რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ აპირებს ჩაატაროს სამხედრო სწავლება ტაქტიკური (არასტრატეგიული) ბირთვული ძალების მონაწილეობით საბრძოლო დანაყოფებისა და ტექნიკის მზადყოფნის შესამოწმებლად. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, გადაწყვეტილება მიიღო პირადად ვლადიმირ პუტინმა „დასავლეთის ცალკეული ოფიციალური პირების პროვოკაციული განცხადებებისა და მუქარის პასუხად, რათა უპირობოდ იქნეს უზრუნველყოფილი რუსეთის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი“.
- გულისხმობს თუ არა ამგვარი სწავლება ბირთვული იარაღის გამოყენებას?
- აძლიერებს თუ არა ამგვარი წვრთნები ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს რუსეთ-უკრაინის ომში?
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად, უკვე დაიწყო „ბირთვული წვრთნებისთვის“ მზადება. სამინისტროს მიხედვით, „ჩატარდება მთელი რიგი ღონისძიებებისა, რომლებიც დაკავშირებულია პრაქტიკაში არასტრატეგიული ბირთვული იარაღის მომზადებასა და გამოყენებასთან“.
ტაქტიკური (არასტრატეგიული) ბირთვული იარაღი - ბირთვული იარაღი, რომლის გამოყენება ხდება მოქმედების შედარებით მცირე რადიუსის მქონე რაკეტებით (და არა სტრატეგიული, კონტინენტთაშორისი რაკეტებით) და, რომლებსაც აქვთ შედარებით დაბალი სიმძლავრე (რამდენიმე კილოტონა ტროტილის ეკვივალენტში). ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს შეიძლება მიეკუთვნოს მცირე სიმძლავრის ავიაბომბები, ტორპედოების ქობინები და სხვა სახის იარაღი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სწავლებაში, რომელსაც უკრაინისა და საქართველოს მოსაზღვრე სამხრეთის სამხედრო ოლქი უმასპინძლებს, მონაწილეობას მიიღებენ სარაკეტო ძალები, ავიაცია და საზღვაო ძალები. წვრთნების ჩატარების ზუსტი ადგილი და თარიღი არ სახელდება.
და მაინც, რა ტერიტორია შეიძლება მოიცვას ბირთვულმა სწავლებამ?
სამხრეთის სამხედრო ოლქი (სსო) შეიქმნა 2010 წლის 4 ოქტომბერს 2008-2010 წლების სამხედრო რეფორმის ფარგლებში ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის ბაზაზე. 2023 წლიდან სსო-ში შედის რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტი, კასპიის ფლოტილია და სამხედრო საჰაერო ძალების და საჰაერო თავდაცვის მე-4 სარდლობა.
სამხრეთის სამხედრო ოლქის ჯარები და ძალები განლაგებულია ორი ფედერალური ოლქის (სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის) ადმინისტრაციულ საზღვრებში რუსეთის ფედერაციის შემდეგი შემადგენელი ერთეულების ტერიტორიაზე:
ადიღეს რესპუბლიკა, დაღესტნის რესპუბლიკა, ინგუშეთის რესპუბლიკა, ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკა, ყალმუხის რესპუბლიკა, ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკა, ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია, ჩეჩნეთის რესპუბლიკა, კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეები; ასტრახანის, ვოლგოგრადის და როსტოვის ოლქები.
სამხრეთის სამხედრო ოლქის ტერიტორია ასევე ვრცელდება სომზეთში, გიუმრის 102-ე ბაზა; რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე. გარდა ამისა, სწორედ სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო ბაზებია განთავსებული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ცხინვალის რეგიონსა (IV ბაზა) და აფხაზეთში (VII ბაზა). თითოეული ბაზა დაახლოებით მოტომსროლელი ბრიგადის ზომისაა, რომლებსაც დამატებული აქვთ საზენიტო საშუალებები, არტილერია და ა.შ.
რუსეთის მთავრობამ სამხრეთის სამხედრო ოლქის განსაკუთრებული გაძლიერება დაიწყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და ყირიმის ანექსიის შემდეგ: დამატებით შეიქმნა ოთხი დივიზია, ცხრა ბრიგადა, ოცდაორი პოლკი, მათ შორის, ორი სარაკეტო ბრიგადა, რომლებიც აღჭურვილია „ისკანდერ-მ“ კომპლექსებით.
2021 წელს სსო-ში ასევე შეიქმნა 38 000-იანი საბრძოლო სარეზერვო არმია (BARS), რომელიც რიგით მეოთხეა ოლქში მე-8, 49-ე და 58-ე არმიების შემდეგ.
სწორედ რუსეთის 58-ე საერთო-საჯარისო არმია შეიჭრა საქართველოში 2008 წლის აგვისტოში და მოახდინა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპაცია. საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიჭრა არმიის სარდალი, გენერალი ანატოლი ხრულიოვი.
სამხრეთის სამხედრო ოლქი აქტიურად მონაწილეობს უკრაინასთან ომში. 2023 წლის ივლისში, უკრაინის კონტრშეტევის დროს ბერდიანსკში 58-ე არმიის სარეზერვო სამეთაურო პუნქტზე მიტანილი იერიშის დროს დაიღუპა სამხრეთის სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ოლეგ ცოკოვი.
ბირთვული მუქარა - პუტინის მთავარი იარაღი
რუსეთის მთავრობასა და ვლადიმირ პუტინს პირველად არ უხსენებიათ ტაქტიკური ბირთვული იარაღი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
2023 წლის მარტში ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ აპირებდა ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას ბელარუსში, რომელიც ესაზღვრება როგორც უკრაინას, ასევე ნატოს წევრ ქვეყნებს - პოლონეთს, ლიეტუვასა და ლატვიას. ბელარუსის ავტორიტარულმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ მალევე, 2023 წლის ივლისში დაადასტურა, რომ მინსკსა და მოსკოვს შორის შეთანხმებული გეგმა ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსში განთავსებასთან დაკავშირებით, წარმატებით შესრულდა.
„არავინ აპირებს ბირთვული იარაღით შეტევაზე გადასვლას, ეს იარაღი თავდაცვისთვისაა საჭირო“, - ეს განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 2024 წლის 7 მაისს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო შეხვედრაზე გააკეთა, - ეს არის შეკავების იარაღი, თავდაცვის იარაღი. ამ იარაღით შეტევაზე არავინ წავა. გამოიტანეთ აქედან დასკვნა“.
ალიაქსანდრ ლუკაშენკას თქმით, ტაქტიკური ბირთვული იარაღის მატარებლების უეცარი შემოწმება, რომელიც 7 მაისს გამოცხადდა, "გამორჩეულად თავდაცვით ხასიათს" ატარებს:
„ერთობლივი [რუსულ-ბელორუსული] სწავლების დასრულების შემდეგ, ჩვენი ჯარები გააგრძელებენ ღონისძიებების გატარებას ცვალებად ვითარებაზე ადეკვატური რეაგირების მიზნით“.
2023 წლის 2 ნოემბერს პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც უკან გაიწვია ბირთვული გამოცდის ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულების (CTBT) რატიფიკაცია, თუმცა, პირობა დადო, რომ რუსეთი განაახლებდა ბირთვული იარაღის გამოცდას მხოლოდ შეერთებული შტატების ანალოგიური ნაბიჯის საპასუხოდ.
სამხედრო ანალიტიკოსების მტკიცებით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი ძალიან მაღალი იყო 2022 წლის მარტში, როცა რუსეთმა ვერ მოახერხა კიევის აღება და მისმა ჯარმა სრული ფიასკო განიცადა რამდენიმე მიმართულებით. მარიანა ბეჯერინი (Mariana Budjeryn) ამერიკელი ექსპერტი, ატომის მართვის (Managing the Atom) პროექტის წამყვანი მკვლევარი ჰარვარდის უნივერსიტეტის ბელფერის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრში, ამტკიცებდა, რომ ამ დროს ძალიან მაღალი იყო ალბათობა, რომ პუტინი გამოიყენებდა ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს, რათა თავიდან აეცილებინა კატასტროფა ბრძოლის ველზე.
ომის პირველ თვეებში ბირთვული იარაღის გამოყენების აუცილებლობაზე ხშირად ლაპარაკობდნენ რუსი პროპაგანდისტები და ე.წ. სამხედრო ბლოგერები, ბირთვული ზამთრით იმუქრებოდა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი.
ასევე ნახეთ "რუსეთს უფლება აქვს გამოიყენოს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში" - დმიტრი მედვედევივლადიმირ პუტინი კი ბირთვული იარაღის გამოყენების თემას კვლავ დაუბრუნდა 2024 წლის თებერვალში. ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში, პუტინმა ტაქტიკური ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე საუბარს, თითქოს რუსეთი აპირებს ამის გაკეთებას, „საფრთხობელა" უწოდა.
რა შეიცვალა რამდენიმე თვეში?
რამ აიძულა მოსკოვი კიდევ ერთხელ მიემართა „საფრთხობელასთვის“, როგორც დასავლეთთან კომუნიკაციის ინსტრუმენტისთვის? - ამ კითხვის პასუხად ნორვეგიელი დამოუკიდებელი სამხედრო ანალიტიკოსი ტორდ არე აივერსონი ფიქრობს, რომ ბირთვული წვრთნების დაანონსება მიუთითებს იმაზე, რომ მოსკოვი გადადის "ჩვეულებრივი ტირადიდან" ნამდვილ „ბირთვულ სიგნალზე". ამავე დროს, აივერსონი არ მიიჩნევს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზის გამოქვეყნების შემდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე მნიშვნელოვნად გაიზარდა:
„შეგვახსენეს, რომ არსებობს რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღი. ეს არ ნიშნავს, რომ ბირთვული იარაღის რეალურად გამოყენების ალბათობა დღეს უფრო მაღალია, ვიდრე გუშინ იყო. პრესრელიზის თანახმად, ბირთვული იარაღის ხსენების მიზანია წინ აღუდგეს დასავლეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით დაწყებულ დისკუსიას, რომელიც დაიწყო ემანუელ მაკრონმა. მთელი ომის განმავლობაში რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღის ძირითადი როლი მდგომარეობდა დასავლეთის შესაძლო ჩარევის შეკავებაში და ამ მიზანს მიაღწიეს კიდეც. ტაქტიკური ბირთვული იარაღის არსებობის შეხსენებამ ასევე იქონია გავლენა იარაღის როგორც მიწოდებაზე (უკრაინისათვის), ასევე იარაღის გამოყენების პირობებზეც. სიგნალი, როგორც ასეთი, ახალი არ არის. სიახლეს წარმოადგენს მისი გადაცემის საშუალება“.
ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმაც განაცხადა, რომ „ტაქტიკურ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული წვრთნები კავშირშია უკრაინაში ჯარების გაგზავნის მზადყოფნის შესახებ დასავლეთში გაკეთებულ განცხადებებთან“, - დმიტრი პესკოვის ამ განმარტებას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
პესკოვის თქმით, ასეთი განცხადებები „განსაკუთრებულ ყურადღებას და განსაკუთრებულ ზომებს მოითხოვს“. მოგვიანებით მან განმარტა, რომ გულისხმობდა როგორც საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვებს („დასავლეთის ჯარები შეიძლება შევიდნენ უკრაინაში, თუკი რუსეთი ფრონტს გაარღვევს“. 2024 წ. 26 თებერვალი), ასევე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ კამერონის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინას შეუძლია ბრიტანული იარაღით დარტყმა მიაყენოს სამიზნეებს რუსეთში.
სხვა განცხადებები
„შეერთებული შტატები შესაძლოა ჩაერიოს რუსეთ-უკრაინის ომში, თუ უკრაინა დამარცხდება“, - განუცხადა CBS-ს წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერმა ჰაკიმ ჯეფრისმა (Hakeem Jeffries), - ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ უკრაინის დაცემა, რადგან თუ ეს მოხდება, არსებობს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ ამერიკას მოუწიოს კონფლიქტში ჩარევა არა მხოლოდ ჩვენი ფულით, არამედ ჩვენი სამხედრო პერსონალითაც“.
ჯეფრისი დარწმუნებულია, რომ ვლადიმირ პუტინის მიზანი სსრკ-ს აღდგენაა და უკრაინის შემდეგ რუსეთი დაემუქრება სხვა სახელმწიფოებს, რომლებიც ადრე სსრ კავშირის წევრები იყვნენ. მათ შორის იმათაც, ვინც ახლა ნატოს ნაწილია.
იტალიურმა გაზეთმა La Repubblica-მაც თავის წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ნატომ რუსეთს დაუწესა წითელი ხაზები: თუ რუსეთი მათ გადაკვეთს, ალიანსი შეიძლება ჩაერიოს ომში. გამოცემის ცნობით, ნატოს ამჟამად არ აქვს არანაირი ოპერატიული გეგმები უკრაინაში სამხედრო პერსონალის გაგზავნის თაობაზე, საუბარია ჰიპოთეტურ სცენარებზე. პირველი „წითელი ხაზი“, La Repubblica-ს ავტორების აზრით, არის ბელარუსის პირდაპირი ჩართვა ომში, მაგალითად, ახალი თავდასხმა კიევზე ბელარუსის ტერიტორიიდან. მეორე „წითელი ხაზი“ - თუ რუსეთი გადაწყვეტს სამხედრო პროვოკაციებს ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ ან იერიშის მიტანას მოლდოვაზე.
ასევე ნახეთ ბირთვული იარაღის გამოყენება გადაარჩენს კაცობრიობას - "არც ისე მეცნიერული დასკვნა" კარაგანოვისგან2023 წლის ივნისში, სერგეი კარაგანოვმა, ეკონომიკის უმაღლესი სკოლის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო პოლიტიკის ფაკულტეტის სამეცნიერო დირექტორმა, მოუწოდა რუსეთის მთავრობას გამოიყენოს ბირთვული იარაღი დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ - თუმცა, მაშინ ეს მოწოდება გაისმა ფრონტზე რუსეთის წარუმატებლობის ფონზე, ახლა კი რუსული არმია, პირიქით, თითქმის ყოველდღე იპყრობს ახალ ტერიტორიებს.
„ბირთვული სწავლება“ ბირთვული აფეთქების გარეშე?
რას შეიძლება ნიშნავდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული „არასტრატეგიული ბირთვული იარაღის მომზადებისა და გამოყენების პრაქტიკული ღონისძიებების დამუშავების კომპლექსი“?
პაველ პოდვიგი, გაეროს განიარაღების კვლევის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი და პროექტ „რუსეთის ბირთვული ძალების“ ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციასთან ინტერვიუში მიიჩნევს, რომ, სავარაუდოდ, საუბარია ტაქტიკური ბირთვული მუხტის გადატანის პროცედურის დამუშავებაზე - საცავიდან სარაკეტო სისტემებამდე, ბომბდამშენებამდე და ა.შ.
„ნორმალურ ვითარებაში ბირთვული ქობინი ინახება სხვადასხვა დონის საცავებში. მზადყოფნის რეჟიმში მოსაყვანად, ბირთვული მუხტი უნდა გამოიტანონ საცავიდან და სპეციალური ტრანსპორტით გადაიტანონ ისეთ ადგილამდე, სადაც მას დააყენებენ რაკეტებზე ან ბომბდამშენებზე. როგორც მე მესმის, საუბარია სწორედ ამ პროცედურის დამუშავებაზე, სხვა შემთხვევაში ასეთი განცხადება არ გაკეთდებოდა“.
ტაქტიკური ბირთვული ქობინები ინახება საცავებში, სპეციალურ კონტეინერებში. მათი გამოყენებისთვის მათი მომზადება გულისხმობს ქობინის გამოტანას საცავიდან, მის ჩატვირთვას სპეციალურ ტრანსპორტში და შემდგომ გაშვების ადგილამდე მიტანას.
საავიაციო ბომბების შემთხვევაში, ბირთვული ქობინი მისატანია საავიაციო ბაზის სპეციალურ ნაწილში, სადაც ისინი დამონტაჟდება ბომბდამშენებზე. სარაკეტო ქობინი, წინასწარ დამაგრებული რაკეტებზე, სავარაუდოდ, მონტაჟდება გამშვებ მოწყობილობებზე საველე პირობებში, სამხედრო ნაწილებისგან მოშორებით. პოდვიგის თქმით, მთელ ამ სამზადისზე პასუხს აგებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-12 მთავარი სამმართველოს სპეციალისტები. მისი თქმით, სწავლება შეიძლება მიმართული იყოს სწორედ ამ პროცესის - საცავიდან გამშვებ მოწყობილობამდე მიწოდების სიმულაციისკენ.
რუსეთში „ბირთვული სწავლება“ ადრეც ჩატარებულა, მაგალითად, 2020 წელს ბურიატიაში, როდესაც აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 103-ე ცალკეული სარაკეტო ბრიგადის სამხედროები ვარჯიშობდნენ „ბირთვული პროდუქტების“ საცავებიდან ძირითად და სარეზერვო პოზიციებზე მიტანაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეტყობინებაში გარკვევითაა ნათქვამი, რომ წვრთნები ეხება „ისკანდერ-მ“-ის სარაკეტო სისტემებს. როგორც რუსი სამხედრო ბლოგერები წერენ, ეს არის პირველი ოფიციალური აღიარება იმისა, რომ „ისკანდერები“ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბირთვული მუხტის გასაშვებად. სავარაუდოდ, რუსეთი, წინასწარი გამოცხადებისა და გაფრთხილების გარეშე, ადრეც ატარებდა მსგავს სწავლებებს. გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოდან რუსეთის არმიამ ჩაატარა რამდენიმე ფართომასშტაბიანი სწავლება საერთო სახელწოდებით "დასავლეთი". ანალიტიკოსები და ექსპერტები წერდნენ, რომ სულ მცირე სამჯერ, 1999, 2009 და 2013 წლებში, სწავლება მოიცავდა "სიმულაციას" - ტაქტიკური ბირთვული იარაღით იერიშის მიტანას პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, საიდანაც თითქოსდა მოხდა თავდასხმა კალინინგრადის ოლქზე.
რუსეთის არმიის მიერ გამართული ყველა სწავლებების დროს გადაჰქონდათ არა ნამდვილი ბირთვული მუხტები, არამედ მათი მაკეტები.
„როგორც წესი, მსგავსი წვრთნების დროს არავის გადააქვს ნამდვილი საბრძოლო მასალა, უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, დიდი იმედი მაქვს, რომ გამოცხადებული წვრთნების შემთხვევაშიც, არავინ დაიწყებს ნამდვილი ბირთვული საბრძოლო მასალის ტარებას და პროგრამით გათვალისწინებული ყველა პროცედურა განხორციელდება ამ მიზნით შექმნილ სასწავლო მაკეტებზე“, - ამბობს პაველ პოდვიგი.
სამხედრო ექსპერტი და პრაღის მუნიციპალური უნივერსიტეტის პროფესორი, იური ფეოდოროვიც ფიქრობს, რომ ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ განცხადება და თავად წვრთნები.
„ვფიქრობ, რომ განცხადების მიზანია დააშინოს დასავლეთი ბირთვული ომის საფრთხით, რათა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და ზოგიერთმა სხვა ევროპელმა პოლიტიკურმა ლიდერმა უკან წაიღონ თავიანთი ცნობილი განცხადებები ჯარების უკრაინის ტერიტორიაზე განთავსების თაობაზე. როგორც ჩანს, დასავლეთის ლიდერთა განცხადებებმა ძლიერ დააფრთხო რუსეთის ისტებლიშმენტი, პოლიტიკური ხელმძღვანელობა და სამხედრო სარდლობა, რის გამოც მოაწყვეს ბირთვული შანტაჟის მორიგი ტური“, - განაცხადა იური ფეოდოროვმა რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივი პროექტის, The CurrentTime-ის ეთერში.
სამხედრო ექსპერტის თქმით, მნიშვნელოვანი და მრავლისმეტყველია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ არჩეული ფორმულირება:
„ეს არ არის სწავლება ბირთვული იარაღის გამოყენებით, რადგან სწავლება ბირთვული იარაღის გამოყენებით გულისხმობს, რომ უნდა იყოს სრულფასოვანი ბირთვული აფეთქება საბრძოლო პირობებში, რომლის შემდეგაც ჯარებმა უნდა იმოქმედონ შესაბამის პირობებში (გადავიდნენ იერიშზე, მოახდინონ გარღვევა და ა.შ.). ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აპირებს შეამოწმოს შესაბამისი მზადყოფნა, ოღონდ ბირთვული აფეთქების გარეშე".
სამხედრო ექსპერტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გამოცხადებული ტაქტიკურ-ბირთვული წვრთნები სავარაუდოდ არსებითად არ განსხვავდება ბოლო დროს ჩატარებული სხვა წვრთნებისაგან, მისი ასე პირდაპირ დაანონსება უპრეცედენტოა რუსეთის თანამედროვე ისტორიაში.
კიდევ ერთხელ რუსეთის ტაქტიკურ-ბირთვული არსენალის შესახებ
სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, ძალიან ცოტაა ცნობილი როგორც თავად რუსული ტაქტიკური ბირთვული მუხტების, ასევე მათი გადამტანი მოწყობილობების ნომენკლატურის შესახებ (ტაქტიკური ბირთვული შეიარაღება არ რეგულირდება START ხელშეკრულებებით, რის გამოც არ არსებობს ოფიციალური მონაცემები).
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით, ტაქტიკური ბირთვული ქობინების გაშვება შესაძლებელია „ისკანდერის“ კომპლექსის ბალისტიკური რაკეტებით, სხვა შემთხვევაში, სამხედრო ექსპერტები ეყრდნობიან საბჭოთა ნომენკლატურას, რომლის მიხედვითაც ბირთვული ქობინები შეიძლება გადაიტანონ სხვა რუსულმა ბალისტიკურმა და ფრთოსანმა რაკეტებმა, იქნება ეს სახმელეთო, საჰაერო თუ საზღვაო ბაზირების, მაგალითად, X-55 და X-59 სერიები, რომლებიც, არაბირთვული ვერსიით, გამოიყენება უკრაინის წინააღმდეგ ომში; ასევე თანამედროვე "კალიბრებმა", ტორპედოებმა, თვითმფრინავებმა და საარტილერიო ჭურვებმაც კი.
ასევე ნახეთ რა არის ტაქტიკური ბირთვული იარაღი, რომლითაც პუტინი იმუქრება? - მოკლედ ახსნილიასევე ცოტა რამაა ცნობილი რუსეთის შეიარაღებაში არსებული ტაქტიკური ბირთვული ქობინების რაოდენობაზე. აშშ-ის შეფასებით, საუბარია დაახლოებით 2000 ერთეულზე, რაც ერთი რიგით მეტია აშშ-ის არმიის განკარგულებაში არსებულ ანალოგიურ შეიარაღებაზე.
შენახვის თვალსაზრისით, რუსეთს აქვს ორი დონის ბირთვული იარაღის შესანახი საცავები: 12 ეროვნული და 35 ბაზისური დონის. როგორც წესი, ბაზისური დონის საცავები მდებარეობენ გამშვები ობიექტების (საჰაერო ბაზები, სარაკეტო ნაწილები, საზღვაო ბაზები და სხვა) მახლობლად. უცნობია, ტაქტიკური იარაღი ინახება მხოლოდ ბაზისურ (ძირითად) საწყობებში თუ დიდ, ეროვნულ საწყობებშიც. სამხედრო ექსპერტის, პაველ პოდვიგის თქმით, საწყობების მხოლოდ ნაწილს შეუძლია რეალურად ფუნქციონირება. ამ საკითხზე შესაძლებელია მსჯელობა არაპირდაპირი ნიშნებით, მაგალითად, მეზობლად მდებარე სამხედრო ნაწილების საქმიანობითა და სატელიტური სურათებით. ექსპერტს მიაჩნია, რომ რუსეთის ცენტრალურ ნაწილში მოქმედებს ვორონეჟის, ბრიანსკისა და ბელგოროდის საცავები, რომლებსაც სავარაუდოდ გამოიყენებენ კიდეც მომავალ წვრთნებში.