თუკი რუსული დასაქმების საიტ Headhanter-ზე შეხვალთ და საქართველოში დასაქმების შესაძლებლობებს მოძებნით, 400-ზე მეტი კომპანიის 800-ზე მეტი ვაკანსია დაგხვდებათ. გამოცხადებულ ვაკანსიებთან შედარებით გაცილებით ბევრია სამსახურის მაძიებელთა რაოდენობა - 17 აპრილის მდგომარეობით, მხოლოდ ამ პლატფორმაზე საქართველოდან დასაქმების მსურველთა 40 000-ზე მეტი აქტიური რეზიუმეა სისტემაში განთავსებული.
ხელფასები ამ საიტზე 500-დან 15 000 ლარამდე მერყეობს. ფართოა დასაქმების არეალიც: პირადი ასისტენტიდან სერვერების ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციის ინჟინრამდე. რუსული დასაქმების საიტზე თანამშრომლებს ეძებენ როგორც დიდი კომპანიები, ასევე კერძო ბიზნესმენები.
ნიკიტა საქართველოში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდა სანქტ-პეტერბურგიდან. როცა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, მიხვდა. რომ ან ქვეყნიდან უნდა წასულიყო, ან ფრონტზე ამოყოფდა თავს და ცოლსა და ძაღლთან ერთად თბილისისკენ მომავალ გზას დაადგა. ახლა მთაწმინდაზე ორსართულიან სახლში სახელოვნებო სივრცე აქვს, სადაც მასთან ერთად მუშაობენ ქართველი, ბელარუსი, რუსი და უკრაინელი ახალგაზრდები.
“მე თვითონაც ხელოვანი ვარ, ძირითადად რუსეთში ფოტოგრაფიით ვირჩენდი თავს, მაგრამ მუსიკასაც ვწერ, ვხატავ. აქ ჩამოსვლის შემდეგ მალევე მივხვდი, რომ ფოტოგრაფიით შორს ვერ წავიდოდი და დავიწყე ფიქრი იმაზე, რა შეიძლება გაგვეკეთებინა. სულ მინდოდა ისეთი სივრცე გამეკეთებინა, სადაც სხვადასხვა ინტერესის ადამიანები ერთმანეთს შეხვდებოდნენ, იდეებს გაცვლიდნენ, ერთად იმუშავებდნენ და აი, საბოლოოდ ასე ავიხდინე ოცნება”, - გვიყვება ნიკიტა. ნიკიტას თბილისის სახლის აივანზე მისი გადაღებული ფოტოა გამოკრული, ბროლის ჭაღი კიდია და ქუჩაში გამვლელებისთვის ადვილად მისახვედრია, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი სახლი, აქ შეიძლება რაღაც საინტერესო ხდებოდეს.
“მე ძალიან მინდა, რომ ქართველებიც ხშირად მოვიდნენ, მაგრამ ძირითადად ჩვენი მომხმარებლები მაინც რუსულენოვანი მიგრანტები არიან”, - ამბობს ნიკიტა და ამატებს, რომ პირადად მას არ მოსწონს, როცა მიგრანტს ეძახიან. თავის თავს უფრო მოგზაურად, თავგადასავლის მაძიებლად მიიჩნევს, ეს სტატუსი ნაკლებად სევდიანია, ვიდრე იმის თქმა, რომ ემიგრაციაში წამოვედი ქვეყნიდან, სადაც ვერაფერს შევცვლიდი, სადაც პროტესტიც კი აღარ შემეძლო და სადაც მთელი ჩემი ოჯახი დავტოვეო.
ნიკიტას სანქტ-პეტერბურგში დარჩა მშობლები, ბებია-ბაბუა და ძმა, რომელიც ჯერ სკოლის მოსწავლეა.
ამ სახლში, სადაც მას ველაპარაკებით, 6 ოთახია: პირველ სართულზე ბარია, ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების მაღაზია და მცირე კინოთეატრი, სადაც ჩვენებების შემდეგ დისკუსიებიც იმართება. მეორე სართულზე მუშაობს კაფე, სამკაულების სახელოსნო და ბიბლიოთეკა, რომლის ერთთვიანი აბონემენტი 25 ლარი ღირს, სამთვიანი - 60 ლარი, 6-თვიანი - 150 ლარი.
“წიგნების გატანა შეიძლება მაქსიმუმ სამი კვირით. ერთ ჯერზე შეგიძლიათ წაიღოთ ერთი წიგნი - დაგვიანებით დაბრუნების შემთხვევაში იხდით კვირაში 7 ლარს, როგორც ჯარიმას”, - ასეთია ბიბლიოთეკის წესები. ბიბლიოთეკაში 400-ზე მეტი წიგნია, ძირითადად რუსულ- და ინგლისურენოვანი ლიტერატურა. თაროზე ქართული ენის სახელმძღვანელოსაც იპოვით.
ბიბლიოთეკის მოწყობა კატიას და მაშას იდეა იყო, ორივე ახალგაზრდა ქალი საქართველოში რუსეთიდან 2022 წლის შემოდგომაზე ჩამოვიდა. მაშა ძირითადად მისსავე დაფუძნებულ კრეატიულ სააგენტოში მუშაობს, კატია ფსიქოლოგია და პოდკასტიც აქვს წიგნების შესახებ. თბილისში გადმოსვლისას მიხვდნენ, რომ აქ რუსულენოვანი წიგნების ყიდვა იაფი არ ჯდებოდა და თანაც მათთვის, ვინც არ იცის, რამდენ ხანს დარჩება უცხო ქვეყანაში, ახალი წიგნების ყიდვა ბარგის გაზრდას ნიშნავს და ასე გაჩნდა ბიბლიოთეკის იდეაც.
ყველამ, ვინც აქ მუშაობს, ერთმანეთი ინტერნეტში იპოვა. მანამდე საქართველოში არც ნაცნობები ჰყავდათ და არც მეგობრები. ნიკიტა ინტერნეტში არჩევს იმ არტისტებსაც, ვის ნამუშევრებსაც იტოვებს გასაყიდად და მუსიკოსებსაც, რომლებიც ყოველ პარასკევს და კვირას უკრავენ მის სივრცეში.
გასულ სამ თვეში, 2023 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, საქართველოდან რუსებისთვის დასაქმების შეთავაზებების რაოდენობა გასული წელთან შედარებით 160%-ით არის გაზრდილი. რუსული დასაქმების პლატფორმა HeadHunter-ის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან რუსეთის მოქალაქეებმა 9 000-ზე მეტი სამუშაო შეთავაზება მიიღეს.
რუსული მედია წერს, რომ რუსი აპლიკანტები ძირითადად იმ კომპანიებს აინტერესებთ, რომლებიც რუსეთისთვის მუშაობენ, მაგრამ სანქციების შემოღების შემდეგ სხვა ქვეყნებში მოუწიათ გადასვლა.
თუკი ტელეგრამზე საქართველოში სამსახურის მაძიებელთა რუსულენოვან ჯგუფებში შეიხედავთ, მართლაც შეგხვდებათ არაერთი შემოთავაზება საერთაშორისო ბაზარზე მომუშავე რუსულ კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობით.
მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ანდრეი სეტი ეძებდა თანამშრომლებს რუსული კომპანია 4СП-სთვის, რომელიც იმპორტირებული სამრეწველო პროდუქციით ვაჭრობს. თანამშრომლებს, რომლებსაც ანდრეი ეძებდა, უნდა ჰქონოდათ ტელეფონი, ნოუტბუკი, მუშაობის სურვილი და გამოცდილება გაყიდვებში.
“კომპანიას გახსნის ეტაპზე სჭირდება კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი, 20-35 წლის გოგონა, რუსული და ქართული ენების ცოდნა აუცილებელია. პირველ თვეში ხელფასი 800$ იქნება, შემდეგ 1000$ და პლუს პროცენტები [შემოსავლიდან]. საწყის ეტაპზე გაგატარებთ ტრენინგებს სათავო ოფისში - სამუშაო გულისხმობს სხვადასხვა ქვეყანაში ნაყიდი პროდუქციის გაყიდვას ადგილობრივზე დაბალ ფასად”, - ეს ოლესია ჟილიცკაია, ისიც დასაქმების მსურველებს ეძებს.
ტელეგრამის ჯგუფებში შეხვდებით როგორც ევროპის ქვეყნებში სატვირთო მანქანების მძღოლობის ვაკანსიებს, ასევე საბერძნეთის კურორტებზე, ტურისტულ სეზონზე სასტუმროებისა და რესტორნების განცხადებებს, ვაკანსიებს საერთაშორისო კომპანიების ქოლცენტრებში, თბილისში ახლად გახსნილ ბავშვთა გასართობ ცენტრებში თუ იმ რესტორნებსა და მაღაზიებში, რომლებიც მალე გაიხსნება თბილისსა და ბათუმში.
“ჩემთან ქართველიც მუშაობს, უკრაინელიც, რუსიც, მაგრამ ჩემი მომხმარებლები ძირითადად რუსულენოვანი მიგრანტები არიან”, - გვეუბნება ელენა. მას რამდენიმე წელია თავისი ბიზნესი აქვს თბილისის ზღვაზე - პატარა იტალიური რესტორანი და საუნა. კლიენტებს შეუძლიათ წვეულებები მოაწყონ, იახტით გაისეირნონ, ბავშვებს ცალკე პროგრამას სთავაზობენ.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 1200-მდე ახალი კომპანია დაარეგისტრირეს, 15 000-ზე მეტი კი თვითონ დარეგისტრირდა მეწარმედ.
ბიზნესის წარმოების სიმარტივე, ერთი წლის განმავლობაში ვიზის გარეშე ყოფნის შესაძლებლობა და ტერიტორიული სიახლოვე გადამწყვეტი ფაქტორებია ქვეყნის არჩევისას. რუს მიგრანტებს შორის ისეთიც ბევრია, ვინც საქართველოში დანაზოგის, გეგმების და კავშირების გარეშე ჩამოვიდა და ახლა ფეისბუკზე, ტელეგრამსა თუ საჯარო სივრცეში ცდილობს სამსახურის პოვნას.
“ნათლიაჩემისთვის ვეძებ სამსახურს. აი, მისი მონაცემები: ოლეგი 56 წლის, არ აქვს მავნე ჩვევები, არ ეწევა სიგარეტს, არ სვამს ალკოჰოლს. აქვს ორი უნივერსიტეტის დიპლომი: ინჟინრის და ეკონომისტის. რუსეთიდან წამოსვლამდე საკუთარი მანქანით მუშაობდა ტაქსის მძღოლად. ღიაა ნებისმიერი შეთავაზებისთვის, მზადაა ისწავლოს ახალი პროფესიაც. მისი ასაკის მიუხედავად სისტემატურად ვარჯიშობს, სტადიონზე დარბის კვირაში ორჯერ, ენერგიულია, მხნე და ინგლისურის სწავლასაც ცდილობს. ერთ-ერთი ყველაზე სანდო ადამიანია, ვისაც ვიცნობ”, - წერს სოფია როსტოვიდან ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში, სადაც საქართველოში მცხოვრები რუსულენოვანი მიგრანტები ერთმანეთს სამსახურის მოძებნაში ეხმარებიან. ოლეგი დასუფთავების კომპანიაში მუშაობდა, სამსახური ცოტა ხნის დაკარგა. სოფიას ჯგუფის წევრები უწერენ, რომ ნათლიამ ინგლისურის სწავლას სჯობს ქართული ისწავლოს, ასე უფრო ადვილად იშოვის აქ სამსახურს. ქალი უპასუხებს, რომ ამ ასაკის ადამიანისთვის, ვინც სულ მუშაობს, ადვილი არ არის ახალი ენის სწავლა და თუ საქმე არჩევანზეა, საერთაშორისო ენის სწავლა ჯობს, არავინ იცის, სად წაიყვანს ბედი რუსეთიდან პოლიტიკური ნიშნით წამოსულ ადამიანს. ჯგუფში 50 ათასზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული და ყოველდღიურად ათობით მსგავსი განცხადება იდება, ზოგი დამსაქმებელს ეძებს, ზოგი ძიძას, დამლაგებელს, ქართულის მასწავლებელს ან თანამშრომელს.
სოფია ამ ჯგუფში თავისთვისაც ეძებს სამსახურს.
“არქიტექტურისა და ხელოვნების აკადემიის მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ, მხატვარ-სკულპტორის სპეციალობაზე ვსწავლობ, გავლილი მაქვს პედაგოგიკის ერთწლიანი კურსიც. თბილისში უკვე ნახევარ წელზე მეტია რაც ვცხოვრობ და მინდა ვიშოვო სამსახური რომელიმე სახელოვნებო სკოლაში (ვფლობ რუსულ, ინგლისურ, უკრაინულ ენებს); ვიცი, რომ ქართული ენის ცოდნის გარეშე ძალიან რთულია სამსახურის პოვნა, მაგრამ მინდა ჩემი პროფესიით შევძლო მუშაობა”, - მის ამ პოსტს მხოლოდ სამი გამოხმაურება აქვს. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ნომერს უტოვებს და სთხოვს დაურეკოს, მისთვის შეთავაზება აქვს.
“ფრილანსერების გარდა, რომლებიც რუსეთშიც დიდ კომპანიებთან თანამშრომლობდნენ და სტაბილური შემოსავალი ჰქონდათ და აქაც ეგრე აგრძელებენ ცხოვრებას, თითქმის ყველა სამსახურს ეძებს ან თვითდასაქმებაზე ზრუნავს”, - გვეუბნება ნიკიტა.
დამოუკიდებელმა სოციოლოგიურმა კომპანიამ, Exodus-22-მა, საქართველოსა და სომხეთში 2022 წელს მიგრანტების ორი ტალღის კვლევის შედეგად დაასკვნა, რომ რუსეთიდან მიგრანტების საშუალოდ 40% IT სფეროშია დასაქმებული.
ამავე კვლევის თანახმად, 2022 წელს რუსეთიდან საცხოვრებლად გადმოსულთა მხოლოდ მესამედი წამოვიდა სამშობლოდან ისეთი დანაზოგით, რომლითაც დაახლოებით ერთი წელი შეუძლია თავის გატანა.
რუსეთის მოქალაქეებისთვის გამოცხადებული ვაკანსიების ზრდის დინამიკით საქართველო ძირითადად რუსეთის პოლიტიკისადმი ლოიალურად განწყობილი ან მისი მოკავშირე ქვეყნების ჯგუფში აღმოჩნდა.
რუსეთის მოქალაქეებზე გაზრდილი მოთხოვნა აქ წამოწყებული ახალი ბიზნესების ექოა. რუს ბიზნესმენებს ურჩევნიათ საკუთარი თანამემამულეები დაასაქმონ, რომელთანაც ეროვნების გარდა საერთო აქვთ სამუშაო კულტურა, ენა, მსოფლმხედველობა.
ბიზნესკონსულტანტმა, ალინა სედუშკინამ, რომელიც ბელარუსიდან თბილისში თითქმის ორი წლის წინ გადმოსახლდა და აქ სხვადასხვა ტიპის შეკრებებს, ვორკშოფებსა და ღონისძიებებს უწევს ორგანიზებას, 10 აპრილს ინსტაგრამზე თავის ათასზე მეტ გამომწერს შესჩივლა, რომ არაფერია საქართველოში ისეთი რთული, როგორიც თანამშრომლების მოძებნა.
“საინტერესოა, რომ ადგილობრივებსაც კი არ უნდათ ქართველებთან მუშაობა. არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, გამონაკლისებიც ვიცი რომ არსებობენ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ კარგი თანამშრომლის მოძებნა ადვილი საქმე არ არის. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ შეკრებაზე ქართველები ამბობდნენ, რომ მათაც ურჩევნიათ ექსპატებთან ან ევროპელებთან დაიჭირონ საქმე, ან “სომეხ ქართველებთან”, იმიტომ რომ მათი მენტალიტეტი და ფასეულობები განსხვავდება ადგილობრივებისგან”, - ეს არის ფრაგმენტი ალინა სედუშკინას ინსტაგრამის პოსტიდან, სადაც ის ჩამოთვლის საქართველოს შრომის ბაზარზე არსებულ პრობლემებს: დაბალ კონკურენციას და ანაზღაურებას, კრიტიკისა და სიახლეების მიუღებლობას, ნეპოტიზმს.
შესაბამისი კადრების არარსებობაზე ლაპარაკობს ოლიაც, რომელიც თვეების განმავლობაში ეძებდა მხატვრებს, ვინც მის სტუდიაში ხატვის მასტერკლასებს ჩაატარებდა და კურსებს გაუძღვებოდა.
“მინდა ამ სივრცეში უფრო მეტი ადგილობრივი დადიოდეს და მუშაობდეს, მაგრამ ნაკლებად აქვთ ინტერესი ქართველებს იმის მიმართ, რასაც ვაკეთებთ, შეიძლება ენის ბარიერიც მოქმედებს ჩვენ წინააღმდეგ, მე მაგალითად ჯერ არ შემიძლია სრულყოფილად ქართულად ლაპარაკი”, - გვეუბნება 25 წლის ოლია. ის საქართველოში წლების წინ ჩამოვიდა და ახლა ქართველ ქმარსა და 3 წლის შვილთან ერთად ცხოვრობს.
ოლია მხატვარია, ქართული ესმის, მაგრამ ლაპარაკი მშობლიურ ენაზე ურჩევნია. ზაფხულში ერთი წელი გახდება, რაც ვერაზე სტუდია გააკეთა, რომელიც სამხატვრო და კერამიკის სტუდიებს, სამკერვალოსა და სახატავი მასალების მაღაზიას აერთიანებს. თავიდან, როცა მიხვდა, რომ თბილისში ბევრად ნაკლები არჩევანი იყო სამხატვრო მასალების, ვიდრე მაგალითად სანქტ-პეტერბურგში, სადაც სწავლობდა სამხატვრო აკადემიაში, მხოლოდ მაღაზიის გახსნაზე დაიწყო ფიქრი და სანამ იდეას ბიზნესად აქცევდა, თავისი ძველი მეგობარი შეეხმიანა რუსეთიდან, კერამიკის ოსტატი, აქედან წასვლას ვაპირებ და რამდენად კარგი აზრია, საქართველოში გადმოსვლაო, ჰკითხა. საბოლოოდ ერთად გააკეთეს სტუდია.
“ჩემი მდგომარეობა განსხვავებულია, მე რუსეთიდან არაფერს გამოვქცევივარ, მე და ჩემს ქმარს გვქონდა არჩევანი, იქ გვეცხოვრა ან აქ და საქართველო ავირჩიეთ, აქ უკეთ ვგრძნობთ თავს. ვინც ახლა მოდის, ყველანაირი გეგმის, ნაცნობების გარეშე სწრაფად, დაუგეგმავად, მათი ცხოვრება გაცილებით რთულია და როცა ისინი აქ ბიზნესს იწყებენ, დიდი რისკია”, - ამბობს ოლია. მისი დაკვირვებით, რისკი ყოველთვის არ ამართლებს და არც მიგრანტების დიდი ნაწილი განიხილავს საქართველოს ხანგრძლივად საცხოვრებელ ადგილად, ამიტომ მათი ნაწილი, ვინც შარშან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში ან მობილიზაციას გამოექცა რუსეთიდან სექტემბერ-ოქტომბერში, უკვე წავიდა სხვა ქვეყნებში.
“რუსეთიდან მიგრანტებს რაც სჭირდებათ, ახალ კომუნებში ინტეგრაციაა, ადგილობრივებთან ნაცნობობა, საქართველოს ისტორიის და კულტურის უკეთ გაცნობა”, - გვიზიარებენ თავიანთ დაკვირვებას ანასტასია და ელვირა. მათი წამოწყება, “სახელოვნებო ბრანჩები“ კულტურულ ტურებს და ვორკშოფებს აწყობს. ყველაზე პოპულარულია ეროვნულ გალერეაში ფიროსმანის გამოფენის ტური, ასევე თბილისის ქუჩის ხელოვნების, ციხესიმაგრეებისა და არქიტექტურის ტურები.
“ჩვენი ვიზიტორები ძირითადად რუსები, ბელარუსები, უკრაინელები და რუსულენოვანი ქართველები არიან. ძირითადად სამი მიზეზია, რის გამოც ჩვენი ღონისძიებებით ინტერესდებიან: უნდათ მეტი გაიგონ გლობალური და ქართული ხელოვნების შესახებ, იპოვონ ახალი მეგობრები და კომპანიონები და ამოვარდნენ სამუშაო რუტინიდან და პოლიტიკური დღის წესრიგიდან”, - ეუბნებიან რადიო თავისუფლებას KULTURA BRANCH-ის დამფუძნებლები. ელვირაც და ანასტასიაც სანქტ-პეტერბურგიდან ჩამოვიდნენ თბილისში, ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ. ანასტასია თანამედროვე ხელოვნების მკვლევარია, ერთ-ერთი არტჟურნალის რედაქტორი იყო, ელვირას საკუთარი გალერეა ჰქონდა.
“რუსეთიდან ჩამოსულების ადგილობრივებთან ინტეგრაცია რთული პროცესია და ჩვენ ვიცით, რომ ამას თავისი ისტორიული და პოლიტიკური მიზეზები აქვს. გალერეებს და ადგილობრივ ინსტიტუციებსაც არ აქვთ დიდი სურვილი ჩვენთან ითანამშრომლონ, კაფეები და რესტორნების ნაწილიც არ ინტერესდება რუსულენოვანი ჯგუფების მასპინძლობით. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ სულ ვცდილობთ ადგილობრივი სპიკერები გვყავდეს, მაგრამ იშვიათად თუ გამოგვდის”, - ამბობენ ელვირა და ანასტასია და ამატებენ, რომ კულტურული ხიდების აგებისას დიდ სიფრთხილეს და პატივისცემას იჩენენ ადგილობრივების დამოკიდებულების მიმართ და არასოდეს ივიწყებენ, რომ ქვეყანა, სადაც მათ თავშესაფარი იპოვეს, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.
2023 წლის პირველ სამ თვეში საქართველოში რუსეთის მოქალაქეებმა კიდევ 5000-მდე ახალი ბიზნესი დაარეგისტრირეს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში გადმოსული რუსი მეწარმეების რიცხვი უკვე 20 000-ს აღწევს.