რუსეთი უკრაინაში "დიდ ომს" გეგმავს - ფეიკი თუ რეალობა?

ვლადიმირ პუტინი და ალიაქსანდრ ლუკაშენკა მინსკში. 19 დეკემბერი, 2022 წელი.

არ წყდება დისკუსიები „დიდი ომის“ - უკრაინაში რუსეთის შესაძლო ახალი სტრატეგიის შესახებ. რუსი ანალიტიკოსი, ანდრეი ილარიონოვი ვარაუდობს, რომ რუსეთი ბელარუსიდან დაარტყამს ლვოვს; ხოლო შავი ზღვის სანაპიროდან შეუტევს უკრაინის სამხრეთ ნაწილსა და მოლდოვასაც. 

ექსპერტები უსაფუძვლოდ თვლიან ილარიონოვის მიერ აღწერილი „დიდი ომის" მოლოდინს და გამორიცხავენ ამ გეგმის წარმატებით განხორციელებას, მით უფრო ახლა, როცა დასავლეთის ქვეყნები უკრაინის დახმარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდნენ. პარალელურად, უკრაინის სამხედრო დაზვერვა იტყობინება, რომ პუტინმა რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლად დანიშნულ გენშტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს დონბასის მარტამდე აღების დავალება მისცა.

  • რას გულისხმობს „დიდი ომის“ გეგმა და ამ სცენარით, რა მიზნების მიღწევას შეეცდება რუსეთი?
  • რატომ არის უსაფუძვლო „დიდი ომის“ ყოველდღიური მოლოდინი და ვის წისქვილზე ასხამს წყალს ასეთი ვარაუდების გახმაურება?

„უახლოეს მომავალში იწყება ახალი ეტაპი, რომელსაც „დიდი ომი“ ჰქვია... მრავალი ნიშანია იმისა, რომ ბევრად მასშტაბური საომარი მოქმედებებისთვის მზადების ბოლო დღეებია და შესაძლოა, დაიწყოს ნებისმიერ მომდევნო დღეს“, - ასეთი განცხადება გააკეთა 14 იანვარს, უკრაინელი ჟურნალისტის, ალექსანდრ შელესტის იუტუბგადაცემაში, რუსმა ანალიტიკოსმა, აშშ-ის „უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის“ უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ანდრეი ილარიონოვმა. ის ამბობს, რომ „დიდი ომისთვის“ მზადება კრემლმა 17 სექტემბერს დაიწყო, როცა სამარყანდიდან დაბრუნებულმა პუტინმა „თათბირების მთელი სერია გამართა“; ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება 15 დეკემბერს, „საიდუმლო შეხვედრაზე“ მიიღეს და მას შემდეგ დღე-ღამეში „24 საათის განმავლობაში მუშაობენ“.

ილარიონოვი ამბობს, რომ ოფიციალური და არაოფიციალური მობილიზაციის ფარგლებში რუსეთმა უკვე 600-700 ათასი ჯარისკაცი შეაგროვა და „ისინი აღჭურვილები არიან არა იმაზე უარესად, ვიდრე ერთი წლის წინ“. ის ასევე საგანგებოდ იხსენებს პუტინის სიტყვებსაც, რომ „გამოიყენებს ისეთ იარაღს, რომელიც ბრძოლის ველზე აქამდე არასდროს გამოუყენებია“; თუმცა არ ფიქრობს, რომ აქ ბირთვული იარაღი იგულისხმება.

„დიდი ომის“ „მრავალ ნიშნად“ ილარიონოვი ჩამოთვლის, მათ შორის, პუტინის სტუმრობას ბელარუსში, ჰიპერბგერითი იარაღით აღჭურვილი ხომალდის გაშვებას ხმელთაშუა ზღვაში და ომის ამოცანების ახლებურ გადანაწილებას რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობაში.

ანდრეი ილარიონოვი 2000-2005 წლებში იყო პრეზიდენტ პუტინის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში და რუსეთს წარმოადგენდა „დიდი რვიანის“ (G8) ფორმატში.

ილარიონოვის თქმით, პუტინის გეგმის მთავარი მიზანია - „ეფექტიანად მებრძოლ“ უკრაინელებს გადაუკეტოს წვდომა დასავლელი პარტნიორებისგან მიწოდებულ შეიარაღებაზე და ასე გაიმარჯვოს მოწინააღმდეგეზე.

ილარიონოვის ვარაუდით, ანუ „დიდი ომის“ ვერსიით:

  • თავდასხმა მოსალოდნელია ლვოვზე, რის ახლოს მდებარე სატრანსპორტო კვანძებშიც მოძრაობს „დასავლელი პარტნიორების დახმარების ძირითადი ნაკადი“;
  • რუსეთი აპირებს „უკრაინის არმიის ყველაზე ბრძოლისუნარიანი ნაწილის ალყაში მოქცევას ქვეყნის დასავლეთ საზღვარზე“;
  • შავი ზღვის სანაპიროზე გამოიყენებს „სადესანტო საშუალებებს, რომლებიც ჯერ არ გამოუყენებიათ“ და რუსი სამხედროები სავარაუდოდ გზას გაიკვლევენ მოლდოვის ტერიტორიისკენ - დნესტრისპირეთის სამხრეთ საზღვრებისკენ;
  • შესაძლებელია, რომ რუსეთის არმია ამ გზით მივიდეს კიშინოვამდეც [მოლდოვის დედაქალაქი] და „შეეცადოს პოლიტიკური რეჟიმის შეცვლას მოლდოვაში“, რათა რუსეთმა „მთლიანად გამორიცხოს მოლდოვა, როგორც [იარაღის მიწოდების] სატრანზიტო ტერიტორია“.
  • კიევზე შეტევა უკრაინელთა ძალების შებოჭვისა და ყურადღების გადატანის მიზანს მოემსახურება.

„ეს არის გერასიმოვის სტილის ოპერაცია. მას უყვარს ასეთი ოპერაციები, აქვს კიდეც შემუშავებული და ამაზე ააწყო თავისი კარიერა. ახლა ის შეეცდება შეასრულოს ეს გეგმა“, - თქვა ანდრეი ილარიონოვმა.

ასევე ნახეთ უკრაინის დაზვერვის ცნობით, პუტინი გერასიმოვისგან მოითხოვს დონბასის მარტამდე დაპყრობას

უკრაინის სამხედრო დაზვერვა იტყობინება, რომ პუტინმა რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლად დანიშნულ გენშტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს დონბასის აღების დავალება მისცა და ამ დავალების მარტამდე შესრულება მოითხოვა. "დიდი ომის" სქემით კი, დონბასი ძირითად მიზანს არ წარმოადგენს და მასზე შეტევა, კიევის მსგავსად, მხოლოდ უკრაინელთა ძალების დაქსაქსვის ამოცანას მოემსახურება.

ანდრეი ილარიონოვის მიერ გახმაურებულმა გეგმამ მოსვენება დაუკარგა უკრაინელების დიდ ნაწილს და ეს სოციალურ ქსელების დისკუსიებშიც აშკარად ჩანს.

სამხედრო ექსპერტი, ოლეგ ჟდანოვი, თავის მხრივ, ირწმუნება, რომ „დიდი ომის“ მოლოდინის საფუძველი არ არსებობს და ილარიონოვის მიერ აღწერილი სცენარი აბსურდულია, ჯერ მხოლოდ იმიტომაც, რომ 600-700 ათას მობილიზებულ ჯარისკაცს რუსეთი „ვერსად დამალავდა“ და „ამის შესახებ ეცოდინებოდა დასავლეთის ყველა ქვეყნის დაზვერვას“. ექსპერტს ეეჭვება ასევე "საიდუმლო იარაღის" არსებობა და ამბობს, რომ "არ არსებობს კონვენციური იარაღის სახეობა, რომელიც რუსეთს აქვს და არ გამოიყენა უკრაინის წინააღმდეგ".

ჟდანოვი არარეალისტურად თვლის შავი ზღვიდან დესანტის გადასხმის პერსპექტივასაც:

„ჩვენს სანაპიროსთან ბოლოს როდის მოვიდნენ რუსეთის ხომალდები?! ბოლოს როდის იყვნენ რუსეთის ხომალდები კუნძულ ზმეინის რაიონში?! ჩვენ უკვე დაგვავიწყდა ეს... რატომ და ზღვის სანაპიროზე ჩვენ ორი სახეობის ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები გვაქვს განთავსებული - ჩვენი მშობლიური "ნეპტუნი" და ბრიტანული "ჰარპუნი" (Harpoon), 200-კილომეტრიანი მოქმედებით. ნახეთ, გადაზომეთ რუკაზე 200 კილომეტრი და მიხვდებით - ვინ გაბედავს და რომელ სადესანტო ოპერაციაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი“, - ამბობს ჟდანოვი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ, დეკემბერში The Economist-თან ინტერვიუში ივარაუდა, რომ ომის ახალი ფაზა თებერვალში დაიწყება, უკეთეს შემთხვევაში - მარტში, ხოლო უარეს შემთხვევაში, შესაძლოა, იანვრის ბოლოსაც დაიწყოს; ეს იქნება არა დონბასში, არამედ - კიევის მიმართულებით და „შეიძლება სამხრეთითაც“. „რუსები 200 ათას ახალ ჯარისკაცს ამზადებენ. ეჭვიც არ მეპარება, რომ კიდევ ერთხელ წამოვლენ კიევზე“, - თქვა ზალუჟნიმ.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა 16 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთის შეტევა ომის წლისთავზეა მოსალოდნელი, რადგან „მათთვის თარიღები რატომღაც საკრალურია“, მაგრამ ასევე არც მარტი გამოირიცხება.

ზოგადად, ჟდანოვი არ გამორიცხავს რუსეთის არმიის თავდასხმას ბელარუსიდან, სწორედ ლვოვის მიმართულებით და ის ასეთ რისკებზე 2022 წელს, ომის საწყის ეტაპზეც ლაპარაკობდა, მაგრამ ახლა თვლის, რომ რუსეთი ბელარუსში ამ ეტაპზე შესაბამის ძალას არ ფლობს და დიდი ძალების კონცენტრაცია არავის გამოეპარება.

ოფიციალური ინფორმაციით, ამჟამად ბელარუსში მყოფი რუსი სამხედროების რიცხვი 11 ათასს არ აღემატება.

  • 16 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია ბელარუსში რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი, მასშტაბური სამხედრო წვრთნების წამოწყების შესახებ. ამოცანებად სახელდება: საჰაერო დაზვერვა, სასაზღვრო ზოლზე პატრულირება, შენაერთების საავიაციო მხარდაჭერა; დესანტირება, დაჭრილების ევაკუაცია და სხვა.
  • ბელარუსის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ჯარი, დიდი ალბათობით, შეუერთდება რუსეთის არმიას უკრაინაზე თავდასხმის პროცესში, 2023 წლის თებერვალში.
ასევე ნახეთ ბრიტანეთი: ბელარუსისთვის რუსეთის საჰაერო შეიარაღების მიწოდება "სავარაუდოდ, რეალური წვრთნისთვისაა" და არა შეტევისთვის

უკრაინელი სამხედრო ექსპერტები თითქმის გამორიცხავენ, რომ რუსეთის შეტევა წარმატებული იქნება, რადგან, მათი განმარტებით, რუსეთი ახლა ბევრად უფრო დასუსტებულია, ვიდრე ერთი წლის წინ; ხოლო უკრაინა ბევრად უფრო მომზადებულია და დასავლელი პარტნიორების დახმარებაც თანდათან იზრდება.

ამ მხრივ მათთვის იმედისმომცემია გარღვევა მძიმე შეიარაღების, მათ შორის - ტანკების - მიწოდების მიმართულებით და აიმედებთ ნატოს გენერალური მდივნის განცხადება, რომ უკრაინას „ახლო მომავალში“ მეტი დახმარება მიეწოდება.

ასევე ნახეთ სტოლტენბერგი: უკრაინას "ახლო მომავალში" კიდევ მიეწოდება მძიმე შეიარაღება
ასევე ნახეთ დიდი ბრიტანეთი უკრაინას ტანკებს Challenger 2-ს გადასცემს

რუსეთის მხრიდან კარგად დაგეგმილი „მასირებული საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციის“ წარმართვაზე ლაპარაკობენ უკრაინაში და არა მხოლოდ. ანდრეი ილარიონოვის მიერ გახმაურებულ ინფორმაციას სწორედ ამ პროცესის ნაწილად მოიხსენიებს აშშ-ის მოქალაქე, პოლიტოლოგი და ჟურნალისტი, КГБ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, იური შვეცი. ის ამბობს, რომ „არმაგედონის მაუწყებელი“ ანალიტიკა „კრემლის ინტერესებს ემთხვევა“ და „მოსახლეობის დემორალიზების“ გარდა, ვერანაირ მიზანს ვერ აღწევს. შვეცს არ ესმის, რატომ გადაერთო ეკონომიკის საკითხების სპეციალისტი, ანდრეი ილარიონოვი, უსაფრთხოების სფეროში.

„როგორ შეიძლება, ომის პროცესის სამართავად შოიგუსა და გერასიმოვის დაბრუნება, რომლებმაც ომის პირველი ეტაპი წააგეს, ჩავთვალოთ სუპეროპერაციის მომზადებად?! ეს ხომ სასაცილოა?! მთელი დასავლეთი იცინის ამაზე... ეს არის ცარიელი ხმა, ფეიკი“, - ამბობს შვეცი.

2022 წლის თებერვალში, ვიდრე რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, ილარიონოვი ამბობდა, რომ რუსეთი შეჭრისთვის არ იყო მზად და ამას არ გააკეთებდა.
2009 წელს, ილარიონოვი წინასწარმეტყველებდა კიდევ ერთ ომს საქართველოსა და რუსეთს შორის და ამას, კერძოდ, 2009 წლის ივლისში მოელოდა.

ილარიონოვის მიერ აღწერილი „დიდი ომის“ სცენარის აღსრულებას შეუძლებლად მიიჩნევს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) გადამდგარი პოლკოვნიკი, გენადი გუდკოვი. თავდასხმას არც ის გამორიცხავს, მაგრამ მტკიცედ სჯერა, რომ რუსეთი უკრაინასა და მის მოკავშირე დასავლეთს ომს ვერასდროს მოუგებს.

„რადგან პუტინისთვის ომი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წარმოადგენს, რაიმეს გაკეთება რომ შესძლებოდა, უკვე დიდი ხსნის წინ გააკეთებდა... [თუკი იქნება თავდასხმა] ეს იქნება სასოწარკვეთილი მცდელობა, რომ გარდატეხა შეიტანოს ომში. ძალიან მაგონებს ჰიტლერს, რომელიც ომის გარდატეხას ჯერ 1943 წელს ცდილობდა, მერე 1944 წელს და კი ვიცით, როგორც დასრულდა ომი“, - ამბობს გუდკოვი „ფეიგინლაივის“ ეთერში.