70 მეხანძრე, 21 ერთეული ტექნიკა და ერთი სახანძრო მატარებელი მონაწილეობდა 18 ივნისს როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვის ნავთობბაზაში უკრაინული დრონების იერიშის შედეგად გაჩენილი მძლავრი ხანძრის ლიკვიდაციაში.
წინა შემთხვევების მსგავსად, რუსეთის ხელისუფლებას არც ამჯერად გაუვრცელებია ოფიციალური ინფორმაცია საავიაციო იერიშის შესახებ.
მაგრამ მძლავრი რუსული ცენზურის პირობებშიც კი, სრულიად აშკარაა, რომ რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე დრონებით შეტევა, პრაქტიკულად, ყოველდღე ხდება. და არც ისაა დასამალი, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვას სულ უფრო უჭირს, ხშირ შემთხვევაში კუსტარულად შექმნილი, უკრაინული დრონების აღმოჩენა და გადაჭერა.
უკრაინა აფართოებს „დრონების სანქციებს“
როსტოვის ოლქი რუსეთის იმ რეგიონებს შორისაა, რომლებსაც უკრაინის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით ხშირად უტევენ. 14 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ როსტოვის ოლქში 70 დრონი მოიგერიეს. მიყენებული ზიანის შესახებ არაფერი თქმულა. თუ არ ჩავთვლით კურსკის მერის მიერ ტელეგრამით გავრცელებულ ცნობას, რომ დრონების ნამსხვრევებმა ქალაქის ორ რაიონში გამოიწვია „უმნიშვნელო დაზიანებები“.
ასევე ნახეთ
რუსეთში დრონებით შეუტიეს ნავთობის კიდევ ერთ ბაზასარადა, რუსეთის რეგიონების ნაწილზე დრონებით შეტევა, პრაქტიკულად, ყოველდღე ხდება. უკრაინას, რომელიც ორ წელზე მეტია რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.
ამჯერად უკრაინულმა მხარემ მიზანში ამოიღო რუსეთის როსტოვის ოლქის აზოვის რაიონში ნავთობპროდუქტების რეზერვუარები, რომლებზე იერიშის შედეგად გაჩენილი ძლიერი ხანძრის ლიკვიდაცია 19 ივნისს, თითქმის ნახევარი დღე გრძელდებოდა.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა 18 ივნისს, გამთენიისას მოხდა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონული წარმომადგენლობის მიერ დღეს, 19 ივნისს, გამოქვეყნებული ცნობით, 05:30 საათისთვის ხანძარი ლოკალიზებულია 3200 მ² ფართობზე. ერთი დღით ადრე, საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იუწყებოდა, რომ ხანძრის ფართობი 5000 მ³ იყო.
უკრაინის საზოგადოებრივმა ტელემაუწყებელმა „სუსპილნემ“, უკრაინის უსაფრთხოების უწყების ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, როსტოვის ოლქში სანავთობო ტერმინალზე განხორციელებული შეტევა უკრაინის სპეცსამსახურების ოპერაციას წარმოადგენდა.
ამ სამსახურის წარმომადგენელმა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა, რომ მომავალშიც გამოიყენებენ „დრონების სანქციებს“ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსის წინააღმდეგ, რათა მტერს შეუმცირონ ომის გასაგრძელებლად საჭირო ეკონომიკური პოტენციალი.
„დრონების სანქციების“ ფარგლებში რუსეთზე შეტევა განსაკუთრებით გააქტიურდა მიმდინარე წლის გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში.
ორი დღის წინ, 17 ივნისს, უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანა რუსეთის ტერიტორიაზე. დარტყმების სამიზნე იყო ქალაქ ლიპეცკში მდებარე ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატი და ტრაქტორების ქარხანა, რომლებსაც რუსეთი სამხედრო მიზნებით იყენებს.
ასევე ნახეთ
უკრაინის სამხედრო დაზვერვა ადასტურებს დრონებით შეტევას ლიპეცკის მეტალურგიულ კომბინატზეივნისის დასაწყისში დრონებით მასობრივი იერიშები განხორციელდა რუსეთისა და ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე.
ამ ცნობების თანახმად, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა პირველად შეაღწიეს ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე.
ასევე ნახეთ
ჩრდილოეთ ოსეთს პირველად დაესხნენ თავს დრონებირესპუბლიკის ხელმძღვანელი სერგეი მენიაილო ამტკიცებდა, რომ უპილოტო თვითმფრინავების მიზანი იყო მოზდოკში მდებარე სამხედრო აეროდრომი. თავდასხმაში კი მონაწილეობდა სამი უკრაინული დრონი, რომლებიც რუსული ანტირაკეტებით ჩამოყარეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ერთი დრონის ჩამოგდება დაადასტურა.
"ვოვჩანსკის მიმართულებაზე რუსების შეტევა კამიკაძე დრონებით ჩავშალეთ"
უკრაინელი სამხედროებისა და ანალიტიკოსების თქმით, ადგილობრივი წარმოების თუ დასავლეთიდან შეძენილი დრონები ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი წარმმართველი ძალაა, რომელიც ეფექტიანად გამოიყენება მოწინააღმდეგის პოზიციების დასაზვერად და მისი ცოცხალი ძალის თუ ტექნიკის გასანადგურებლად.
პროექტ Deep State-ის მონაცემებით, ჯერ კიდევ აგვისტოს თვის სტატისტიკით, FPV (First Person View), ე.წ. პირველი პერსონის ხედვის კამიკაძე-დრონების მხრივ უპირატესობა იყო უკრაინის მხარეზე, რომელსაც შეიარაღებაში ჰქონდა 362 დრონი, რუსეთის 156-ის წინააღმდეგ.
ასევე ნახეთ
"ეს ძალიან ჰგავს თევზაობას" - უკრაინული დრონები რუსეთის არმიისა და ფლოტის წინააღმდეგთავის მხრივ, რუს სამხედროებს უპირატესობა ჰქონდათ ძვირადღირებული და შორ მანძილზე მოქმედი მრავალფუნქციური უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავების მხრივ.
მაგალითისთვის, რუსული „ორლან-10“-ის საცალო ღირებულება 87-100 000 დოლარს შორის მერყეობს. უკრაინის შეიარაღებაში ყველაზე ფართოდ გავრცელებული FPV კამიკაძე-დრონის ღირებულება 500 ამერიკული დოლარია. სამაგიეროდ, ასეთ დროს იერიშით რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ტექნიკის ან ობიექტის განადგურება შეუძლია.
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენ უფრო განვვითარდით ე.წ. FPV (ინგლისური აბრევიატურისგან First Person View) კამიკაძე-დრონების თვალსაზრისით, თუმცა ჯერჯერობით დრონებს კვლავ საგარაჟო, კუსტარულ პირობებში ვაწყობთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვანო ნადირაძემ.
უკრაინულ სპეცდანიშნულების ძალებს აქვთ დრონების რამდენიმე ლაბორატორია. ერთ-ერთ ასეთ ლაბორატორიას, თავად ვანო ნადირაძე და უკრაინაში დაბადებული და გაზრდილი კიდევ ერთი ქართველი ხელმძღვანელობენ.
„კამიკაძე-დრონების გარდა გვაქვს ასევე ე.წ. ვამპირი და ბაბაიაგა, დიდი ზომის დრონები, რომელთა გამოყენებით ჩვენ უკვე გზებსაც კი ვნაღმავთ. მაგალითად, ვოვჩანსკის მიმართულებაზე რუსების შეტევა ჩაიშალა იმიტომ, რომ ზემოდან დავუნაღმეთ ლოგისტიკის გზები. გარდა ამისა, ახალი მოდიფიკაციის დრონები გამოვიდა, ისინი ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მოწინააღმდეგის სადაზვერვო დრონებს ჰაერში იჭერენ და ანადგურებენ. ლაპარაკია რუსულ "ორლან-10"-სა და "ზალა"-ზე, ძალიან ძვირადღირებულ უპილოტო თვითმფრინავებზე. ისინი მაღალ სიმაღლეზე დაფრინავდნენ და ადრე თუ მათი გადაჭერა ჩვენთვის დიდი პრობლემას წარმოადგენდა, ახლა ვითარება შეიცვალა“.
გარდა ამისა, ვანო ნადირაძის თქმით, რუსეთს სულ უფრო მეტად უჭირს უკრაინული დრონების გადატაცება, რადგან უკრაინული დრონების ოპერატორები საკმაოდ ეფექტიანად ახერხებენ რუსეთის საჰაერო თავდაცვის გვერდის ავლას.
„რუსებს უჭირთ ჩვენი დრონების გადაჭერა იმიტომ, რომ ჩვენ შეცვალეთ სიხშირეებზე, ზოგჯერ იმათ [რუსების] სიხშირეზეც ვჯდებით, როდესაც ისინი ე.წ. რებს, ანუ რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსს რთავენ. ესაა 400 მეგაჰერცი და უფრო ნაკლები სიხშირე და ამიტომ უჭირთ ჩვენი დრონების დაფიქსირება, რადგან ფაქტობრივად თავიანთ სისტემებთან მოდიან წინააღმდეგობაში, უწყდებათ კავშირგაბმულობა და, რა თქმა უნდა, უკვე თავად ვეღარ უშვებენ დრონებს. ამიტომ ძალიან უჭირთ ჩვენი მოგერიება“, - ამბობს ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე.
საავიაციო დრონების გარდა, რუსეთის ფართომასშტაბიან ომში მოწინააღმდეგის საზღვაო ზურგში დივერსიული და სადესანტო ოპერაციების განსახორციელებლად, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სპეცდანიშნულების ძალები აქტიურად იყენებენ საზღვაო წყალზედა თუ წყალქვეშა დრონებს.
ასევე ნახეთ
უკრაინა აცხადებს, რომ მისი დრონების სიზუსტე იზრდებათუ უკრაინა დამრტყმელ საავიაციო დრონებს დასავლეთისგან იღებს, საზღვაო დრონებს კიევი და უკრაინელი სამხედრო ექსპერტები უკრაინის უნიკალურ იდეას უწოდებენ.
„მხოლოდ უკრაინის სპეცსამსახურებს და სამხედრო-საზღვაო ძალებს თავიანთ განკარგულებაში აქვთ რამდენიმე სახეობა, როგორც წყლისზედა, ისე წყალქვეშა საზღვაო დრონი. მსოფლიოში ასეთი დრონები არცერთ ქვეყანას არ აქვს. ანუ შემუშავების სტადიაში აქვთ, მაგრამ საბრძოლო ვითარებაში არცერთი საზღვაო სახელმწიფო - არც აშშ, არც დიდი ბრიტანეთი, არც საფრანგეთი და არც იტალია - ასეთ დრონებს ჯერჯერობით არ იყენებს. უკრაინამ საზღვაო დრონებით მიაღწია იმას, რომ რუსეთს ამჟამად არ შეუძლია მშვიდად ყოფნა შავი ზღვის ნებისმიერ წერტილში, განსაკუთრებით მის დასავლეთ ნაწილში. და ის, რომ უკრაინამ გაათავისუფლა კუნძული „ზმეინი“ და ახლახან გამოაცხადა ე.წ. ბოიკოს კოშკების გათავისუფლება, პირველ ყოვლისა, სწორედ საზღვაო დრონების საშუალებით გახდა შესაძლებელი“, - უთხრა უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა მიხაილო სამუსმა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს.
„ბოიკოს კოშკები“ შავ ზღვაში, ყირიმის სანაპიროზე აგებული გაზისა და ნავთობის საბურღი პლატფორმებია. რუსეთმა ისინი 2015 წელს დაიკავა და 2022 წლის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე მათ სამხედრო მიზნებისთვის, ვერტმფრენის მოედნად და სარადარო სისტემების განსათავსებლად იყენებს.
„ბოიკოს კოშკებზე“ კონტროლის დამყარების შესახებ ცნობა და ერთ-ერთ ჭაბურღილზე აღმართული უკრაინული დროშის ამსახველი ფოტო, უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ ტელეგრამის არხზე 2023 წლის 11 სექტემბერს გამოაქვეყნა.