რუსეთში დასმენის ეპიდემიაა

"მტერი არ თვლემს... იყავი ფხიზლად!" - საბჭოთა პლაკატი

რუსეთში დასმენები გასული საუკუნის 30-იანი წლების მასშტაბს იღებს. ხელისუფლებისა და ომის მხარდამჭერი მოქალაქეები დღენიადაგ რუსეთის მტრებისა და ცილისმწამებლების გამოვლენით არიან დაკავებული. დამსმენთა თვალსაწიერში ხვდებიან როგორც ცნობილი ადამიანები, ასევე, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული მოქალაქეები როგორც ხელისუფლების ოპონენტთა, ასევე მხარდამჭერთა რიგებიდან.

დამსმენთა მრავალათასიან არმიას ჰყავს თავისი გმირები და მოწინავე მუშაკები. მხოლოდ ერთმა ვიტალი ბოროდინმა, რომელიც ხელისუფლების მხარდამჭერი ორგანიზაციიის „უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული პროექტის“ ხელმძღვანელია, დაასმინა რამდენიმე ათეული ცნობილი მსახიობი და მომღერალი, მათ შორის ლია ახეჯაკოვა, ალა პუგაჩოვა, სემიონ სლეპაკოვი, დიანა არბენინა, ვალერი მელაძე, დანილა კოზლოვსკი და პროსამთავრობო ტელეკომპანია НТВ-ს წამყვანი ანდრეი ნორკინიც კი, რომელიც, დასმენის თანახმად, საკმარისად დაუნდობელი არ იყო რუსეთის მტრების მიმართ.

ცნობილების ბედი

რუსეთის პოლიცია ამჟამად ამოწმებს ცნობილ რუს კომიკოსს, სემიონ სლეპაკოვს რუსული არმიის დისკრედიტაციის საკითხზე. უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთიდან ისრაელში ემიგრირებული არტისტი დაასმინა უკვე საქვეყნოდ ცნობილმა ვიტალი ბოროდინმა, რომელმაც ასევე მოითხოვა კომიკოსის უცხოურ აგენტად გამოცხადება. 14 აპრილს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ სლეპაკოვის გვარი შეიტანა უცხოეთის აგენტთა რეესტრში.

ათეულობით ადამიანის დამსმენი ბოროდინის საჩივრის საფუძველზე მოსკოვის პროკურატურა არკვევს, დააფინანსა თუ არა მელაძემ უკრაინის შეიარაღებელი ძალები, ხოლო არბენინა და კოზლოვსკი „ეჭვმიტანილები“ არიან რუსეთის არმიის დისკრედიტაციაში.

სემიონ სლეპაკოვი

ცნობილი რუსი ჟურნალისტი და რეჟისორი, ანდრეი ლოშაკი ვიტალი ბოროდინს პროფესიონალ ჩამშვებს უწოდებს:

„პროფესიონალი ჩამშვები ვიტალი ბოროდინი კვლავ ახალი ამბების გმირია. სწორედ მან დაასმინა გენერალურ პროკურატურაში 85 წლის ლია ახეჯაკოვა, რომლის წინააღმდეგაც სახელმწიფოს ღალატის მუხლით საქმის აღძვრა და, შესაბამისად, 12-წლიანი პატიმრობა მოითხოვა“.

ვიტალი ბოროდინი

რუსეთის „პატრიოტებმა“ ასევე დაასმინეს ცნობილი რუსი მომღერალი ალა პუგაჩოვა, მისი ქალიშვილი, მომღერალი კრისტინა ორბაკაიტე და უფროსი შვილიშვილი, ნიკიტა პრესნიაკოვი. დამსმენის როლში „სამხრეთ რუსეთის პატრიოტულ ძალთა ასოციაციაა“, რომლის წევრები რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტს მიმართავენ თხოვნით, შეამოწმონ, ხომ არ გაუგზავნეს „ეჭვმიტანილებმა“ ფული უკრაინის არმიას. ეჭვის დადასტურების შემთხვევაში „პატრიოტები“ მოითხოვენ მოსკოვის ცენტრში მდებარე ორბაკაიტეს კუთვნილი ბინის კონფისკაციას.

ასევე ნახეთ რუსეთში მოითხოვეს მსახიობ ლია ახეჯაკოვას დასჯა "სახელმწიფო ღალატისთვის"

აბეზღებენ ყველას

საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანების დასმენა პრობლემის მხოლოდ მცირე ნაწილია, რადგან, როგორც ჩანს, აბეზღებენ ყველას, ვინც არაკეთილსაიმედოდ მიაჩნიათ.

ანთროპოლოგმა ალექსანდრა არქიპოვამ შეძლო კავშირის დამყარება დამსმენ ქალთან, რომელმაც აღიარა, რომ იყო პროფესიონალი ანაზღაურებადი დამსმენი.

„სპეცოპერაციის პირველი წლის განმავლობაში ელექტრონულად გავაგზავნე 764 დასმენა - გავუგზავნე ხელისუფლებას, სხვადასხვა ორგანიზაციას... დასმენა ჩემს სისხლშია. ბაბუაჩემი ფრონტზე საბჭოთა ოფიცერი იყო. 1942 წლიდან 1945 წლამდე ის ასევე იყო შინსახკომის საიდუმლო აგენტი. მქონდა შესაძლებლობა, მასთან ერთად მეცხოვრა ერთ ბინაში 20 წლის განმავლობაში. ის აქტიურად იყენებდა საჩივრების ინსტრუმენტს, თავისი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. მე მიწევდა მისი დახმარება... და თუ ადამიანმა იცის საჩივრების წერა, მაშინ ის ასევე ისწავლის დასმენასაც“, - ეს არის ციტატა ანთროპოლოგ ალექსანდრა არქიპოვასა და მისი დამსმენი ქალის მიმოწერიდან, რომელშიც ქალი ასევე ამბობს, რომ დასმენის მთავარი ამოცანაა შექმნას შიშის ატმოსფერო, რათა ნებისმიერმა მოქალაქემ, რომელიც ლაპარაკობს უცხოეთის აგენტად ცნობილ ამა თუ იმ მედიაში, დაიწყოს ფიქრი იმაზე, რომ შეიძლება დაასმინონ ან დამსაქმებელთან, ან ხელისუფლებასთან და, საბოლოო ჯამში, უარი თქვას არასახელისუფლებო მედიასთან ურთიერთობაზე.

PR-ის სპეციალისტი და ბლოგერი ალექსანდრ ოტკიდაჩი ამბობს, რომ დაასმინა მისთვის უცნობმა ალექსეი ვიტალიევიჩ პოპოვმა.

„მოქალაქე პოპოვი ურჩევს უსაფრთხოების სტრუქტურებს (ФСБ), პროკურატურას, საგამოძიებო კომიტეტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ციხეში ჩამსვან. დამსმენი წერს, რომ შემთხვევით წააწყდა ჩემს არხს, რომელმაც მასზე ძლიერ იმოქმედა, იმდენად ძლიერად, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ყველა პოსტი წაიკითხა. შემდეგ გააკეთა ციტატებისა და კომენტარების ნაკრები და თითოეულ მათგანს მოარგო სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი, თან აღნიშნა, რომ ვერ გააგრძელებს ცხოვრებას, როცა გვერდით კანონის ასეთი დამრღვევები არიან. დამსმენი ემუდარება პროკურატურას, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დამაკისროს, მაგრამ თუ არ გამოვიდა, მაშინ ადმინისტრაციული წესით მაინც დამსაჯონ, რადგან რიგითი მოქალაქეების თვალში ძირს ვუთხრი ძალოვანი სტრუქტურების ავტორიტეტს“, - წერს ალექსანდრ ოტკიდაჩი.

იგორ ლიპსიცი რუსეთში ცნობილი ეკონომისტი და პროფესორია. მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის პროფესორი ასევე ავტორია ეკონომიკის თემაზე დაწერილი რამდენიმე წიგნისა.

„გთხოვთ დაიცვათ ჩვენი შვილები ეკონომიკის გაკვეთილებზე თავსმოხვეული ამერიკული ეკონომიკური სისტემის კულტისაგან! საჭიროა სახელმწიფოს გადაუდებელი ჩარევა!“ - წერია საჩივარში, რომლის სამიზნეც პროფესორი ლოპსიცია. ავტორი სახელმძღვანელოსი - „ეკონომიკა, ეკონომიკური პოლიტიკის საფუძვლები“.

არადა, სახელმძღვანელო შედის სახელმძღვანელოების ფედერალურ სიაში, რომელიც დამტკიცებული და დაშვებულია რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს 2022 წლის 21 სექტემბრის ბრძანება N858-ით და რეკომენდებულია გამოყენებისთვის 2026 წლის 25 ივნისამდე.

ასევე ნახეთ დასმენა როგორც რუსი პატრიოტის ვალი

„ სახელმძღვანელო სრულიად ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვ.ვ. პუტინის მიერ განსაზღვრულ რუსეთის ეკონომიკის განვითარების ვექტორს. სახელმძღვანელო შეიცავს დამახინჯებულ სტატისტიკურ მონაცემებს (მაგალითად, სსრკ-სა და რუსეთის მრეწველობის შესახებ) და უამრავ შინაგან წინააღმდეგობას, რომელიც აუცილებელია ამერიკული ეკონომიკური სისტემის ექსკლუზიურობისა და მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მისი განხორციელების აუცილებლობის დასაბუთებისთვის“, - წერია საჩივარში, რომელის ტექსტი პროფესორმა იგორ ლიპსიცმა ფეისბუკში გამოაქვეყნა.

პოლიტოლოგ ანდრეი ნიკულინის თქმით, სწორედ დასმენის საფუძველზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ორენბურგში მცხოვრები ორი ადამიანის წინააღმდეგ. ბრალდება სერიოზულია - „ნაციზმის რეაბილიტაცია“ - რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 354.1 მუხლი.

საჩივარი გამვლელ მოქალაქეს დაუწერია. გამოძიების მასალების მიხედვით, 27-28 მარტის ღამეს, ეჭვმიტანილები ავიდნენ მემორიალურ კომპლექსზე, სადაც ეწეოდნენ სიგარეტს და ჭამდნენ მზესუმზირას, ნამწვებსა და მზესუმზირას ჩენჩოებს კი იქვე ყრიდნენ „მარადიული ცეცხლის“ მახლობლად.

აბეზღებენ თავისიანებსაც

დამსმენთა მახვილ მზერას არც „რუსი პატრიოტებისა“ და ომის ცნობილი მხარდამჭერების საეჭვო ქცევა გამოჰპარვია. სწორედ დასმენის საფუძველშე შეამოწმებენ ტერორისტ გირკინს, ხომ არ მოახდინა კრიტიკური გამოსვლის დროს რუსეთის არმიის „დისკრედიტაცია“?

იგორ სტრელკოვ (გირკინის) წინააღმდეგ საჩივარი, სავარაუდოდ, დაწერა ნოვოსიბირსკის ერთმა მკვიდრმა, აღშფოთებულმა გირკინის საინფორმაციო ჩართვებით, რომლებშიც იგი აკრიტიკებს ვლადიმირ პუტინს იმის გამო, რომ 2014 წელს არ დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინასთან. გირკინი და მისი მეუღლე ასევე არიან ეჭვმიტანილები თაღლითობაში: სავარაუდოდ, მათ მიიღეს შემოწირულებები „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ საჭიროებებისთვის, მაგრამ ანგარიში არ წარუდგენიათ.

„როგორც ჩანს, გირკინისთვისაც მოიცალეს, - წერს უკრაინელი ბლოგერი დენის კაზანსკი, - ფხიზლად მყოფმა პუტინისტებმა ისიც დაასმინეს. გირკინის თანამოაზრეები ახლა ძალიან აღშფოთებულნი არიან მის წინააღმდეგ დაწერილი საჩივრის გამო. თუმცა გაურკვეველია რატომ, განა ეს არ არის რუსული სამყარო, რომლისთვისაც ისინი იბრძვიან? დასმენები, ინფორმატორები, ბანაკები, რეპრესიები, სტალინიზმი - ყველაფერი, რაც მათ მოსწონთ. ყველაფერი ისეა, როგორც სსრკ-ში!“

იგორ სტრელკოვი (გირკინი)

დასმენის გამო მართლმსაჯულების ორგანოებთან პრობლემები შეექმნა ექიმ-სადისტად ცნობილ იური ევიჩსაც - რუს მოხალისეს, რომელიც იბრძოდა დონბასში 2014 წლიდან და ეჭმიტანილია არაერთ მძიმე დანაშაულში. ევიჩი ასევე არის სპეციალური სამხედრო ოპერაციის ვეტერანი, ქირურგი და რუსეთში ტაქტიკური მედიცინის ერთ-ერთი მთავარი პოპულარიზატორი.

იური ევიჩის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს სახალინში წაკითხული ლექციის შესახებ დაწერილი დასმენის საფუძველზე, თუმცა ევიჩს გავლენიანი დამცველი გამოუჩნდა შორეული აღმოსავლეთის ფედერალური ოლქის სრულუფლებიანი წარმომადგენლის იური ტრუტნევის სახით:

„ის ჩვენს მხარეს, რუსეთის მხარეს დგას. ის მკაცრი განცხადებები, რომლებიც მან გააკეთა, ეფუძნება თანაგრძნობასა და ქვეყნის ტკივილს. Რა შემიძლია ვთქვა? სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოვახდენ. მაგრამ მზად ვარ ფინანსური რისკები ავიღო ჩემს თავზე. თუ დაჯარიმდება, ჯარიმას გადავიხდი“.

იური ევიჩი

ცნობილი რუსი ჟურნალისტის ანდრეი მალგინის დაკვირვებით, რუსეთი დასმენების ნამდვილმა ეპიდემიამ მოიცვა, რადგან დასმენებს ყველაფერსა და ყველაზე წერენ ისე, როგორც ძველად.

„სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები წერენ მასწავლებლებზე; მეტროს მგზავრები, თუ თვალი მოკრეს აკრძალულ ლიტერატურას, - სხვა მგზავრებზე და ა.შ. დღეს მე მომაჯადოვა ამბავმა, რომელიც სახელმწიფო სათათბიროდან მოვიდა: დეპუტატებმა დაასმინეს პუშკინის მუზეუმის ახლად დანიშნული დირექტორი, ელიზავეტა ლიხაჩევა, რომელმაც გაბედა სტალინის შედარება მიკი მაუსთან“, - განაცხადა ანდრეი მალგინმა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მართლაც მიიღო ოთხი დეპუტატის (პარფენოვის, ობუხოვის, მატვეევის, ოსტანინას) მიერ ხელმოწერილი საჩივარი. „ლიხაჩევა ასრულებს გარკვეული რევანშისტული ძალების შეკვეთას ისტორიის დასამახინჯებლად“ - წერენ რუსი დეპუტატები და მოითხოვენ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას „ნაციზმის რეაბილიტაციისა“ და „გამოჩენილი ისტორიული მოღვაწის დისკრედიტაციის“ ფაქტზე.

ელიზავეტა ლიხაჩევამ ტელეკომპანია RTVI-სთან ინტერვიუში (2023 წლის 23 მარტს) განაცხადა: "სტალინი მოკვდა. გავიარეთ. ის ჩვენთვის პოპკულტურის ობიექტია, როგორც მიკი მაუსი. ყოველ ჯერზე, როცა ადამიანებს რაიმე სერიოზულიდან, მნიშვნელოვანიდან განრიდება სჭირდებათ, ამოწევენ ხოლმე სტალინს".

ელიზავეტა ლიხაჩევა

დაბეზღების ძლიერი ფესვები

არაოფიციალური მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე როსკომნადზორმა 145 ათასამდე დასმენა მიიღო.

რუსულ სოციალურ ქსელებში ბევრს წერენ მოქალაქე ქსენია კროტოვაზე, რომელმაც 922-ჯერ დაასმინა თანამემამულეები, მათ შორის დაასმინა 21 კოლეგა. როგორც ჟურნალისტი იგალ ლევინი წერს, ქალი მთელ თავისუფალ დროს ხარჯავს ინტერნეტში „უცხოური აგენტების“ მასალების შესწავლაში, რათა გამოავლინოს განცხადებები, რომლებიც ეწინააღმდეგება რუსეთის კანონებს. გარდა ამისა, იგი ასევე ათვალიერებს ინტერვიუებს რუს სამხედრო ტყვეებთან, რათა შეიტყოს რომელი მათგანი ჩაბარდა ნებაყოფლობით და რომელმა შეწყვიტა ომის მხარდაჭერა.

თავის მოქმედებას ამართლებს იმით, რომ ეშინია რუსეთის დამარცხებისა. ამ შემთხვევაში, როგორც ქსენია კროტოვა ამბობს, რუსეთს მოუწევს რეპარაციების გადახდა, რომელიც შეგროვდება ჩვეულებრივი ხალხისგან, რადგან მოსკოვის ოფიციალური პირები თავს დიდად არ შეიწუხებენ.

იურისტ ალექსეი ბულანცევის თქმით, ამდენი დასმენა იმის გამო იწერება, რომ შეუძლებელია სახელმწიფოს მართვაში სხვაგვარად მონაწილეობა.

„არც არჩევნებია, არც უკუკავშირი, არც ხელისუფლების ანგარიშვალდებულება. ასეთ პირობებში კი ნებისმიერი დიასახლსი მოულოდნელად ხდება თანამოქალაქეების ბედის განმკარგველი, „ეხმარება ლევიათანს“, ერთგულად ემსახურება მას. ამიტომ, რუსეთის ფედერაციაში დასმენა „საარჩევნო ყუთიცაა“, დეპუტატის ღილაკიც და „სახალხო სასამართლოს“ განაჩენიც. ხელისუფლების ყველა შტო რომ იყოს თანაბარი, დასმენების რაოდენობა ბევრჯერ ნაკლები იქნებოდა“, - ამბობს რუსი იურისტი.

როდესაც რუსეთში დასმენის ფენომენზე ლაპარაკობენ, ხშირად იხსენებენ ცნობილი მწერლის, სერგეი დოვლატოვის გამონათქვამს:

„ჩვენ უსასრულოდ ვლანძღავთ ამხანაგ სტალინს და, რა თქმა უნდა, გვაქვს ამის მიზეზი. მაგრამ მაინც მინდა ვიკითხო - ვინ დაწერა ოთხი მილიონი დასმენა?“

სერგეი დოვლატოვი

რუსეთს დასმენების მართლაც დიდი ისტორია აქვს, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ კიევის რუსეთიდან და ივანე მრისხანის ეპოქიდან იღებს, თუმცა, როგორც ისტორიკოსები ამბობენ, დასმენებმა პიკს მართლაც სტალინის მმართველობის დროს მიაღწია.

„წაახალისეთ, განავითარეთ დასმენის უნარი და ნუ შეგაშინებთ ცრუ-დასმენები“, - წერდა ჟურნალი „საბჭოთა იუსტიცია“ 20-იანი წლების ბოლოს და, მართლაც, ცრუ-დასმენების გამო საბჭოთა კავშირში არავის სჯიდნენ.

1928 წლის ივლისში, სკკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე, სტალინმა გააჟღერა კონცეფცია „კლასობრივი ბრძოლის გაძლიერების შესახებ“, რომელშიც გაკეთდა მოწოდებები სიფხიზლისა და მტრების მხილებისკენ. მმართველმა პარტიამ და სახელმწიფო ელიტამ ინტენსიურად დაიწყეს დასმენების ინსტიტუტის კულტივირება.

იოსებ სტალინი

მძლავრი პროპაგანდისტული აპარატი ეჭვის შხამით წამლავდა ადამიანებს, რომლებიც წერდნენ სტატიებს, წიგნებს, დგამდნენ სპექტაკლებს, იღებდნენ ფილმებს მავნებლებთან, დივერსანტებსა და ჯაშუშებთან წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. უშიშროების სამსახურებმაც ამ პერიოდიდან დაიწყეს ინფორმატორების მასობრივი გადაბირება. საბჭოთა სისხლის სამართლის კოდექსის ავად სახსენებელ 58-ე მუხლში (სახელმწიფო დანაშაულების შესახებ) იყო რამდენიმე პუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „არდასმენისთვის“.

შიში იქცა ნოყიერ ნიადაგად პოლიტიკური დასმენებისთვის. ამასთან, დასმენები იწერებოდა როგორც ნებაყოფლობით, ისე დაძალებით, გამოძიების ზეწოლის ქვეშ.

აყვავდა მერკანტილურ-ყოფითი დასმენაც, როდესაც ადამიანი აბეზღებდა მეზობელს, რათა დაპატიმრების შემთხვევაში, დაპატრონებოდა გამოთავისუფლებულ საცხოვრებელ ფართს. ისტორიას შემორჩა ამბავი არტემოვების 7-სულიანი ოჯახისა, რომლის წევრებმა (ცოლ-ქმარი და 5 შვილი) საერთო ჯამში 172 ადამიანი დაასმინეს და „გამოააშკარავეს“.