რუსეთში მოითხოვეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა თეატრის და კინოს ცნობილი მსახიობის, რუსეთის სახალხო არტისტის, ლია ახეჯაკოვას წინააღმდეგ.
გენერალურ პროკურორს განცხადებით მიმართა საზოგადოებრივი ორგანიზაციის, „უსაფრთხოების და კორუფციასთან ბრძოლის ფედერალური პროექტის“ ხელმძღვანელმა ვიტალი ბოროდინმა. სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, ბოროდინი ითხოვს ლია ახეჯაკოვას სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „სახელმწიფო ღალატის“, რუსეთის არმიის „დისკრედიტაციისა“ და „სიძულვილის და მტრობის გაღვივებისთვის“.
მიმართვაში, რომლის ადრესატი რუსეთის გენერალური პროკურორი იგორ კრასნოვია, ბოროდინი წერს, რომ ლია ახეჯაკოვა, რომელმაც "პროუკრაინული განცხადებებისა და საქციელისთვის" თეატრ „სოვრემენნიკში“ სამუშაო დაკარგა, რუსეთიდან ინტერვიუებს აძლევს უკრაინულ ტელეარხებს, ერთ-ერთ ინტერვიუში უკრაინას ღიად უსურვა გამარჯვება, სოციალურ ქსელში კი დაწერა, რომ უკრაინის არმიას ფულით დაეხმარა და სხვებსაც ამისკენ მოუწოდა.
ლია ახეჯაკოვამ, რომელსაც ივლისში 85 წელი უსრულდება, 2023 წლის მარტში დატოვა თეატრი "სოვრემენნიკი", სადაც 1977 წლიდან მუშაობდა. მანამდე თეატრის რეპერტუარიდან ამოიღეს ერთადერთი სპექტაკლი, რომელშიც ახეჯაკოვა მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ პუტინის მწვავე კრიტიკის და უკრაინის მხარდაჭერის გამო, ლია ახეჯაკოვა სახელმწიფოსგან დევნას განიცდის, მარტის ბოლოს "ნოვაია გაზეტას" უთხრა, რომ რუსეთის დატოვებას არ აპირებს.