რუსთავის მერიას სთავაზობენ პროექტს, რომლის უპირატესობაც ის არის, რომ ქალაქის ქუჩებისა და სკვერების განათების სისტემა ნაწილობრივ ენერგოეფექტურ და ავტონომიურ რეჟიმზე გადავა. რაც მთავარია, გაუმჯობესდება განათების ხარისხი.
Your browser doesn’t support HTML5
რუსთავის განათების ყვითელი და თეთრი ფერები
- რუსთავის ქუჩების, ეზოებისა და სკვერების ელექტროგანათებას დღეს „ენერგო პრო ჯორჯია“ ახორციელებს.
- რუსთავის მერიაში გამართულ პრეზენტაციაზე გაირკვა, რომ პროექტი ითვალისწინებს მოძველებული გარეგანათების სისტემის მთლიანად შეცვლას.
- პროექტის ავტორები ირწმუნებიან, რომ გარეგანათების სისტემის მოდერნიზებაში ქალაქის ბიუჯეტს არაფერი დაეხარჯება.
კომპანია „უახლესი ელექტროტექნოლოგიების“ გენერალურმა დირექტორმა დავით დვალმა მერიაში გამართულ პრეზენტაციაზე ადგილობრივ ხელისუფლებას აუხსნა, რომ პროექტი ითვალისწინებს მოძველებული გარეგანათების სისტემის მთლიანად შეცვლას, კერძოდ, ელექტრობოძებზე მცირე ზომის მზის ბატარეების დამონტაჟებასა და ჭარბი ენერგიის დაგროვებას იქვე მიმაგრებულ მცირე აკუმულატორებში. გარდა ამისა, პროექტის თანახმად, გარეგანათების ბოძებზე დააყენებენ ენერგოეფექტურ ე.წ. LED სანათებს:
„70 პროცენტი ელექტროენერგიიისა იზოგება ახალი ტიპის სანათებით და 30 პროცენტი აკუმულირდება, რომელიც დღის განმავლობაში უბრუნდება „ენერგო პრო ჯორჯიას“. ხდება მთლიანი, 100 %-იანი, ეკონომია. გარდა ამისა, ამ პროექტს გარემოსდაცვითი ეფექტი აქვს - იზოგება ნახშირორჟანგის ემისია ატმოსფეროში. რუსთავის მაგალითზე ეს ასიათასობით ტონაა წელიწადში“.
რუსთავის ქუჩების, ეზოებისა და სკვერების ელექტროგანათებას დღეს „ენერგო პრო ჯორჯია“ ახორციელებს, რომლის მომსახურებაც ქალაქის ბიუჯეტს ყოველწლიურად მილიონ ლარზე მეტი უჯდება. პროექტის ავტორები, რომლებიც რუსთავის გარეგანათების ხარისხსა და დიზაინს იწუნებენ, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ირწმუნებიან , რომ გარეგანათების სისტემის მოდერნიზებაში ქალაქის ბიუჯეტს არაფერი დაეხარჯება. „უახლესი ელექტროტექნოლოგიების“ წარმომადგენელი სანდრო შარაშენიძე შენიშნავს, რომ ხუთი წლის შემდეგ, როცა პროექტი დასრულდება, მერია ავტონომიურად მიღებული ჭარბი ელექტროენერგიის გაყიდვასაც შეძლებს:
„ზედმეტს არაფერს ხარჯავს ქალაქის მერია. უბრალოდ, არსებული [ელექტროენერგიის] ხარჯებით, რომელიც ტყუილად უნდა გადაიყაროს, იმ ხარჯებით ვაკეთებთ სრულ მოდერნიზაციას. ხუთი წლის შემდეგ, ფაქტობრივად, არც ერთი თეთრი არ ექნება გადასახადი მუნიციპალიტეტს გარეგანათების ხარჯებში“.
ამასთან, სანდრო შარაშენიძე აღნიშნავს, რომ ქალაქის გარეგანათების დღეს არსებული ხარისხი ღამის საათებში ავარიების ალბათობას ზრდის:
„მოძველებული ელსანათები, რომელსაც სხივის დაბალი ნაკადი აქვს, ეს არის ძირითადი მიზეზი, რომ მხედველობის არეალში [მძღოლი ] ვერ ხედავს... ყვითელი განათება იმდენად რთულია მძღოლისთვის, რომ, ხშირ შემთხვევაში, ავარიის მიზეზი ხდება“.
სანდრო შარაშენიძის ამ განცხადებას ეთანხმება ზოგიერთი რუსთაველი მძღოლი, რომელსაც რადიო თავისუფლება გაესაუბრა. ტაქსის მძღოლი გურამ იმერლიშვილი ამბობს, რომ განსაკუთრებით უჭირს წვიმიან ამინდში:
’ენერგო პრო ჯორჯიას’ პოზიცია ამჯერად ნაკლებად საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენი გადასაწყვეტია, როგორ პოზიციას ავირჩევთ, რამდენად ეფექტური იქნება ეს სისტემა, თუმცა გარკვეულ ნაწილში მათი პოზიციაც გასაზიარები იქნება...დავით კეკელიძე
„ახალი ხიდი სადაც არის, თოდრიის ქუჩა კიდევ, ეგენი ნორმალურია. აქეთ უკვე, ყვითელი შუქი სადაცაა, საერთოდ არაფერი ჩანს - გინდ ცენტრალურ გზებზე, გინდ უბნებში, არ ჩანს არაფერი. ადამიანი რომ გადადის, ისიც არ ჩანს. უბრალოდ, ვხედავთ ჩრდილს, მეტს არაფერს“.
რუსთავის მერის პირველი მოადგილე დავით კეკელიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ქალაქის გარეგანათებას მნიშვნელოვანი რეაბილიტაცია სჭირდება. შემოთავაზებული პროექტიც მიმზიდველია, თუმცა გასათვალისწინებელია რისკები. გასათვალისწინებელია ასევე „ენერგო პრო ჯორჯიას“ პოზიცია, თუმცა - ნაკლებად.
„’ენერგო პრო ჯორჯიას’ პოზიცია ამჯერად ნაკლებად საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენი გადასაწყვეტია, როგორ პოზიციას ავირჩევთ, რამდენად ეფექტური იქნება ეს სისტემა, თუმცა გარკვეულ ნაწილში მათი პოზიციაც გასაზიარები იქნება, იმიტომ რომ მათ გარეშე ეს პროცესი არ წარიმართება ავტონომიურ რეჟიმში“.
ამასთან, დავით კეკელიძის თქმით, როგორი პროექტიც უნდა წარმოადგინოს ამა თუ იმ კომპანიამ, ჩატარდება ღია და გამჭვირვალე ტენდერი.