"ორეშნიკით" დარტყმა უკრაინაზე და მესამე მსოფლიო ომის აჩრდილი

საილუსტრაციო ფოტო. რუსული რაკეტა „კინჟალი“

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 ნოემბრის ვიდეომიმართვაში დაადასტურა, რომ რუსეთმა საშუალო სიშორის უახლესი ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“ გაუშვა უკრაინის მიმართულებით.

ეს იყო პასუხი წინა დღის მოვლენებზე როდესაც უკრაინამ შორსმსროლელი ამერიკული და ბრიტანულ-ფრანგული რაკეტებით დაარტყა რუსეთს.

„გამოცდამ წარმატებით ჩაიარა, რაკეტამ მიზანს მიაღწია. უკრაინის ტერიტორიაზე ქალაქ დნეპროპეტროვსკში განადგურდა ერთ-ერთი უმსხვილესი და ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან ცნობილი სამრეწველო კომპლექსი, რომელიც დღესაც უშვებს სარაკეტო ტექნიკას და სხვა შეიარაღებას“, - თქვა 21 ნოემბრის მიმართვაში ვლადიმირ პუტინმა.

რუსეთის ეს ნაბიჯი, პუტინის თქმით, საჭირო გახდა რუსეთის მიმართ დასავლეთის პროვოცირებული რეგიონული კონფლიქტის გამო, რამაც „უკრაინაში გლობალური ხასიათის ელემენტები“ შეიძინა.

დასავლეთის ქვეყნები და უკრაინა კი, თავის მხრივ, რუსეთს ადანაშაულებენ ფართომასშტაბიანი ომის სახიფათო ესკალაციაში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ომის გაფართოების მცდელობად შეაფასა რაკეტა „ორეშნიკის“ გამოყენება.

ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი გენერალი ვალერი ზალუჟნი საერთოდ მიიჩნევს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის ავტოკრატიული მოკავშირეების პირდაპირი ჩართვის შემდეგ, „მესამე მსოფლიო ომი შეიძლება დაწყებულად ჩაითვალოს“.

ასევე ნახეთ გენერალი ზალუჟნი აცხადებს, რომ 2024 წელს მესამე მსოფლიო ომი დაიწყო

"ვუპასუხებთ გადამწყვეტად და სარკისებურად"

21 ნოემბრის დილით უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ჯარებმა ქალაქ დნეპრს სხვადასხვა ტიპის, კერძოდ, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტითაც დაარტყეს.

საქმე ისაა, რომ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ფართომასშტაბიანი ომის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალები ხშირად იყენებენ უკრაინის წინააღმდეგ ბალისტიკურ რაკეტა „ისკანდერებს“, ჰიპერზებგერით ბალისტიკურ რაკეტა "კინჟალს" და ფრთოსან რაკეტა X-101-ს, რომლებსაც შეუძლიათ ბირთვული იარაღის გადატანა და განკუთვნილი არიან შორ მანძილზე მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე დარტყმისთვის.

მაგრამ დნეპრზე განხორციელებული თავდასხმის დროს 21 ნოემბერს გაჩნდა ეჭვი, რომ რუსებმა პირველად გამოცადეს ომში საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა „რუბეჟი“ (РС-26).

ასევე ნახეთ რუსეთმა უკრაინაზე შეტევისთვის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტაც გამოიყენა - საჰაერო ძალები

სოციალური ქსელებში წერენ, რომ რაკეტა, სავარაუდოდ, ასტრახანის ოლქში მდებარე პოლიგონ „კაპუსტინ იარიდან“ უნდა გაეშვათ.

"უკრაინსკა პრავდას" ცნობით, РС-26 "რუბეჟი“ შექმნილია საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა "ტოპოლ-М"-ის მეორე საფეხურის ბაზაზე. РС-26 "რუბეჟი“ შემუშავებულია თბოტექნიკის მოსკოვის ინსტიტუტის ბაზაზე, ხოლო გამომშვებია ვოტკინის ქარხანა, სადაც ბალისტიკური რაკეტა "ისკანდერიც" ეწყობა. РС-26 "რუბეჟის" ტექნიკური დახასიათებით, რაკეტის სასტარტო წონაა 40-50 ტონა, ხოლო ფრენის სიშორე 6000 კმ. "რუბეჟი" აღჭურვილია ოთხი საბრძოლო ბლოკით, თითოეულის სიმძლავრე 0,3 მეგატონას შეადგენს.

21 ნოემბერსვე გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთის ნატყორცნი რაკეტა ბალისტიკური იყო და არა საკონტინენტთაშორისო.

მაგრამ 21 ნოემბრის საღამოს ვიდეომიმართვაში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უახლესი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს.

„ამერიკული და ბრიტანული შორსმსროლელი იარაღის გამოყენების პასუხად, 21 ნოემბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კომბინირებული დარტყმა განახორციელეს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთ ობიექტზე. საბრძოლო მოქმედებებში ასევე მოხდა ერთ-ერთი საშუალო სიშორის უახლესი რუსული სარაკეტო სისტემის, მოცემულ შემთხვევაში არაბირთვული აღჭურვილობის ზებგერითი ბალისტიკური რაკეტის გამოცდა. ჩვენმა მერაკეტეებმა მას „ორეშნიკი“ უწოდეს“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკის“ შესახებ ღია წყაროებში მწირი ინფორმაციაა.

რუსეთის პრეზიდენტის თანახმად, უახლესი რუსული რაკეტები სამიზნისკენ წამში 2-3 კილომეტრის სიჩქარით მიფრინავენ და მტრის სარაკეტო თავდაცვის სისტემებს არ შეუძლიათ მათი ჩამოგდება.

პუტინის მტკიცებით, ბალისტიკურმა რაკეტა „ორეშნიკმა“ წარმატებით მიაღწია მიზანს და გაანადგურა „სამხრეთ მანქანათმშენებლობის ქარხანა“ ("იუჟმაში") - უკრაინის უმსხვილესი სარაკეტო-კოსმოსური ტექნიკის მწარმოებელი ქარხანა.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 21 ნოემბრის გამთენიისას, რუსეთის ჯარებმა სხვადასხვა ტიპის რაკეტებით შეუტიეს დნეპრის საწარმოებს და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დნეპრში დაზიანებულია ერთ-ერთი საწარმო და ორ ადგილას ხანძარია.

ასევე ნახეთ ალკოჰოლის ბაზრის „ჩეჩენიზაცია“ - შეელევა რუსეთი არაყს?


დნეპრის მერიის ინფორმაციით, დაზიანებულია სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის შენობაც.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“ აქვს შეიარაღებაში რუსეთის არმიას, მაგრამ პუტინმა პირობა დადო, რომ საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების შემდგომი გაშლის საკითხს კრემლი აშშ-ისა და მისი სატელიტების ქმედების კვალდაკვალ გადაწყვეტს.

„მიგვაჩნია, რომ გვაქვს უფლება, გამოვიყენოთ ჩვენი იარაღი იმ ქვეყნების სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენი სამიზნეების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების ნებას რთავენ და აგრესიული მოქმედებების ესკალაციის შემთხვევაში, ჩვენ ასევე ვუპასუხებთ გადამწყვეტად და სარკისებურად. ამ საკითხზე სერიოზულად დაფიქრებას ვურჩევ იმ ქვეყნების მმართველ ელიტებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კონტინგენტების გამოყენების გეგმებს აყალიბებენ“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკის“ გამოყენების გადაწყვეტილება რუსეთის სარდლობამ რუსეთის სიღრმეში შორსმსროლელი დასავლური რაკეტებით დარტყმების პასუხად მიიღო.

ასევე ნახეთ რუსეთმა პირველად იგრძნო ATACMS-ის ძალა. კრემლი პასუხს ამზადებს?

"რუსეთს უფრო ძვირი დაუჯდება უკრაინაზე ბირთვული დარტყმა"

მას შემდეგ, რაც ქვეყნის განახლებული ბირთვული დოქტრინა დაამტკიცა, რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენება შეუძლია იმ შემთხვევაშიც, თუ მის საზღვარს მასობრივად გადაკვეთენ ფრთოსანი რაკეტები, დრონები და სხვა მფრინავი ობიექტები.

რუსეთის ფედერაცია „ნებისმიერი არაბირთვული სახელმწიფოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ბირთვული სახელმწიფოს მონაწილეობით ან მხარდაჭერით მიმართულ აგრესიას განიხილავს, როგორც მათ ერთობლივ თავდასხმას რუსეთის ფედერაციაზე“, - წერია განახლებულ დოქტრინაში, რომელსაც ვლადიმირ პუტინმა ხელი ახლახან, 19 ნოემბერს მოაწერა.

ასევე ნახეთ პუტინმა დაამტკიცა რუსეთის განახლებული ბირთვული დოქტრინა

ამ ფონზე,დნეპრზე უახლესი მოდიფიკაციის ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკით“ პირველ დარტყმას, ზოგიერთი ანალიტიკოსი უწოდებს რუსეთის „ბირთვული იერიშის რეპეტიციას“.

მაგრამ სამხედრო ავიაციის ექსპერტის, ვალერი რომანენკოს აზრით, ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკით“ უკრაინაზე შეტევა უნდა შეფასდეს, როგორც უკრაინის მოსახლეობაზე, სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა.

„ეს არის ფსიქოლოგიური დარტყმა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის მოსახლეობის ნებისყოფის გატეხას დროის იმ შუალედში, როდესაც აშშ-ში იცვლება ქვეყნის ხელისუფლება. ის მიზნად ისახავს უკრაინელებზე მორალურ ზემოქმედებას: „ვაიმე, დაიწყეს ბალისტიკური რაკეტებით დარტყმა, და ხომ შეიძლება ბირთვული ქობინიანი რაკეტებიც გამოუშვან“, - თქვა რომანენკომ „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ ინტერვიუში.

სამხედრო ექსპერტი ფიქრობს, რომ მიუხედავად მუქარისა, პუტინი ვერ გაბედავს ბირთვული იარაღის გამოყენებას, რადგან მოსალოდნელი კატასტროფა შესაძლოა კრემლის სატელიტებს და თავად რუსეთს შემოუბრუნდეს.

„ახლა ტაქტიკური ბირთვული დარტყმა შესაძლოა საარტილერიო ჭურვით, იმავე „კინჟალით“, ნებისმიერი „ჰაერი-მიწა“ კლასის შესაბამისი კალიბრის საავიაციო რაკეტით, იმავე Х-59 და Х-69 რაკეტებით. შესაძლოა მისი გაშვება 203-მილიმეტრიანი დანადგარიდან. ეს რაკეტა კი მთლიანობაში ნახევარ მეგატონამდე სიმძლავრის ბირთვული მუხტს ატარებს. შედარებისთვის, ბომბი, რომელიც ჰიროსიმასა და ნაგასაკიზე ჩამოაგდეს, 20 კილოტონის სიმძლავრისა იყო. ანუ, 25-ჯერ ნაკლები სიმძლავრისაა.

თუ ასეთი სიმძლავრის ბომბით დაარტყამ უკრაინას, მაშინ რადიოაქტიური ღრუბელი და დაბინძურება ყველა მხარეს გაგრძელდება: პირველ რიგში წავა რუსეთისკენ, წავა ევროპისკენ, წავა თურქეთისკენ, ბელარუსისკენ. ერთი სიტყვით, როგორც ამბობენ, რუსეთს უფრო ძვირი დაუჯდება უკრაინაზე ბირთვული დარტყმა. მაგრამ, როგორც ამბობენ, რუსების ფსიქოლოგია არაპროგნოზირებადია და ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება“, - ამბობს სამხედრო ექსპერტი ვალერი რომანენკო.


ეს არაპროგნოზირებადობა საკმაოდ დიდ შიშს აღძრავს უკრაინაში, რომელიც 2,5 წელიწადზე მეტია იგერიებს რუსეთის საოკუპაციო ძალების იერიშებს საკუთარ ტერიტორიაზე.

ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკით“ პირველი დარტყმით საკმაოდ შეშფოთებულმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 21 ნოემბრის ღამით პარტნიორებს მიმართა, რომ პუტინი მათ გამოცდას უწყობს და თუ მკაცრ რეაქციას არ დაინახავს, იმავეს გაიმეორებს.

ასევე ნახეთ ზელენსკიმ რუსეთის მიერ ომის გაფართოების მცდელობად შეაფასა რაკეტა „ორეშნიკის“ გამოყენება

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თანახმად, ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შესახებ განცხადებით პუტინმა აღიარა ამ წლის განმავლობაში ესკალაციისა და ომის გაფართოებისკენ გადადგმული მეორე ნაბიჯი. პირველ ასეთ ნაბიჯად ზელენსკიმ დაასახელა უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩრდილოეთ კორეის არმიის, სულ მცირე, 11 ათასი ჯარისკაცის ჩართვა.

მაგრამ, თუ ზელენსკი პუტინის გადაწყვეტილებით „ომის გაფართოების“ საფრთხეებზე საუბრობს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ნაბიჯების გამო მსოფლიოში უკვე დაიწყო მესამე მსოფლიო ომი.

„იმიტომ, რომ 2024 წელს უკრაინის წინაშე აღარ დგას მხოლოდ რუსეთი. უკრაინის წინაშე დგანან ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები. მოდით ვიყოთ გულწრფელები. უკვე უკრაინაში ირანული "შაჰიდები" საკმაოდ ღიად, უყოყმანოდ ხოცავენ მშვიდობიან მოსახლეობას. უკვე სწორედ ჩრდილოეთ კორეის წარმოების რაკეტები მიფრინავენ უკრაინაში, რასაც ღიად აცხადებენ. უკრაინაში ჩინური ნაღმები ფეთქდება, რუსულ რაკეტებში კი ჩინურ დეტალებს იყენებენ“, - ამის შესახებ გენერალმა ზალუჟნიმ ყოველწლიური პრემიის, „უპ100“-ის ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

  • ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების, ასევე ქვემეხებისა და საარტილერიო დანადგარების რუსეთში გაგზავნის შესახებ ადრე უკვე გაავრცელეს ცნობები სამხრეთ კორეის, უკრაინისა და დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებმა.
  • რუსეთის ხელისუფლება ამ ცნობებზე კომენტარს დღემდე არ აკეთებს. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს ჩეჩნეთის სპეცრაზმ „ახმატის“ მეთაური და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო და პოლიტიკური დირექტორატის უფროსის მოადგილე აპტი ალაუდინოვი, რომელმაც ირიბად დაადასტურა კურსკის ოლქში ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების ყოფნა.
ასევე ნახეთ "ახმატის" მეთაურმა ალაუდინოვმა დაადასტურა ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების მონაწილეობა ომში -"აგენტსტვო"