რუსთავის მე-5 საჯარო სკოლა მე-6 კლასელის წინააღმდეგ

რუსთავის მე-5 საჯარო სკოლა

რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში 30 სექტემბერს სწავლა ჩაიშალა. გაკვეთილებზე დასწრების ნაცვლად მოსწავლეებმა მშობლებთან ერთად სკოლის ეზოში, საპროტესტო აქცია მოაწყვეს. ყველა ერთად იმ მე-6 კლასის მოსწავლის გარიცხვას ითხოვდა, რომელიც ამავე სკოლის მუსიკის მასწავლებელთან დაკავშირებულ ინციდენტში ფიგურირებს.

„სკოლაში უსაფრთხო გარემო არ არის, მე მეშინია ჩემი შვილის და საკუთარი თავის გამო. მუსიკის მასწავლებელს ხელი რომ ჰკრა, ხომ შეიძლებოდა მასწავლებელი მომკვდარიყო? ბავშვს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა მშობელმა. ნინო მაჭარაშვილმა, ისიც დაამატა, რომ მშობლებმა 300-მდე ხელმოწერა შეაგროვეს ბავშვის სკოლიდან გარიცხვის მოთხოვნით.

სამი დღით ადრე, 27 სექტემბერს რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში ინციდენტი მოხდა, რომლის შედეგადაც მუსიკის მასწავლებელმა ნანა წიქარიშვილმა ტვინის შერყევა და ზურგის არეში დაჟეჟილობა მიიღო.

ნანა წიქარიშვილის განცხადებით, გაკვეთილის ჩასატარებლად კლასში შესვლას აპირებდა, როდესაც ამავე სკოლის მე-6 კლასის მოსწავლემ ხელი ჰკრა და კიბეზე დააგორა.

პედაგოგი სკოლიდან კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს. ინციდენტს თვითმხილველები არ ჰყავს. სკოლაში არც სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული.

მშობლები და სკოლის დირექტორი

მე-5 საჯარო სკოლის მშობელმა, რომელმაც რადიო თავისუფლებასთან ვინაობის გამხელა არ ისურვა, თქვა, რომ შვილებს არც ხვალ მიიყვანენ სკოლაში.

„ხვალ შეიძლება ჩემს შვილს რამე დამართოს [მე-6 კლასელმა]. ოთხი წელია ასე გრძელდება, ვის არ მივმართეთ.განათლების სამინისტროში წერილებს ვწერდით. მაგ ბავშვის გამო სკოლის დირექტორობიდან არსენ დემეტრაშვილი გაათავისუფლეს“, - თქვა მოსწავლის მშობელმა.

აქციის დროს მე-6 კლასის მოსწავლე, რომელიც მასწავლებელმა, ძალადობაში დაადანაშაულა სკოლაში დედასთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა მშობლების კატეგორიული მოთხოვნით, ისინი სკოლიდან გააძევეს. სკოლაში მისული იყო საპატრულო პოლიციაც.

ასევე ნახეთ საგამოძიებო სამსახური სწავლობს რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტს

ბავშვის დედა უარყოფს მუსიკის მასწავლებლის ბრალდებას. მშობლის განცხადებით, ნანა წიქარიშვილი თავად დაგორდა კიბეებიდან.

„წელს, აპრილში ნანა წიქარიშვილმა ჩემს შვილს მათემატიკის წიგნი თავში ჩაარტყა. სკოლის დირექტორმა კი არაფერი იღონა და ჩემი შვილი დაადანაშაულა. მერე მე ვუჩივლე რესურს-ცენტრში. 7 მაისს კი განათლების სამინისტროში. ამის გამო არსენ დემეტრაშვილი დირექტორობიდან მოხსნეს. ახლა მშობლებს წერილებს აწერინებს, ის [არსენ დემეტრაშვილი] არის ამ აქციის მოთავე. უნდათ სკოლიდან გაგვაგდონ. არსად წასვლას არ ვაპირებთ. დღეს განათლების სამინისტროში ვიჩივლებ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბავშვის მშობელმა.

სკოლის ყოფილი დირექტორი არსენ დემეტრაშვილი ამბობს, რომ ბრალდება აბსურდულია.

არსენ დემეტრაშვილი


“მშობლების აღშფოთება მოჰყვა მუსიკის მასწავლებლის დაშავებას. ამ მშობლის სტილია, როცა რაიმე პრობლემა დგას, სხვა დაადანაშაულოს. ბავშვი კონფლიქტურია, ხშირად მოსდის ჩხუბი“, - თქვა არსენ დემეტრაშვილმა, რომელიც თავის მხრივ სასამართლოში ჩივილს აპირებს, დირექტორის თანამდებობიდან მისი გადაყენების გამო.

„თითქმის ყველა ინსტანციას მივმართეთ, რომ ბავშვს სჭირდება ფსიქოლოგი, მაგრამ მშობლის ნებართვა იყო საჭირო. მუსიკის მასწავლებელთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ მშობელი ბავშვის გამოკვლევას დათანხმდა“, - თქვა დემეტრაშვილმა, რომელიც მე-5 საჯარო სკოლაში დარჩა და ისტორიის საგანს ასწავლის.

„აბსოლუტურად უსაფუძვლოდ გამათავისუფლეს, ისე რომ განათლების სამინისტროს საკითხი სიღრმისეულად არც კი შეუსწავლია“, - დასძინა სკოლის ყოფილმა დირექტორმა.

თამარ გოგაძე

რადიო თავისუფლებამ სკოლის დირექტორი თამარ გოგაძე მაშინ ნახა, როცა ის მშობლებს ბავშვების სკოლაში გაშვებისკენ მოუწოდებდა.

„სკოლა არის აბსოლუტურად უსაფრთხო“, - მიმართავდა ის გარშემო შეკრებილებს. თამარ გოგაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა რომ ის ორი კვირაა სკოლის დირექტორად დაინიშნა და დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს.

„ვცდილობთ, მშობლები დავარწმუნოთ, რომ სკოლა უსაფრთხოა. სამართალდამცავი ორგანოები, სკოლის მანდატურები, სოციალური სამსახურები და ფსიქოლოგები მუშაობენ პრობლემის გადასაჭრელად“, - თქვა თამარ გოგაძემ.

მისივე თქმით, „კონფლიქტური“ ბავშვი გადამისამართებული იყო მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგებთან და იქ გადიოდა კონსულტაციებს.

განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ აწარმოებს მედიაციას, რათა არ დაირღვეს არავის უფლება რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში. განათლების სამინისტროს ურთიერთობა აქვს ყველა დაინტერესებულ მხარესთან იმისათვის, რომ არ დაირღვეს რუსთავის მე-5 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლის, ასევე სხვა მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა უფლებები. ამის შესახებ განაცხადა განათლების, მეცნიერების და კულტურის სამინისტროს განათლების მართვის და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეკატერინე ხუციშვილმა, 30 სექტემბერს მე-5 საჯარო სკოლაში მშობელთა საპროტესტო აქციის კომენტირებისას.

დღესვე განათლების, მეცნიერების და კულტურის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა რუსთავის სკოლაში შექმნილ ვითარებას რთული უწოდა. მისი თქმით, სამინისტრო „ძალიან ღრმად“ არის საკითხში გარკვეული და „ეს საკითხი მოგვარდება“.