„ტურიზმი, კულტურა, სპორტი და ბიზნესი“ - ასეთია მიზნების ჩამონათვალი, რომელსაც აკრძალვა შეეხება და შექმნის მნიშვნელოვან ბარიერს რუსეთის მოქალაქეებისთვის. ევროკომისიის მიერ მანამდე მიღებული გადაწყვეტილებით, მათ 12 სექტემბრიდან ისედაც ურთულდებათ ევროკავშრის/შენგენის ზონის ვიზების მიღება. ბალტიის ქვეყნები ევროკომისიისგან კიდევ უფრო მეტ შეზღუდვას მოითხოვენ.
„გადაწყვეტილებებს მიიღებენ [ბალტიის სახელმწიფოების] ეროვნული მთავრობები, ეროვნული პროცედურების შესაბამისად და [ახალი წესები] ძალაში შევა ერთდროულად“, - დაწერა ტვიტერზე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რუნკევიჩმა.
ბალტიის ზღვის ქვეყნების მთავრობები აცხადებენ, რომ რუსეთის მოქალაქეების მიგრაციის ნაკადის ზრდა „ეროვნული უსაფრთხოების“ საკითხია და პრობლემებს უქმნის არა მხოლოდ ამ ქვეყნებს, არამედ მთელ ევროკავშირსა და შენგენის ზონის სივრცეს.
„რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნები სულ უფრო შეშფოთებული ვართ რუსეთის მოქალაქეების მნიშვნელოვნად მზარდი ნაკადით ევროკავშირისა და შენგენის ზონისკენ, ჩვენი საზღვრების გავლით. ჩვენ ვთვლით, რომ ეს იქცევა სერიოზულ საფრთხედ ჩვენი საზოგადებრივი უსაფრთხოებისთვის და ჩვენი საერთო შენგენის სივრცისთვის.
ევროკავშირში/შენგენის ზონაში შემსვლელ რუსეთის მოქალაქეებს შორის არიან პირები, რომლებსაც აქვთ ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოების განადგურების მიზანი, რადგან რუსეთის მოქალაქეების სამი მეოთხედი მხარს უჭერს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინაში“, - წერია ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 7 სექტემბრით არის დათარიღებული.
„ევროკავშირში მოგზაურობა არის პრივილეგია და არა ადამიანის უფლება“, - აღნიშნულია ოთხი სახელმწიფოს ერთობლივ ტექსტში.
-
უზარმაზარი რესურსია საჭირო, რომ სასაზღვრო სამსახურებმა უზრუნველყონ ევროპის უსაფრთხოება და არსებობდეს გარანტია, რომ შენგენის ზონაში შემსვლელი რუსეთის მოქალაქეები არ წარმოადგენენ საფრთხეს ჩვენი საზოგადოებების საერთო უსაფრთხოებისთვისა და სტაბილურობისთვის;
-
ასევე მიუღებელია, რომ აგრესორი სახელმწიფოს მოქალაქეებს შეუძლიათ თავისუფლად მოგზაურობა ევროკავშირში მაშინ, როცა ადამიანებს უკრაინაში აწამებენ და ხოცავენ;
-
ვიზების უდიდესი ნაწილი რუსეთის მოქალაქეებზე გაიცა უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებამდე, სხვადასხვა გეოპოლიტიკური პირობისა და მიდგომის შესაბამისად;
-
ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი შეთანხმდნენ ერთიანი რეგიონალური მიდგომის გარშემო და გამოხატავენ თავიანთ პოლიტიკურ ნებას და მტკიცე განზრახვას - ევროკავშირის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის შემოიღოს დროებითი ეროვნული ზომები სახელმწიფო პოლიტიკისა და უსაფრთხოების გარდაუვალი საფრთხეების თავიდან ასაშორებლად;
აკრძალვა ითვალისწინებს გამონაკლისებსაც.
ბალტიის ზღვის 4 ქვეყანა აცხადებს, რომ "ძალაში დარჩება აღიარებული კანონიერი გამონაკლისები დისიდენტებისთვის, ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის, ოჯახის წევრებისთვის, ბინადრობის უფლების მქონეთათვის, სატვირთო და სატრანსპორტო მომსახურების შემსუბუქებისთვის, დიპლომატიური მისიებისთვის, ტრანზიტის შემსუბუქებისთვის და ა.შ."
ასევე ნახეთ ევროკომისიამ დაასახელა რუსეთის მოქალაქეთათვის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეწყვეტის თარიღიექსპერტების შეფასებით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთთან ავიარეისების აკრძალვის პირობებში, რუსეთის მოქალაქეები განსაკუთრებით იმ ქვეყნებისკენ დაიძრნენ, რომლებთანაც სახმელეთო საზღვარს იყოფენ.
- 24 თებერვლის შემდეგ, ესტონეთში, სადაც 1,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, სახმელეთო საზღვრით, რუსეთის 300 ათასი მოქალაქე შევიდა;
- 2022 წლის ზაფხულში ესტონეთმა რუსეთის 99 მოქალაქე გააძევა და ქვეყანაში შესვლის ნება არ დართო 582 ადამიანს.
ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ევროკომისიამ თავი შეიკავა ვიზების გაცემის აკრძალვისგან. ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდნენ: გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალია და ზოგიერთი სხვა ქვეყანა.
ევროკომისიის მიერ 6 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება ვიზების გაცემის გამარტივებული წესის გაუქმებასა და პროცედურების გართულებას ნიშნავს. წინასწარ გამოცხადებული ახალი წესების თანახმად, 12 სექტემბრიდან რუსეთის მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ ვიზების სწრაფად მიღებას და გადასახადიც გაეზრდებათ.
-
რუსეთის მოქალაქეების სავიზო განაცხადების განხილვის პროცედურებს შესაძლოა 6 თვე დასჭირდეს.
-
35-დან 80 ევრომდე გაიზრდება სავიზო მოსაკრებელი.
ევროკომისარმა შინაგან საქმეთა საკითხებში, ილვა იოჰანსონმა განაცხადა, რომ ევროკავშირი „მუდამ დარჩება ღია“ რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, „რომლებიც დაცვას მოითხოვენ“ და არაფერი გართულდება ჟურნალისტებისთვის, დისიდენტებისთვის, უფლებადამცველებისთვის, სტუდენტებისთვის და ადამიანებისთვის, რომლებიც მოგზაურობენ საოჯახო მიზეზებით.
ექსპერტები ევროკავშირის ვიზას ასევე უწოდებენ „პრივილეგიას“ და არა „უფლებას“.
ასევე ნახეთ უფლება თუ პრივილეგია - რუსეთის როგორ მოქალაქეს უნდა შეეხოს სავიზო შეზღუდვები?ექსპერტების შეფასებით, ევროკავშირის ქვეყნებმა ამ პრივილეგიების ნაწილი გაუუქმეს რუსეთის მოქალაქეებს; თუმცა სრული აკრძალვა წინააღმდეგობაშია ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებთან და ამიტომ ევროკომისიას არ შეეძლო სრული აკრძალვის დაწესება, სავიზო კოდექსის უგულებელყოფით.
„სავიზო კოდექსში გაწერილია მეტად შეზღუდული პირობები ვიზების გაცემის ან აკრძალვის კუთხით. მონაწილე ქვეყნებს არ შეუძლიათ თქვან - ვიზას არ მოგცემთ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ რუსები ხართ. ეს უკანონო იქნებოდა... მაგრამ შენგენის ზონის ქვეყნები ფლობენ ფართო თავისუფლებას ვიზების გაცემისას - ემუქრება თუ არა ვინმე საზოგადოებრივ წესრიგს, ანდა მათ საერთაშორისო ურთიერთობებს. არის რისკი, რომ ქვეყნები გაცილებით მკაცრად შეაფასებენ რუსეთის მოქალაქეების ამ პირობებთან შესაბამისობას" , - ამბობს "ნასტოიაშჩეე ვრემიასთან" ინტერვიუში სარა განტი, გენტის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი. ის ფიქრობს, რომ „შენგენის ვიზების მიღება რუსეთის მოქალაქეებისთვის გაცილებით გართულდება“.
ერთობლივ განცხადებაში ოთხი ქვეყანა იწონებს ევროკომისიის გადაწყვეტილებას რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი შეაჩეროს, მაგრამ ამას მხოლოდ „პირველ ნაბიჯად“ მიიჩნევს და საჭიროდ თვლის „შემდგომ ზომებს“ გაცემული (პირველ რიგში - ტურისტული) ვიზების რიცხვის მკვეთრად შეზღუდვისთვის და ასევე „ევროკავშირსა და შენგენის ზონაში რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შემცირებისთვის“.
ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და პოლონეთი ევროკომისიისგან კვლავაც მოითხოვენ ერთიანი „შესაბამისი ზომების“ შემუშავებას ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებისთვის.