“სომხები უფრო მეგობრულები არიან, ვიდრე ქართველები” - რუსული მიგრაციის კვლევა

სომხეთისგან განსხვავებით, გამოკითხულთა მხოლოდ 17% ამბობს, რომ ქართველები მეგობრულები არიან. მათ "შედარებით მეგობრულებს" ეძახიან.

ახალი კვლევის თანახმად, რუსი მიგრანტები სომხეთში თავს უფრო მშვიდად გრძნობენ, ვიდრე საქართველოში. უმრავლესობა იმედოვნებს, რომ რუსეთში მაქსიმუმ 1 წელიწადში დაბრუნდება.

ვინ არის საშუალოსტატისტიკური რუსი მიგრანტი?

30-ს გადაცილებული პროგრამისტი მამაკაცი. მას უმაღლესი განათლება აქვს და კავკასიაში გადმობარგებამდე, დიდ ქალაქში ცხოვრობდა.

2022 წლის მარტში, სომხეთსა და საქართველოში გამოქცეულმა ოთხმა რუსმა მკვლევარმა, ემიგრანტთა განწყობების შესწავლა დაიწყო. მათი მთავარი მოტივაცია პირადული იყო - ოთხივეს “აწუხებდა კულტურული შოკი და ომით გამოწვეული შფოთვა”.

“ვიფიქრეთ, რომ თუ ამაზე [ემიგრაციასა და ომზე] ვილაპარაკებთ და დავწერთ, ეს ჩვენც დაგვეხმარება“, - იხსენებს ერთ-ერთი მკვლევარი, 24 წლის ვერენა პოდოლსკი. ის სოციალური ფსიქოლოგია და რუსეთში იკვლევდა ციფრულ მომთაბარეობას. ანუ იმას, რატომ იცვლიან საცხოვრებელ ადგილს დისტანციური სამსახურის მქონე ადამიანები.

მკვლევართა ჯგუფმა Exodus-22 გამოკითხა სომხეთსა და საქართველოში ჩამოსული 1515 ადამიანი. აქედან 900 - 2022 წლის მარტ-მაისში, კიდევ 615 კი - სექტემბერ-ოქტომბერში, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ.

ირაციონალური პასუხი

მთავარი განსხვავება ემიგრაციის პირველსა და მეორე ტალღას შორის გენდერულ ბალანსშია, - ჰყვება ვერენა პოდოლსკი. გაზაფხულზე ქალები ოდნავ მეტნი იყვნენ (51%), შემოდგომაზე კი ჭარბობდნენ კაცები (63%), რომლებიც ომს გაურბოდნენ.

ყველაზე მეტად ვერენა იმან გააკვირვა, რომ მობილიზაციის გამო ჩამოსულებს უფრო უნდათ რუსეთში დაბრუნება - 56%. 2022 წლის გაზაფხულის ტალღიდან დაბრუნება მხოლოდ 36%-ს უნდოდა.

“ეს ირაციონალურია. ქვეყანა ასეთ რამეს უპირებთ, მათ კი დაბრუნება უნდათ. ალბათ იმიტომ, რომ იძულებით მოდიოდნენ”, - ამბობს მკვლევარი.

განათლებული „აიტიშნიკი“

უმაღლესი განათლება აქვს გამოკითხულთა 60%-ზე მეტს. დაახლოებით 40% დასაქმებულია IT სფეროში.

ამასთანავე, შემოდგომაზე, ემიგრანტთა დაახლოებით მესამედი ამბობდა, რომ დანაზოგი მაქსიმუმ 3-6 თვეს ეყოფა.

პირველ და მეორე ტალღაშიც, ემიგრანტების უმრავლესობა ქვეყანაში გაჩერებას აპირებდა მაქსიმუმ 6-12 თვით.

ვერენას ვარაუდით, ბევრ გამოკითხულს უჭირს იმის აღიარება, რომ ახალ რეალობაში ცხოვრობს და, რომ “უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას ვეღარაფერი შეცვლის”.

12 თვე “ბინების გაქირავების სტანდარტული დრო, ან ის დროა, რაც ქვეყანაში შეგიძლია თავისუფლად გაატარო”, - ამბობს ის.

სომხები უფრო მეგობრულები არიან

საქართველოდან და სომხეთიდან მიღებულ პასუხებს შორის, ყველაზე თვალშისაცემი სხვაობა ადგილობრივი მოსახლეობის განწყობის აღქმაშია.

“როგორი დამოკიდებულება აქვთ თქვენთან ადგილობრივებს?”, სომხეთში გამოკითხულთა დაახლოებით 70%-ის პასუხია: “მეგობრული”. ქართველებს ცალსახად მეგობრულები უწოდა მხოლოდ 17%-მა.

დააახლოებით 40% ამბობს, რომ ქართველები “შედარებით მეგობრულები” არიან. მესამედისთვის კი - “ნეიტრალურები“.

ამ განსხვავებას ვერენა საკუთარ თავზეც გრძნობდა, რადგან საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა. “სომხეთში უფრო მიჯნავენ ადამიანებს და სახელმწიფოს ერთმანეთისგან. იქ მოსულან და უთქვამთ, ლერმონტოვი მაგარიაო. საქართველოში ეს ვერ მოხდება”, - ამბობს ის.

ხელისუფლება არ ამხელს, რუსეთის რამდენი მოქალაქე ჩამოვიდა და დარჩა საქართველოში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. უკანასკნელად მონაცემები ოქტომბერში გამოქვეყნდა - მაშინ ქვეყნის ტერიტორიაზე 113 ათასი რუსეთის მოქალაქე იმყოფებოდა. სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დაახლოებით ამდენივე დარჩა სომხეთში 2022 წელს.