა თეთრაძემ რადიო "თავისუფლებას" 16 ოქტომბერს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში სერგო თეთრაძის წამების საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადებას მხოლოდ ბრაკდების მხარე ეწსრებოდა. სხდომაზე არ ყოფილან არც მსჯავრდებული ბაჩანა ახალაია და არც მისი ადვოკატები. ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა მოგვიანებით განგვიმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაცვის მხარე ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. დაცვის მხარე სერგო თეთრაძის წამების საქმეში ბაჩანა ახალაიას გამართლებას ითხოვს.